” ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”-მამუკა მდინარაძე

133
spot_img

მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც უკვე ყველამ იცის, რომ თუკი რაიმე მკაცრი სანქცია შეიძლება იყოს გამოყენებული ამ ადამიანის წინააღმდეგ, უკვე გამოყენებულია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე გარე აქტორების მხრიდან გახშირებული მოწოდებების შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ბანკში თანხის განკარგვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რაც არაფორმალური სანქციის ტოლფასია. მისივე თქმით, განსხვავებით იმ პირებისგან, რომლებიც ოფიციალურად სანქცირებულთა სიაში არიან, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციების დაწესების მიზეზი არავის განუმარტავს.

„ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაზე მკაცრი სანქცია ალბათ არც გაგიგიათ მიმდინარე პერიოდში. კონკრეტულ ადამიანებს დაადეს სხვადასხვა სანქცია. თითოეული ადამიანის სანქცირებას ყოველთვის რაღაც განმარტება მოჰყვებოდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო, არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია. ამიტომ უფრო მეტ სანქციას ვერაფერს დაადებენ, რაც უკვე პრაქტიკაში გააკეთეს და არა – სამომავლო პერსპექტივაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.