Home Blog Page 2014

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მაისისთვის

ვერძი

ამ დღეს გარშემო მყოფებს თქვენი შრომისმოყვარეობითა და მოტივაციით გააოცებთ. კონკურენტებზე გამარჯვებას და უბრალოდ შედეგის კი არა, საუკეთესო შედეგის მიღებას ცდილობთ! ხელსაყრელი დღეა ფლირტისა და სიყვარულისთვის – კონკურენტების გასწრებისა და გამარჯვების უნარი აქაც გამოგადგებათ.

კურო

ამ დღეს უსაქმოდ ჯდომას არ აპირებთ. თუნდაც საქმე არ გქონდეთ, რამეს მაინც გამონახავთ. ნებისმიერ დავალებას კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ შეასრულებთ. ერთადერთი სირთულე ისაა, რომ სხვებისგანაც იმავეს ელით და თუ ვინმე თქვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, შეგიძლიათ პირდაპირ პირდაპირ სახეში უთხრათ.

ტყუპები

ეს დღე ურთიერთობებით სავსეა. ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი გარშემომყოფთა ყურადღებას იწვევს. ადამიანები რჩევისა და დახმარების თხოვნით მოგმართავენ და უარს არავის ეუბნებით. თქვენი ორატორული უნარები და ადამიანების დარწმუნების ნიჭი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეს დღე მიმდინარე საქმეებს უნდა დაუთმოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგივათ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები სიზუსტითა და ყურადღებით დაგაჯილდოებთ, რაც საშუალებას მოგცემთ აქამდე დაუძლევენ ამოცანებს გაუმკლავდეთ. თუმცა ზედმეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო ამოცანებისგან ჯერჯერობით თავი უნდა შეიკავოთ. ამის დრო ჯერ არ დამდგარა.

ლომი

ცნობისმოყვარეობით სავსე ხართ და თქვენ ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაინტერესებთ. იმდენად ყურადღებიანი მსმენელი ხართ, რომ ადამიანები მზად არიან საკუთარი საიდუმლო გაგიმხილონ. ურთიერთობების გარდა, ეს დღე საკუთარ ინტერესებსა და გატაცებებსაც უნდა დაუთმოთ. ამ დღეს თქვენთვის ყველაზე დამღლელი რუტინული საქმეები იქნება.

ქალწული

ამ დღეს ქალწულებს განსაკუთრებული წარმატება ბიზნესთან დაკავშირებულ საქმიანობაში ელით – შესყიდვები სასარგებლო იქნება, გეგმები და პროექტები მოგებიანი. ვარსკვლავები გირჩევენ, ძველი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ. რომელიღაც ნაბიჯის გადადგმისთვის ერთი წვეთი გამბედაობა გაკლიათ, მაგრამ ამ წვეთს მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებისა და გეგმების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობით ისარგებლოთ და სურვილი აისრულოთ. თუ დიდი ხანია ახალი პროექტის დაწყებას, იმიჯის შეცვლას, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას, ახალი სამსახურის პოვნას და ვარჯიშის დაწყებას გეგმავთ, უკეთეს დროს ვერ ნახავთ. ცვლილებების დრო დადგა – იმოქმედეთ!

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაუმკლავდებით. საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში ხართ, რაც ადამიანებთან ურთიერთობაში უპირატესობას მოგცემთ. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენა მოხდეს, რომელიც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ. პლანეტების განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ ეს დღე არა მხოლოდ სასიამოვნოდ, არამედ სასარგებლოდაც გაატაროთ.

მშვილდოსანი

რისკების არსებობის გამო ვარსკვლავები ფულთან სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ. უპირველეს ყოვლისა, ეს რისკები შეიძლება თქვენი უყურადღებობითა და გულუბრყვილობით იყოს გამოწვეული. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ. გირჩევთ შოპინგისთვის გარკვეული ლიმიტი დააწესოთ და ამ ლიმიტს არ გადააჭარბოთ. თავი შეიკავეთ ინვესტიციებში და აზარტული თამაშებში მონაწილეობისგან.

თხის რქა

ვარსკვლავები ბედის საჩუქრებით განებივრებენ. სავარაუდოდ, ბიზნესსა თუ ფინანსურ სფეროში სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე ან ადამიანებთან ურთიერთობაზე აისახება. პროექტი, რომელზეც დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯეთ, ნაყოფს გამოიღებს – შესაძლოა, პირველი მოგება მიიღოთ, რაც დაადასტურებს, რომ სწორ გზაზე ხართ.

მერწყული

შესაძლოა, სიტუაციამ თქვენი მზადყოფნა მოითხოვოს, ამიტომ მთელი დღე მოვლენებს თვალი უნდა ადევნოთ. გამორიცხული არ არის, თაღლითების მსხვერპლი ან არახელსაყრელი გარემოებების მძევალი გახდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ. იქნებ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს? ყოველი შემთხვევისთვის, უცნობი ადამიანების მიმართ ნდობის რეიტინგი ამ დღეს ნულამდე უნდა შეამციროთ.

თევზები

ამ დღეს გარშემომყოფებთან თქვენს ურთიერთობას იდეალურს ვერ ვუწოდებთ. შესაძლოა, კონფლიქტების პროვოცირებას თავად ახდენთ, შესაძლოა, ამისკენ გარშემო მყოფების კრიტიკა და ჭორაობა გიბიძგებთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, კონფლიქტისთვის მოემზადოთ. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე ურთიერთობების გარკვევაში გაატაროთ, უფრო მოქნილი და დიპლომატიური უნდა გახდეთ.

” ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”-მამუკა მდინარაძე

მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც უკვე ყველამ იცის, რომ თუკი რაიმე მკაცრი სანქცია შეიძლება იყოს გამოყენებული ამ ადამიანის წინააღმდეგ, უკვე გამოყენებულია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე გარე აქტორების მხრიდან გახშირებული მოწოდებების შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ბანკში თანხის განკარგვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რაც არაფორმალური სანქციის ტოლფასია. მისივე თქმით, განსხვავებით იმ პირებისგან, რომლებიც ოფიციალურად სანქცირებულთა სიაში არიან, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციების დაწესების მიზეზი არავის განუმარტავს.

„ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაზე მკაცრი სანქცია ალბათ არც გაგიგიათ მიმდინარე პერიოდში. კონკრეტულ ადამიანებს დაადეს სხვადასხვა სანქცია. თითოეული ადამიანის სანქცირებას ყოველთვის რაღაც განმარტება მოჰყვებოდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო, არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია. ამიტომ უფრო მეტ სანქციას ვერაფერს დაადებენ, რაც უკვე პრაქტიკაში გააკეთეს და არა – სამომავლო პერსპექტივაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსეი გონჩარენკოს ახლო ნათესავები დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების გამო დააკავეს

უკრაინის პარლამენტის დეპუატის, ალექსეი გონჩარენკოს ახლო ნათესავები დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების გამო დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატი მეუღლესთან ერთად, რომელიც ალექსეი გონჩარენკოს ბიძაშვილია, ცდილობდა ფოსტის შენობის მითვისებასა და 280 ჰექტარი მიწის დასაკუთრებას.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ წყვილს საკუთრების უფლების შესახებ დოკუმენტები ნოტარიუსის მეშვეობით ჰქონდა გაყალბებული, ხოლო შემდეგ ეჭვმიტანილებმა სახელმწიფო ქონება საკუთარ ფირმას გადასცეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მიიჩნევენ, რომ საუბარია ათობით მილიონი გრივნის ღირებულების ქონებაზე. საკურორტო სოფელში მდებარე ფოსტის შენობები და მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდა.

ალექსეი გონჩარენკოს თქმით, მისი ნათესავი იმის გამო დააკავეს, რომ თავად გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს აკრიტიკებს.

„რისთვის? იმის გამო, რომ ვცდილობ ვიბრძოლო სამხედრო ანაზღაურებისთვის, წვევამდელების, შვებულების საკითხის დაყენებისთვის და ზოგადად ერმაკის კრიტიკისთვის. ეს არის ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა“, – განაცხადა გონჩარენკომ.

ამასთან, სახალხო დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები მასთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ.

„[მითხრეს], რომ ყველაფრის მოგვარება შეიძლება. უბრალოდ ერმაკს ნუ აკრიტიკებ. ხვალ კი ყველას გამოუშვებენ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. კლოუნები, ეს მათ ტელეფონით ვუთხარი“, – განაცხადა გონჩარენკომ.

5000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ავარიული ქსელის რეაბილიტაციის გამო 5000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციიას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კერძოდ, 2 მაისს 22:00 საათიდან ავარიული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშოების გამო გაზის მიწოდება შეუწყდება: წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. 14, ალექსანდრე იოსელიანის III შეს. 1, II შეს. 2, II შეს. 2-8-6 (წმ. ვასილისკოს ქ. 8), II შეს. 3, ალ. იოსელიანის ქ. 95, 99 (ჯიქიას მიმდებარე ტერიტორია, ნაკვ. 28), 101, ჯიქიას ქ. 5-ში (ელიზბარ მინდელის ქ. 12) მდებარე შპს ,,დონა გრუპი”-ს, ელიზბარ მინდელის ქ. 9ბ-ში მდებარე შპს ,,გრინლაიფ”-ის, ელიზბარ მინდელის ქ. 11, ელიზბარ მინდელის ქ. 12, ელიზბარ მინდელის ქ. 7ბ, ჯიქიას ქ. 9ა-ში (იგივე 9ა-45 და პოლიტკოვსკაიას ქ. 45) მდებარე შპს “საქაგრომანქანას”, 9ა-51, პოლიტკოვსკაის ქ. 55-ში მდებარე შპს “ჯეო ტექინვესტი”-ს, პოლიტკოვსკაიას ქ. 57-ში (ჯიქიას ქ. 9ა-57) – შპს “სოლო დეველოპმენტი”-ს, ჯიქიას ქ. 9ა-1, 9ა-2, 9ა-3, პოლიტკოვსკაიას ქ. 32-30-ში მდებარე შპს “სეუ გრუპ დეველოპმენტ კომპანი”-ს, პოლიტკოვსკაიას ქ. 36-ში – შპს “ჯიქია 36”-ის, შპს “კომპაქტ დეველოპმენტი”-ს საცხოვრებელი კორპუსისა და ჯიქიას ქ. 7-ში მდებარე ,,A” და ,,B” ბლოკის (ახლ. ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 36 და 38), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 41ა (იგივე ჯიქიას ქ. 9ა, 9ა-3), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 20, გაზის მიწოდება შეუწყდება ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 10/12, 10.12. 12, 12ა-ში მდებარე შპს ,,აპ დეველოპმენტი”-ს, შპს ,,ნოვო დეველოპმენტი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ასევე პოლიტკოვსკაიას ქ. 22ა-ში მდებარე შპს ,,ნოვო ჯიქია 22″-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 10/12-ში მდებარე შპს ,,ნოვო დეველოპმენტი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 47 (ჯიქიას ქ. 9), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 57-ში მდებარე შპს ,,სოლო დეველოპმენტი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 59 (იგივე ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 9ა-57), ელიზბარ მინდელის ქ. 9ე-ში (ვაკის რაიონის ქუჩა, ნაკვ. 005/086) მდებარე შპს ,,გრინ ლაიფი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 46ა (ჯიქიას ქ. 18), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 44, 48, 50, 50-1, 50-2 (ჯიქიას ქ. 18ბ, 18გ), ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 65, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 31/45-ში (წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. 10) მდებარე შპს ,,ანკო”-ს, წმ. ვასილისკოს ქ. 3 (იგივე ჯიქაის ქ. 7, 7-ის მიმდებარედ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 28, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ შპს ,,კომპაქტ დეველოპმენტი”-ს, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, 50-52-ში მდებარე შპს ,,კომპაქტ +”-ის, ომარ ფხაკაძის ქ. 26-ში მდებარე ამხ. ,,ფხაკაძე 26″-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ალექსანდრე იოსელიანის, ნაფეტვრების, ჯიქიას, ძოწის ქუჩაზე (ლისის მიმდებარედ) მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შსს ეკონომიკური დეპარტამენტი, სსიპ ”სოხუმის უნივერსიტეტი”, სამთო ინსტიტუტი, შპს ,,ასორტი ვერე”, შპს “ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი”, შპს ,,სისტემ ნეტ”, შპს ,,მვპ სტამბა”, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 3 მაისის 09:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისთვის.

“თბილისი-ენერჯი” ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშოები აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.

“ცალ ფეხზე დგომით არა, ორ ფეხზე, მყარად უნდა ვიაროთ ევროპულ გზაზე” -მამუკა მდინარაძე

იქ იყო უამრავი ადამიანი, რომელიც ახმოვანებდა პატრიოტულ მესიჯებს და საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ შეფასებაში მეტწილად ვეთანხმებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ ვინც უზრუნველყო მისი საქართველოს პრეზიდენტად არჩევა, ამ ადამიანების და პრეზიდენტის პოზიციები რადიკალურად ასცდა ერთმანეთს, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გუშინდელ აქციაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაჟღერებულ განცხადებებს.

მდინარაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – იზიარებს თუ არა ამავე აქციის მონაწილეების განცხადებების შინაარსს, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა აირჩიოს.

„ნეიტრალიტეტს არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ საქართველოს აქვს არჩეული კურსი, რომელიც კონსტიტუციაში ჩვენ ჩავწერეთ. მეღიმება ხოლმე, ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი აქეთ რომ გვამუნათებს – „საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა…“ – ჩვენ ჩავწერეთ ეს კონსტიტუციაში. შეიძლება ეს მოსაზრება იყოს და ნებისმიერ ადამიანს თავისი აზრი აქვს, მაგრამ საქართველოს თავისი კურსი აქვს.

ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია იფიქროს ეროვნულ ინტერესებზე და ამ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე. როგორც ჩვენი ოპონენტები წამოცდენებში აიხლართებიან ხოლმე, ცალ ფეხზე დგომით კი არა, არამედ ორ ფეხზე, მყარად უნდა ვიაროთ ევროპულ გზაზე. ადრე თუ გვიან შედეგი დადგება, ეს ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დაუბრუნდება თავის ბუნებრივ ადგილს და ღირსებას, ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ თავმოყვარეობას შევინარჩუნებთ. ეს არის ერთ-ერთი უპირატესი მიზანი “, – აცხადებს მდინარაძე.

პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.

 

 

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

სხდომაზე დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, საწინაამღდეგო მოთხოვნა ჰქონდა პროკურორს, რომეიც ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ლაზარე გრიგორიადისმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მას მიმალვა არ სურს.

„მიმალვის სურვილი რომ მქონოდა, ერთ თვეში დავიმალებოდი. ის ტანსაცმელი მეცვა დაკავებისას, რომელიც აქციაზე მეცვა და არ გამინადგურებია არაფერი“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

სასამართლო სხდომის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციას ესწრებოდნენ აქტივისტები და პოლიტიკოსები.

რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილსაც.

“სააკაშვილი უხეშად არღვევს კვების რაციონს, საკვებს იღებს შერჩევით” – ზურაბ ჩხაიძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, მესამე მკურნალ ექიმზე უარის თქმას კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ეხმაურება.

ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად უხეშად არღვევს კვების რაციონს, რაც მის მდგომარეობას აუარესებს.

„გიდასტურებთ, რომ მესამე ექიმია, რომელზედაც უარი განაცხადა. მიზეზი ძირითადად არის ის, რომ როდესაც ექიმების მიერ ხდება მისი მდგომარეობის ობიექტურად შეფასება, ის მეორე დღესვე უკვე მიუღებელია პაციენტისთვის. საკვებს ისევ იღებს შერჩევით და უფრო მცირე რაოდენობით, კვების რაციონის უხეში დარღვევით, დავარქვათ ასე.

გიულისთან არა ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, არა ერთხელ ვთხოვეთ ჩვენ, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი რეკომენდაციები. მოეტანა ის შესაბამისი საკვები, რაზედაც ჩვენი ექიმები აძლევენ რეკომენდაციებს, კერძოდ, ნუტრიციოლოგი და ენდოკრინოლოგი, მაგრამ არაფრის გათვალისწინება არ ხდება“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

“მზად ვარ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დავუდგე” – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მარტის აქციების დროს დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებს სთავაზობს, რომ როგორც პარლამენტის წევრი მზად არის თავდებში ჩაუდგეს ლაზარე გრიგორიადისს იმისთვის, რომ ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობიდან გათავისუფლდეს. აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განუცხადა, სადაც გრიგორიადისის პროცესის პარალელურად მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, გრიგორიადისის დაკავება უკავშირდება კონკრეტულ მესიჯს კრემლისთვის, რომ ანტიპუტინისტურ აქციაზე ყოფნა ისჯება.

“ლაზარეს პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ადამიანს წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ მაშინ, როცა მოწმეზე შეუძლია ზეგავლენა, ან რაიმე მტკიცებულების გაქრობა ან გაქცევა. ამ სამიდან ლაზარეს არცერთი შეუძლია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს რომ ზეწოლის ქვეშ ვერ ამყოფებს ლაზარე, ამას საზოგადოება კარგად ხვდება. ასევე, რაიმე მტკიცებულების გაქრობაც რომ არ შეუძლია 21 წლის ლაზარეს ესეც კარგად ვიცით და ასევე, ცხადია, საზღვრების კონტროლი შეუძლია ხელისუფლებას, თუ მაინც და მაინც, რაიმე შიშები აქვს. ამიტომ, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდეთ არ არსებობს გარდა იმისა, რომ კრემლს, რუსეთს გაუგზავნონ გზავნილი, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებს დასჯიან, ვინც ანტიპუტინისტურ აქციაზე იქნება, ვინც ევროპის მხარდამჭერ აქციაზე იქნება და ვინც საქართველოს კონსტიტუციას დაიცავს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ლაზარე იყოს თავისუფალი. თუ ვინმემ კანონი, კონსტიტუცია დაარღვია ეს არის რუსული ოცნება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი შეთავაზება დაცვის მხარისთვის, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი მზად ვარ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დავუდგე იმისთვის, რომ ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო” – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

„გამოგორდა“ ბატონი კალაძე და განაცხადა – ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმიტომ არ მოგვანიჭა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგო. ეს იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომ დასავლეთი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ, რომ 12-ვე პუნქტი შესრულებულია, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, სამართლიანი და ნდობით აღსავსე სასამართლო სისტემა. „რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო – ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89%-მდე გაიზარდა. „ოცნება“ უკვე 1 წელია ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ და ამერიკა და დასავლეთი „ცუდები“ არიან – რა მივიღეთ: ბოლო კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90 %-ს სურს დასავლეთი!

რაც შეეხება კორუფციას და კონკრეტულად ბატონი კალაძის მისამართით დასმული კითხვებიდან ერთ-ერთს: თბილისის მერიამ, ტენდერით, შეიძინა 400 ლურჯი ავტობუსი და თითოეულში გადაიხადა 250 000 ევრო, ხოლო ევროპის სხვა ქალაქებმა ზუსტად იგივე ავტობუსში 160-დან 180 000 ევრომდე გადაიხადეს. ბატონმა კალაძემ მოახერხა თითო ავტობუსში საშუალოდ 80 000 ევროთი მეტის დახარჯვა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან აორთქლდა 20-30 მილიონი ევრო. ის ფაქტი, რომ ამ თემაზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა, სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს.

სადაც ყვავის კორუფცია, იქ არ არის ეკონომიკური პროგრესი. მომავალში, ყველა კორუმპირებული მოხელე ახალი, სამართლიანი სასამართლოს მიერ იქნება გასამართლებული და დასჯილი!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4940 ლარი ეღირება, ევრო – 2.7449 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1237 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.4967 ლარი ღირდა, ევრო – 2.7441 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1131 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 მაისს ამოქმედდება.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საერთო ინტერესების საფუძველზე თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური პარტნიორობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საუბარი შეეხო ეფექტიანი რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე გამოითქვა სხვადასხვა სფეროში წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებული ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბენინის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი მარკ ჰერმან გნინადოუ არაბა, კომოროს მუდმივი წარმომადგენელი ისიმაილ ჩანფი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ჟორჟ ნზონგოლა ნტალაჯა, დომინიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ხოსე ალფონსო ბლანკო კონდე, ლიბიის მუდმივი წარმომადგენელი თაჰერ ელსონი, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენელი მენისა მარსელ რამბალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე.