“საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში თავისი ქვეყნის ევროპული კურსის გადასარჩენად ჩავიდა”

83
spot_img

ფრანგული გაზეთი „ლე მონდი” (Le Monde) ბეჭდავს სტატიას სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა, თავისი ქვეყნის ევროპული კურსის გადასარჩენად“ (ავტორი – ფაუსტინ ვინსენტი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბრიუსელში მყოფი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების მიმოხილვა – საუბრები ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობრივ პირებთან – შარლ მიშელთან (ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან), ურსულა ფონ დე ლაიენთან (ევროკომისიის პრეზიდენტთან) და რობერტა მეცოლასთან (ევროპარლამენტის პრეზიდენტთან). მასალაში ასევე საუბარია მოლაპარაკების მთავარ თემაზე – საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპულ სივრცეში, კერძოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

როგორც ცნობილია, 2022 წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვასაგან განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირმა უარი განუცხადა წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე და თბილისს დამატებით მოსთხოვა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, რომლის შესახებაც ევროკომისიამ მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა იმსჯელოს.

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან მიმართულია საქართველოს პროევროპული კურსის განსამტკიცებლად, მიუხედავად იმისა, რომ მისი როგორც პრეზიდენტი უფლებამოსილება შეზღუდულია 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად.

საქართველოს მთავრობის სულ უფრო აშკარად შესამჩნევი პრორუსული ორიენტაციის ფონზე, რომელიც განსაკუთრებით უკრაინის ომის დროს გამოიკვეთა, ევროპელი ლიდერები სალომე ზურაბიშვილს მოკავშირედ მიიჩნევენ – მათ არ სურთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას საქართველო კრემლის გავლენის ქვეშ მოექცეს.

უკანასკნელი წელიწად ნახევრის განმავლობაში მოსკოვისა და თბილისის ერთმანეთთან დაახლოების ნიშნები სულ უფრო მეტად იკვეთება, რაც ქვეყნის მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს – მოსახლეობისა, რომლის 80% პროევროპულად არის განწყობილი და რომელსაც დღემდე ახსოვს ის ტანჯვა, რაც ქვეყანას რუსეთმა მოუტანა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად. საქართველოს ხელისუფლების პრორუსული გადახრები გამოხატულია იმით, რომ თბილისმა უარი განაცხადა მხარი დაეჭირა დასავლეთის ანტირუსული სანქციებისადმი და ეს ეროვნული ინტერესების დაცვით გაამართლა. სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს წინააღმდეგობა დასავლეთის ზეწოლისადმი და განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად დააფასებს თბილისის ნაბიჯებს, კერძოდ, აღადგენს 2019 წელს შეწყვეტილ ავიამიმოსვლას. მართლაც, 10 მაისს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ბრძანებულებებით ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აღადგინა და საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად უვიზო რეჟიმი შემოიღო.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენამ საქართველოში ანტირუსული საპროტესტო აქციები გამოიწვია. თვითონ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ისარგებლებს საქართველოს ავიაკომპანიის – Georgian Airways-ის მომსახურებით, რომელმაც მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას და რუსეთში ავიარეისების განხორციელება დაიწყო. 26 მაისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ძალიან არის გაკვირვებული ქართველების ასეთი რეაქციით: „მეგონა მადლობას იტყოდნენ, მაგრამ არა, ფრენების აღდგენის ირგვლივ თბილისში სრულიად გაუგებარი ხმაური ატეხეს“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

საქართველო კავკასიის პატარა სახელმწიფოა, 3,7 მილიონი მცხოვრებით, დიდი ხნის განმავლობაში იყო სხვებისთვის მისაბაძი ქვეყანა რეფორმების გატარებისა და სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნების შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა, კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროპული პერსპექტივა სულ უფრო შორეული ხდება.
დიდი ხნის განმავლობაში პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაარსებული და რომელიც ქვეყანას „ჩრდილოვნად“ ხელმძღვანელობს, არაერთგვაროვან პოლიტიკას ატარებს – ერთი მხრივ, აცხადებს, რომ სურვილი აქვს ქვეყანა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარად პრორუსულ კურსს ატარებს. მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოფიციალური თბილისის განცხადებები თითქმის ყოველთვის კრემლის განცხადებებს ჰგავს.

ბრიუსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ომის ერთ-ერთ მიზეზს უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზრახვა წარმოადგენდაო“, რამაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როტმა, კერძოდ, სასწრაფო განმარტება მოითხოვა საქართველოს დამოკიდებულების შესახებ ევროკავშირთან და ნატოსთან, რომლის მთავრობა ოფიციალურად აცხადებს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილს.

წყარო