Home Blog Page 2032

“ცალ ფეხზე დგომით არა, ორ ფეხზე, მყარად უნდა ვიაროთ ევროპულ გზაზე” -მამუკა მდინარაძე

იქ იყო უამრავი ადამიანი, რომელიც ახმოვანებდა პატრიოტულ მესიჯებს და საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ შეფასებაში მეტწილად ვეთანხმებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ ვინც უზრუნველყო მისი საქართველოს პრეზიდენტად არჩევა, ამ ადამიანების და პრეზიდენტის პოზიციები რადიკალურად ასცდა ერთმანეთს, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გუშინდელ აქციაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაჟღერებულ განცხადებებს.

მდინარაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – იზიარებს თუ არა ამავე აქციის მონაწილეების განცხადებების შინაარსს, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა აირჩიოს.

„ნეიტრალიტეტს არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ საქართველოს აქვს არჩეული კურსი, რომელიც კონსტიტუციაში ჩვენ ჩავწერეთ. მეღიმება ხოლმე, ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი აქეთ რომ გვამუნათებს – „საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა…“ – ჩვენ ჩავწერეთ ეს კონსტიტუციაში. შეიძლება ეს მოსაზრება იყოს და ნებისმიერ ადამიანს თავისი აზრი აქვს, მაგრამ საქართველოს თავისი კურსი აქვს.

ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია იფიქროს ეროვნულ ინტერესებზე და ამ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე. როგორც ჩვენი ოპონენტები წამოცდენებში აიხლართებიან ხოლმე, ცალ ფეხზე დგომით კი არა, არამედ ორ ფეხზე, მყარად უნდა ვიაროთ ევროპულ გზაზე. ადრე თუ გვიან შედეგი დადგება, ეს ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დაუბრუნდება თავის ბუნებრივ ადგილს და ღირსებას, ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ თავმოყვარეობას შევინარჩუნებთ. ეს არის ერთ-ერთი უპირატესი მიზანი “, – აცხადებს მდინარაძე.

პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.

 

 

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

სხდომაზე დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, საწინაამღდეგო მოთხოვნა ჰქონდა პროკურორს, რომეიც ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ლაზარე გრიგორიადისმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მას მიმალვა არ სურს.

„მიმალვის სურვილი რომ მქონოდა, ერთ თვეში დავიმალებოდი. ის ტანსაცმელი მეცვა დაკავებისას, რომელიც აქციაზე მეცვა და არ გამინადგურებია არაფერი“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

სასამართლო სხდომის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციას ესწრებოდნენ აქტივისტები და პოლიტიკოსები.

რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილსაც.

“სააკაშვილი უხეშად არღვევს კვების რაციონს, საკვებს იღებს შერჩევით” – ზურაბ ჩხაიძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, მესამე მკურნალ ექიმზე უარის თქმას კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ეხმაურება.

ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად უხეშად არღვევს კვების რაციონს, რაც მის მდგომარეობას აუარესებს.

„გიდასტურებთ, რომ მესამე ექიმია, რომელზედაც უარი განაცხადა. მიზეზი ძირითადად არის ის, რომ როდესაც ექიმების მიერ ხდება მისი მდგომარეობის ობიექტურად შეფასება, ის მეორე დღესვე უკვე მიუღებელია პაციენტისთვის. საკვებს ისევ იღებს შერჩევით და უფრო მცირე რაოდენობით, კვების რაციონის უხეში დარღვევით, დავარქვათ ასე.

გიულისთან არა ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, არა ერთხელ ვთხოვეთ ჩვენ, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი რეკომენდაციები. მოეტანა ის შესაბამისი საკვები, რაზედაც ჩვენი ექიმები აძლევენ რეკომენდაციებს, კერძოდ, ნუტრიციოლოგი და ენდოკრინოლოგი, მაგრამ არაფრის გათვალისწინება არ ხდება“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

“მზად ვარ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დავუდგე” – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მარტის აქციების დროს დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებს სთავაზობს, რომ როგორც პარლამენტის წევრი მზად არის თავდებში ჩაუდგეს ლაზარე გრიგორიადისს იმისთვის, რომ ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობიდან გათავისუფლდეს. აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განუცხადა, სადაც გრიგორიადისის პროცესის პარალელურად მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, გრიგორიადისის დაკავება უკავშირდება კონკრეტულ მესიჯს კრემლისთვის, რომ ანტიპუტინისტურ აქციაზე ყოფნა ისჯება.

“ლაზარეს პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ადამიანს წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ მაშინ, როცა მოწმეზე შეუძლია ზეგავლენა, ან რაიმე მტკიცებულების გაქრობა ან გაქცევა. ამ სამიდან ლაზარეს არცერთი შეუძლია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს რომ ზეწოლის ქვეშ ვერ ამყოფებს ლაზარე, ამას საზოგადოება კარგად ხვდება. ასევე, რაიმე მტკიცებულების გაქრობაც რომ არ შეუძლია 21 წლის ლაზარეს ესეც კარგად ვიცით და ასევე, ცხადია, საზღვრების კონტროლი შეუძლია ხელისუფლებას, თუ მაინც და მაინც, რაიმე შიშები აქვს. ამიტომ, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდეთ არ არსებობს გარდა იმისა, რომ კრემლს, რუსეთს გაუგზავნონ გზავნილი, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებს დასჯიან, ვინც ანტიპუტინისტურ აქციაზე იქნება, ვინც ევროპის მხარდამჭერ აქციაზე იქნება და ვინც საქართველოს კონსტიტუციას დაიცავს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ლაზარე იყოს თავისუფალი. თუ ვინმემ კანონი, კონსტიტუცია დაარღვია ეს არის რუსული ოცნება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი შეთავაზება დაცვის მხარისთვის, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი მზად ვარ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დავუდგე იმისთვის, რომ ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო” – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

„გამოგორდა“ ბატონი კალაძე და განაცხადა – ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმიტომ არ მოგვანიჭა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგო. ეს იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომ დასავლეთი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ, რომ 12-ვე პუნქტი შესრულებულია, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, სამართლიანი და ნდობით აღსავსე სასამართლო სისტემა. „რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო – ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89%-მდე გაიზარდა. „ოცნება“ უკვე 1 წელია ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ და ამერიკა და დასავლეთი „ცუდები“ არიან – რა მივიღეთ: ბოლო კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90 %-ს სურს დასავლეთი!

რაც შეეხება კორუფციას და კონკრეტულად ბატონი კალაძის მისამართით დასმული კითხვებიდან ერთ-ერთს: თბილისის მერიამ, ტენდერით, შეიძინა 400 ლურჯი ავტობუსი და თითოეულში გადაიხადა 250 000 ევრო, ხოლო ევროპის სხვა ქალაქებმა ზუსტად იგივე ავტობუსში 160-დან 180 000 ევრომდე გადაიხადეს. ბატონმა კალაძემ მოახერხა თითო ავტობუსში საშუალოდ 80 000 ევროთი მეტის დახარჯვა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან აორთქლდა 20-30 მილიონი ევრო. ის ფაქტი, რომ ამ თემაზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა, სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს.

სადაც ყვავის კორუფცია, იქ არ არის ეკონომიკური პროგრესი. მომავალში, ყველა კორუმპირებული მოხელე ახალი, სამართლიანი სასამართლოს მიერ იქნება გასამართლებული და დასჯილი!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4940 ლარი ეღირება, ევრო – 2.7449 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1237 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.4967 ლარი ღირდა, ევრო – 2.7441 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1131 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 მაისს ამოქმედდება.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საერთო ინტერესების საფუძველზე თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური პარტნიორობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საუბარი შეეხო ეფექტიანი რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე გამოითქვა სხვადასხვა სფეროში წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებული ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბენინის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი მარკ ჰერმან გნინადოუ არაბა, კომოროს მუდმივი წარმომადგენელი ისიმაილ ჩანფი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ჟორჟ ნზონგოლა ნტალაჯა, დომინიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ხოსე ალფონსო ბლანკო კონდე, ლიბიის მუდმივი წარმომადგენელი თაჰერ ელსონი, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენელი მენისა მარსელ რამბალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე.

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით იფრენს

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს.

ტავჯორჯიას“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Indigo პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის, 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრას „ტავჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.

Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისთვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი საერთაშორისოა.

“მოლაპარაკებაზე უარი არასდროს გვითქვამს” – ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს, პროტოკოლსა და გაიდლაინზე მომუშავე ჯგუფების ანალიზიდან, დასკვნებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი მსჯელობა, რა მეთოდებით, როდიდან შეეძლებათ, რომ ქვეყანაში დაინერგოს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი თუ სხვადასხვა მეთოდი.

„ჩვენ ამ ბავშვებთან მიმართებით უკვე დანერგილი გვაქვს რეაბილიტაციის პროცესი, ასევე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი. მზად ვართ, დიაგნოსტიკა იქნება თუ მკურნალობა, დავუფინანსოთ როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს არის, რისი დადასტურებაც სამუშაო ჯგუფს უკვე შეუძლია. ვინაიდან ამ მედიკამენტთან მიმართებით არსებობს გამოწვევები, კითხვები, საბჭო მსჯელობს, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კითხვაზე, აღნიშნულ დაავადებაზე მომუშავე საბჭოს მსჯელობისთვის რაიმე ვადა ხომ არ აქვს მიცემული, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს ასეთ ვადას ვერ დაუწესებს.

„სამწუხაროდ, მე არ შემიძლია, ასეთი ვადები მივცე. ეს არის სრულიად დამოუკიდებელი საბჭო, სადაც ჩვენს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულია სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე არიან იუნისეფის ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ბევრი სტრუქტურაა ჩართული. ჩემგან კონკრეტული ვადის მიცემა არასწორი იქნება, რადგან მსჯელობა მიმდინარეობს სხვადასხვა მეცნიერულ დასაბუთებაზე, კვლევასა და შედეგზე“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ აზარაშვილს კითხვით მიმართეს, რას უპასუხებდა აქციის მონაწილე მშობლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ დიალოგთან დაკავშირებით მათთან პირადად არავინ მისულა და კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჩვენ შეთანხმებაზე, მოლაპარაკებაზე არასდროს გვითქვამს უარი. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემთან შეხვედრაც იყო, მაგრამ სამწუხაროდ, პროცესი ისევ ქუჩაში გაგრძელდა, ნაცვლად იმისა, როგორიც იყო ჩვენი შეთავაზება, რომ სამუშაო ფორმატში გაგრძელებულიყო. სამწუხაროა, რომ ასე ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები მოდის პარტნიორების, ყველა ჩართული ქვეყნის თუ მხარეების მხრიდან, პროტესტის ფონზე რატომ გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. სამუშაო ჯგუფი თუ უწყებათაშორისო საბჭო ყველანაირი ზეწოლისა და ზემოქმედებისგან თავისუფალი უნდა იყოს, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ეს ფონი ხელს უშლის, აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას. ულტიმატუმის ენით საუბარი, კონკრეტული თარიღის მითითების თუ მთავრობის გადაწყვეტილების, პროცესს არანაირად არ წაადგება და არ დააჩქარებს. სჯობს, კონსტრუქციული რეჟიმი, სამუშაო მაგიდის ფორმატი და მერწმუნეთ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

დღეს აქციის მონაწილე მშობლებმა განაცხადეს, რომ მათთვის დიალოგი პირადად არავის შეუთავაზებია და პროტესტს იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ პირადად მოისმენენ.

“მინდა, რომ ლაზარე გირაოთი მაინც გაათავისუფლონ” – ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა აცხადებს, რომ სასამართლოს ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს.

როგორც სხდომის დაწყებამდე გია კალანდაძემ აღნიშნა, დღეს მისი ბრალდებული შვილის შვილი სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლებს.

“მოლოდინის მხრივ შემიძლია გითხრათ, გულში მინდა, რომ ლაზარე დღეს გირაოთი მაინც გაათავისუფლონ, მაგრამ თვითონ სასამართლო, რას იტყვის, ამაზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ არ ვიცი, როგორ აქვთ ზემოდან დავალება მიღებული. არ მაქვს ობიექტურობის იმედი”, – განაცხადა გია კალანდაძემ.

რაც შეეხება კადრებს, რომლის საფუძველზეც ლაზარე გრიგორიადისს დანაშაულის ჩადენას ედავებიან, როგორც ბრალდებულის ბაბუა ამბობს, გარკვეული კადრები ნანახი აქვს.

ასევე, მისი განმარტებით, იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას, რომ პირ, ვინც ვიდეო კადრებში ჩანს, შესაძლოა, არ იყოს ლაზარე გრიგორიადისი.

“არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება”, – განაცხადა გია კალანდაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიდისის საქმეზე პროცესი გაიმართება. სხდომის პარალელურად დაგეგმილია ბრალდებულის მხარდასაჭერი აქცია. ამ წუთებში ბრალდებულის მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში იკრიბებიან.

“საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს”- ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას.

“აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, მათ შორის, სიუჟეტში მოყვანილი საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკა, რომელიც გადაადგილდება საქართველოს გავლით – ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და მოწმდება დეტალურად. აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რაც დასტურდება მათ შორის საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადებებით.

შესაბამისად, ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესახებ ბრალდებებს აჟღერებს, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება – ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე ჩვენი მხრიდან”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.