Home Blog Page 2015

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით იფრენს

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს.

ტავჯორჯიას“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Indigo პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის, 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრას „ტავჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.

Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისთვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი საერთაშორისოა.

“მოლაპარაკებაზე უარი არასდროს გვითქვამს” – ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს, პროტოკოლსა და გაიდლაინზე მომუშავე ჯგუფების ანალიზიდან, დასკვნებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი მსჯელობა, რა მეთოდებით, როდიდან შეეძლებათ, რომ ქვეყანაში დაინერგოს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი თუ სხვადასხვა მეთოდი.

„ჩვენ ამ ბავშვებთან მიმართებით უკვე დანერგილი გვაქვს რეაბილიტაციის პროცესი, ასევე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი. მზად ვართ, დიაგნოსტიკა იქნება თუ მკურნალობა, დავუფინანსოთ როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს არის, რისი დადასტურებაც სამუშაო ჯგუფს უკვე შეუძლია. ვინაიდან ამ მედიკამენტთან მიმართებით არსებობს გამოწვევები, კითხვები, საბჭო მსჯელობს, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კითხვაზე, აღნიშნულ დაავადებაზე მომუშავე საბჭოს მსჯელობისთვის რაიმე ვადა ხომ არ აქვს მიცემული, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს ასეთ ვადას ვერ დაუწესებს.

„სამწუხაროდ, მე არ შემიძლია, ასეთი ვადები მივცე. ეს არის სრულიად დამოუკიდებელი საბჭო, სადაც ჩვენს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულია სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე არიან იუნისეფის ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ბევრი სტრუქტურაა ჩართული. ჩემგან კონკრეტული ვადის მიცემა არასწორი იქნება, რადგან მსჯელობა მიმდინარეობს სხვადასხვა მეცნიერულ დასაბუთებაზე, კვლევასა და შედეგზე“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ აზარაშვილს კითხვით მიმართეს, რას უპასუხებდა აქციის მონაწილე მშობლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ დიალოგთან დაკავშირებით მათთან პირადად არავინ მისულა და კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჩვენ შეთანხმებაზე, მოლაპარაკებაზე არასდროს გვითქვამს უარი. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემთან შეხვედრაც იყო, მაგრამ სამწუხაროდ, პროცესი ისევ ქუჩაში გაგრძელდა, ნაცვლად იმისა, როგორიც იყო ჩვენი შეთავაზება, რომ სამუშაო ფორმატში გაგრძელებულიყო. სამწუხაროა, რომ ასე ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები მოდის პარტნიორების, ყველა ჩართული ქვეყნის თუ მხარეების მხრიდან, პროტესტის ფონზე რატომ გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. სამუშაო ჯგუფი თუ უწყებათაშორისო საბჭო ყველანაირი ზეწოლისა და ზემოქმედებისგან თავისუფალი უნდა იყოს, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ეს ფონი ხელს უშლის, აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას. ულტიმატუმის ენით საუბარი, კონკრეტული თარიღის მითითების თუ მთავრობის გადაწყვეტილების, პროცესს არანაირად არ წაადგება და არ დააჩქარებს. სჯობს, კონსტრუქციული რეჟიმი, სამუშაო მაგიდის ფორმატი და მერწმუნეთ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

დღეს აქციის მონაწილე მშობლებმა განაცხადეს, რომ მათთვის დიალოგი პირადად არავის შეუთავაზებია და პროტესტს იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ პირადად მოისმენენ.

“მინდა, რომ ლაზარე გირაოთი მაინც გაათავისუფლონ” – ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა აცხადებს, რომ სასამართლოს ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს.

როგორც სხდომის დაწყებამდე გია კალანდაძემ აღნიშნა, დღეს მისი ბრალდებული შვილის შვილი სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლებს.

“მოლოდინის მხრივ შემიძლია გითხრათ, გულში მინდა, რომ ლაზარე დღეს გირაოთი მაინც გაათავისუფლონ, მაგრამ თვითონ სასამართლო, რას იტყვის, ამაზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ არ ვიცი, როგორ აქვთ ზემოდან დავალება მიღებული. არ მაქვს ობიექტურობის იმედი”, – განაცხადა გია კალანდაძემ.

რაც შეეხება კადრებს, რომლის საფუძველზეც ლაზარე გრიგორიადისს დანაშაულის ჩადენას ედავებიან, როგორც ბრალდებულის ბაბუა ამბობს, გარკვეული კადრები ნანახი აქვს.

ასევე, მისი განმარტებით, იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას, რომ პირ, ვინც ვიდეო კადრებში ჩანს, შესაძლოა, არ იყოს ლაზარე გრიგორიადისი.

“არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება”, – განაცხადა გია კალანდაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიდისის საქმეზე პროცესი გაიმართება. სხდომის პარალელურად დაგეგმილია ბრალდებულის მხარდასაჭერი აქცია. ამ წუთებში ბრალდებულის მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში იკრიბებიან.

“საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს”- ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას.

“აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, მათ შორის, სიუჟეტში მოყვანილი საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკა, რომელიც გადაადგილდება საქართველოს გავლით – ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და მოწმდება დეტალურად. აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რაც დასტურდება მათ შორის საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადებებით.

შესაბამისად, ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესახებ ბრალდებებს აჟღერებს, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება – ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე ჩვენი მხრიდან”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

„როგორ იცავენ საქართველოში ადგილობრივი გიდების ინტერესებს“

ყაზახეთის ტელეარხმა „ხაბარ-24“-მა (Хабар-24) შაბათს, 29 აპრილს ეთერში გადასცა ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ., სათაურით „როგორ იცავენ საქართველოში ადგილობრივი გიდების ინტერესებს“ (ავტორი – იულია ტუჟილკინა).
გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიას:

საქართველოში განზრახულია, რომ უცხოელებს გიდებად მუშაობა აეკრძალოთ. ამ მიზნით შემუშავების პროცესშია ახალი კანონპროექტი ტურიზმის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი ექსკურსიამძღოლების მტკიცებით, ამ სფეროს უცხოეთიდან ჩამოსული პირები ქვეყანას არასწორ იმიჯს უქმნიან და აზიანებენ.

გიდად მუშაობა საკმაოდ მომგებიან საქმეს წარმოადგენს. უცხოეთიდან ჩამოსულ ექსკურსიამძღოლებს თავიანთი კლიენტურა ჰყავთ, ფასებიც, ადგილობრივებთან შედარებით, დაბალია, მაგრამ ქართველების ყველაზე მეტ მღელვარებას სრულიად სხვა გარემოება იწვევს – უცხოელი გიდების არაკომპეტენტურობა, რომელიც ქვეყნის იმიჯს ურტყამს.

ნატალია ანდრონიკაშვილი უკვე ათი წელია გიდებისთვის ტრენინგებს და სწავლებებს ატარებს და დარწმუნებულია, რომ უცხოელებს საქართველოს ტურიზმის სფეროში მუშაობა უნდა აეკრძალოთ

ნატალია ანდრონიკაშვილი, გიდი:

„ტურიზმი მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში კულტურისა და ისტორიის ნაწილად ითვლება. შესაბამისად, ადამიანებმა, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფო ენა არ იციან, ქართულად ვერ ლაპარაკობენ და ვერ კითხულობენ (თუნდაც ისინი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ), მათ შეზღუდული აქვთ ქართული ლიტერატურის გაცნობა, ვერ კითხულობენ საარქივო დოკუმენტებს და ვერ ეუფლებიან იმ ცოდნას, რაც გიდმა აუცილებლად უნდა იცოდეს. საბოლოო ჯამში“ ჩვენ მათი სახით მეზღაპრეების წინაშე ვდგებით“.

ტურიზმის სფეროში საქართველოს მოსახლეობის 70%-მდეა დასაქმებული: გიდები, მძღოლები, ხელოსნები, ოტელიერები, რესტორატორები და ბევრი სხვა მოქალაქე, მაგრამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის მკაფიო წესები, რომლებიც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების საქმიანობას დაარეგულირებს, კონტროლის არარსებობა კი ხშირად სერვისის ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

რუსუდან ჯაფარიძე, საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი:

„კანონი ტურიზმის შესახებ პირველ რიგში იქნება მიღებული, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებული ტურიზმის საკითხებს სამართლებრივად მოაგვარებს შემდეგი პუნქტების მიხედვით: ვის ექნება გიდობის უფლება, როგორ პირობებით, რა ლიცენზიები იქნება საჭირო და როგორი სერტიფიკატი იქნება გაცემული. ბოლო დრომდე ეს ყველაფერი ქაოსურად ხორციელდებოდა. ტურიზმზე რაღაც საერთო კანონი არსებობდა, თანაც არასრულყოფილი. 1996 წლიდან ამ სფეროში არაფერი არ გაკეთებულა“.

კანონპროექტზე მსჯელობა ჯერ-ჯერობით ტურიზმის გიდების ასოციაციისა და ბიზნესის დონეზე მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დოკუმენტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დროს განიხილავს.

წყარო

პარტია „შორის“ ლიდერი კიშინიოვის აეროპორტში ქვეყნის დატოვებისას დააკავეს

მოლდოვაში პარტია „შორის“ ლიდერი მარინა ტაუბერი კიშინიოვის აეროპორტში ქვეყნის დატოვებისას დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურა ადასტურებს.

„დაკავება ანტიკორუფციული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე განხორციელდა. ბრალდებულმა დაარღვია მის მიმართ დაწესებული აღკვეთის ღონისძიებით გათვალისწინებული პირობები“, – წერია განცხადებაში.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ტაუბერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც საუბრობდა, რომ წინასწარ იცოდა დაპატიმრების შესახებ, თუმცა მაინც გეგმავდა საზღვარგარეთ გაფრენას სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით.

„მოგზაურობა დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. ვაპირებდი ექიმთან წასვლას და არ ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ სასამართლო სხდომა ჩაინიშნებოდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. არ ინერვიულოთ, რამდენიმე დღით მივდივარ და ხუთშაბათს, დილით დავბრუნდები“, – განაცხადა ტაუბერმა.

თებერვალში მარინა ტაუბერს გამოძიება პოლიტიკური პარტია „შორის“ უკანონო დაფინანსებას ედავებოდა. დეპუტატს ყველა დაწესებული შეზღუდვა მას შემდეგ მოეხსნა, რაც კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ, ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ადვოკატის საჩივარი დააკმაყოფილა.

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეკომპონენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას. მათ შორის, მარცვლეულისა და იონჯის პირველადი წარმოების ხელშეწყობას.

„სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 10,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით.

სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურებისა და იონჯის ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დაფინანსებას, კერძოდ, სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სესხის თანხის ინვესტირება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თანასაკუთრების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს თანამესაკუთრეების თანხმობა სესხის ვადის განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის ვადაზე ნაკლები).

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

აგროკრედიტის გაცემა დაიწყება განკარგულების ამოქმედების შემდეგ; საფინანსო ინსტიტუტებს შეეძლებათ, სესხები გასცენ 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

„ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის“ ქვეკომპონენტი პროექტს 2020 წლიდან დაემატა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უკან დახევა გადარბენით და ხელყუმბარისაგან თავდაცვა – ვიდეობლოგი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი 

ავტორი: ზურაბ კვანჭახაძე

“ოცნება” ფართო ნაბიჯებით მიექანება უფსკრულისკენ” – დავით უსუფაშვილი

ეს დღე დაიმახსოვრეთ, ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში , – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

“უპრეცედენტო ამბავზე მიდიან. ეს დღე დაიმახსოვრეთ, რადგან ეს ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში, ამან გადაფარა ის ფაქტი, დარბაზი რომ ჩაგვიკეტეს და პრეზიდენტის მოწვეულ სხდომაზე არ შეგვიშვეს. რა ქნეს დღეს – საგამოძიებო კომისიის საკითხი წაშალეს სიიდან, ამოვიღეთო ამ სიიდან და ხვალ რეგისტრაციას გავივლით კენჭსაყრელ საკითხებზეო. ოღონდ, ეს საკითხი სიაში აღარ წერია. მიზეზი ის არის, რომ არ მოგვწონს კომისიის შექმნაო.

თავიანთი თავი შეიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში, ახლა ამბობენ, რომ ჩვენ ხომ ბევრნი ვართ ბიუროზე და ავწევთ ხელს, რომ სია მტკიცდება ამ საკითხის გარეშე და თქვენ თუ გინდათ დასვით საკითხი, რომ ხელახლა შევიტანოთო, რა უნდა შევიტანოთ, როცა შეტანილი იყო? ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც შევიდნენ, დგამენ გაცილებით მძიმე ნაბიჯს, ესაა ხელისუფლების უზურპაცია, აცხადებენ ბევრნი ვართ, ამ საკითხს წავშლით და არ დავაყენებთ არც ხვალ, არც ზეგ და არც მაზეგ, რამდენიც გინდათ მოიტანეთ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებები, რამდენიც გინდათ იყავით ოპოზიციაში, გინდა 67, გინდა 70 და 77, ვინაიდან, ბიუროზე ბევრნი ვართ, არ შევიტანთო.

რას ვაპირებთ – „ოცნება“ ფართო ნაბიჯებით მიექანება უფსკრულისკენ, ჩვენ არ უნდა ჩავყვეთ და ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ უფსკრულს… არჩევნებით ეს ხელისუფლება შეიცვლება, მანამდე რაც მეტ ასეთ უმსგავსობას ჩაიდენენ, საკუთარ თავს ავნებენ, რადგან კომისიის შექმნით რა უნდა გამოვლენილიყო? – რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური „კლანი“ და არა მხოლოდ მოსამართლეების. უხეში, ძალისმიერი, საპარლამენტო ცხოვრებისთვის მიუღებელი გზებით იღებენ გადაწყვეტილებებს, ამაზე მეტი რა უნდა გამოევლინა კომისიას?!”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

“რიგი მნიშვნელოვანი ქვეყნები აშშ-სთან დაპირისპირების საკითხში რუსეთსა და ჩინეთს უყურებენ და ყოყმანობენ”

ამერიკულ გაზეთში „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რიგი მნიშვნელოვანი ქვეყნები აშშ-სთან დაპირისპირების საკითხში რუსეთსა და ჩინეთს უყურებენ და ყოყმანობენ“ (ავტორი – მისი რაიანი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

ჯო ბაიდენის გლობალური დღის წესრიგი, საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებისას, მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება იმდენად, რამდენადაც პლანეტის უმსხვილესი განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ თავი აარიდონ სულ უფრო მზარდ დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის და უფრო მეტიც – არის შემთხვევები, როცა ისინი შექმნილ სიტუაციას საკუთარი ინტერესებისათვის, გარკვეული სარგებლის მისაღებად იყენებენ.

როგორც პენტაგონიდან „გაჟონილი მასალები მოწმობს, ასეთი ქვეყნები არიან ინდოეთი, ეგვიპტე, ბრაზილია და პაკისტანი, რომლებიც ხშირად საკმაოდ ორჭოფულ პოზიციას იკავებენ ხოლმე რიგ საკითხებში, რომლებიც უკრაინას ეხება და ეწინააღმდეგებიან (ხელს უშლიან) აშშ-ის კურსის გატარებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს შორის „ლოდინის პოლიტიკას“ ეწევიან, ანუ სხედან და უყურებენ, ვის მხარეს გადაიწევს „სასწორის ისარი“.

აშშ-ის დაზვერვის მიერ მარტის ბოლოს მომზადებულ დოკუმენტში „პაკისტანის რთული არჩევანი“ ნათქვამია: „მარტში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 45 წლის ქალბატონმა ჰინა რაბანი ქჰარმა (რომელიც ადრეც, 2011-2013 წლებშიც იყო ქვეყნის ცენტრალური დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი, 33 წლის ასაკში) განაცხადა, რომ მისი სახელმწიფოს „მეტად აღარ შეუძლია ე.წ „ოქროს შუალედის“ დაცვა პეკინსა და ვაშინგტონს შორის“. მან აღნიშნა, რომ პაკისტანი მზადაა სტრატეგიული პარტნიორობისათვის ჩინეთთან“.

კიდევ ერთ დოკუმენტში, რომელიც თებერვალშია მომზადებული, აღწერილია სიტუაცია პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შაჰბაზ შერიფის მიერ ჩატარებული თათბირის დროს: იხილებოდა საკითხი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო პაკისტანის დელეგაცია გაეროში უკრაინის ომთან დაკავშირებით (რუსეთის აგრესიის დაგმობის რეზოლუციასთან მიმართებით) და რამდენად მოსალოდნელი იყო აშშ-ის ზეწოლა იმ დროს, თუ პაკისტანი ვაშინგტონის სასარგებლო მხარეს არ დაიკავებდა. როგორც ცნობილია, საბოლოო ჯამში, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თავი შეეკავებინა რეზოლუციის მხარდაჭერისაგან – პაკისტანი იმ 32 ქვეყანას შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს და ამით აჩვენეს, რომ ისინი აშშ-ის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.

ასეთივე კურსს ატარებს ინდოეთიც. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკიტხებში აჯით დოვალმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან მოლაპარაკების დროს ნიუ დელიში განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს რუსეთს.

„გლობალური სამხრეთის“ (აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილი) ქვეყნების ლიდერები სამ მეტოქეს (რუსეთი, ჩინეთი, აშშ) დაპირისპირებაში დიპლომატიურ ხიდის როლის შესრულებას ცდილობენ. ასეთია, მაგალითად, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელიც თავისი წინამორბედის, ჟაირ ბოლსონარუს იზოლაციონისტური კურსისაგან განსხვავებით, ცდილობს ბრაზილიის მიერ გლობალური პოლიტიკის გატარებას. სხვათა შორის ამერიკის დაზვერვამ უკვე იცოდა, თუ რა კონფიდენციალურ საკითხები უნდა განეხილა ლუის ინასიუს თავის ჩინელ კოლეგასთან სი ძინპინთან აპრილში, პეკინში დაგეგმილი ვიზიტის დროს – შექმნილიყო „მსოფლიოს ქვეყნების სამშვიდობო ბლოკი“ უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით. ბრაზილიის პრეზიდენტმა ძალიან გააბრაზა ნატოს ქვეყნები თავისი განცხადებით, რომლის თანახმად, ნატო ხელს უწყობს ომის გაჭიანურებას და რომ რუსეთს, სავარაუდოდ, შეუძლია უარი თქვას რიგ დაკავებულ ტერიტორიებზე, მაგრამ შეინარჩუნოს ყირიმი და დონბასი (რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი ეწინააღმდეგება).

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა მხარი დაუჭირეს ლუის ინასიუ სილვა და ლულას გეგმას. სხვათა შორის, ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა მიიღო და ესაუბრა რუს მინისტრს სერგეი ლავროვს. კიდევ ერთი მომენტი: ბრაზილიის მთავრობა მიესალმა თავის ნავსადგურ რიო-დე-ჟანეიროში აშშ-ის მეტოქის – ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ორი ხომალდის „მაკრანისა“ და „დენას“ ვიზიტს მარტის დასაწყისში. პენტაგონის აზრით, პრეზიდენტმა ლუის ინასიო სილვა და ლულამ პირადად დაუჭირა მხარი გემების შესვლას რიოს პორტში და ამით იგი შეეცადა ეჩვენებინა როგორც თავისი გლობალური შუამავლის რეპუტაცია, ასევე ბრაზილიის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სახე. ცხადია, ამაში არ იგულისხმება ირანთან სამხედრო ურთიერთობის გაფართოება, თუმცა შესაძლოა, თეირანს ამის იმედი აქვს.

აშშ-რუსეთის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავედ აისახება ეგვიპტეზე, რომელიც ვაშინგტონისაგან ყოველ წლიურად დახმარების სახით ერთ მილიარდ დოლარს იღებს, მაგრამ ასევე სურს ურთიერთობის განმტკიცება რუსეთთანაც. მოსკოვი ეგვიპტეს ქვეყანაში პირველ ატომურ ელექტროსადგურს იაფად უშენებს და ჰპირდება, რომ სამხედრო ტექნიკასაც საკმაო შეღავათებით მიაწოდებს. ქაირო „ორ ცეცხლს შორის“ მოხვდა და დროებით უკან დაიხია: „რაკეტების გარიგების“ გამჟღავნების შემდეგ (ეგვიპტეს რუსეთთან 40 ათასი რაკეტის დამზადების კონფიდენციალური კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული) ქაირომ დროებით უარი თქვა რუსეთთან თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ აშშ-ის დაკვეთას შეასრულებდა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების გამოშვებაზე.

არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი გეგმავდა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების ალიანსი წევრები, ბრაზილიისა და მექსიკის ჩათვლით, საერთო ფრონტით გამოულიყვნენ აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ უკრაინის საკითხში.

როგორც კარნეგის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი მათიას სპექტორი ამბობს, განვითარებადი ქვეყნები თავიანთი პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობენ იმ მომენტში, როცა ამერიკა სიძნელეებს აწყდება, ჩინეთი კი პოლიტიკურად და ეკონომიკურად სულ უფრო მეტად აქტიურობს, რუსეთი კი, სანქციების მიუხედავად, ბრძოლას აგრძელებს. „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნები ფრთხილად მოქმედებენ.

„ეს ქვეყნები, ბუნებრივია, ამერიკას ფრთხილად შესცქერიან, რადგან ის მათზე ძლიერია [და ხელსაყრელ შემთხვევაში გაურბიან]. როცა თქვენ მამონტთან გაქვთ საქმე, არ აქვს მნიშვნელობა, ვის მხარესაა იგი. მამონტი მოდის, მიწა ზანზარებს და თქვენ მისგან თავის არიდებას ცდილობთ“, – ამბობს მათიას სპექტორი.

წყარო

“მინდა მშობლებს ვთხოვო, რომ შეთანხმება გავაგრძელოთ სამინისტროში” – ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის მკურნალობაზე

ჩვენ დღესაც მზად ვართ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს დიაგნოსტიკა თუ მკურნალობა დავუფინანსოთ, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგანაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და „ვოზორიტიდთან“ მიმართებაში კითხვები, ამიტომ საბჭო მსჯელობს, რომ შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი საკითხის მოგვარებას „არ წაადგება“ და მშობლებს კონსტრუქციულ ფორმატში მუშაობისკენ მოუწოდა.

მინისტრ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს „კარი ღიაა“ და ნებისმიერ მხარეს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი ფორმატის სამუშაო ჯგუფებში და ასევე, განხილვის პროცესში ჩაერთოს.

„ჩვენ არასდროს არავისთვის უარი არ გვითქვამს აღნიშნული იშვიათი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე, ის საკითხი, რომ ბიუჯეტთან მიმართებით არის პრობლემა, არასდროს დაფიქსირებულა და კიდევ ერთხელ ამას ვადასტურებ. ჩვენ, ჩვენი სამინისტრო არც ერთი დღე არ შეჩერებულა ამ მიმართულებით და რამდენიმე მხარესთან აქვს მუდმივი და უწყვეტი კომუნიკაცია.

დღეს, რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის რომ, ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მცდელობა, აღნიშნული იშვიათი დაავადების გარშემო შექმნილი პრობლემები გამოვასწოროთ. ამ ხმაურის, დაძაბულობის ფონზე, მერწმუნეთ ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს. ე

პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს ასეთი პროტესტის ფონზე და სამინისტრო და დაინტერესებული მხარეები უნდა იყვნენ კონსტრუქციულ რეჟიმში, მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, მე მინდა მშობლებს ვთხოვო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ შეთანხმება და ყველა ის პროცესი, რაც აუცილებელია ამ იშვიათი დაავადების მკურნალობის და მეთოდების ქვეყანაში დასანერგად, გავაგრძელოთ სამინისტროში, სამუშაო მაგიდასთან, ყველა იმ ფორმატში, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ იშვიათი დაავადებას მივხედოთ და პრობლემები მოგვაგვაროთ. თვითონაც ხედავენ, რომ ის, რაც დღეს და გასული დღეების განმავლობაში ხდება, არანაირად არ წაადგება ამ საქმეს და გაცილებით უკეთესია ჩვენთან ერთად სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობა,“ – განაცხადა აზარაშვილმა.

“პოლიტიკაში ჩახედულებმა იციან ვინცაა გიორგი ქადაგიძე – გინდ 6 მაისს, გინდ სხვა დღეს, ვერაფერს მიაღწევენ”-გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მიმართვას ვროპის დღესთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვის თაობაზე, სოციალურ ქსელში აფასებს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გიორგი ქადაგიძე, რომელიც აცხადებს, რომ “რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად, აუცილებელია შეიარაღებული ვიყოთ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით“, დიდი ხნის წინ დაწერილი თამაშის წესებს ასრულებს.

„ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა დიდი ხნის წინ დაწერილ თამაშის წესებს ასრულებს. ინტერნეტის, ციფრული სამყაროს ეპოქაში ყველაფერი სხვაა. ვერც პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოიზიდავენ ეს ვითომ ალტერნატიულნი ვითომ პროდასავლელნი, რეალობაში ფაშისტები.
სხვადასხვა ბლა ბლა სემინარებზე აღარ დავდივარ დიდი ხანია, უმცროსებს ვუშვებ და მაინტერესებს მათი შთაბეჭდილებები და მერე ერთობლივად ვაწყობთ ლექცია-სემინარებს.

პოლიტიკაში ჩახედულებმა იციან ვინცაა გიორგი ქადაგიძე, ნაცი. ოღონდ ვიწრო წრემ ვიცით და ამ ვიგანდარას თამასას ვუწევ იმის გამო, რომ რაცხა (მართლაც რაცხა და არა რაღაც) აქცია დაანონსეს ევროძებილებმა. გინდ 6 მაისი, გინდ რაღაც თვის დღეს ვერაფერს მიაღწევენ! გადაფხიკე და ბოკერია ანდა მიშა-კეზერაშვილი რომ გყავს, ძალიან ტეხავს.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.