ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. „ნაცმოძრაობას“ ჰკითხეთ, სიმართლეზე მოაწერეს ხელი თუ არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 7 აგვისტოს რა მოხდა, ამ საკითხზე დეტალებში შესვლა არ სურს.
„ნაცმოძრაობას“ რეზოლუციაზე ხელი აქვს მოწერილი, სადაც ამბობდნენ, რომ მათ დაიწყეს ომი. მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც დღეს ბრიუსელში გამოსვლა აქვს, ამტკიცებდა, რომ ომი სწორედ სააკაშვილმა დაიწყო. ამაში მე არ შევდივარ. თქვენ ჰკითხეთ „ნაცმოძრაობას“, სიმართლე იყო თუ არა ის, რაზეც ხელი მოაწერეს. აქვე გეუბნებით, რომ ამაზე მე არ გპასუხობთ. „ნაცმოძრაობას“ ჰკითხეთ, სიმართლეზე მოაწერეს ხელი თუ არა, სიმართლე იყო თუ არა ის, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი 7 აგვისტოს. ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, ან სიმართლე იყო, ან ღალატად ჩაითვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მედიის წარმომადგენელმა კობახიძეს მიმართა, რომ „ნაციონალებს“ არგუმენტი აქვთ, რომ რეზოლუციას ხელი მოაწერეს, რადგან იქ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო. კობახიძის თქმით, ეს არგუმენტი არ არის.
„მადლობა, რომ ოკუპაცია ჩაიწერა. სინამდვილეში, ხომ ეს არგუმენტი არ არის? წარმოიდგინეთ, უკრაინაში ომი ხვალ რომ დასრულდეს და ზელენსკიმ ხელი მოაწეროს რეზოლუციას, სადაც თან ოკუპაცია ეწერება და თან უკრაინის მიერ ცეცხლის გახსნას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება მოჰყვა. ეს ხომ ღალატია? მაშინ, იქ რატომ არ იყო ღალატი? საქმე მარტივად არის – მაშინ „ნაცმოძრაობამ“ ან სიმართლე თქვა და თავად დაუწყიათ ომი, ასე გამოდის, ან ჩაიდინეს ღალატი. რატომ არ ეკითხებით ამას „ნაცმოძრაობას“? რეზოლუციაში ან ჩაიწერა ღალატი, ან მათ დაწერეს ის, რაც გააკეთეს. მესამე ვარიანტი არ არსებობს. თქვენ ამაზე „ნაცმოძრაობას“ კითხვებს არ უსვამთ. კითხვას საკუთარ თავსაც არ უსვამთ, რადგან „ნაცობა“ გონების დაბინდვას ნიშნავს. ზუსტად იცით, რომ „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ან სიმართლეს, ან ღალატი ჩაიდინა და ამას ეგუებით, რადგან „ნაცობა“ გონების დაბინდვას ნიშნავს. ადამიანს ამის ანალიზის საშუალება როცა გაქვს, „ნაცი“ ვეღარ იქნები. სალომე ზურაბიშვილს რატომ არ ეკითხებით, რა მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, როცა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, მაშინ მოღალატე იყო, ხოლო ახლა პირველი ევროპელია. მისივე თქმით, ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მიმართონ კითხვით, რატომ თქვა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო.
„ახლა სალომე ზურაბიშვილი პირველი ევროპელი და პირველი ნატო-ელია. მაშინ იყო მოღალატე და ახლა არის პირველი ევროპელი და პირველი ნატოელი. ამიტომ არის საინტერესო, მისთვის ამ კითხვის დასმა, თუმცა არ უსვამთ. პირობა მომეცით, რომ დაუსვამთ. ზელენსკიმ ხვალ რომ ხელი მოაწეროს, ეს არგუმენტი იქნება – მადლობა, რომ ოკუპაცია ჩამიწერეთო, ეს ხომ სირცხვილია? ისიც პირველად დაფიქსირდა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამას მოაწერეს ხელი. სირცხვილი და ღალატი არ არის, რომ სააკაშვილმა მოაწერა ხელი? ამის საპირწონეა ოკუპაცია? – ოკუპაცია უკვე აღიარებული იყო, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი. ამის პარალელურად, სააკაშვილმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ჩაწერა, რომ ომი თავად დაიწყო. ეს არის ან ფაქტის აღიარება, ან ღალატი. ჩვენ ამაში საერთოდ არ შევდივართ და ამ თემას ვერიდებით. ორი სუბიექტია, ვინც „ნაცმოძრაობას“ ომის დაწყებას აბრალებს – თავად „ნაცმოძრაობა“ და საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი. კითხვებს არც ერთს არ უსვამთ. მე მეკითხებით და მათ ჰკითხეთ. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეთ, რატომ თქვა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს აქვს რწმენა, რომ მაშინ სააკაშვილმა დაიწყო ომი და „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა იმას, რომ ომი თავად დაიწყეს. ეს არის ან ღალატი, ან ფაქტის კონსტატაციაა“, – განაცხადა კობახიძემ.