„ღმერთის მიერ დადგენილი ფასეულობები“ – უნგრეთისა და საქართველოს პრემიერების ბუდაპეშტში გამოსვლას BBC-ი ეხმაურება

157
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვრცელი სტატია სათაურით „ღმერთის მიერ დადგენილი ფასეულობები“: უნგრეთისა და საქართველოს პრემიერები ბუდაპეშტში გამართულ მემარჯვენეთა კონფერენციაზე გამოვიდნენ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დასავლელი ლიბერალები ერის განადგურებისა და დარღვევის ვირუსს ავრცელებენ, უნგრეთი კი მთელი მსოფლიოს კონსერვატორებისათვის – რომლებიც დასავლურ ვირუსებს ეწინააღმდეგებიან – იდეებისა და გადაწყვეტილებების ინკუბატორს წარმოადგენს“, – ასეთი თეზისებით გამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში გამართულ მემარჯვენეთა და ულტრამემარჯვენეთა საერთაშორისო კონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ფორუმში მონაწილეობა მიიღო, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

როგორც ბუდაპეშტში მყოფი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ნიკ ტორპი ამბობს, ვიქტორ ორბანმა, აშშ-დან და კიდევ 20 ქვეყნიდან უნგრეთში ჩასული დელეგატების წინაშე თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ე.წ. პროგრესული ლიბერალიზმის ლაბორატორიებში“ მუშავდება იდეები, რომლითაც ერების დაშლა-დანგრევა ხდება, ავრცელებენ „მიგრაციისა და გენდერული პოლიტიკის წამქეზებელ ვირუსებს“, მაგრამ კონსერვატორები წარმატებით უმკლავდებიან ლიბერალების შეტევას და უკვე საკვანძო ქალაქებს იბრუნებენ – ბუდაპეშტს, ვარშავას, რომს და იერუსალიმს, რომლებშიც კონსერვატიზმი ძლიერდება.

„რიგში დგას ბრიუსელი და ვაშინგტონი!“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა, რომელიც უნგრეთს უკვე 13 წელია მართავს. მისმა პარტიამ „ფიდესმა“ გასულ წელს მეოთხედ – ზედიზედ – გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. ვიქტორ ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის სავარაუდო დაბრუნებას.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების მხარდამჭერთა კონფერენცია ამერიკელი კონსერვატორების ტრადიციულ ფორუმს წარმოადგენს. ამერიკის გარდა, კონფერენცია სხვა ქვეყნებშიც იმართება ხოლმე. ევროპაში ამერიკელი კონსერვატორებისა და სხვა ქვეყნებიდან მიწვეულ დელეგატთა ფორუმის მასპინძელი ქვეყანა მხოლოდ უნგრეთი წარმოადგენს, სადაც უკვე მეორედ ტარდება.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ბუდაპეშტში მიმდინარე ფორუმზე ხუთი კონტინენტის 20 ქვეყნიდან 60 ორატორი გამოდის. სტუმრებს შორის არიან ბრაზილიის ექს-პრეზიდენტი („ბრაზილიელი ტრამპი“) ჟაირ ბოლსონარუ, ჩეხეთის ექს-პრემიერი ანდრეი ბაბიში, სლოვენიის ექს-პრემიერი იანეზ იანშა, ყოფილი ჟურნალისტი და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრი ქერი ლეიკი. სხვათა შორის, კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს ამერიკული კონსერვატიული ტელეარხიდან „ფოქს ნიუსიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი თაკერ კარლსონი, ვიდეოჩართვით.

——————

რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში და რას ნიშნავს კონსერვატორთა ფორუმში მისი მონაწილეობა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ ქართული საზოგადოებისათვის? საუბრობს საქართველოში „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC russian) კორესპონდენტი ნინა ახმეტელი:

ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ კონფერენციაში პირველად მონაწილეობს. „იგი თვლის, რომ საქართველოში არსებული კონსერვატიული საზოგადოება უნიკალური ფასეულობების მქონე საზოგადოებას წარმოადგენს, რომლებიც ქრისტიანობას ემყარება. გენდერული პროპაგანდა, სამწუხაროდ, საქართველოშიც ვრცელდება, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ პოლიტიკოსები და აქტივისტები ვალდებულების არიან პატივი სცენ უმრავლესობის ნებას. ქართველების დიდი უმეტესობა გმობს „ლგბტ-საზოგადოების პროპაგანდისტულ და დემონსტრაციულ ზეწოლას“, – ნათქვამია ბუდაპეშტში არსებული „ფუნდამენტური უფლებების ცენტრის“ მიერ სოციალურ ქსელში (Twitter-ში) გამოქვეყნებულ მასალაში.

თავის გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაიცავს არამარტო უმცირესობის, არამედ უმრავლესობის უფლებებსაც – „უმცირესობის აგრესიული პროპაგანდისაგან“. „ჩვენ მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობებს და მათ აგრესიულ პროპაგანდას იმ ფასეულობათა შესაცვლელად, რომლებსაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ღვთისგან დადგენილად თვლის, რომელსაც ეყრდნობა და ეფუძნება ქართული იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია“, – ციტირებს საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური პრემიერის გამოსვლას.

ბუდაპეშტში კონსერვატორების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილი იმ დროს წავიდა, როცა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა ახლოვდება.

საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი გასულ წლის ზაფხულში ვერ მიიღო. სტატუსის მისაღებად, იმ პრიორიტეტულ ამოცანებს შორის, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, არის უმცირესობის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვა.

40 წლის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას უკვე მეორეჯერ იკავებს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ და მტკიცე პოზიციის მქონე კადრად ითვლება. თვითონ ივანიშვილმა 2021 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ხელისუფლების კრიტიკოსების თქმით, მილიარდერი ქვეყნის მართვას ფორმალურად და ერთპიროვნულად მაინც აგრძელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია მისი პოლიტიკური ოპონენტების მისამართით გამოთქმული მკვეთრი რიტორიკით. პრემიერის განცხადებები, განსაკუთრებით უმცირესობის მიმართ, უფლებადამცველების კრიტიკას იწვევს. „ლგბტ-აქტივისტების“ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებული სკანდალის შემდეგ (მსვლელობა 2021 წლის 5 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ გაუქმდა რადიკალური ჯგუფების მიერ განხორციელებული დარბევის შემდეგ), ირაკლი ღარიბაშვილმა ასე თქვა: „როცა ჩვენი მოსახლეობის 95% [ლგბტ-საზოგადოების წევრთა და მხარდამჭერთა] პროპაგანდისტული მარშის წინააღმდეგ გამოდის, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ჩვენი თანამემამულეების ნებას“.

ქართველი პრემიერის ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობამ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია – ისინი კონსერვატორთა ფორუმს ანტიდასავლურ და პოპულისტურ ღონისძიებად თვლიან: „იმ დროს, როცა საქართველო ევროპისაკენ მიდის სწორი იდეალების გასათავისებლად, ამ დროს ქვეყნის მთავრობა ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსებს ხვდება.. „ევროკავშირიდან შორს და რუსეთთან ახლოს“ – აი, ესაა „ქართული ოცნების“ რეალური ფასეულობები და დღის წესრიგი“, – ამბობს გრიგოლ გეგელია, ოპოზიციური პარტიის „ლელოს“ წევრი. იგი იმასაც იხსენებს, რომ კონფერენციაში მონაწილეობს იტალიური მემარჯვენე პარტიის „ჩრდილოეთის ლიგის“ წარმომადგენელიც, რომელმაც 2015 წელს იტალიაში სეპარატისტული „სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტი“ მიიწვია და რომელმაც 2017 წელს რუსეთის პროკრემლურ პარტია „ედინაია როსიასთან“ თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.

საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკით გამოვიდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრიც. „ქართული ოცნება“ ვიქტორ ორბანთან – ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთან ერთად თამაშობს იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით იმუშაოს… მის მოქმედებაში არანაირად არ არის ასახული ჩვენი ევროპული ფასეულობები“, – დაწერა ტვიტერში ევროდეპუტატმა თეის რეუტენმა.

„ყოფილთა ფორუმი“

თუ ჩვენ კონფერენციის მონაწილეთა სიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათი უმრავლესობა, რომლებსაც უნგრეთის მიერ გატარებული პოლიტიკა თავიანთი ქვეყნებისათვის სამაგალითოდ მიაჩნიათ, ძირითადად პოლიტიკური მეინსტრიმიდან გაძევებულ ადამიანებს წარმოადგენენ“, – განაცხადა ტელეარხ „ევრონიუსის“ ეთერში პეტერ კრეკომ, უნგრელმა პოლიტოლოგმა. მისი თქმით, „პოლიტიკური მეინსტრიმიდან ამოვარდნილია თვითონ უნგრეთიც – ქვეყანა სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება ევროკავშირში და ნატოში“.

მართლაც, ნატოსა და ევროკავშირის სხვა წევრებს დიდი ხანია „კონფლიქტი“ აქვთ უნგრეთის მთავრობასთან, რომელსაც ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და მას რიგ ბრალდებებს უყენებენ, კერძოდ, ადანაშაულებენ ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის დარღვევასა და ძირის გამოთხრაში, პრესის თავისუფლების შეზღუდვაში და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დევნაში.

ვიქტორ ორბანის უნგრეთს უკვე დიდი ხანია ცუდი ურთიერთობა აქვს უკრაინასთან და კარგი – რუსეთთან. კრემლის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ვიქტორ ორბანი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგაც ინარჩუნებს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა [დევიდ პრესმანმა] განაცხადა ბუდაპეშტში, როცა კომენტარი გაუკეთა პრემიერ ვიქტორ ორბანის გამოსვლას ამერიკელ კონსერვატორთა ფორუმზე. „უნგრეთში, სამწუხაროდ, ძალიან უყვართ ლაპარაკი ფეიკურ კულტურათა ომზე, – თქვა ელჩმა „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში, – და ეს იმ დროს, როცა მეზობლად რეალური ომი მიდის, ათასობით ადამიანი იღუპება ვლადიმერ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში“.

„ჩემი ყურადღება მთლიანად კონცენტრირებულია რეალურ ომზე, აგრეთვე უნგრეთის კავშირებზე რუსეთთან, რომელიც იმის ნაცვლად, რომ შემცირდეს და შეწყდეს, სულ უფრო მეტად ფართოვდება და ღრმავდება“, – თქვა აშშ-ის ელჩმა და გაიხსენა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო უკვე რამდენჯერმე იყო მოსკოვში ჩასული ომის დაწყების შემდეგ, შეხვდა სერგეი ლავროვს, მაგრამ არც ერთხელ არ შეხვედრია თავის მეზობელ უკრაინელ კოლეგას.

წყარო