Home Blog Page 2021

“კახოვსკას ჰესის აფეთქება რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაულია” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 468-ე დღე

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.

„ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები“, – განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი.

პროკუდინის ინფორმაციით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მისი ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრას გამართავს.

იმ სოფლებიდან, სადაც დატბორვის საშიშროება არსებობს, მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.

რუსული ძალები უკრაინას წუხელ X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 35-ვე რუსული რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმა კასპიის ზღვის ტერიტორიიდან Tu-95ms ტიპის ექვსი სტრატეგიული ბომბდამშენიდან განახორციელეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რაკეტების უმეტესობა დედაქალაქის მიმართულებით მიემართებოდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეკოციდად აფასებს.

„კახოვსკას ჰესი. რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაული. პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს კრებს. ეს არის ეკოციდი. რუსები პასუხისმგებლები იქნებიან ხერსონის ოლქის სამხრეთით და ყირიმში ადამიანებისთვის სასმელი წყლის შესაძლო წართმევაზე, დასახლებების ნაწილისა და ბიოსფეროს შესაძლო განადგურებაზე“, – დაწერა ერმაკმა „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იმ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა, რომლებსაც დატბორვა ემუქრება.

“რუსი ტერორისტები. კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ უდასტურებს მთელი მსოფლიოს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას.

„მათ არც ერთი მეტრი მიწა არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ.

თავისუფლების აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2003 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული გ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ს. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული თ.ლ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, 1972 წელს დაბადებული გ.ც. მისი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ფიზიკურად იძალადეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლაფ შოლცი ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება.

შესაბამის ინფორმაციას კანცლერის ოფისი ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თემებზე.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის.

“მე აქ ვარ იმისთვის, რომ თქვენს ხალხს გადავცე მკაფიო გზავნილი – ევროკავშირის კარი ღიაა”-მიხაელ როტი

ევროპაში ჩვენ ვდგავართ ჩვენს სამეზობლოში საშინელი ომის წინაშე, მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სოლიდარობას გამოხატავენ უკრაინელებისადმი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ყოველდღიური საქმით, მადლობა, ეს არის აღსანიშნავი და შესანიშნავია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როტმა განაცხადა.

როგორც მიხაელ როტმა თბილისში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა, „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპის გულს ეკუთვნის“.

„თქვენ ხართ ევროპაში მრავალი ქვეყნისთვის მაგალითი, რადგან უკრაინელ ხალხს სჭირდება ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი ფინანსური, ეკონომიკური პოლიტიკური და ასევე სამხედრო მხარდაჭერა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპის გულს ეკუთვნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ თქვენს ხალხს გადავცე მკაფიო გზავნილი – ევროკავშირის კარი ღიაა. გასულ წელს, ივნისში იყო ყველა ჩვენგანისთვის გარდამტეხი მომენტი. პირველად ევროკავშირის ისტორიაში ევროკავშირმა გადაწყვიტა, გაუღოს თავისი კარი აღმოსავლეთ ევროპას. ევროკავშირმა გადაწყვიტა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისa და უკრაინისთვის. მე, ზოგადად, მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, თუმცა ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ჩემთვის უკიდურესად შთამბეჭდავია, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ძლიერ უჭერს მხარს ევროკავშირს, ევროკავშირში გაწევრიანება არის თქვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანისთვის ნამდვილი ოცნება. ეს არ არის მხოლოდ ვალდებულება თქვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებისთვის, თუმცა ეს ასევე არის ვალდებულება ჩვენთვის, ევროკავშირში, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი თქვენ დასახმარებლად, თუმცა არის გარკვეული შეშფოთებები, რომელთა თქვენთან გაზიარებაც მსურს“, – განაცხადა მიხაელ როტმა.

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება უნდა განაგრძოს.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ რამდენიმე უცნაური გზავნილი თბილისისგან და მე არ ვარ მთლად დარწმუნებული, რომ ჩემ მიერ მიღებული ეს სიგნალები სრულად შეესაბამება ქართველი ხალხის სურვილს, გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ჩემთვის სრულად მისაღებია თქვენს ქვეყანაში არსებული მოლოდინებები, რომ ევროკავშირმა უნდა აიღოს თავის პასუხისმგებლობა. თუმცა, ასევე ველოდები თქვენი მთავრობისგან, თქვენი პარლამენტისგან სამუშაოს შესრულებას. ევროკავშირმა თბილისს გადასცა 12 რეკომენდაცია. ვფიქრობ, ახლა არის გადამწყვეტი დრო ამ 12 საკითხის შესასრულებლად და ეს არ არის ძალიან რთული. ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირშიც, იყო ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი. მე ვერ გავიგე, რატომ წარადგინეს თქვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებმა ასეთი კანონპროექტი, ის ძალიან რუსულად გამოიყურება. ევროკავშირი არ არის უბრალოდ ერთიანი ბაზარი, ეკონომიკური პროექტი, ჩვენ უპირველესად და უმთავრესად ვართ საერთო ღირებულებების კავშირი, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ჩემს პატივცემულ კოლეგებს აქ თბილისში, სამოქალაქო საზოგადოება განიხილონ არა მტრებად, ისინი არიან პარტნიორები და მოკავშირეები. თუ მათ სურთ ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანება, თქვენ გჭირდებათ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის მისი კრიტიკული ნაწილი“, – განაცხადა მიხაელ როტმა.

მიხაელ როტის თქმით, ევროპამ გააღო კარი საქართველოსთვის და ახლა დროა, საქართველომ შეასრულოს დავალებები.

„მე შეხვდი ზოგიერთ პოლიტიკოსს თქვენს ქვეყანაში და მათ თქვეს, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეკლესია და ჩვენი კულტურა არის ცოტა კრიტიკული ლგბტ უფლებების მიმართ. ჩემი გზავნილი იყო, რომ მე პატივს ვცემ თქვენ ტრადიციებს, პატივს ვცემ თქვენ კულტურას, თუმცა მე არ ვცემ პატივს, არ ვარ ტოლერანტული საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ჰომოფობიური განცხადებების მიმართ. პოლიტიკოსებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობები. ლგბტ უფლებები კი ადამიანის უფლებებია, ადამიანის უფლებები კი ევროპული იდეის ერთ-ერთი წამყვანი პრინციპია. ასე რომ, გთხოვთ, დააცხრეთ ემოციები, გთხოვთ, შეწყვიტეთ სტერეოტიპები და კლიშეები, როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და ასევე სექსუალურ უმცირესობებs. არ მესმის, რატომ შექმენით გაუგებრობის ასეთი სტრატეგია. სწორედ ახლა არის დრო, რომ გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი ბრიუსელს – ჩვენ ველოდებით რაღაცას თქვენგანაც, თუმცა ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, ჩვენი სამუშაო. ვფიქრობ, ეს არ არის ძალიან მარტივი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში არის რეალური შანსი უფრო მეტის გაკეთების დეოლიგარქიზაციასთან, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასთან, სხვა აუცილებელი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. არავის სურს, საქართველოს ასწავლოს, თუმცა ვფიქრობ, თქვენს ქვეყანაში ხალხის ხმა ისმის საკმაოდ ხშირად და ეს ხმა არის ძალიან მკაფიო, გულწრფელი, ემოციური – გთხოვთ, გააღეთ კარი. ჩვენ უკვე გავაღეთ კარი, ახლა მოქმედების და საშინაო სამუშაო შესრულების დროა ორივე მხრიდან – ბრიუსელის და თბილისის. ტრადიციულად, გერმანიას სურს, შეასრულოს პატიოსანი შუამავლის როლი, ჩვენ ხიდების შენება გვინდა, რომელიც მისაღები და კომფორტულია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ ასევე მისაღები და კომფორტულია მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და სწორედ ამიტომ ვარ აქ“, – განაცხადა მიხაელ როტმა.

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მარტო მუშაობა გუნდურ მუშაობაზე ნაყოფიერი იქნება, რადგან კოლეგებთან საუბარში დროს არ დაკარგავთ და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას შეძლებთ. ეცადეთ, კამათის დროს კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და ადამიანებს საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ.

კურო

ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუნდაც არაკეთილგანწყობილი თანამოსაუბრე თქვენი წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობდეს. ამ დღეს სასურველი შედეგის მიღწევას მხოლოდ მარტო მუშაობის დროს შეძლებთ – ასე ყურადღებას ვერავინ და ვერაფერი გაგიფანტავთ. ხელსაყრელი დღეა შედეგების შეჯამებისა და ახალი მიზნების დასასახვისთვის.

ტყუპები

დაფიქრდით, გაქვთ თუ არა სურვილების ასრულებისთვის საკმარისი რესურსი? თუ გაქვთ, შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ და სასურველ მიზანს მიაღწიოთ. თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხართ, გირჩევთ მომავლის სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განხორციელებას შეუდგეთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გასცეთ დაპირება, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებთ, ასევე, არ გადადოთ ხვალისთვის საქმე, რომლის დასრულებაც დღეს შეგიძლიათ. პრობლემების სწრაფი მოგვარება სირთულეებს და შეფერხებებს თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრე არ შეურაცხყოთ.

ლომი

ამ დღეს რაც უფრო მეტ შეხვედრას და ღონისძიებას დაესწრებით, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ და ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ. ეცადეთ საუკეთესო შედეგისთვის განეწყოთ. პირად ცხოვრებაში მეტი დიპლომატიის და მოქნილობის გამოჩენას გირჩევთ.

ქალწული

ამ დღეს ისე თავდაჯერებული ხართ როგორც არასდროს. საბრძოლო განწყობა ჩანაფიქრის განხორციელებაში და რთული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. სამსახურის ხელმძღვანელთან ან გავლენიან ადამიანებთან საუბარი პროფესიულ სფეროში წინსვლას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმებზე ფიქრისა და განვითარების ახალი გზების მოსაძებნად.

სასწორი

ეს დღე ნათელ ემოციებს და მოვლენების ხელსაყრელ განვითარებას გპირდებათ. ეცადეთ, მეტი სიმტკიცე გამოიჩინოთ და ეს დღე მიზანთან მიახლოებისთვის გამოიყენოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს საკუთარი სიტყვები უნდა აკონტროლოთ, რომ უნებურად არავინ შეურაცხყოთ. გირჩევთ საღამოს ურთიერთობები შეზღუდოთ და ხმაურიან ადგილებს მოერიდოთ.

მორიელი

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. მარტოხელა მორიელი შეიძლება მნიშვნელოვან ადამიანს, შეხვდეს, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ეცადეთ ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ, ახალ ადამიანებს შეხვდეთ და ახალი კავშირები დაამყაროთ. მუშაობაში დროს ეცადეთ წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ – საქმის წარმატება მთლიანად ამაზეა დამოკიდებული.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღე ელით. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბედი გთავაზობთ. თუ ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს, ნუ შეეწინააღმდეგებით – მის ადგილს ახალი და საინტერესო ადამიანი დაიკავებს. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული დღეა – შეიძლება სოლიდური თანხა მიიღოთ.

თხის რქა

ამ დღეს შეგიძლიათ თქვენთვის კომფორტულად, აუჩქარებლად იმუშაოთ. სავარაუდოდ, ბევრი საქმის სწრაფად და ერთდროულად კეთების სურვილი შეცდომებს გამოიწვევს. გირჩევთ თითოეულ მოქმედებაზე ან გადაწყვეტილებაზე იფიქროთ, რომ საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. გირჩევთ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

მერწყული

თუ ვინმესგან დახმარების მიღება გსურთ, უფრო მოქნილად და დიპლომატიურად უნდა იმოქმედოთ და ეს ადამიანი ალერსიანი სიტყვებით აავსოთ. გირჩევთ საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ და რომანტიკული ვახშამზე დაპატიჟოთ. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი მარტოობაში გაატაროთ.

თევზები

საინტერესო და პოზიტიური დღე გელით, თუმცა შესაძლებელია, რაღაც შეხვედრამ თქვენი გეგმები მკვეთრად შეცვალოს. ნუ ინერვიულებთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება – ზაფხულის ხანმოკლე წვიმას ყოველთვის მზის ამოსვლა მოჰყვება.

“უკრაინას აქვს საკმარისი იარაღი, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყოს” – დმიტრო კულება

უკრაინას აქვს საკმარისი იარაღი, რომ დაიწყოს კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, კონტრშეტევა უკრაინას მოუტანს გამარჯვებას, რომელიც მას ნატო-ში გასაწევრიანებლად სჭირდება.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა უკრაინამ კონტრშეტევა, კულებას პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ როდის დაიწყო, არამედ ის, რომ ეს უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატო-ში გაწევრიანებაზე.

„ნატო-ს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ შეაჩერებს შემდგომ ომებს. სწორედ ამიტომ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა არის იმ მომენტამდე მისვლა, როდესაც უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა კულებამ.

2023 წლის 5 ივნისის შეჯამება უკრაინაში – გიორგი კობერიძე

2023 წლის 5 ივნისის შეჯამება უკრაინაში 

“ზაპორიჟიას ოლქში, ველიკა ნოვოსილკას მიმართულებაზე უკრაინული დანაყოფები მეორე დღეა აქტიურ იერიშს აწარმოებენ. ნესკუჩნეში რუსული არმიის ნაწილები ალყის საშიშროების წინაშე არიან. უკრაინულმა მოწინავე დანაყოფებმა სტოროჟევეს მიაღწიეს.

დასავლეთით, უკრაინელებმა ნოვოდარივკას დიდი ნაწილი იგდეს ხელთ. გაწმენდითი ოპერაცია დასახლებულ პუნქტში აქტიურად მიმდინარეობს.

ყველაზე მაღალ ინტენსიური შეტაკება ველიკა ნოვოსილკას სამხრეთ-აღმოსავლეთით ნოვოდონეცკეში მიმდინარეობს, სადაც რუსებს შედარებით დიდი ძალები ჰყავდათ მობილიზებული. როგორც ჩანს უკრაინელებიც სრულმასშტაბიანად სწორედ ამ დასახლებას უტევენ და დიდი ნაწილზეც კონტროლიც მოიპოვეს. სიტუაციის სიმძიმეზე თავად რუსები საუბრობენ.

შეტევის სამივე წერტილი ერთი მიმართულებაა ზაპორიჟიას ოლქში. თუკი უკრაინელთა იერიშმა ფლანგებიდან სიღრმეში გადაადგილება წარმატებით განახორციელა, შესაძლებელია ველიკა ნოვოსილკასთან მყოფი მთელი რუსული დაჯგუფება იქნას განადგურებული ან ალყაში მოქცეული. მეორე ვარიანტია რომ უკრაინელებმა ვოლნოვახასაკენ გაჭრა სცადონ. ამ უკანასკნელის ნიშანი ისაა, რომ უკრაინელების კიდევ ერთი დაჯგუფება ვულჰედარის სიახლოვესაა გააქტიურებული. ეს გზა ვოლნოვახასაკენ გადაადგილების საშუალებას იძლევა. ვოლნოვახა მარიუპოლის გზაზე ცენტრალური დასახლებაა.

როგორც და რაც არ უნდა იყოს მიზანი ამ ყველაფრის წარმატებით განსახორციელებლად უკრაინელთა მხრიდან ფრონტის ხაზის ღრმად გარღვევაა საჭირო. ჯერჯერობით მოვლენების საწყის ფაზაში ვიმყოფებით. ამასთან, არანაირი მანიშნებელი არ არსებობს გვაქვს თუ არა ცენტრალურ შეტევასთან საქმე. ზაპორიჟიას ამ ნაწილში დაწყებული იერიში შესაძლოა იყოს დამხმარე და არა ცენტრალური ან სულაც შეიარაღებული დაზვერვა.

ამავე პირობებში, რუსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უკრაინული დივერსიული ჯგუფები ზაპორიჟიას ოლქში საკმაოდ ღრმად იყვნენ გადასროლილი და საჭიროებისთანავე ზურგში დაარტყან რუსულ პოზიციებს. ამ ფონზე რუსული FSB-ს დანაყოფები შევიდნენ მელიტოპოლში და და ცდილობენ ზაპორიჟიაში უშიშროების ღონისძიებების განხორციელებას.

და საბოლოოდ, არც ისაა დასავიწყებელი, რომ, ფრონტის ხაზის საკმაოდ დიდი ნაწილი დანაღმულია. შესაბამისად, სიღრმეში გადაადგილება რამდენად სწრაფად შეიძლება განახორციელონ უკრაინულმა ნაწილებმა ჯერ არაა ცნობილი.

– უკრაინული კონტრიერიში ბახმუტის მიმართულებით კიდევ უფრო მასირებული გახდა. უკრაინელებმა ბერხივკაში შეაღწიეს. დასახლება ზედ ბახმუტის თავზე მდებარეობს და ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს. “ვაგნერი” რუსულ არმიას მოქმედებებისაკენ მოუწოდებს და ბერხივკას უკრაინელთა ხელში გადასვლის შემთხვევაში ბახმუტში რუსული პოზიციების ჩამოშლას ვარაუდობს. არაა ეს მოლოდინი რეალობისაგან შორს, რადგან ბერხივკა არამხოლოდ ბახმუტის რუსულ დაჯგუფებას აყენებს საფრთხის ქვეშ, არამედ კიდევ უფრო ჩრდილოეთით გაჭრილ რუსებსაც, რომელთა ეფექტური მომარაგებაც სწორედ ბერხივკას სიახლოვეს გამავალი მაგისტრალით ხდება.

ამასთან, უკრაინული შემტევი ძალების ავანგარდი კრასნა ჰორას სიახლოვესაც გამოჩნდა. თუკი მისი გათავსიუფლება უკრაინელებმა შეძლეს ეს ბახმუტის რუსულ დაჯგუფებას ალყასაც კი უქადის, მით უფრო რომ ქალაქის სამხრეთიდან უკრაინული იერიში გრძელდება.

– ამ ფონზე ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის 72-ე ბრიგადის ვიცე-პოლკოვნიკი დაატყვევა. დიახ, “ვაგნერმა” რუსეთის არმიის მაღალი რანგის ოფიცერი იგდო ხელთ. “ვაგნერი” მის დანაყოფს ბახმუტიდან გასასვლელი გზის დანაღმვაში და “ვაგნერის” წინააღმდეგ საბოტაჟში დებს ბრალს. მაგრამ კომედია აქ არ მთავრდება. პრო-უკრაინული “რუს მოხალისეთა კორპუსის” მეთაურობამ პრიგოჟინს შეუთვალა ბელგოროდის ოლქში აყვანილ ტყვეებში გაუცვალონ პოლკოვნიკი. ანუ: 1. რუსეთში კანონით აკრძალული რუსული კერძო სამხედრო ორგანიზაცია “ვაგნერი” რუსული არმიის მაღალჩინოსანს აკავებს საბოტაჟის ბრალდებით; 2. რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი პრო-უკრაინული რუსული დაყოფები მიმართავენ პრიგოჟინს გაუცვალონ ეს მაღალჩინოსანი იმ ტყვეებში, რომლებიც მათ რუსეთში დაატყვევეს. 3. ამასობაში რუსული არმიის სარდლობა დუმს.

– პრო-უკრაინული “რუს მოხალისეთა კორპუსი” და “თავისუფალი რუსეთის ლეგიონი” რუსეთის ბელგოროდის ტერიტორიაზე წარმატებით აგრძელებენ შეტევას. მათ, უკრაინული არტილერიის დახმარებით, შებეკინოსაკენ მიმავალი რუსული სამხედრო კოლონის ნაწილის განადგურება შეძლეს. მომრავლდა რუსი ტყვეების რაოდენობაც, რომელთა დიდი ნაწილი მობილიზებული რუსი სამხედროა. პრაქტიკულად ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები რუსეთს უკრაინაში ჰყავს გადასროლილი, რის გამოც სიტუაციის კონტროლი ბელგოროდის ოლქში ძალიან უჭირს. ამასთან, დღეს ნოვა ტავოლჟანკა გახდა პირველი დასახლებული პუნქტი რომელიც თითქმის სრულად დაკავებულია პრო-უკრაინული ძალების მიერ და რომელზეც კრემლმა დაკარგა კონტროლი (ვიდეო კომენტარებში).

– ინტენსიურად იბომბება მარიუპოლი და ბერდიანსკი. დაახლოებით ათი დღეა ორივე ქალაქში რუსულ პოზიციებზე ფრთოსანი რაკეტები და თვითგანადურებადი დრონები ცვივა.

– იბომბება რუსეთის ბრიანსკის ოლქიც. რეალურად, ბრიანსკის ოლქის დაცვა რუსეთისათვის კიდევ უფრო დიდი თავის ტკივილი იქნება, რადგან ის უკრაინის მიმდინარე საბრძოლო წერტილებიდან საკმაოდ შორს მდებარეობს და რუსული არმიისათვის მაღალპრიორიტეტულ წერტილს არ წარმოადგენდა. მარტში პრო-უკრაინულმა ძალებმა პირველად სწორედ ბრიანსკის ოლქში განახორციელეს წარმატებული შეტევა. ახლა რთული სათქმელია რამდენად დაიწყება ქვეითი ნაწილების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ ბოლო კვირებია კურსკთან და ბელგოროდთან ერთად, ბრიანსკის ოლქი გახშირებული საარტილერიო დარტყმების სამიზნეა.

ზოგადი მდგომარეობა:
მიუხედავად იმისა, რომ ვიცით უკრაინული შეტევის განვითარების შესახებ, უკრაინული წყაროები დუმილს ინარჩუნებენ. ძირითადად, რუსები საუბრობენ ამ თემაზე”-   წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე.

” რუსული კანონი, რუსული ფრენები, რუსული ქორწილი კი არა, რუსული ფული პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან, პირდაპირ ხოშტარიას ჯიბეში”- ვატო შაქარიშვილი

კონსერვატიული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი რუბლის ჩარიცხვას ეხმაურება.

შაქარიშვილის თქმით, 19 მაისს, ხოშტარია საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებდა, რამდენიმე დღეში კი სწორედ რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მიიღო თანხა, რაც ფარისევლობაზე მეტყველებს.

“19 მაისს განახლდა პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის. ვნახეთ ლяკა ამ ამბით აღშფოთებული და ეროვნულ-თავმოყვარეობა შელახული, როგორ ცდილობდა აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეღწევას, რომ რუსული თვითმფრინავის ბორბალი არ შეხებოდა ქართულ მიწას. სამ დღეში, 22 მაისს იმავე ლяკას რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მორიგი ტრანში ჩაერიცხა, მსუყე თანხა 2.5 მლნ რუბლი!
რუსული კანონი, რუსული ფრენები, რუსული ქორწილი კი არა, რუსული ფული პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან, პირდაპირ ხოშტარიას ჯიბეში! ამ დროს რა ხდება, აღარ არის ოკუპირებული 20%?! ანწუხელიძე გავიწყდებათ?! ოთხოზორია?! გამყოფი ხაზი…?! ფარისევლები და აფერისტები ხართ მეტი არაფერი! ფარისევლობა მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ არა მარტო ჩვენთან! სახელმწიფო დეპარტამენტი რას ამბობს? სანქციებს არ განიხილავს?! ზელენსკიმ “აირზენა” რომ შეიყვანა სანქცირებული კომპანიების სიაში და ლяკას წითელი ხალიჩით ხვდება კიევში, ეს რას გვეუბნება?! არ გვინდა ნუ დაასანქცირებთ, ჩვენ მივხედავთ, დიდი ხანია ამათაც და მათ პატრონებსაც ქართველმა ხალხმა უკვე დაადო მთავარი სანქცია!” – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

“შპს რეტროსა” და “შპს რესტრო 2”-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა და დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შემოწმდა კომპანიის სამი ობიექტი თბილისსა და ბათუმში.

„უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“, სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია, სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური, ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს“, – აღნიშნულია შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციაში.

ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე რესტორნის მფლობელი ძალადობის მუხლით დააკავეს. უწყებამ გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო. კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომელს ხელს ჰკრავს და რესტორნიდან აგდებს.

“ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს შანსი, რომ ქართველმა ხალხმა მას მისცეს ხელისუფლების მანდატი” – შალვა პაპუაშვილი

რამდენჯერ უნდა უთხრას უარი ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, მგონი, უკვე ცხრა თუ ათი არჩევნები იყო, რომელზეც ქართველმა ხალხმა ცხადი უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს.

„არაფერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ გამოვა, გამომდინარე იმ ფილოსოფიიდან, რაზეც არის დაყრდნობილი „ნაციონალური მოძრაობა“. ვიდრე ისინი არ გააცნობიერებენ საკუთარ დანაშაულს, ვიდრე, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს არ მოუწოდებენ, რომ საკუთარი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს და შეეგუოს ამ საკითხს, ვიდრე ისინი არ ჩამოიცილებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედნი არიან, ვგულისხმობ, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს და სხვებს, რომლებმაც ის დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს, რომელიც ადამიანის ღირსების აყრაზე იყო დაფუძნებული, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს შანსი, რომ ქართველმა ხალხმა მას მისცეს ხელისუფლების მანდატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

“ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ რაც გამიგია მათ დამპყრობლურ, გამომყენებლურ ხასიათზე ყველაფერი მართალია”-ზურა შევარდნაძე

რუსი არც მეგობარი მყავს, არც ნაცნობი, არც ახლობელი. არ ვიცნობ ამ ხალხს მათ მენტალიტეტს.
დღე არ გავა რუსულად მოლაპარაკე (ჭიშკარში ხომ ვერ დავჯდები და გადავარჩევ ვინ რუსია, ვინ უკრაინელი ან სხვა..) ბევრი მოდის ბაღში და გვთხოვენ წვეულების გამართვას. იმიტომ რომ რუსულად ლაპარაკობს პირდაპირ უარს ხომ არ მივახლი და გავაგდებ, მიწევს მოვუსმინო. ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ რაც გამიგია მათ დამპყრობლურ, გამომყენებლურ ხასიათზე ყველაფერი მართალია. – წერს სოციალურ ქსელში “გარდენია შევარდნაძის” დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე.

“მშვენიერი დასანახი წყვილი მიყვება დღეს: რომ უნდა 160 სტუმრის შეკრება ჩვენს ტერასაზე და მშვიდად აგრძელებს ” ქეტერინგ სვოი, ორგანიზატორ სვოი, ნაპიტკი ი ბარმენ სვოი, მუზიკა, ზვუკორეჟისორ ი აპარატურა სვაია, ფოერვერკ სვოი, ფოტოგრაფ ი ვიდეოგრაფ სვოი,  ფლორისტ ტოჟე სვოი….” აი აქ კი უკვე ფეხზე ვდგები და ვეუბნები, რომ მათთვის სასურველი რიცხვი დაკავებულია და მკვახედ ვემშვიდობები. ვერ ვხვდები ასე როგორ შეუძლიათ, დავუშვათ და გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი  რუსული “ტუსოვკის” გამართვას ბაღში, თუ ყველაფერი შენ უნდა ქნა მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურწელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?

ბოლო დღეებია ყველა მეგობარს ვუზიარებ ამ ამბავს, მიყვებიან, რომ არაა ეს ახალი, რომ რუსებმა რახანია თბილისში და არა მარტო მოაწყვეს თავისი ბიზნესები და მშვენივრად მუშაობენ. მეგობარმა ფლორისტმა მითხრა, რომ  ძალიან შეუმცირდა დაკვეთები რაგდან რუსები გაცილებით იაფად სთავაზობენ იგივე სამუშაოს, იღებენ და ასრულებენ დაკვეთებს. სქემაც ამიხსნა.. მე რომ 100 ლარის ღირებულების მცენარე გავყიდო, იმ ასი ლარიდან ვიხდი დამატებითი ღირებულების გადასახადს 18 % ს, ხელფასად გადასახდელი თანხიდან საშემოსავლო გადასახადს 18% ს,  მიწა, ქოთანი, სასუქიც ხომ სჭირდება ამ მცენარეს ისიც ხომ ხარჯია, თუ რამ დამრჩება ამის შემდეგ მოგება იმ მოგებულიდან კიდევ მოგების გადასახადსაც ვიხდით ბეჯითად.. ჩვენი “ძვირფასები” კი არეგისტრირებენ ინდმეწამეს თურმე, რაც გულისხმობს , რომ ასი ათას ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში ნავაჭრის მხოლოდ ერთ პროცენტს გადაიხდის, რომ მიუახლოვდება ამ დაწესებულ ზღვარს შეაჩერებს სტატუსს და ინდმეწარმედ დაარეგისტრირებს ოჯახის მეორე წევრს და ასე..

კი ბატონო მე არ დავთანხმდები, შევკრავ წარბს და ზოგს კულტურულად და ზოგს არაკულტურულად გამოვემშვიდობები მაგრამ არ მგონია ეს სახუმარო ამბავი და არც ის ვიცი სანამდე მიგვიყვანს. ასე როგორ უნდა გაგრძელდეს?” – წერს ზურა შევარდნაძე.

https://www.facebook.com/zura.shevardnadze.3/posts/pfbid02vBFmpzm4yLcZF3guyghuZvawQLCcyZNUPveqAUYPdJJTXhun4G8JkumFf9unZ7pml

“უნიკალური შემთხვევა არის ელენე ხოშტარია, რომელიც ფინანსდება რუსული, არარუსული წყაროებიდან”-შალვა პაპუაშვილი

უნიკალური შემთხვევა არის ელენე ხოშტარია, რომელიც ფინანსდება რუსული, არარუსული წყაროებიდან, პიროვნული ტრაგედიაა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა ექსტრემისტ პოლიტიკოსად, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისგან ფინანსდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ხოშტარიას როლია სიყალბის გავრცელება და ექსტრემიზმი.

„მის მიმართ ნდობა ხალხში რა თქმა უნდა, არ არსებობს. ერთადერთი რაც მას აქვს, ეს არის ის, რომ ისტერია მოაწყოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, სულ მცირე ალბათ 10-მდე ბრიფინგი აქვს ჩატარებული, სადაც საქართველოს აბრალებდა, რომ აქ სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა. ტყუილს თხზავდა პირდაპირ ეთერში საქართველოს წინააღმდეგ და შესაბამისად, ეს არის მისი ფუნქცია, სხვა არაფერი, გარდა იმისა, რომ სიყალბე, დეზინფორმაცია შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში. ის სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება უცხოეთიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან. პირდაპირ, ყველა მისი განცხადება დაფინანსებულია უცხოეთიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.