“საქართველოსა და ხორვატიის ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება”-ირაკლი ღარიბაშვილი

42
spot_img

ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია ხორვატიაში, ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ახლო მეგობრად და სანდო პარტნიორად მივიჩნევთ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ხორვატიასთან ურთიერთობას, ეს არის სამაგალითო სახელმწიფო საქართველოსთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიაში ვიზიტისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ხორვატიამ საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირები სისრულეში მოიყვანა, როდესაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

„ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდში ხორვატიამ ქმედითად დაასრულა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, როდესაც ევროზონასა და შენგენის სივრცეს მიუერთდა. წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო ზაგრებში. ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზე მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ხორვატიასთან თანამშრომლობა გააღრმაოს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე, მინდა, ვახსენო, რამდენად ვაფასებთ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს. განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრი კლინკოვიჩისადმი ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ტერიტორიული მსგავსება მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირების გაღრმავებაში, გაძლიერებაში, ხალხთა შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.