“ეს ძალიან სუსტი მცდელობაა, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ნაციონალისტურ-კონსერვატიული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა”

789
spot_img

ეს არის, ჯერ-ჯერობით, ძალიან სუსტი მცდელობა, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ნაციონალისტურ-კონსერვატიული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას.

“მიტინგზე ძალიან ბევრი რამ ითქვა, დიდწილად ეკლექტური, გაუაზრებელი და ემოციური, რბილად რომ ვთქვათ. თუმცა აშკარად წინასწარ მოფიქრებული გზავნილებიც გამოიკვეთა:

– “საქართველო არ არის ევროპა”

– ჩვენს შიდასაზოგადოებრივ საქმეებში ნურავინ ჩაერევა

– რაც გვინდა ამ ქვეყანაში იმას ვიზამთ. საქართველო წილხვედრი ქვეყანაა და ჭკუას ვერავინ გვასწავლის
– პრეზიდენტი აღარ არის ლეგიტიმური
– უცხოეთიდან დაფინანსებულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა უნდა ჩაიწყვიტოს
– ნაციონალური მოძრაობის “ფაშისტური რეჟიმი უნდა გასამართლდეს”
– პარლამენტმა კანონები არ უნდა მიიღოს პლებისციტის გამართვის გარეშე. ანუ, პირდაპირი დემოკრატიის სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა (რაც ძველი, მონათმფლობელური, საბერძნეთის დემოკრატიული ტრადიციაა)
– მთავრობამ უნდა “სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკა” გატაროს. აღარ უნდა ათხოვოს ყური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ან დონორი ქვეყნების რჩევებს (ანუ გადმოვიღოთ რუსეთის დამოკიდებულება “ბრეტონ ვუდსის” ინსტიტუტების მიმართ)

– ევროკავშირის პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს (ანუ, არავითარი კრიტიკა დემოკრატიული ან სხვა სახის რეფორმების მიმართ)

– განათლება შეიცვალოს ფუნდამენტურად, შეწყდეს განათლებაში იდეოლოგიური “ძალადობა”, ანუ, ალბათ, ლიბერალიზმის და დემოკრატიის პრინციპების სწავლება

– ნარკოტიკებთან დაკავშირებით “რაღაც უნდა გაკეთდეს,”
– “ლგბტ” მოძრაობა კანონით უნდა აიკრძალოს (საერთოდ, ნებისმიერი უმცირესობების მხარდამჭერი ერთი მოწოდებაც კი არ გაჟღერებულა).
– უმადურებაა უკრაინის მხრიდან, რომ ამდენი დავეხმარეთ და ახლა არ გვიფასებენო
– ჩვენ რომ დახმარება გაგვიწიეს (მრავალ ათეულ მილიარდიანი), თუ პატივს არ გვცემენ და “გვმტრობენ” არ გვაინტერესებსო (ანუ ეს უმადურება არ არისო და “ხსნილიაო”)
– კვალიფიკაციის მქონე ხალხი უნდა შემოვიკრიბოთ და ხალხის სახელით ელჩებს ველაპარაკოთო (არ ვიცით რის თაობაზე)
– გვინდა ნეიტრალიტეტიო (ანუ, არავითარი ნატო და არც ევროკავშირი, რადგან ევროკავშირში ყოფნა უკვე ნეიტრალიტეტს გამორიცხავს)

(რაც შეეხება ლოზუნგს “არა ომს” წმინდა მანიპულაციურად, და თანაც აშკარად დისკრედიტებულად მიმაჩნია, ამიტომ ამ სიაში არ შემყავს)

მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ აქცია ხელისუფლების დაფინანსებული (ან მხარდაჭერილი მაინც) იყო, ეს არის, ჯერ-ჯერობით, ძალიან სუსტი მცდელობა, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ნაციონალისტურ-კონსერვატიული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა, რომელიც შეეცდება უფრო წარმატებით შეასრულოს ის ამოცანები, რომლებიც ხალხის ძალამ ვერ “გაქაჩა”, – წერს კახა გოგოლაშვილი.