“კახოვსკას ჰესის აფეთქება რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაულია” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

134
spot_img

რუსეთ – უკრაინის ომის 468-ე დღე

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.

„ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები“, – განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი.

პროკუდინის ინფორმაციით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მისი ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრას გამართავს.

იმ სოფლებიდან, სადაც დატბორვის საშიშროება არსებობს, მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.

რუსული ძალები უკრაინას წუხელ X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 35-ვე რუსული რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმა კასპიის ზღვის ტერიტორიიდან Tu-95ms ტიპის ექვსი სტრატეგიული ბომბდამშენიდან განახორციელეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რაკეტების უმეტესობა დედაქალაქის მიმართულებით მიემართებოდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეკოციდად აფასებს.

„კახოვსკას ჰესი. რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაული. პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს კრებს. ეს არის ეკოციდი. რუსები პასუხისმგებლები იქნებიან ხერსონის ოლქის სამხრეთით და ყირიმში ადამიანებისთვის სასმელი წყლის შესაძლო წართმევაზე, დასახლებების ნაწილისა და ბიოსფეროს შესაძლო განადგურებაზე“, – დაწერა ერმაკმა „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იმ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა, რომლებსაც დატბორვა ემუქრება.

“რუსი ტერორისტები. კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ უდასტურებს მთელი მსოფლიოს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას.

„მათ არც ერთი მეტრი მიწა არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ.