Home Blog Page 2041

” საიდან მოიტანა ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ტყუილია”-გომელაური

საიდან მოიტანა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ეს ტყუილია, ფაქტები გვაქვს, ყველაფერი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილ გამომძიებელ, სერგო შუბითიძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურის თქმით, ყველაფერი გადაღებულია უწყვეტი კადრებით საექსპერტო სამსახურის მიერ.

„ეს ყოფილი გამომძიებლის თქმით – მხილება, პირდაპირ ნუ ვიტყვით, ვთქვათ ბრჭყალებში. რა თქმა უნდა, მგონია, ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ტელეფონი. გადაღებულია ეს პირდაპირ, უწყვეტი კადრებით იღებდა ჩვენი საექსპერტო სამსახური. ყველაფერი გადაღებულია, ფაქტები გვაქვს. პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით უკვე, აღარ მახსოვს. ადგილზე ამოღებული გარდაცვლილის ტელეფონი, ყველაფერი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ. ყველაფერი, რაც მას თან ჰქონდა. ასე რომ, საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დალუქეს, ჩემი აზრით, ეს არის ტყუილი, დაველოდოთ პროკურატურას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება ათასზე მეტ პოლიციელზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკვე დაწყებულია სამუშაოები და მშენებელი კომპანია აცხადებს, რომ დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ათას პოლიციელს გადაეცემა ბინები.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 125 მილიონ ლარს შეადგენს.

„მიხარია, რომ ვახტანგ გომელაურთან ერთად მონაწილეობა მივიღე ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება ათასზე მეტ პოლიციელზე. დაწყებული არის უკვე სამუშაოები,მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ათას პოლიციელს გადავცემთ ბინებს.

პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, კვადრატულ მეტრში დაახლოებით 300 ლარს, დანარჩენ ხარჯებს მთლიანად დაფარავს სახელმწიფო, სამინისტრო. მინდა, ვაცნობო ჩვენს საამაყო გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი, პოლიციის ქალაქების მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი სურვილია, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული.

მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენ გმირ, საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს პოლიციელებს, კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დღეს „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.

“უკრაინული მხარე დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ”

უკრაინის ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომელმაც უკრაინის ომბუდსმენსა და უკრაინის რადის წევრებთან ვიდეოჩართვისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, შეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით შედგა. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე კვლავ დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

„შეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით შედგა. თემა მიხეილ სააკაშვილი იყო. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და გაკვირვებული ვარ, რომ ადამიანებს, რომელთაც ომი აქვთ ქვეყანაში დროს პოულობენ, ჩემს შვილზე ზრუნვა არ შეუწყვეტიათ. წარმოადგინეს თარიღები და ფაქტები, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ იცვლებოდა მისი გადაყვანა, სად იყო განთავსებული, ყველაფერი აღრიცხული აქვთ. საუბარი იყო, რომ გაგზავნილია სტრასბურგში საბუთები, ერთმა ლექტორმა თქვა, იქნებ დამატებითი არხები გავაჩინოთ, გავმიჯნოთ იურიდიული საკითხი და სხვა უნივერსიტეტის კოლეგებთან დავამყაროთ ინიციატივა, რაიმე სხვა ჰუმანიტარული მიზნებით შემოვიფარგლოთ. ძალიან დიდი თანაგრძნობა იგრძნობოდა. ბრძოლის პროცესში ყველა ჩაბმულია. ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს. ის, რაც მან უკრაინაში გააკეთა ძალიან დაფასებულია. რა თქმა უნდა, უკრაინული მხარე დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ”, – აღნიშნა ალასანიამ.

“არაჯანსაღი პროპაგანდაა ის, როცა აქტუალურ და მთავარ თემებზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საზოგადოებას უმალავ”

ანტიდასავლური განცხადებები გააკეთაო [პრემიერმა] – თუკი ჩვენს ეროვნულს, ტრადიციულს, ასეთ ღირებულებებს ვარქმევთ [ანტიდასავლურს], ამით რას ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, რომლის 90%-ზე მეტს ამ მიმართულებით სწორი წარმოდგენა აქვს, რომ თურმე თქვენ რაც არ მოგწონთ, ის არის დასავლური, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით ოპონენტების კომენტარებს.

„როდესაც უფლებების დაცვაზეა საუბარი, ანტიდისკრიმინაციულ მიდგომებზეა ლაპარაკი, აქ უნდა იყოს ყველა ცივილიზებული ქვეყანა შეუვალი. მაგრამ, როდესაც პროპაგანდაზეა საუბარი, რომელიც თავისი შინაარსით არის არაჯანსაღი, აქ აბსოლუტურად სხვა რამესთან გვაქვს საქმე. არაჯანსაღი პროპაგანდაა მათ შორის ისიც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აქტუალურ და მთავარ თემებზე დაუმალავ საზოგადოებას და ცდილობ, რომ LGBT პროპაგანდის ავანგარდად წარმოადგინო ევროპა. „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების და მათი პოლიტიკოსების გადასახედიდან ასე დომინირებდა ინფორმაცია – ყველაფერ ეროვნულს უწოდებდნენ რუსულს და არაჯანსაღ პროპაგანდას უწოდებდენ დასავლურს და ამით აფუჭებენ ევროპულ საქმეს. ეს არის არაჯანსაღი პროპაგანდა. ანტიდასავლური განცხადებები გააკეთაო – თუკი ჩვენს ეროვნულს, ტრადიციულს, ასეთ ღირებულებებს ვარქმევთ [ანტიდასავლურს], ამით რას ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, რომლის 90%-ზე მეტს ამ მიმართულებით სწორი წარმოდგენა აქვს, რომ თურმე თქვენ რაც არ მოგწონთ, ის არის დასავლური“, – განაცხადა მდინარაძემ.

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ახლო პერსპექტივაა”

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ახლო პერსპექტივაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს რამდენიმე რთული საკითხი და მიაღწიეს ხელშესახებ პროგრესს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.

„იმედი მაქვს და მჯერა, ისევე, როგორც მე, ისინი ხედავენ, რომ შეთანხმება მხედველობის არეალშია, ახლოს ვართ და ამ შეთანხმების მიღწევა, ვფიქრობ, იქნება არა მხოლოდ ისტორიული, არამედ აზერბაიჯანის და სომხეთის ხალხის ინტერესებში. მას ექნება ძალიან დადებითი ეფექტი ამ ორი ქვეყნის საზღვრებს მიღმაც. ნებისმიერი მარათონის ბოლო მილი ყოველთვის ყველაზე რთულია. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ აშშ აქ არის იმისთვის, რომ გააგრძელოს ჩვენი ორივე მეგობრის დახმარება ფინიშის ხაზის გადალახვაში. ვფიქრობ, ამასთან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

“ქოლცენტრებით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს”-დიმიტრი სამხარაძე

პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესაძლო კავშირს სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მიღებული თანხით ფინანსდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, ე.წ. „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ევროპელი ლობისტები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან.

„ქოლცენტრებით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან თავიანთ ევროპელ ლობისტებთან, პატრონებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან!“, – წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა

 

“ქართულ ოცნებას”, როგორც ჩანს, რაღაც სხვა კონსტიტუცია აქვს და იმით ხელმძღვანელობს”-ანა ნაცვლიშვილი

ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი, რომ მის მიერვე დაწერილ წიგნებში ჩაეხედა – მისი სახელი და გვარი ადევს კონსტიტუციის შესაბამის განმარტებებს და ჩვენ მათ შორის, კობახიძის განმარტებას დავეყრდნობით, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ,-ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწევთ თქვან, რომ ან ძველად ტყუოდა ირაკლი კობახიძე, როცა შესაბამის განმარტებებს წერდა, ან ახლა ტყუის.

„ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, უჯრაში რაღაც სხვა კონსტიტუცია აქვს ჩაკეტილი და იმით ხელმძღვანელობს და არა იმ კონსტიტუციით, რომელიც ამ სახელმწიფოში მოქმედი კონსტიტუციაა. რაც შეეხება კომისიებზე პოზიციას, ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი, რომ მის მიერვე დაწერილ წიგნებში ჩაეხედა. ალბათ, მისი დაწერილია ის წიგნი, რადგან კონსტიტუციის შესაბამის განმარტებებს მისი სახელი, გვარი ადევს და ჩვენ კობახიძის განმარტებას დავეყრდნობით, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ირაკლი კობახიძემ ან უნდა თქვას, რომ ის წიგნები მისი დაწერილი არ არის, რაც სერიოზული სკანდალი იქნება, ან თავად უნდა გაიხსენოს, რას წერდა 2012 წლამდე სახელმძღვანელოებში კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე. როგორც ჩანს, ახლა ირაკლი კობახიძე ნანობს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც განხორციელდა, მაგრამ ეს ცვლილებები მოქმედი კანონმდებლობაა და მისი უკან წაღება ვერ მოხერხდება. ამიტომ მოუწევთ საკონსტიტუციო სასამართლოში ან თქვან, რომ ძველად ტყუოდა ირაკლი კობახიძე, როცა წიგნებს წერდა, ან ახლა ტყუის. ყველა შემთხვევაში, მატყუარა გამოდის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ღმერთის მიერ დადგენილი ფასეულობები“ – უნგრეთისა და საქართველოს პრემიერების ბუდაპეშტში გამოსვლას BBC-ი ეხმაურება

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვრცელი სტატია სათაურით „ღმერთის მიერ დადგენილი ფასეულობები“: უნგრეთისა და საქართველოს პრემიერები ბუდაპეშტში გამართულ მემარჯვენეთა კონფერენციაზე გამოვიდნენ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დასავლელი ლიბერალები ერის განადგურებისა და დარღვევის ვირუსს ავრცელებენ, უნგრეთი კი მთელი მსოფლიოს კონსერვატორებისათვის – რომლებიც დასავლურ ვირუსებს ეწინააღმდეგებიან – იდეებისა და გადაწყვეტილებების ინკუბატორს წარმოადგენს“, – ასეთი თეზისებით გამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში გამართულ მემარჯვენეთა და ულტრამემარჯვენეთა საერთაშორისო კონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ფორუმში მონაწილეობა მიიღო, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

როგორც ბუდაპეშტში მყოფი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ნიკ ტორპი ამბობს, ვიქტორ ორბანმა, აშშ-დან და კიდევ 20 ქვეყნიდან უნგრეთში ჩასული დელეგატების წინაშე თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ე.წ. პროგრესული ლიბერალიზმის ლაბორატორიებში“ მუშავდება იდეები, რომლითაც ერების დაშლა-დანგრევა ხდება, ავრცელებენ „მიგრაციისა და გენდერული პოლიტიკის წამქეზებელ ვირუსებს“, მაგრამ კონსერვატორები წარმატებით უმკლავდებიან ლიბერალების შეტევას და უკვე საკვანძო ქალაქებს იბრუნებენ – ბუდაპეშტს, ვარშავას, რომს და იერუსალიმს, რომლებშიც კონსერვატიზმი ძლიერდება.

„რიგში დგას ბრიუსელი და ვაშინგტონი!“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა, რომელიც უნგრეთს უკვე 13 წელია მართავს. მისმა პარტიამ „ფიდესმა“ გასულ წელს მეოთხედ – ზედიზედ – გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. ვიქტორ ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის სავარაუდო დაბრუნებას.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების მხარდამჭერთა კონფერენცია ამერიკელი კონსერვატორების ტრადიციულ ფორუმს წარმოადგენს. ამერიკის გარდა, კონფერენცია სხვა ქვეყნებშიც იმართება ხოლმე. ევროპაში ამერიკელი კონსერვატორებისა და სხვა ქვეყნებიდან მიწვეულ დელეგატთა ფორუმის მასპინძელი ქვეყანა მხოლოდ უნგრეთი წარმოადგენს, სადაც უკვე მეორედ ტარდება.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ბუდაპეშტში მიმდინარე ფორუმზე ხუთი კონტინენტის 20 ქვეყნიდან 60 ორატორი გამოდის. სტუმრებს შორის არიან ბრაზილიის ექს-პრეზიდენტი („ბრაზილიელი ტრამპი“) ჟაირ ბოლსონარუ, ჩეხეთის ექს-პრემიერი ანდრეი ბაბიში, სლოვენიის ექს-პრემიერი იანეზ იანშა, ყოფილი ჟურნალისტი და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრი ქერი ლეიკი. სხვათა შორის, კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს ამერიკული კონსერვატიული ტელეარხიდან „ფოქს ნიუსიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი თაკერ კარლსონი, ვიდეოჩართვით.

——————

რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში და რას ნიშნავს კონსერვატორთა ფორუმში მისი მონაწილეობა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ ქართული საზოგადოებისათვის? საუბრობს საქართველოში „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC russian) კორესპონდენტი ნინა ახმეტელი:

ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ კონფერენციაში პირველად მონაწილეობს. „იგი თვლის, რომ საქართველოში არსებული კონსერვატიული საზოგადოება უნიკალური ფასეულობების მქონე საზოგადოებას წარმოადგენს, რომლებიც ქრისტიანობას ემყარება. გენდერული პროპაგანდა, სამწუხაროდ, საქართველოშიც ვრცელდება, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ პოლიტიკოსები და აქტივისტები ვალდებულების არიან პატივი სცენ უმრავლესობის ნებას. ქართველების დიდი უმეტესობა გმობს „ლგბტ-საზოგადოების პროპაგანდისტულ და დემონსტრაციულ ზეწოლას“, – ნათქვამია ბუდაპეშტში არსებული „ფუნდამენტური უფლებების ცენტრის“ მიერ სოციალურ ქსელში (Twitter-ში) გამოქვეყნებულ მასალაში.

თავის გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაიცავს არამარტო უმცირესობის, არამედ უმრავლესობის უფლებებსაც – „უმცირესობის აგრესიული პროპაგანდისაგან“. „ჩვენ მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობებს და მათ აგრესიულ პროპაგანდას იმ ფასეულობათა შესაცვლელად, რომლებსაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ღვთისგან დადგენილად თვლის, რომელსაც ეყრდნობა და ეფუძნება ქართული იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია“, – ციტირებს საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური პრემიერის გამოსვლას.

ბუდაპეშტში კონსერვატორების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილი იმ დროს წავიდა, როცა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა ახლოვდება.

საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი გასულ წლის ზაფხულში ვერ მიიღო. სტატუსის მისაღებად, იმ პრიორიტეტულ ამოცანებს შორის, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, არის უმცირესობის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვა.

40 წლის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას უკვე მეორეჯერ იკავებს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ და მტკიცე პოზიციის მქონე კადრად ითვლება. თვითონ ივანიშვილმა 2021 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ხელისუფლების კრიტიკოსების თქმით, მილიარდერი ქვეყნის მართვას ფორმალურად და ერთპიროვნულად მაინც აგრძელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია მისი პოლიტიკური ოპონენტების მისამართით გამოთქმული მკვეთრი რიტორიკით. პრემიერის განცხადებები, განსაკუთრებით უმცირესობის მიმართ, უფლებადამცველების კრიტიკას იწვევს. „ლგბტ-აქტივისტების“ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებული სკანდალის შემდეგ (მსვლელობა 2021 წლის 5 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ გაუქმდა რადიკალური ჯგუფების მიერ განხორციელებული დარბევის შემდეგ), ირაკლი ღარიბაშვილმა ასე თქვა: „როცა ჩვენი მოსახლეობის 95% [ლგბტ-საზოგადოების წევრთა და მხარდამჭერთა] პროპაგანდისტული მარშის წინააღმდეგ გამოდის, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ჩვენი თანამემამულეების ნებას“.

ქართველი პრემიერის ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობამ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია – ისინი კონსერვატორთა ფორუმს ანტიდასავლურ და პოპულისტურ ღონისძიებად თვლიან: „იმ დროს, როცა საქართველო ევროპისაკენ მიდის სწორი იდეალების გასათავისებლად, ამ დროს ქვეყნის მთავრობა ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსებს ხვდება.. „ევროკავშირიდან შორს და რუსეთთან ახლოს“ – აი, ესაა „ქართული ოცნების“ რეალური ფასეულობები და დღის წესრიგი“, – ამბობს გრიგოლ გეგელია, ოპოზიციური პარტიის „ლელოს“ წევრი. იგი იმასაც იხსენებს, რომ კონფერენციაში მონაწილეობს იტალიური მემარჯვენე პარტიის „ჩრდილოეთის ლიგის“ წარმომადგენელიც, რომელმაც 2015 წელს იტალიაში სეპარატისტული „სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტი“ მიიწვია და რომელმაც 2017 წელს რუსეთის პროკრემლურ პარტია „ედინაია როსიასთან“ თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.

საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკით გამოვიდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრიც. „ქართული ოცნება“ ვიქტორ ორბანთან – ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთან ერთად თამაშობს იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით იმუშაოს… მის მოქმედებაში არანაირად არ არის ასახული ჩვენი ევროპული ფასეულობები“, – დაწერა ტვიტერში ევროდეპუტატმა თეის რეუტენმა.

„ყოფილთა ფორუმი“

თუ ჩვენ კონფერენციის მონაწილეთა სიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათი უმრავლესობა, რომლებსაც უნგრეთის მიერ გატარებული პოლიტიკა თავიანთი ქვეყნებისათვის სამაგალითოდ მიაჩნიათ, ძირითადად პოლიტიკური მეინსტრიმიდან გაძევებულ ადამიანებს წარმოადგენენ“, – განაცხადა ტელეარხ „ევრონიუსის“ ეთერში პეტერ კრეკომ, უნგრელმა პოლიტოლოგმა. მისი თქმით, „პოლიტიკური მეინსტრიმიდან ამოვარდნილია თვითონ უნგრეთიც – ქვეყანა სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება ევროკავშირში და ნატოში“.

მართლაც, ნატოსა და ევროკავშირის სხვა წევრებს დიდი ხანია „კონფლიქტი“ აქვთ უნგრეთის მთავრობასთან, რომელსაც ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და მას რიგ ბრალდებებს უყენებენ, კერძოდ, ადანაშაულებენ ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის დარღვევასა და ძირის გამოთხრაში, პრესის თავისუფლების შეზღუდვაში და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დევნაში.

ვიქტორ ორბანის უნგრეთს უკვე დიდი ხანია ცუდი ურთიერთობა აქვს უკრაინასთან და კარგი – რუსეთთან. კრემლის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ვიქტორ ორბანი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგაც ინარჩუნებს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა [დევიდ პრესმანმა] განაცხადა ბუდაპეშტში, როცა კომენტარი გაუკეთა პრემიერ ვიქტორ ორბანის გამოსვლას ამერიკელ კონსერვატორთა ფორუმზე. „უნგრეთში, სამწუხაროდ, ძალიან უყვართ ლაპარაკი ფეიკურ კულტურათა ომზე, – თქვა ელჩმა „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში, – და ეს იმ დროს, როცა მეზობლად რეალური ომი მიდის, ათასობით ადამიანი იღუპება ვლადიმერ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში“.

„ჩემი ყურადღება მთლიანად კონცენტრირებულია რეალურ ომზე, აგრეთვე უნგრეთის კავშირებზე რუსეთთან, რომელიც იმის ნაცვლად, რომ შემცირდეს და შეწყდეს, სულ უფრო მეტად ფართოვდება და ღრმავდება“, – თქვა აშშ-ის ელჩმა და გაიხსენა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო უკვე რამდენჯერმე იყო მოსკოვში ჩასული ომის დაწყების შემდეგ, შეხვდა სერგეი ლავროვს, მაგრამ არც ერთხელ არ შეხვედრია თავის მეზობელ უკრაინელ კოლეგას.

წყარო

ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის მასშტაბური გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, დანიის სამეფო ტახტის მემკვიდრე ფრედერიკი, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, „ინფინიტარტის“ წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე აჩვენეს ფილმი ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ, რომელიც ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მოამზადა.

დამთვალიერებელი 20 აგვისტომდე ფიროსმანის 48 ნამუშევარს ნახავს, რომელთაგან 47 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შერჩეულია მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან. დანიის შემდეგ, 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე, გამოფენას შვეიცარია, კერძოდ, ბეილერის ფონდი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. ევროპაში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენების მოწყობის იდეა 2022 წელს „ინფინიტ არტის“ ხელმძღვანელის საქართველოში სტუმრობისა და კულტურის მინისტრთან მისი შეხვედრისას იქნა განხილული. გასული წლის ივნისში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის ბაზელში ვიზიტისას გაიმართა მოლაპარაკებები ბეილერის ფონდის ხელმძღვანელთან, სამუელ კელერთან, და გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდში გამოიფინებოდა. შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, დანიაში ნიკა ახალბედაშვილი შეხვდა ლუიზიანას მუზეუმის დირექტორ პოლ ერიკ ტოინერს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, ბეილერის ფონდში გამოფენამდე, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებდა.

უცხოელი დამთვალიერებლისთვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედების სათანადოდ გაცნობის მიზნით რამდენიმეთვიანი კომპლექსური მოსამზადებელი პროცესი წარიმართა უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით.

მიმდინარე წლის მარტში ბეილერის ფონდის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს გროსმა ქართველ რესტავრატორებთან – ნანა მანაგაძესა და ნელი სოსანიძესთან ერთად დეტალურად შეამოწმა საქართველოს მუზეუმებში დაცული ფიროსმანის თითოეული ნახატი, შეაფასა მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და კოპენჰაგენში ტრანსპორტირებისთვის მოამზადა 48 ნახატი. გამოფენის გახსნამდე, უცხოელებისთვის მხატვრის შემოქმედების გაცნობის მიზნით, ლუიზიანას მუზეუმმა სპეციალური მარკეტინგული კამპანია დაიწყო: ხუთი ნამუშევრის მონაწილეობით შეიქმნა ფილმი ფიროსმანის შესახებ, რამდენიმე კვირით ადრე, კოპენჰაგენის ქუჩებში გამოჩნდა სარეკლამო პლაკატები, ლუიზიანას მუზეუმის კლუბის 60 000 წევრისათვის მომზადდა პუბლიკაცია და დაიბეჭდა კატალოგი შესაბამისი ტირაჟით.

აღსანიშნავია, რომ საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, უვნებლად გაიგზავნა კოპენჰაგენში და ლუიზიანას მუზეუმში დაბინავდა. ექსპონატები საქართველოდან დანიაში უსაფრთხოდ ჩაიტანა სატრანსპორტო კომპანია Kunsttrans-მა. ტრანსპორტირების პროცესში მონაწილეობდნენ: ბეილერის ფონდის წარმომადგენელი ირაკლი ფურცხვანიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ჭუმბაძე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უფროსი რესტავრატორი ნანა მანაგაძე და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორი ხათუნა კიკვაძე.

საგულისხმოა, რომ ასეთი თანამშრომლობა არა მხოლოდ დიდი ქართველი ხელოვანის შემოქმედების ევროპაში წარმოჩენას, არამედ მისი ნამუშევრების კვლევასა და პრევენციულ კონსერვაციას, ქართული სამუზეუმო საქმიანობის განვითარებას, თანამშრომელთა ტრენინგებსა და მათთვის უცხოელ სპეციალისტთა გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. კონსერვაცია-რესტავრაციისთვის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება ეროვნული მუზეუმის ფონდებში ფიროსმანისა და სხვა დიდი ქართველი მხატვრების შემოქმედების სათანადოდ დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია.
მუზეუმებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, ფიროსმანის გამოფენის საორგანიზაციო საკითხების გარდა, ითვალისწინებს ქართული მხარის საჭიროებებს. ბეილერის ფონდის ინიციატივით შეიქმნება ინტერაქციული მრავალენოვანი ვებგვერდი, რომელიც მიეძღვნება ფიროსმანსა და მის შემოქმედებას და საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა.

ინფორმაციისთვის: ლუიზიანას მუზეუმი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგამოფენო სივრცეა, რომელსაც დიდი და მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს. აქ თავმოყრილია ხელოვნების არაერთი ცნობილი და ძვირფასი ნიმუში. ლუიზიანას მუზეუმის კოლექცია 4000-მდე ექსპონატს ითვლის და, 1945 წლიდან მოყოლებული, ამ პერიოდის თითქმის ყველა ჟანრის მხატვრობისა და ქანდაკების ნიმუშებს აერთიანებს. მუზეუმში დაცულია მარიო მერსის, სოლ ლევიტის, გერჰარდ რიხტერის, როი ლიხტენშტაინის, ენდი უორჰოლის, რობერტ რაუსჩენბერგის, ალბერტო ჯაკომეტისა და სხვათა ნამუშევრები.

“რუსეთი ვერ შეძლებს დაიცვას თავისი ფართო სარკინიგზო ქსელი დივერსიისგან”- ბრიტანული დაზვერვა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის შეძლებს სრულად დაიცვას რკინიგზა დივერსიისგან, – ამის შესახებ  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ავარიებმა გამოიწვია რუსეთის სამხედრო სარკინიგზო ტრანსპორტის მოკლევადიანი ადგილობრივი შეფერხებები.

უწყება ამბობს, რომ ასეთმა შემთხვევებმა თითქმის შეაფერხა რკინიგზის მიწოდება რუსული ძალების საჭიროებისთვის – ყოველ შემთხვევაში, მცირე ხნით მაინც კონკრეტულ ადგილებში.

„მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო ეკიპაჟებს შეუძლიათ სწრაფად აღადგინონ ხაზები, ეს ინციდენტები ზრდის ზეწოლას რუსეთის ფედერაციის შიდა უსაფრთხოების ძალებზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ რუსეთის ვრცელი და დაუცველი სარკინიგზო ქსელის თავდასხმებისგან სრულად დაცვას“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

“უნგრეთში ჩასვლა კარგად გათვლილი ნაბიჯია, რომ ევროპამ თქვას: “ერთი ორბანი არ გვეყოფოდა, ახლა მეორე ორბანი გვემატება?!”-პაატა ზაქარეიშვილი

“ეს იყო შეტყობინება, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემთ, მეორე უნგრეთს მიიღებთ”- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში გაკეთებული განცხადება, რომ შეგვიძლია ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები.

“ჩემი აზრით, უნგრეთში ჩასვლა კარგად გათვლილი ნაბიჯია, რომ ევროპამ თქვას: „ერთი ორბანი არ გვეყოფოდა, ახლა მეორე ორბანი გვემატება?!“ ეს იყო შეტყობინება, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემთ, მეორე უნგრეთს მიიღებთ. ეს იყო კარგი შეტყობინება, როგორც 30 აპრილის აქცია. არცერთი ევროპული დროშა არ იყო და იყო კონსერვატორულ, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული გამოსვლები – „ჩვენ თუ მოვდივართ, ასეთები მოვდივართ!”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია. სპეციალისტი ადგილზე არსებულ ვითარებას სწავლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არქიტექტორ და ინჟინერ სტივენ ჯეი კელის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ექსპერტმა საერთაშორისო მემკვიდრეობის კონსერვაციაზე მუშაობა 1991 წლიდან დაიწყო და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ძეგლებზე მუშაობის უნიკალური გამოცდილება დააგროვა.

სტივენ ჯეი კელი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე რუმინეთში, რუსეთსა და უკრაინაში მუშაობდა. ასევე იგი ჩართული იყო თურქეთში, ქალაქ ანისში, სომხური არქიტექტურის ძეგლების კონსერვაციის პროცესში.

ექსპერტის თქმით, შეიქმნება ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომლებიც რჩევებს გასცემენ გელათის გადახურვისა და კონსერვაციის პროცესში.

სტივენ ჯეი კელის განცხადებით, პრობლემის არსის კარგად გააზრებისთვის აუცილებელია, მეტი დრო დაიხარჯოს კვლევით ნაწილზე. ამასთან, უშუალოდ ფრესკებზე მუშაობის დაწყებამდე უპირველესი ამოცანაა, გადაიხუროს მონასტრის კათედრალი.

„უზომოდ მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ და თუნდაც მცირედი წვლილი შემაქვს. ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ მეტი დრო კვლევით ნაწილში იმისთვის, რათა კარგად გავიაზროთ პრობლემის არსი. ჩემი ამ პროექტში ჩართვა მოხდა არქიმანდრიტ კირიონის მიერ და ჩემს სამეცნიერო მოქმედებებს სამომავლოდ განაპირობებს ის, თუ რა დავალებებს მომცემენ საქართველოს საპატრიარქო და მასთან არსებული გელათის დროებითი მართვის კომიტეტი.

ჩემი აზრით, შესაძლებელია ვიმუშაო სამეცნიერო კომიტეტში და მართებული რჩევები გავცე შემდგომი ნაბიჯების და სამუშაოების განსახორციელებლად. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ ადგილობრივმა სპეციალისტებმა საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით. ჩვენ ვიქნებით ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომელთაგანაც რამდენიმეს ვიცნობ კიდეც. მოუთმენლად ველი ამ მიმართულებით ჩემი მოვალეობების შესრულებას.

თვალსაჩინოა და სამართლიანად თუ შევაფასებთ, აუცილებლად უნდა გადაიხუროს მონასტრის კათედრალი, სანამ უშუალოდ ფრესკებზე დაიწყება მუშაობა. ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ პროცესებს. ჯერ დროებით გადახურვას უნდა მიეხედოს, შემდეგ – დანარჩენ სხვას”, – განაცხადა სტივენ ჯეი კელიმ.

ინფორმაციისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნის სამუშაოების საველე ეტაპი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამ დროისთვის მიღებული მონაცემების დოკუმენტურად დამუშავება მიმდინარეობს. გელათის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნაზე საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მხატვრობის კონსერვაციის სპეციალური ჯგუფი მუშაობდა.