Home Blog Page 2020

,,მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია”- სალომე ზურაბიშვილი

 

მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა RFI -სთან (Radio France Internationale) ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, 2014 წლის არჩევნები შანსია ქვეყანა გადავიდეს დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც ემსგავსება კოალიციას.

„საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს. მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ლანჩხუთში დაკავებულ პედაგოგს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ლანჩხუთში დაკავებულ სპორტის პედაგოგს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს, ლანჩხუთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი, 57 წლის მამაკაცი დააკავეს, მას ბრალად მერვეკლასელი მოსწავლის მიმართ სხვაგვარი სახის სექსუალური ქმედების ჩადენა ედება. სავარაუდო დანაშაულის შესახებ მოსწავლემ კლასელებს შეატყობინა. მათ კი საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია ჩააყენეს. არასრულწლოვანთან ფსიქოლოგი მუშაობს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რაც შეეხება არასრულწლოვანს, მასთან ფსიქოლოგი მუშაობს.

ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს – უკრაინული მხარე

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის სერგეი პოპკოს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

„52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე სარაკეტო თავდასხმები განაახლა! რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს“, – აცხადებს პოპკო.

უკრაინული მედია დაშავებულების და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს.

ამჯერად, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

 

 

ცნობილი ხდება საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები

საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელობაში რამდენიმე ადამიანს ადანაშაულებს.
29 წლის ჯავიდ მამედოვის მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცს ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დანა დაარტყეს.

„იმ ოჯახის ვალი ჰქონდა, ნელ- ნელა უსტუმრებდა. სასადილოც გადაუფორმა. ქორწილში იყო წასული. იქ სცემეს, გვითხრეს, 6 ადამიანი ურტყამდაო, ქალებიც კი ურტყამდნენო და მერე დანა დაარტყეს. სულ დამტვრეული აქვს სახე. სხვებიც დასაჭერები არიან. ვალს არ შეირჩენდა და აბრუნებდა, დამიღუპეს შვილი”- ამბობს გარდაცვლილის მამა.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში გვიან, ღამით მოხდა. სოფელ ლამბალოს მკვიდრ ახალგაზრდას თანასოფლელმა ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

,,არჩევნებამდე 9 რეკომენდაციების შესრულების ნებისმიერი მცდელობა „ძალიან კომიკური“ იქნება”- სანდრო რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 რეკომენდაცია შესრულდეს.

მისივე თქმით, არჩევნებამდე 9 რეკომენდაციების შესრულების ნებისმიერი მცდელობა „ძალიან კომიკური“ იქნება.

„ის გადაწყვეტილება, რაც ევროკომისიამ მიიღო, ცხადია, უმეტესწილად არის შეფასება მთავრობის საქმიანობის, იმ გაგებით, რამდენადაც მთავრობის პასუხისმგებლობა იყო 12 პუნქტის 90%-ი. ის, რომ ეს 12 პუნქტი არ არის შესრულებული, ასევე, მთავრობის დამსახურება და ის, რომ ევროინტეგრაცია ფაქტობრივად, ამით გაჩერებულია, რადგან შემდგომი ნაბიჯები მხოლოდ არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს.

ფაქტობრივად, ირიბად მიგვითითეს, რომ ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია, რომ ევროინტეგრაცია გაგრძელდეს, ესეც მთავრობის დამსახურებაა. საბოლოო ჯამში, ცუდიც და კარგიც, ასე თუ ისე მთავრობის, თუ მმართველი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის აღქმა ბევრ სხვა გარე ფაქტორზეც არის დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ 12 პუნქტი არ არის შესრულებული, სტატუსის ფაქტობრივად მოგვანიჭეს, ერთი ფორმალური ნაბიჯი დარჩა და იმედია, მოგვანიჭებენ. ეს იმ გარემოებიდან არის განპიროვნებული, რომელიც შეიქმნა ამ მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში.

მე მგონი, ნებისმიერი მცდელობა არჩევნებამდე ამ 9 რეკომენდაციის შესრულების იქნება ძალიან კომიკური, რადგან პარლამენტში, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, სუს-ის უფროს ხელი რომ ჩამოართვან ან გაუღიმონ რიგში დგებიან და ამ პარლამენტარებს, რომ დაავალო სუს-ი გააკონტროლონ, მე მგონი, უბრალოდ ძალიან სასაცილო იქნება. ჩემი აზრით, მთელი ეს პუნქტები შინაარსობრივად ეხება ოპოზიციას, რომელიც უნდა წარმოიდგინოს, როგორ გააკონტროლებს სუს-ს, ეროვნულ ბანკს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ა.შ. თუ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება და მმართველი გუნდი შეიცვლება, თორემ ამ მმართველი გუნდის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ის რაც იქ, 9 პუნქტში წერია, შესრულებული იყოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ასევე, რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დაბალი ბარიერი ქართული პოლიტიკურ სისტემაში ძალიან კარგი იქნებოდა“.

„პირველ რიგში, ევროპელებს ზუსტად არ უთქვამთ გულისხმობენ, თუ არა ბარიერის დაწევას, მაგრამ ნამდვილად ბარიერის დაწევა, ყველაზე უკეთესად შეესაბამება იმ ჩანაწერს, რაც გაკეთებულია. ზოგადად, დაბალი ბარიერი ჩვენ პოლიტიკურ სისტემაში ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან, უბრალოდ, ბევრად კონკურენტული პოლიტიკური გარემო გვექნებოდა და ბევრად ადეკვატური წარმომადგენლობა პარლამენტში. ახლა 5%-იანი ბარიერით სულ რამდენიმე პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა და უამრავი ხმა ჩვენი ამომრჩევლის დაიკარგება, ამიტომ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბარიერი დაიწიოს, თუმცა მე მგონი, „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს მხოლოდ მაშინ, თუ მისთვის მომგებიანი იქნება და მე არ მეგულება ამ მომენტში ისეთი კონფიგურაცია, პოლიტიკური ველი, სადაც „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება ბარიერის დაწევა მომგებიანი იყოს, ამიტომ ჩვენ ზოგადად 5%-თვის ვემზადებით, მაგრამ თუ ოპოზიციურ მხარის რაღაც კოორდინაცია მოხდება და მართლა ევროპელებმა ეს იგულისხმეს, დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევა რეალისტური გახდება“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

„ეს არასწორია ყველა თვალსაზრისით“ – აჩიმ შტაინერი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ღაზას სექტორში გვიან ღამით მისი ერთ-ერთი ოფისი დაბომბეს.

„ეს არასწორია ყველა თვალსაზრისით“, – აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი

გაერო ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი ოფისი ღაზაში ღამით დაბომბეს, სადაც „დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები“ იქ თავშეფარებულ სამოქალაქო პირებს შორისაა.(UNDP) ადმინისტრატორი აჩიმ შტაინერი.

მისივე თქმით, სამოქალაქო მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა და გაეროს ობიექტების ხელშეუხებლობა ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

,,საჭიროების შემთხვევაში ისრაელი მტკიცედ დადგება მსოფლიოს წინააღმდეგ”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისრაელი მტკიცედ დადგება მსოფლიოს წინააღმდეგ.

მედიის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ქალებისა და ბავშვების მკვლელობა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა და მინისტრმა, ბენი განცმა უარყვეს საერთაშორისო კრიტიკა ომის სამოქალაქო დანაკარგებთან დაკავშირებით და მოუწოდეს დასავლეთის ლიდერებს, მხარი დაუჭირონ ებრაულ სახელმწიფოს, რადგან მისი გამარჯვება ნიშნავს გამარჯვებას მთელი თავისუფალი სამყაროსთვისაც. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე მიუთითა, რომ ისრაელი ეწინააღმდეგება ომის შემდეგ პალესტინის ხელისუფლების ღაზაში დაბრუნებას.

,,თამაზ გინტური ლაჩრულად მოკლეს და მათ არც სარწმუნოება აქვთ და არც კაცობა”- მეუფე იაკობი

თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს, ფრთხილად იყვნენ, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა ისაუბრა კირბალში საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე და მომხდარს „სულისშემძვრელი ამბავი“ უწოდა, მისი თქმით, „ეს უბრალო ტრაგედია არ არის“.

„ შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდე ამ ქვეყნად და ბევრ რამეში ერისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ დგება დრო, ჟამი, ღმერთი გამოაჩენს ხოლმე თავის საყვარელ ადამიანს. ვფიქრობ, მონა ღვთისა თამაზი, რომელიც ოკუპანტებმა მოგვიკლეს, სიკვდილით შეუერთდა ზეციურ საქართველოს, მარადისობას, ყველაზე დიდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო. მტარვალი ყოველთვის რას აკეთებს? – იყო შაჰ – აბასი – 6 000 ბერი მოგვიკლა, იყო ჯალალედინი – 100 000 ქართველი მოგვიკლა, არიან ახლანდელი ჯალათები, მოკლეს ადამიანი. ამ ადამიანმა რა გააკეთა – არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე, საფლავზე მივიდა, შემდეგ ავიდა სალოცავში. არც წინაპრები მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული, მათი და სხვების სული უნდა შეევედრებინა უფლისთვის, ამ დროს კლავენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იმავეს გაიმეორებდა, წავიდოდა. ღმერთმა ის გამოარჩია და ბედნიერია დედა, რომელმაც აღზარდა – ის ოჯახი, ის გვარი, რომელმაც ადამიანი გაზარდა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისი შეფასებით, თამაზ გინტური „ლაჩრულად“ მოკლეს და მათ არც სარწმუნოება აქვთ და არც კაცობა.

ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, გინტურის საქციელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველები ერთად უნდა იდგნენ, სხვანაირად მტერი არ დამარცხდება.

„ამან [კირბალში მომხდარმა] დაგვანახა, რომ მამული არ უნდა მიატოვო. ძალიან მინდა, რომ საქართველოში ისეთი ცხოვრება იყოს, ამდენი ადამიანი რომ გასულია ქვეყნიდან, უკან დაგვიბრუნდნენ. როგორც მან არ მიატოვა… ხომ იცოდა, რომ შეიძლება მოეკლათ. იქ ნებისმიერ გადასულზე, არა მარტო გიჭერენ… სარწმუნოება აქვთ მათ, კაცობა აქვთ თუ რა აქვთ. ასე ლაჩრულად იარაღი გიჭირავს და უიარაღო კაცს კლავ. ჩვენების იარაღი არის უდიდესი სარწმუნოება, უდიდესი სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადება. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული. ჩვენ სწორად შევხედოთ, მის ღვაწლს შევხედოთ და ქართველებმა დავინახოთ, რომ ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავიტანოთ. მტერი ისე არ დამარცხდება, ჩვენ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ. დროებითი გვაქვს წართმეული. მე არ მეგულება ისეთი ქართველი, რომელიც დათანხმდება რამის სანაცვლოდ ის ადგილი დათმოს. მე მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თვითონ მოუნდებათ კვლავ ჩვენთან ერთად ყოფნა. ამიტომ ასეთ ამბებზე, უნდა ვისწავლოთ და ასეთი შემთხვევაა, როცა მან დაამარცხა მტარვალები. ღმერთთან სად მისი მდგომარეობა და სად ჯალათების, იმალებიან. რა არის მათი სიცოცხლე, მალვაში უნდა იყვნენ და თავიანთი ხელისუფლება კიდევ რამდენ ბოროტებას ჩაადენინებს მაგ საქმის გამო, თქვენც იცით. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ სწორად გვეცხოვროს ქართველებს“, – დასძინა მეუფე იაკობმა.

ამასთან ბობდელი მიტროპოლიტი კირბალში მომხდარსა და ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ერთმანეთს უკავშირებს და აცხადებს, რომ მკვლელობა ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რითაც „ოკუპანტი შეეცადა გავემწარებინეთ“.

მეუფე იაკობის თქმით, ჩვენი ერი არ დამარცხდება.

„[თამაზ გინტურმა] მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ. ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს. ფრთხილად იყვნენ, ვინც გვეხება, ძალიან ფრთხილად იყონ, არ ვისურვებ მათ მდგომარეობაში ყოფნას. ჩემი ერის არცერთ წარმომადგენელს არ ვუსურვებ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტამბოლში დაკავებულია მულტიმილიონერი ცოლ-ქმარი, საქმეში საქართველოც ფიგურირებს

მულტიმილიონერი ცოლ-ქმარი სტამბოლში სპეცოპერაციით დააკავეს. მათ აზარტული თამაშებიდან უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულის ლეგალიზებას ედავებიან. ათეულობით მილიონი დოლარის გათეთრება, დოკუმენტების გაყალბება და უკანონო ფსონები – ამ ბრალდებით პოპულარულ ცოლ-ქმართან ერთად მათი ნათესავებიც დააპატიმრეს. შავი ფულის რეალურ მფლობელად თურქული მედია გამოძიებაზე დაყრდნობით რამდენიმე წლის წინ საქართველოში გაქცეულ თურქ ბიზნესმენს ასახელებს.

მედიის ინფორმაციით დერკან ბაშერია ის პირი, რომლის ფულის ლეგალიზებასაც პოლატების წყვილი ახდენდა. ის ამჟამად საქართველოში აღარ იმყოფება, თუმცა ქართულ საპატიმროში სასჯელს იხდის მისი პარტნიორი, კომპანია “მეტრო ტურიზმის“ მფლობელი გალიფ ოზთურქი. პრესა წერს, რომ სტამბოლში მიმდინარე გამოძიების კვალი, სწორედ დერკან ბაშერთან და გალიფ ოზთურთქან მიდის. მათზე თურქეთში სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნაა გამოცხადებული. ორივე მათგანთან კავშირს უარყოფს სტამბოლში დაკავებული ცოლ-ქმარი. მათ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცეს.

“კურიერი” ბათუმში, გალიფ ოზთურქის კომპანიებში შეეცადა გარკვევას, თუ რა კავშირი აქვს საქართველოში, პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენს თურქეთში დაკავებულ ცოლ-ქმართან და სად იმყოფება ამჟამად უკანონო ფსონების საქმის მთავარი ფიგურანტი დერკან ბაშერი. კომპანიის წარმომადგენლებმა რუსთავი2-ის კითხვებს არ უპასუხეს.

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში გასულ წელს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საპატიმროში მას ბრალი კიდევ დაუმძიმდა. ათეულობით მილიონი ლარის უკანონო ლეგალიზაციის საქმეზე მის მიმართ გამოძიება ახლაც გრძელდება.

უცნობია, თუ რომელ ქვეყანაში იმალება უკანონო ფსონებისა და ფულის გათეთრების საქმის ფიგურანტი დერკან ბაშერი. თურქეთმა საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა.

სასამართლომ დე ნიროს კომპანიას მტრული გარემოს შექმნისთვის $1.6 მილიონი დააკისრა

რობერტ დე ნიროსა და მის კომპანიას Canal Productions მსახიობის ყოფილმა ასისტენტმა გენდერული დისკრიმინაციისთვის და მტრული გარემოს შექმნისთვის უჩივლა. განაჩენით თავად დე ნირო გამართლდა, თუმცა სასამართლომ კომპანია გაამტყუნა და მას ზარალის ანაზღაურებისთვის $1.2 მილიონი დააკისრა.

გრაჰამ ჩეის რობინსონი, რომელიც კომპანიაში 11 წელი მუშაობდა, დე ნიროს დამამცირებლად მოპყრობასა და შევიწროებაში ადანაშაულებდა, ჰყვებოდა, რომ დე ნირომ რამდენჯერმე ძუკნა უწოდა და Canal Productions-ს კი მტრული გარემოს შექმნაში სდებდა ბრალს. რობინსონი ზიანის ასანაზღაურებლად $12 მილიონს ითხოვდა.

Canal Production გრაჰამ რობინსონს კომპანიის მიმართ არალოიალურ დამოკიდებულებასა და თაღლითობაში სდებდა ბრალს, თუმცა სასამართლომ ეს ვერ დაადგინა. დაზარალებული მხარე აცხადებს, რომ ვერდიქტით ბედნიერები არიან, რადგან დამტკიცდა, რომ რობინსონს არაფერი დაუშავებია და პირიქით — კომპანიამ დააზარალა.

დე ნიროს ადვოკატმა განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, საქმე მათთვის სასარგებლოდ დასრულდა, რადგან სასამართლომ მსახიობი და მისი კომპანია ერთმანეთისგან განაცალკევა და კომპანიას ბევრად ნაკლები თანხა დააკისრა, ვიდრე რობინსონი ითხოვდა.

საჩხერეში წყალდიდობის სცენარის მიხედვით სიმულაციური სწავლება გათამაშდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ სხვადასხვა საველე კომპონენტის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. წელს „დიდგორი 2023-ის“ ერთ-ერთი სიახლე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოხალისეთა რაზმების ჩართვასაც ითვალისწინებს.

კრიზისულ სიტუაციებში კოორდინირებულად თანამშრომლობისა და ეფექტიანად მოქმედებების მიზნით, საჩხერეში წყალდიდობის სცენარის მიხედვით სიმულაციური სწავლება გათამაშდა. ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ასეულმა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების „ვემსახურები საქართველოს“ და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ წარმომადგენლებთან ერთად სამაშველო ოპერაციები კოორდინირებულად ჩაატარეს.

„დიდგორი 2023“-ის საველე კომპონენტების ერთ-ერთ მიზანს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირება, მოხალისეთა ორგანიზაციის კონტროლი, რეზერვისტთა მიღების, აღჭურვისა და მომზადების პროცედურების და უწყებათაშორისი კომუნიკაციის დახვეწა იყო.