Home Blog Page 2033

კობა კობალაძე მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს გუსტავო კრუსს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს, გუსტავო კრუსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. კობა კობალაძემ, გუსტავო კრუსს, სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს.

მხარეები, სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას. კობა კობალაძემ გუსტავო კრუსი საქართველოში მოიწვია, რათა იგი ადგილზე გაეცნოს იმ საჭიროებებს, რაც ქართველი ვეტერანების წინაშე დგას.

შეხვედრის შემდეგ, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მაიამის სამხედრო და ვეტერანების საქმეთა სამსახურსა და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და გუსტავო კრუსმა მოაწერეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია, “საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების” დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნიკოლოზ ქარჩავა და მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ქარჩავამ, შეხვედრაზე, კობა კობალაძეს და გუსტავო კრუსს ორგანიზაციის – “საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების” საპატიო მედლები გადასცა

”ბასტი ბუბუს” თანადგომა ვეტერანთა შვილებს

მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ”ბასტი ბუბუს” შემოქმედებითმა ჯგუფმა, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოადგინა მუსიკალური შოუ”პინოქიოს თავგადასავალი”, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და შპს. ”ბასტი ბუბუს” თანადგომით, ვეტერანთა 150 მცირეწლოვანი შვილი და შვილიშვილი დაესწრო.

პატარა მსახიობების მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მომღერალთა ხმებს, პატარა მაყურებლების ჟრიამულიც ემატებოდა, რამაც, შოუ, კიდევ უფრო სახალისო გახადა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მისი პატარა ბენეფიციარების მიმართ გამოხატული თანადგომისა და მათთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის გალამაზებისთვის მადლობას უხდის ”ბასტი ბუბუს” მესვეურებს, მთელ შემოქმედებით გუნდს და წარმატებებს, ერთიან, ძლიერ და მშვიდობიან საქართველოს უსურვებს.

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ძველი სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ, რომლებიც ნებისმიერ საქმეში ხელს გიშლით. ეს დღე მამაც, რევოლუციურად განწყობილ ვერძებს მშვენიერ შესაძლებლობებს სთავაზობს. დროა, მიხვდეთ, რომ კონსერვატიული გზები სათქვენო არ არის – ცხოვრება ვერძისგან ახალ იდეებს, შთაგონებას და კრეატივს ელის.

კურო

მთელ დღეს თქვენი აზრით მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევას დაუთმობთ. ეს შეიძლება პირად ურთიერთობას ან სამსახურებრივ პრობლემას ეხებოდეს. ურთიერთობების გარკვევისა და სიმართლის ძიების პროცესში შეგიძლია ნებისმიერი ადამიანი წყობიდან გამოიყვანოთ, თუმცა მეორე დღეს არაფერი გემახსოვრებათ.

ტყუპები

მთელ დღეს საკუთარ შეცდომებზე ფიქრში გაატარებთ. შესაძლოა, ამის კეთება სწორედ ამ შეცდომების შედეგებმა ან დეჟავუს განცდამ გაიძულოთ. გახსოვდეთ, რომ ახალ შეცდომებს მხოლოდ ძველი შეცდომების გაანალიზებით აიცილებთ. მოგეხსენებათ, რომ გამოცდილება ფასდაუდებელი რამ არის.

კირჩხიბი

ამ დღეს შინაგანი კონფლიქტის განცდა არ გტოვებთ. სავარაუდოდ, რაღაც ისეთის გაკეთება გიწევთ, რაც არ მოგწონთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ გრძნობებში გარკვევა სცადოთ. თუ შინაგან წინააღმდეგობას ვერ უმკლავდებით, გირჩევთ, საკუთარი ეჭვები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ.

ლომი

ამ დღეს გარშემომყოფთა კრიტიკული შენიშვნების ატანა მოგიწევთ. ამის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები მაქსიმალურად შეამციროთ, განსაკუთრებით ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. მაგალითად, უფროსებთან. თუ ამას ვერ ახერხებთ, ისე იმოქმედეთ, რომ ვერავინ ვერაფერში შეგედავოთ. ნუ ეცდებით ყურადღების მიქცევას – შეიძლება სიტუაცია თქვენ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს.

ქალწული

მიმდინარე საქმეებში სირთულეებს არ უნდა ელოდოთ. ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გარშემო მყოფთა კრისტალური პატიოსნების იმედად იყოთ, თუმცა ფარულ ხაფანგებს და მოტყუებას არ უნდა ელოდოთ. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისა და გარიგებებისთვის – ვარსკვლავები თქვენთვის სასარგებლო შედეგს გპირდებიან.

სასწორი

დროა, თქვენს სამომავლო გეგმებს გადახედოთ – იქნებ შეცდომა დაუშვით და არასწორი გზა აირჩიეთ? გირჩევთ, დროდადრო საკუთარი ქმედებები გააანალიზოთ და რეალობას მოარგოთ. ეს ილუზიებისგან გაგათავისუფლებთ, რომლებიც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით.

მორიელი

ამ დღეს ვიღაცისთვის საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე ანგარიშის ჩაბარება მოგიწევთ. ეს როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და თავი ხელში აიყვანოთ. თუ მაკონტროლებლებთან დავას წამოიწყებთ, ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი დიპლომატიური უნარების სრულად გამოჩენა მოგიწევთ. საკითხი, რომელზედაც ახლა ფიქრობთ, ზედმეტად დელიკატურია, რომ პირდაპირ გააჟღეროთ. თუ გარშემო მყოფთა გრძნობებს არ გაუფრთხილდით, შეიძლება საკუთარ თავს უამრავი პრობლემა შეუქმნათ და ნებისმიერი მოლაპარაკება ჩაშალოთ. ადამიანების გაგებისა და კეთილგანწყობის მოპოვებას მხოლოდ მაქსიმალური მოთმინებისა და ტაქტის გამოვლენით შეძლებთ.

თხის რქა

ნუ ეცდებით სახიფათო თამაშის წამოწყებას, რადგან შეიძლება წააგოთ. საიდუმლო, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდით, შეიძლება ყველაზე უხერხულ მომენტში, მოულოდნელად გამჟღავნდეს. თუ დასამალი არაფერი გაქვთ, ვარსკვლავები მშვიდ და ჰარმონიულ დღეს გპირდებიან, დანარჩენ თხის რქებს კი ნერვიულობა მოუწევთ.

მერწყული

ნებით თუ უნებლიეთ, შეიძლება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. შექმნილი ვითარება იდეალურისგან შორსაა – გარშემო მყოფებმა, მათ შორის ახლობლებმა, შეიძლება ერთმანეთს ბრალდებები და პრეტენზიები წაუყენონ. მათი შერიგება ადვილი არ იქნება, მაგრამ გადაწყვიტეთ, რომ უნდა სცადოთ.

თევზები

იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ, უნდა შეჩერდეთ, საკუთარი ქმედებები შეაფასოთ და მოსალოდნელი შეცდომები დაინახოთ. შესაძლოა,ეს დამოუკიდებლად გააკეთოთ, შესაძლოა, ვიღაც სხვაც დაგეხმაროთ. გახსოვდეთ, რომ კონსტრუქციული კრიტიკა სასარგებლოა და ეცადეთ, მშვიდად აიტანოთ.

 

“ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია”-სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, „დასავლეთში ბევრს აინტერესებს, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ისინი ხაზს უსვამენ იმ ზიანს, რომელიც ამ სიტუაციის გამო მიადგა საქართველოს იმიჯს დასავლეთში“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მე ვიცი ეს და ამის გამო შეშფოთებული ვარ, რამდენიმე რამეს ვაკეთებ, რათა ეს სიტუაცია შევამსუბუქო, თუმცა ზიანი რომელიც დადგა, მიყენებულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არ შეწყალება ამ ზიანს რეალურად არ ცვლის. ვფიქრობ, მას უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომლების შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც მოსალოდნელია ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სტატუს-კვოს შენარჩუნებას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას განმარტება არ სურს, თუმცა არსებობს „სამართლებრივი მოსაზრებები“.

„მე ყოველთვის თავს ვიკავებ განმარტებებში შესვლისგან, რადგან საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციის უფლება სხვა ქვეყნების პრეზიდენტების ანალოგიური და თანაბარია და ისინი კი არ განმარტავენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია”-ენტონი ბლინკენი

რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია, რაც ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში შეამცირებს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ეჭვგარეშეა, რუსეთი დღეს მნიშვნელოვნად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე იყო – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ გააძლიერა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამბედაობა.

„სადაც პუტინი მიზნად ისახავდა გაძლიერებას, მან გამოავლინა სისუსტე, სადაც გაყოფას ცდილობდა, გააერთიანა, რისი თავიდან აცილებაც სცადა, დააჩქარა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს ჟოლტ შემიენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განიხილეს, რა მიმართულებით არის შესაძლებელი აღნიშნული კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია გასულ წელს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს.

მთავრობის მეთაურმა ჟოლტ შემიენს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის ვიცე-პრემიერის კაბინეტის უფროსი პიტერ იენიკი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ცნობილი ადამიანების შარჟები საუკუნისწინანდელ პრესაში – ეროვნული არქივის ახალი ონლაინკოლექცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ახალი კოლექცია – 1910-20-იან წლებში ქართულ პრესაში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების შარჟები – გახდა ხელმისაწვდომი.

პერიოდულ გამოცემებს, რომელიც საქართველოში XX საუკუნის დასაწყისში იბეჭდებოდა, ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ. მათ შორის იყვნენ: შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი და სხვები. ილუსტრირებულ გაზეთებში ცნობილი ადამიანების ასეულობით შარჟს შეხვდებით.

ეროვნული არქივის მიერ შექმნილ ონლაინკოლექციაში შესულია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორების შარჟები პერიოდული გამოცემებიდან: „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება” „თეატრი და ცხოვრება”, „ეშმაკის მათრახი”.

კოლექცია, რომელშიც პირველ ეტაპზე 100-ზე მეტი შარჟი გაერთიანდა, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/tsnobili-adamianebis-sharzhebi-1.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი – 2.6335 ლარი ეღირება, ევრო – 2.8376 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3011 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6396 ლარი ღირდა, ევრო – 2.8278 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2897 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 ივნისს ამოქმედდება.

“საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში თავისი ქვეყნის ევროპული კურსის გადასარჩენად ჩავიდა”

ფრანგული გაზეთი „ლე მონდი” (Le Monde) ბეჭდავს სტატიას სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა, თავისი ქვეყნის ევროპული კურსის გადასარჩენად“ (ავტორი – ფაუსტინ ვინსენტი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბრიუსელში მყოფი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების მიმოხილვა – საუბრები ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობრივ პირებთან – შარლ მიშელთან (ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან), ურსულა ფონ დე ლაიენთან (ევროკომისიის პრეზიდენტთან) და რობერტა მეცოლასთან (ევროპარლამენტის პრეზიდენტთან). მასალაში ასევე საუბარია მოლაპარაკების მთავარ თემაზე – საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპულ სივრცეში, კერძოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

როგორც ცნობილია, 2022 წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვასაგან განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირმა უარი განუცხადა წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე და თბილისს დამატებით მოსთხოვა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, რომლის შესახებაც ევროკომისიამ მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა იმსჯელოს.

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან მიმართულია საქართველოს პროევროპული კურსის განსამტკიცებლად, მიუხედავად იმისა, რომ მისი როგორც პრეზიდენტი უფლებამოსილება შეზღუდულია 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად.

საქართველოს მთავრობის სულ უფრო აშკარად შესამჩნევი პრორუსული ორიენტაციის ფონზე, რომელიც განსაკუთრებით უკრაინის ომის დროს გამოიკვეთა, ევროპელი ლიდერები სალომე ზურაბიშვილს მოკავშირედ მიიჩნევენ – მათ არ სურთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას საქართველო კრემლის გავლენის ქვეშ მოექცეს.

უკანასკნელი წელიწად ნახევრის განმავლობაში მოსკოვისა და თბილისის ერთმანეთთან დაახლოების ნიშნები სულ უფრო მეტად იკვეთება, რაც ქვეყნის მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს – მოსახლეობისა, რომლის 80% პროევროპულად არის განწყობილი და რომელსაც დღემდე ახსოვს ის ტანჯვა, რაც ქვეყანას რუსეთმა მოუტანა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად. საქართველოს ხელისუფლების პრორუსული გადახრები გამოხატულია იმით, რომ თბილისმა უარი განაცხადა მხარი დაეჭირა დასავლეთის ანტირუსული სანქციებისადმი და ეს ეროვნული ინტერესების დაცვით გაამართლა. სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს წინააღმდეგობა დასავლეთის ზეწოლისადმი და განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად დააფასებს თბილისის ნაბიჯებს, კერძოდ, აღადგენს 2019 წელს შეწყვეტილ ავიამიმოსვლას. მართლაც, 10 მაისს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ბრძანებულებებით ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აღადგინა და საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად უვიზო რეჟიმი შემოიღო.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენამ საქართველოში ანტირუსული საპროტესტო აქციები გამოიწვია. თვითონ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ისარგებლებს საქართველოს ავიაკომპანიის – Georgian Airways-ის მომსახურებით, რომელმაც მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას და რუსეთში ავიარეისების განხორციელება დაიწყო. 26 მაისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ძალიან არის გაკვირვებული ქართველების ასეთი რეაქციით: „მეგონა მადლობას იტყოდნენ, მაგრამ არა, ფრენების აღდგენის ირგვლივ თბილისში სრულიად გაუგებარი ხმაური ატეხეს“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

საქართველო კავკასიის პატარა სახელმწიფოა, 3,7 მილიონი მცხოვრებით, დიდი ხნის განმავლობაში იყო სხვებისთვის მისაბაძი ქვეყანა რეფორმების გატარებისა და სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნების შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა, კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროპული პერსპექტივა სულ უფრო შორეული ხდება.
დიდი ხნის განმავლობაში პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაარსებული და რომელიც ქვეყანას „ჩრდილოვნად“ ხელმძღვანელობს, არაერთგვაროვან პოლიტიკას ატარებს – ერთი მხრივ, აცხადებს, რომ სურვილი აქვს ქვეყანა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარად პრორუსულ კურსს ატარებს. მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოფიციალური თბილისის განცხადებები თითქმის ყოველთვის კრემლის განცხადებებს ჰგავს.

ბრიუსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ომის ერთ-ერთ მიზეზს უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზრახვა წარმოადგენდაო“, რამაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როტმა, კერძოდ, სასწრაფო განმარტება მოითხოვა საქართველოს დამოკიდებულების შესახებ ევროკავშირთან და ნატოსთან, რომლის მთავრობა ოფიციალურად აცხადებს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილს.

წყარო

“მიგრანტები, რომლებიც ინგლისში კავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გავლით ჩადიან, უკან იქნებიან დაბრუნებულნი”

ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დიდი ბრიტანეთის და საქართველოს შეთანხმებით, მიგრანტები, რომლებიც ინგლისში კავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გავლით ჩადიან, უკან იქნებიან დაბრუნებულნი“ (ავტორი – დევიდ ბარეტი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დოკუმენტს პირველი ივნისიდან უკვე იურიდიული ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიგრანტები (თავშესაფრის მიღების მსურველები), რომლებიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ, ან „ტრანზიტით გაიარეს“ საქართველოს ტერიტორია და თვითმფრინავით ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში, რისკის წინაშე დგებიან, რომ მათ, დიდი ალბათობით, იმავე ავიარეისით უკან, თბილისში დააბრუნებენ.

შეთანხმების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში კანონდარღვევით ჩასული მიგრანტების გაძევების საკითხი განიხილება 12 დღის განმავლობაში და თუ თანხმობა მიღებული იქნება, უცხოელი მოქალაქის დეპორტაცია სამი თვის განმავლობაში მოხდება.

რიში სუნაკის თქმით, რომელიც მოლდოვაში, კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს, მიგრაციული კრიზისის მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევით შეიძლება მოგვარდეს. მან კმაყოფილება გამოხატა სამიტში მონაწილე უცხო სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებით.

საქართველო უმნიშვნელოვანეს მიგრაციულ გზაჯვარედინზე მდებარეობს კავკასიაში. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ თურქეთში შესვლას (ანკარა აბრკოლებს მიგრანტების გადასვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე), უპირატესობას აძლევენ ე.წ. „შავი ზღვის გზას“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სახმელეთო გზით ჯერ შედიან სომხეთში და აზერბაიჯანში, შემდეგ გადადიან საქართველოში, საიდანაც, შავი ზღვის მეშვეობით, მიდიან რუმინეთში ან ბულგარეთში.

დიდ ბრიტანეთის სპეცსამსახურებს, კერძოდ, დამნაშავეობასთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს, მიგრანტების ნაკადის კონტროლის მიზნით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთანხმება დადებული აქვთ ბულგარეთთან, რომელიც ითვალისწინებს იმ მოწყობილობებისა [და სატრანსპორტო საშუალებების] დამზადება-მიწოდების პროცესს, რომლითაც ადამიანებით მოვაჭრეები სარგებლობენ, გასაბერი ნავების ჩათვლით.

ბულგარეთი საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს გასაბერი ნავების გადატანის სახმელეთო მარშრუტზე, რომლებიც თურქეთში მზადდება სპეციალურად კონტრაბანდისტებისათვის, ლა მანშის სრუტეზე მიგრანტების გადასაყვანად. თურქეთში დამზადებული გასაბერი ნავები ავტომობილებით გადაქქვთ მეზობელ ბულგარეთში, იქიდან კი კონტრაბანდისტთა საიდუმლო ბაზებში, რომლებიც გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში მდებარეობენ.

ნავები ხშირად მთლიანკორპუსიანი კონსტრუქციით მზადდება, მათ არ აქვთ ცალკეული ნაკვეთურები, რომლებიც ჩაძირვის რისკს ამცირებენ.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, რომ თურქ სამართალდამცველებთან ერთად უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ოპერაციები განახორციელონ.

წყარო

“ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად”- მიხეილ სააკაშვილი

ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინისა და ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში.

„2019 წლის მაისში დილის 08:00 საათზე უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და გამაღვიძა ვარშავაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტზე იყო ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენა. ჩემი პირველი რეაქცია მადლობის გარდა, იყო ის, რომ ვუთხარი, ვხედავდი მას ჩვენი მთელი რეგიონის ლიდერად. მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ პუტინის სიგიჟის შედეგად, ის გახდებოდა მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერი. ზელენსკის გულში საქართველოს უკავია ცალკე ადგილი, მაგრამ ემოციასაც რომ დავანებოთ თავი, ჩვენ, ყველა უნდა ვემზადოთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის. უკრაინა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება. ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს. ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა და ომის შემდეგ ეს ხედვა დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას, რომ უკრაინის სიტყვას ძალიან დიდი წონა ექნება მსოფლიოში. საქართველო აფხაზეთის ჩათვლით ასევე თავის მხრივ იქცევა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად. არ გამოვრიცხავ, შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესე იგი, ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში. ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/789547555874177

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს.

ამის შესახებ პეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.

ალთუნის ცნობით, 3 ივნისს პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის პარლამენტში ფიცს დადებს. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი ეწვევა ათათურქის მავზოლეუმს და უმასპინძლებს ვახშამს ინაუგურაციის ცერემონიაზე დამსწრე სახელმწიფოების მეთაურებთან.

ამავე დღის ბოლოს პრეზიდენტი ერდოღანი ახალი კაბინეტის შემადგენლობას გამოაცხადებს.