რუსეთის არმიაში ჯარისკაცების მიერ სამხედრო ნაწილების თვითნებური დატოვება რეკორდულად გაიზარდა – The Spactator

68
spot_img

ბრიტანული „სფექთეითორი“ (The Spactator) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთის არმიაში ჯარისკაცების მიერ სამხედრო ნაწილების თვითნებური დატოვება რეკორდულად გაიზარდა“ (ავტორი – ლიზ ჰასელდინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ძალიან ცოტა რუსი ჯარისკაცი თუ მიდის საკუთარი ნებით უკრაინის „ხორცსაკეპში“, სადაც რუსეთმა უკვე დაახლოებით 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ჯერ კიდევ შარშან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ მოხალისე მებრძოლების შეგროვება ციხეებსა და კოლონიებში დაიწყო, შემდეგ კი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოეცხადებინა. ოფიციალურად ჯარში გაწვეული იქნა 300 ათასი მოქალაქე, თუმცა ჭეშმარიტი რაოდენობა ბევრად მეტია. უფრო მეტი რუსი – მილიონამდე – საზღვარგარეთ გაიქცა.

რუსულ არმიას კიდევ ერთი სნეულება ურთულდება: ბოლო დროს, რუსეთის სამხედრო სასამართლოებში განხილული საქმეებიდან პირველ სარეკორდო ადგილს იკავებს მობილიზებულ ჯარისკაცთა უნებართვოდ წასვლა სამხედრო ნაწილებიდან (ე.წ. “სამოვოლკა“). ამ დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით.

რუსული კვლევითი გამოცემის „მედიაზონას“ მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე, ანუ ოთხი თვის განმავლობაში, სამხედრო სასამართლოებში შეტანილი იქნა „სამოვოლკების“ 1053 საქმე, რაც ბევრად მეტია 2022 წლის 12-თვიან მონაცემებზე, როცა სასამართლოებში მხოლოდ 1001 საქმე იქნა განხილული. და თუ ასე გაგრძელდება, მაშინ წლის ბოლომდე საქმეთა რაოდენობა სამჯერ გაიზრდება.

აპრილის მონაცემების მიხედვით, რეგიონებში ჯარისკაცების მიერ სამხედრო ნაწილების მიტოვების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა მოსკოვის, სამარისა და კალინინგრადის ოქლებში. ეს უკანასკნელი რუსეთის „ბალტიისპირა ფორპოსტს“ წარმოადგენს, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს.

როგორც ჩანს, სამხედრო რეპრესიები უკრაინის ომის გაჭიანურების კვალობაზე კიდევ გაგრძელდება. მიმდინარე კვირაში მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში 12 ჯარისკაცის საქმე იხილება, რომლებმაც სამხედრო ნაწილები უნებართვოდ მიატოვეს. ჩელიაბინსკის ოლქში, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოს – ყაზახეთს ესაზღვრება, სასამართლოს წინაშე 8 რუსი ჯარისკაცი წარსდგა. დამნაშავედ აღიარებულ სამხედრო მოსამსახურეებს მკაცრი სასჯელი ელოდებათ – გამასწორებელ კოლონიებში ხანგრძლივი პატიმრობით. ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ერთ-ერთ რიგით ჯარისკაცს, რომელიც „სამოვოლკაში“ ხუთი კვირის განმავლობაში იყო, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო დროს ყველაზე მეტად შესამჩნევი ტენდენცია ისაა, რომ „სამოვოლკის“ მოყვარულ ჯარისკაცებისათვის მოსამართლეებს პირობითი სასჯელის განაჩენი გამოაქვთ. ამის მიზეზი ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებაში იმალება: მათ მისჯილი ვადა ფრონტზე უნდა მოიხადონ, ანუ ისინი ვალდებულნი არიან ფაქტობრივად გაურკვეველი ვადით იბრძოლონ. მათ სასჯელის მოხდის პერიოდში სახლში წასვლა (შვებულება) აკრძალული აქვთ. თუ ჯარისკაცი კიდევ გაიმეორებს სამსახურის ადგილის მიტოვებას, ის რეციდივისტი ხდება და მისნაირებს საპატიმროებში გზავნიან.

რუსეთის არმიაში „სამოვოლკების“ რაოდენობის ზრდა იმაზე მიუთითებს, თუ რა დაბალ დონეზეა „პატრიოტული სულისკვეთება“ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ჯარისკაცები პრაქტიკულად სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილნი. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ მეთაურები ჯარისკაცებს აძალებენ, რომ ისინი თავიანთი ამხანაგების სასამართლო სხდომებს დაესწრნენ – იმ მიზნით, რომ მომხდარი ფაქტი სხვებისთვის გაკვეთილი იყოს.

როგორც ფაქტები მოწმობს, მობილიზაციის დროს რუსი მამაკაცები იძულებით იქნენ წაყვანილი ფრონტზე. ახლა კი ვლადიმერ პუტინის ისევე უჭირს სამხედროების ფრონტზე შენარჩუნება, როგორც მათი გაწვევა.

წყარო