„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მარტის აქციების დროს დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებს სთავაზობს, რომ როგორც პარლამენტის წევრი მზად არის თავდებში ჩაუდგეს ლაზარე გრიგორიადისს იმისთვის, რომ ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობიდან გათავისუფლდეს. აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განუცხადა, სადაც გრიგორიადისის პროცესის პარალელურად მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, გრიგორიადისის დაკავება უკავშირდება კონკრეტულ მესიჯს კრემლისთვის, რომ ანტიპუტინისტურ აქციაზე ყოფნა ისჯება.
“ლაზარეს პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ადამიანს წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ მაშინ, როცა მოწმეზე შეუძლია ზეგავლენა, ან რაიმე მტკიცებულების გაქრობა ან გაქცევა. ამ სამიდან ლაზარეს არცერთი შეუძლია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს რომ ზეწოლის ქვეშ ვერ ამყოფებს ლაზარე, ამას საზოგადოება კარგად ხვდება. ასევე, რაიმე მტკიცებულების გაქრობაც რომ არ შეუძლია 21 წლის ლაზარეს ესეც კარგად ვიცით და ასევე, ცხადია, საზღვრების კონტროლი შეუძლია ხელისუფლებას, თუ მაინც და მაინც, რაიმე შიშები აქვს. ამიტომ, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდეთ არ არსებობს გარდა იმისა, რომ კრემლს, რუსეთს გაუგზავნონ გზავნილი, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებს დასჯიან, ვინც ანტიპუტინისტურ აქციაზე იქნება, ვინც ევროპის მხარდამჭერ აქციაზე იქნება და ვინც საქართველოს კონსტიტუციას დაიცავს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ლაზარე იყოს თავისუფალი. თუ ვინმემ კანონი, კონსტიტუცია დაარღვია ეს არის რუსული ოცნება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი შეთავაზება დაცვის მხარისთვის, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი მზად ვარ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დავუდგე იმისთვის, რომ ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.