Home Blog Page 2019

“გვინდა მივცეთ საქართველოს, შესაძლებლობა, ევროკავშირის ოჯახს შემოუერთდნენ – პაველ ჰერჩინსკი

იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ევროკავშირი არის 27 სუვერენული ქვეყნის ოჯახი. გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი. რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან, ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ქართველი მოსახლეობის მხრიდან, ჩვენ პატივს ვცემთ მას. ვიცი, რომ ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89 პროცენტი. ეს ნამდვილად ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მე ასევე მესმის და ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაშიცაა აღბეჭდილი. ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველა საჭირო მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს მიზანი, მაგრამ ეს სამუშაო ქართველების შესასრულებელია. იმედი გვაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს იქნება ხანგრძლივი, რთული პროცესი. ეს არის პროცესი, რომლის გავლაც ყველა ქვეყანას მოუწია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, მაგრამ ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია და იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღოს, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, რომ ის იქნება დაფუძნებული იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს რეფორმების გზაზე“, – აღნიშნა ელჩმა.

“დასაფასებელია, რომ კომუნისტების შემდეგ ერთპარტიული არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” აჩვენა”- იაგო ხვიჩია

დასაფასებელია, რომ კომუნისტების შემდეგ ერთპარტიული არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, ჩვენს დროში არ არის მარტივი, რომ ეს მოახერხო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ეს ამბავი დავუფასოთ და მივულოცოთ ღირსეული გამარჯვება საკუთარ თავთან. IRI-ის კვლევების „გამპრავებლად“ ვერ გამოვდგები, რადგან, სრულიად დაუმსახურებლად, კვლევებზე საერთოდ არ გამომკითხეს, მაგრამ როგორც IRI-ის არ ვენდობი ამ ამბავში, ისე „ქართული ოცნების“ შეფასებებს არ ვეთანხმები. მით უმეტეს, იმ არგუმენტში, რამდენი ხმა მივიღეთ არჩევნებშიო. ამ არგუმენტს როგორ უნდა დავუჯერო, როცა მარტო ხარ და საკუთარ თავს ხუთ გოლს გაუტან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ამაზე ნაძირლული სიტყვები, რაც გუშინდელ აქციაზე მწყობრი სახით ითქვა, არასდროს მსმენია”

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში რესპუბლიკის მოედანზე გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება:

“მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში ე.წ. პერესტროიკა დაიწყო და ადამიანებს სიტყვისთვის აღარ იჭერდნენ, მას შემდეგ რაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო და საჯარო სიტყვებმა მნიშვნელობა შეიძინეს, ყველა სიტყვა მახსოვს: კარგი, ცუდი, საშიში, სასაცილო, გონივრული, ბრიყვული, მცდარი, მართალი. ბევრი მათგანი ისტორიის ნაწილი გახდა და საარქივო მასალებიდან ამოწევენ ხოლმე სხვადასხვა შემთხვევისას თუ თარიღისას. მახსოვს ისეთებიც, რომლისთვისაც იმ მომენტისათვის ყურადღება არავის მიუქცევია, მაგრამ არასდროს ამომდის გონებიდან. მაგალითად, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც ჩვენთან ნახევრად ნებადართული სამხედრო-პოლიტიკური შეიარაღებული ფორმირებები გაჩნდნენ, რუსთაველზე “იმელის” შენობის წინ, ახლა რომ სასტუმრო ბილტმორია, ერთი ასეთი დაჯგუფების წარმომადგენელმა მეორისას ესროლა თუ ჰაერში გაისროლა. ეს იყო პირველი გასროლა ქვეყანაში. ირაკლი ბათიაშვილის კომენტარი მოვისმინე ტელევიზიით-როცა ერთი გასროლა ხდება, ამას საუბედუროდ აუცილებლად მოჰყვება ბევრიო. სერიოზულად არავის აღუქვია მაშინ ეს სიტყვები.

მახსოვს, უნივერსიტეტის ეზოში ირაკლი წერეთელი შემოვიდა ამალითურთ და გამოაცხადა, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდესო. იმდენად არასერიოზული და არაადეკვატური იყოს ეს სიტყვები იმ მომენტისათვის, რომ ხალხი იცინოდა. ირაკლის თავისი ექსცენტრულობის გამო, ცოტათი ისედაც დასცინოდნენ მაშინ. იმ სიტყვებიდან ათი წელიც კი არ იყო გასული და უკვე ქვეყნის პრეზიდენტი, შევარდნაძე ამბობდა იმავეს-ნატოს კარებზე უნდა დავაკაკუნოთო.

მოკლედ რა არ მახსოვს და რა მიტინგები არ მახსოვს, მაგრამ ამაზე ნაძირლული სიტყვები, რაც გუშინდელ აქციაზე მწყობრი სახით ითქვა, არასდროს მსმენია,”- წერს რომან გოცირიძე.

გიორგი ამილახვარმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნოდარ პაპუკაშვილი წარადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე სამართლის დოქტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი წარადგინა, რომელიც კურატორობას გაუწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ პაპუკაშვილს საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სხვადასხვა დროს ის იკავებდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან არსებული სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობებს. გამოცემული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი და სამი მონოგრაფია.

“IRI იმდენად აირია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა – ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი, ვერ გაარკვია”

IRI იმდენად აირია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა – ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი, ვერ გაარკვია და ამიტომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მიაწერა – ასე დარჩა ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, IRI-ის კვლევები ხალხის ნებას არასოდეს ემთხვეოდა და „კვლევა იყო ერთი, ხოლო არჩევნების შედეგები – მეორე“.

“ასე მოხდა რვაჯერ და კიდევ ბევრჯერ მოხდება. ამ კვლევების არავის აღარ სჯერა. ქართულმა საზოგადოებამ მყისიერად დაადასტურა, რომ კვლევები რომელიღაც ოთახშია დაწერილი და არის მათი სურვილი.

IRI ისე აირია, რომ “ნაცმოძრაობა” ვის ეკუთვნის, ჯერ გასარკვევია”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქართველ მეხანძრე-მაშველებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ცეცხლგამძლე ფორმები გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელშეწყობით, ცეცხლგამძლე სახანძრო-სამაშველო ფორმები გადაეცა.

სპეციალური ფორმების გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. სტუმრებმა სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.

ცერემონიის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისა და თურქეთის ელჩის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თურქეთის პრეზიდენტის მიერ ქართული სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელისთვის სპეციალური ჯილდოს – „უმაღლესი თავდადების ორდენის“ გადაცემას. თურქეთის ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთში განხორციელებული სამაშველო მისიისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (AFAD) შორის 2018 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას. მას შემდეგ ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე ქართველი მაშველების გადამზადების მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთში არაერთი სწავლება და ქართველი მაშველების გადამზადების პროგრამა განხორციელდა.

“12-პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით ვასრულებთ და მასში გვარამია და კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული. მისივე თქმით, სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის  კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებით და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული – რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს. ამის შემდეგ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ასრულებს თუ არა ხელისუფლება მითითებას ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 12-პუნქტიან გეგმაში მათზე საუბარი არ არის.

„ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა. ამ 12-პუნქტიან გეგმაში არც გვარამია და არც კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვისთვისაც მშვიდობა და სამშობლო უპირველესია” – კახა კალაძე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე ბევრი ადამიანი იყო გამოსული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და 30 აპრილს გამართულ აქციას გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყნაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. მე ერთ რამეს ვიტყვი – ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რას ნიშნავს ფულის მასის მიმდინარე სწრაფი ზრდა?

ბოლო პერიოდში M2 მონეტარული აგრეგატის ზრდა მნიშვნელოვნად აჩქარდა. არის თუ არა ეს ინფლაციის ან/და ლარის გაუფასურების კუთხით რისკი? თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ფულის მასის მატება მოთხოვნას ზრდის, ეს პირველ რიგში აჩქარებულ საკრედიტო და თავის მხრივ, ეკონომიკურ აქტივობაში უნდა გამოჩნდეს. ამ მხრივ, მაჩვენებლები, განსაკუთრებით მშპ-ის კუთხით, მართალია მაღალია, თუმცა, ამჯერად ფულის მასასთან მნიშვნელოვანი კავშირი არ იკვეთება. უფრო მეტიც, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, აპრილში მშპ-ის წლიური ზრდის მნიშვნელოვანი შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ, როდესაც ფულადი აგრეგატები კვლავ მაღალი ტემპით ფართოვდება. ამასთან, რაც აშკარად ჩანს, ესაა დეპოზიტების გაზრდილი ლარიზაცია და სესხების გაზრდილი დოლარიზაცია. ეს კი, როგორც შოკის გამაძლიერებელი, ტრადიციულად, ლარის გამყარების ეპიზოდებში გამყარებისკენ მიმართულ უფრო მეტ ზეწოლას იწვევს, ლარის გაუფასურების ეპიზოდებში კი ასევე მეტ გაუფასურებას. ამდენად, სადღეისოდ სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება მხოლოდ მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებებით არაა გამოწვეული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როგორც თიბისი კაპიტალის ადრინდელ პუბლიკაციებშია აღნიშნული, თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეების დიდ ნაწილს გაცვლითი კურსის სეზონური მერყეობის სჯერა, მაშინ ეს ტენდენცია აღარაა მოსალოდნელი, რადგანაც ადგილი ექნება ცუდ სეზონზე ლარის ყიდვას და კარგ სეზონზე გაყიდვას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში დიდწილად სწორედ ამგვარი ქცევა იკვეთება.

ამდენად, მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და გაუმჯობესებული სენტიმენტების გამო, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის გაზრდილი მიწოდების შედეგად, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, სენტიმენტების კომპონენტის გამო, ფიშერის პირველადი ფორმულის მიხედვით, რომელშიც ჯამური ტრანზაქციები გამოიყენება და არა მხოლოდ მშპ, ადგილი აქვს ე.წ. ფულის ბრუნვის სიჩქარის შემცირებას. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან ლარის კურსის მიმართ განწყობა გაუმჯობესდა, ლარის საშუალო ნაშთი, რომელსაც ბიზნესისა და მოსახლეობის ნაწილი ფლობს, გაიზარდა, ნაცვლად დოლარისა და ევროს ნაშთისა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროპორციულად გაიზარდა ლარში ტრანზაქციების რაოდენობაც. ამდენად, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ფულის მასის მიმდინარე ზრდის მიხედვით, მომატებულ ეკონომიკურ აქტივობაზე საუბარი რთულია. მაგრამ მაინც, არის თუ არა რისკები? თიბისი კაპიტალის აზრით – არის, და საკმაოდ მატერიალური. საკუთრივ, ნებისმიერი მიზეზით სენტიმენტების ცვლილება უკვე დეპოზიტების დოლარიზაციასა და სესხების ლარიზაციას გამოიწვევს. სავალუტო ბაზარზე არსებულ ბრუნვასთან მიმართებით სესხებისა და დეპოზიტების საკმაოდ მაღალი მოცულობის გათვალისწინებით კი, ეს ტრადიციულად, ლარის კურსზე არსებით ზეგავლენას ახდენს. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ მართალია სებ-ის სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა თუ ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ლარი გაუფასურდება, ფაქტობრივი გაუფასურების გარეშე ამ მოლოდინების განეიტრალება საკმაოდ რთულია. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სადღეისოდ ლარის საშუალო კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით უფრო მეტადაა გამყარებული და ასევე, არსებული ლარის კურსით, საბაზო სცენარში წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 3%-იან სამიზნეზე ნაკლებია, მათ შორის, მართალია ჯერჯერობით მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, თუმცა ადგილობრივი ინფლაციის ჩათვლით.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

“ყველაფერი საუკეთესო ჯარს,  კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში გამართულ ღონისძიებაზე ქართული ჯარის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ მიზნით უწყებაში ხარჯები უკვე გაიზარდა. “გაზრდილი რესურსებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად შევასრულებთ, პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების 10-წლიან გეგმას. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ და თანამედროვედ აღვჭურვოთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო საშუალებები. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შევქმნათ სამხედრო მოსამსახურეებისათვის ყველა პირობა, რათა მათ იმსახურონ თანამედროვე, ნატოს სტანდარტების პირობებში. მათი დაფასების კუთხით,  ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია მახათას მთაზე დასრულებული საბინაო მშენებლობა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.  პრემიერ-მინისტრის მიერ დამკვიდრებული მიდგომა – ყველაფერი საუკეთესო ჯარს, კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია. ჩვენ ასევე თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალი კოდექსითაც იქნება გათვალისწინებული”,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა  “თავდაცვის კოდექსზეც” გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყება ქმნის სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე მორგებულ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურს, რის შედეგადაც ასევე  ჩამოყალიბდება  ძლიერი რეზერვი და განმტკიცდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართული ჯარის განვითარებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ნატოს, მის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით  მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

“ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია” – კახა კალაძე

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძე საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, 29 აპრილს გამართულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს.

„ცხადია, თუ რატომ არ მიიღო ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა. ძალიან კარგად იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათ მიმართ. მათი ავტორიტეტი, პოლიტიკური მხარდაჭერა დღეს ქვეყანაში განულებულია. რომელიღაც კონკრეტულ პარტიას, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი მხარდამჭერები შემორჩენილი, მაგრამ დღეს ყველაზე მძლავრად წარმოდგენილია „ქართული ოცნება“ თავისი მხარდამჭერებით. ეს კონკრეტული შუალედური არჩევნებიც ამის დამადასტურებელია – საზოგადოებამ დაინახა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, არჩეულ კანდიდატებს კი წარმატებები უსურვა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო არჩეულ კანდიდატებს, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“ეს ძალიან სუსტი მცდელობაა, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ნაციონალისტურ-კონსერვატიული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა”

ეს არის, ჯერ-ჯერობით, ძალიან სუსტი მცდელობა, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ნაციონალისტურ-კონსერვატიული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას.

“მიტინგზე ძალიან ბევრი რამ ითქვა, დიდწილად ეკლექტური, გაუაზრებელი და ემოციური, რბილად რომ ვთქვათ. თუმცა აშკარად წინასწარ მოფიქრებული გზავნილებიც გამოიკვეთა:

– “საქართველო არ არის ევროპა”

– ჩვენს შიდასაზოგადოებრივ საქმეებში ნურავინ ჩაერევა

– რაც გვინდა ამ ქვეყანაში იმას ვიზამთ. საქართველო წილხვედრი ქვეყანაა და ჭკუას ვერავინ გვასწავლის
– პრეზიდენტი აღარ არის ლეგიტიმური
– უცხოეთიდან დაფინანსებულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა უნდა ჩაიწყვიტოს
– ნაციონალური მოძრაობის “ფაშისტური რეჟიმი უნდა გასამართლდეს”
– პარლამენტმა კანონები არ უნდა მიიღოს პლებისციტის გამართვის გარეშე. ანუ, პირდაპირი დემოკრატიის სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა (რაც ძველი, მონათმფლობელური, საბერძნეთის დემოკრატიული ტრადიციაა)
– მთავრობამ უნდა “სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკა” გატაროს. აღარ უნდა ათხოვოს ყური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ან დონორი ქვეყნების რჩევებს (ანუ გადმოვიღოთ რუსეთის დამოკიდებულება “ბრეტონ ვუდსის” ინსტიტუტების მიმართ)

– ევროკავშირის პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს (ანუ, არავითარი კრიტიკა დემოკრატიული ან სხვა სახის რეფორმების მიმართ)

– განათლება შეიცვალოს ფუნდამენტურად, შეწყდეს განათლებაში იდეოლოგიური “ძალადობა”, ანუ, ალბათ, ლიბერალიზმის და დემოკრატიის პრინციპების სწავლება

– ნარკოტიკებთან დაკავშირებით “რაღაც უნდა გაკეთდეს,”
– “ლგბტ” მოძრაობა კანონით უნდა აიკრძალოს (საერთოდ, ნებისმიერი უმცირესობების მხარდამჭერი ერთი მოწოდებაც კი არ გაჟღერებულა).
– უმადურებაა უკრაინის მხრიდან, რომ ამდენი დავეხმარეთ და ახლა არ გვიფასებენო
– ჩვენ რომ დახმარება გაგვიწიეს (მრავალ ათეულ მილიარდიანი), თუ პატივს არ გვცემენ და “გვმტრობენ” არ გვაინტერესებსო (ანუ ეს უმადურება არ არისო და “ხსნილიაო”)
– კვალიფიკაციის მქონე ხალხი უნდა შემოვიკრიბოთ და ხალხის სახელით ელჩებს ველაპარაკოთო (არ ვიცით რის თაობაზე)
– გვინდა ნეიტრალიტეტიო (ანუ, არავითარი ნატო და არც ევროკავშირი, რადგან ევროკავშირში ყოფნა უკვე ნეიტრალიტეტს გამორიცხავს)

(რაც შეეხება ლოზუნგს “არა ომს” წმინდა მანიპულაციურად, და თანაც აშკარად დისკრედიტებულად მიმაჩნია, ამიტომ ამ სიაში არ შემყავს)

მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ აქცია ხელისუფლების დაფინანსებული (ან მხარდაჭერილი მაინც) იყო, ეს არის, ჯერ-ჯერობით, ძალიან სუსტი მცდელობა, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ნაციონალისტურ-კონსერვატიული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა, რომელიც შეეცდება უფრო წარმატებით შეასრულოს ის ამოცანები, რომლებიც ხალხის ძალამ ვერ “გაქაჩა”, – წერს კახა გოგოლაშვილი.