“ყოფილი „ნაციონალები” არ არსებობენ” – ნინო წილოსანი

72
spot_img

საქართველოს მიმართ ინტერესმა, რომ ჩართული იყოს საომარ პროცესებში და „ქართული ოცნების“ ძალიან სწორმა პასუხმა გაცილებით გაზარდა ჩვენი რეიტინგი – ჩვენი წინასაარჩევნო და პოლიტიკური აქცენტია, რომ ორიენტირებული ვიყოთ ქვეყნის ინტერესებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა კომენტარი „ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაზე გააკეთა და განაცხადა, რომ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ მობრუნდეს ხელისუფლებაში, არანაირი ფორმატით მათ არ დააბრუნებენ.

„არაერთგზის დადასტურდა, რომ ყოფილი „ნაციონალები” არ არსებობენ, შესაბამისად, გაფანტული ელემენტები როდის დაუბრუნდებიან თავიანთ დედა პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას”, არანაირ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს თვითონ პროცესს. შინაარსი არ იცვლება, „ფარას” დოკუმენტებმაც დაადასტურა, თუ რა მიზანს ემსახურებიან ისინი და მოლოდინი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვისაც გაერთიანებულ თუ არა გაერთიანებულ ფორმატში იქნებიან ყველაზე რადიკალები და ეცდებიან დისკრედიტაცია გაუკეთონ ქვეყნის ინტერესებს.

არაერთ მსგავს გაერთიანებას გავიხსენებ, რამდენჯერ გაერთიანდნენ და დაიშალნენ, ვერავინ მოთვლის, ყველა არჩევნებზე დიდწილად ერთიანდებოდნენ და ამ ფორმატით გამოდიოდნენ „ქართული ოცნების” წინააღმდეგ, თუმცა 3 მოწვევის საპარლამენტო და არაერთი შუალედური თუ თვითმმართველობის არჩევნების გამარჯვებული არის „ქართული ოცნება”. შესაბამისად, ეს გაერთიანება მათ არაფერს აძლევთ, მით უფრო, როცა გაერთიანება ხდება „ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ მობრუნდეს, არ დააბრუნებენ არანაირი ფორმატით, შეუერთდება თუ არა მას ვაშაძე.

ჩვენი წინასაარჩევნო და პოლიტიკური აქცენტია, რომ ორიენტირებული ვიყოთ ქვეყნის ინტერესებზე. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, საქართველოს მიმართ ინტერესმა, რომ ჩართული იყოს საომარ პროცესებში და „ქართული ოცნების” ძალიან სწორმა პასუხმა ვფიქრობთ, გაცილებით გაზარდა ჩვენი რეიტინგი. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, არა მხოლოდ ჩვენი დაკვეთილი, ოპოზიციური პარტიების და არხების კვლევებიც. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და გათვლა, რომ უმრავლესობით მოვა “ქართული ოცნება” და გათვლა გვაქვს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ათვითცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა მოვიდეს 2024 წელსაც“, – განაცხადა წილოსანმა.