Home Blog Page 2014

“მესმის რატომ ელოდება ქართული საზოგადოება ასე მოუთმენლად, უკრაინაში მძლავრი შეტევის დაწყებას”

ნამდვილად მესმის რატომ ელოდება ქართული საზოგადოება ასე მოუთმენლად, უკრაინაში მძლავრი შეტევის დაწყებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს.

მისი თქმით, მოლოდინი ძალიან მაღალია და მოუთმენლობაც გასაგები.

“ჯერ ერთი, ბრძოლის ველზე რუსეთის არმიის განადგურება, საქართველოს საუკუნოვან დაუძინებელი მტერს, რუსეთის იმპერიას დაასრულებს ( მინიმუმ ისე გატეხავს წელში რომ ვეღარასდროს გაიმართება) და მეორეც, რუსეთის მარცხით, საქართველოში რუსული პოლიტიკის შხამიანი კბილები დაცვივდება.

მაგრამ, არც გუშინ, არც გუშინწინ ეს შეტევა არ დაწყებულა. იმას რასაც თვალს ვადევნებთ არის მხოლოდ ფრონტის ხაზზე მოქმედი ქვედანაყოფების კონტრშეტევები თავის სამოქმედო არეალში, ლოკალური მიზნების მისაღწევად ან ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ნამდვილად არის შესაძლებლობა, რომ ოპერატიული მოულოდნელობის მისაღწევად და შეტევის დაწყებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ზღუდეების შესაქმნელად იქნას გამოყენებული ეს კონტრშეტევები, მაგრამ უნდა განვასხვაოთ მძლავრი გენერალური შეტევა და მცირე კონტრშეტევები. რაც უნდა წარმატებული იყოს კონტრშეტევა ის თავის მნიშვნელობით და შედეგით ახლოს ვერ მივა, იმასთან რასაც ველოდებით. დღეში 20-60 კმ-ზე ნაკლები წინსვლა გენერალური შეტევისთვის იქნება წარუმატებლობა. წარმატებები ვუსურვოთ უკრაინელ ჯარისკაცებს თავის ყოველდღიურ ბრძოლებში და მოთმინებით დაველოდოთ დიდი შეტევის დაწყებას. მთავარი შედეგია და დაწყების მომენტს ზუსტად გამოვიცნობთ თუ არა მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს,”– წერს გიორგი თავდგირიძე.

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხერსონის დაბომბვა – ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი ხერსონის ოლქში.

„ვრცელდება ცნობები ხერსონის დაბომბვის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ხერსონის რეგიონში, კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად დაზარალებული, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს მიუღებელი ქმედება. ეს იქნება ომის კიდევ ერთი დანაშაული. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, – წერს ბორელი.

ცნობისთვის, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონი მას შემდეგ დაბომბეს, რაც 8 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია ქვეყნის სამხრეთში მდებარე რეგიონს.

 

“ყურადღება! დაიცავით ბავშვები, მოხუცები და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები” – ქეთი შავლიაშვილი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი, სოციალურ ქსელში,  კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრისა და მისი საფრთხეების შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც, “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:
“ყურადღება! საშიში ატმოსფერული ვითარებაა კანადაში ტყის ხანძრის კვამლის გამო. კვამლმა ნიუ-იორკშიც შემოაღწია, სადაც უკიდურესადაა ჰაერი დაბინძურებული. ქალაქის ისტორიაში ყველაზე მეტად დაბინძურებული და ტოქსიკური ჰაერი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე.
მოსალოდნელია მდგომარეობის კიდევ გაუარესება.
ჰაერის ცუდი ხარისხის გამო, ნიუ-იორკის საჯარო სკოლებმა გააუქმეს ყველა გარე აქტივობა.
ქალაქ ნიუ-იორკის მერის განცხადებით, ყველა ნიუ-იორკელმა, რომელსაც აქვს გულის ან სუნთქვის პრობლემები, უნდა შეზღუდოს გარე საქმიანობა, სანამ კვამლი და ნისლი რჩება ტერიტორიაზე. ეს ასევე ეხება ბავშვებსა და ხანდაზმულებს.
იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე, მოერიდეთ ზედმეტი დროის გატარებას ან ფიზიკურ აქტივობას გარე სივრცეში; დაიცავით ბავშვები, მოხუცები და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები.
მნიშვნელოვანია იხმაროთ ნიღაბი, როცა გარეთ ხართ და დარჩით სახლში, როცა ეს შესაძლებელია!” – წერს ქეთი შავლიაშვილი.
ცნობისათვის, ტყის ხანძრებმა კანადაში უკვე 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გადაწვა. თეთრი სახლის ინფორმაციით, კანადაში ადგილობრივი მეხანძრეების დასახმარებლად 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე გაიგზავნა.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ- მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბარი გამართეს და არსებული ვითარება განიხილეს.

“ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა ბრიუსელში პრაქტიკულად დასრულდა 10:0, ქართული დელეგაციის სასარგებლოდ”

ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა პრაქტიკულად დასრულდა 10:0, ქართული დელეგაციის სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და როდესაც ევროკომისიის დასკვნების საფუძველზე საუბრობ, გაიმარჯვებ.

„გუშინდელი სხდომა უნდა განვიხილოთ ისე, როგორც პრაქტიკული მტკიცებულება, რასაც „ხალხის ძალა“ და ზოგადად, უმრავლესობა ვამბობდით, რომ საქართველო ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მათივე ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და დასკვნების შესაბამისად. სამწუხაროდ, იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. გუშინდელ სხდომაზე, როდესაც ევროპარლამენტარი ამბობს იმის საწინააღმდეგო პოზიციას, რაც ევროკომისიამ დასკვნის სახით გამოაქვეყნა, ეს ზუსტად ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აქვს რაღაც პარალელური ინტერესი. ბევრი ევროპარლამენტარი კორუფციაზეა დაკავებული ან რაღაც სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს, რომელიც ასევე საწინააღმდეგოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა პრაქტიკულად დასრულდა 10:0, ქართული დელეგაციის სასარგებლოდ. არა მარტო იმიტომ, რომ ეს ხალხი კარგად გამოვიდა, არამედ, იმიტომაც, რომ სიმართლე იყო და არის ჩვენს მხარეს. როდესაც სიმართლეა შენს მხარეს, როდესაც ევროკომისიის დასკვნების საფუძველზე საუბრობ, გაიმარჯვებ. ევროპარლამენტარი როდესაც იტყუები, შეურაცხყოფას აყენებ საზოგადოებას, როდესაც ევროკომისიის დასკვნას მალავ და საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებ, ბუნებრივია, ამ ტყუილს არავინ გაგიტარებს, პირველ რიგში, ევროპაში. ევროპა არის დემოკრატიის ის საფუძველი, სადაც ამბობენ, რომ სამართლიანობა უნდა იყოს. ევროპის გადაწყვეტილებასა და დასკვნას როცა საზოგადოებას დაუმალავ და უკუღმა გააცნობ, ბუნებრივია, ამას არავინ არ გაგიტარებს, არც ევროპაში და არც საქართველოში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“ევროპარლამენტარები დამოკიდებული არიან იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან ესმით” – პაპუაშვილი

სამწუხაროდ, ხანდახან არის ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ზედაპირული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და თან ისე, რომ არ იციან სიღრმისეულად საკითხები. ჰედლაინების დონეზე აანალიზებენ საქართველოს მდგომარეობასა და შესაძლოა, ამაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 12 პუნქტის შესრულებაზე მას და მის კოლეგებს უსაუბრია ევროპარლამენტარებთან და სამწუხაროდ, ისინი საკითხებში სიღრმისეულად ვერ ერკვევიან.

„ევროპარლამენტარებთან მისაუბრია, ჩემი კოლეგებიც ხვდებიან ევროპარლამენტარებსა და ესაუბრებიან 12 პუნქტის შესრულებაზე. სამწუხაროდ, ისინი სიღრმისეულად ვერ ერკვევიან საკითხებში. რა რეფორმები ტარდება, რა პროექტები ხორციელდება, რა არის შინაარსი რეფორმების – ამ საკითხებზე აქვთ ზედაპირული წარმოდგენა, რამდენიმე NGO-ს მხრიდან ჰედლაინის დონეზე გაჟღერებული კრიტიკისა. ერთ რამეში მინდა დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ქართული პოლიტიკაზე ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად საკითხებში და ეს სამწუხაროა. ისინი არიან დამოკიდებული იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან მათ ესმით. სიღრმისეული დისკუსიის დროს ვერცერთ დეტალში ვერ მოგყვებიან, ვინაიდან სიღრმეების ცოდნა არ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს

რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომელს დაატოვებინებენ. მათ შორის 11 დიპლომატი და ტექნიკური დეპარტამენტის 29 თანამშრომელია. უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის საელჩოს შტატს იმ რაოდენობამდე შეამცირებენ, რა რაოდენობითაც რუმინელი დიპლომატები რუსეთში არიან.

რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს ქვეყნის დასატოვებლად ერთ თვეს მისცემენ.

„საქართველო, შევხვდებით პირველ ოქტომბერს“ – ბრუნო მარსმა კონცერტი Facebook-ზე დააანონსა

მსოფლიო ვარსკვლავმა, ბრუნო მარსმა საქართველოში გასამართი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველო, შევხვდებით პირველ ოქტომბერს“, – წერს არტისტი.

შეგახსენებთ, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის, ეროვნული სტადიონი ბრუნო მარსს „Starring Georgia-ს“ ფარგლებში უმასპინძლებს.

15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა გრემის დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.

ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.

სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.

ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.

„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

” ნატო-ს ქვეყნები არ განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას”- ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები არ განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას.

„ყველა სახელმწიფო უკრაინას ამა თუ იმ დახმარებას უწვეს. მაგრამ არცერთ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ სურს ამ ომში ჩაერთოს და თავისი სამხედროები გაგზავნოს, ასეთი გეგმების შესახებ არ მსმენია“, – განაცხადა კალასმა.

ნატო-ს ყოფილმა გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს მიაჩნია, რომ უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დისკუსიების ფარგლებში ნატო-ს ცალკეული ქვეყანა შესაძლოა, შეთანხმდეს უკრაინის ტერიტორიაზე თავიანთი ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით.

რასმუსენის აზრით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადადგმას ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების ან მისთვის უსაფრხოების გარანტიების შესახებ, „არსებობს მკაფიო შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივუდუალურად მიიღოს ზომები“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ხსენებულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები მანამდე არ შეიყვანენ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარებს, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება.

„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მანდატი ფართოვდება – დეტალები

ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსის ეკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება, რაც მათ დროულ ჩართულობას და რეაგირებას გულისხმობს.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განმარტა, ამ ცვლილებებით რეგულირების სააგენტოს მანდატი ფართოვდება და სანქციებიც იზრდება.

„განხილვის პროცესშია საკანონმდებლო ცვლილებები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ უფრო დროული რეაგირება და საქმიანობა შეეძლოს რეგულირების სააგენტოს. პარლამენტში მიმდინარეობს ამ პროექტის განხილვა. მნიშვნელოვანია ის, რომ თუ პაციენტი მომართავს რეგულირების სააგენტოს განცხადებით და საჩივრით, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლომ 72-საათის განმავლობაში შუამდგომლობა უნდა წარმოადგინოს რეგულირების სააგენტოში, ასევე მიაწოდოს მხარეებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს გარკვეულწილად აფერხებს რეგულირების სააგენტოს დროულ და ოპერატიულ საქმიანობას. დაუყოვნებლივ ვერ ვრეაგირებთ პაციენტის საჩივართან დაკავშირებით და მეორე, როდესაც მხარე შუამდგომლობის მისვლისთანავე ამ შემთხვევის შესახებ იგებს, რეგულირების სააგენტოს კომისიას რეალური ფაქტები აღარ ხვდება. იქ წესრიგდება დოკუმენტაციები, ექიმების განმარტებები, უკვე ინფორმაციული ხდება ეს საკითხი დაწესებულებისთვის, რაც რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი არ არის. ამ კანონპროექტის ცვლილების შემდეგ, გვექნება დროული რეაგირება და უფრო რეალური ფაქტი იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რომ პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ამ ცვლილებების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს შეეძლება მიმართოს დაწესებულებას, მოახდინოს ფოტო და ვიდეოგადაღება, ამოიღოს ნებისმიერი სახის მასალა, დალუქოს სამედიცინო დოკუმენტაცია, მოისმინოს ექიმებისგან განმარტებები თუ სხვა.

„ეს სააგენტოს საქმიანობას ძალიან ეფექტურს გახდის და რაც მთავარია, პაციენტებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე იზრდება საჯარიმო სანქციებიც.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს ადგილზე შეეძლება ელექტრონული ქვითრის ამოწერა და როცა სანებართვო პირობების შესრულებას შეამოწმებს, ადგილზევე მოახდენს რეაგირებას“, – ეკა ბოჭორიშვილმა.

” გვჭირდება დიდი მობილიზება იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია”-ლევან ხაბეიშვილი

“ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ “რუსულ ოცნებას” და “ნაციონალური მოძრაობა” ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ხელვაჩაურში.

“საბანკო ოლიგარქია, “მაფია”, რომელიც ფაქტობრივად ჟარგონად რომ ვთქვათ წეწავს ხალხს. ეს აწუხებს ხელვაჩაურის მოსახლეობას, დაბალი ანაზღაურება, დაბალი ხელფასები, დაბალი შემოსავალი, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ათი მეტრი ხიდი ვერ გააკეთეს ბათუმსა და ხელვაჩაურის დამაკავშირებელი. უკიდურესად სერიოზული პრობლემები აქვს ადგილობრივებს და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოღალატეობრივი პოლიტიკა ხელისუფლების. ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქში, რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ “რუსულ ოცნებას”. მესმის, რომ შეიძლება ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ დიახ, გვჭირდება დიდი მობილიზება იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია და “ნაციონალური მოძრაობა” ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ურდო ძალიან მაგრად მუშაობს პროპაგანდისტული მიმართულებით” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ყველაზე სასიხარულო “ინფორმაციის შესწორება” გვაქვს დღეს: ქართველი მებრძოლი ზურაბ მუშუქია ცოცხალია! სიამოვნებით ვიხდი ბოდიშს გუშინ მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გამო! არავის ვაბრალებ! რას ვიზამთ, ომია! ასეთი “კარგი” შეცდომებიც ხდება!

გუშინ პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა ხერსონში და პირადად გაეცნო ადგილზე საევაკუაციო სამუშაოებს! მისი ჩასვლიდან ცოტა ხანში ნაძირალა ურდომ დაბომბა ევაკუაციის ადგილები, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა და 1 ადამიანი დაიღუპა! რუსეთი არის ტერორისტი სახელმწიფო და პუტლერი არის ტერორისტი ნომერ 1 მსოფლიოში!
ნაძირალა პუტლერმა თვითონ ცხადია ვერ გაბედა ადგილზე ჩასვლა და თავისი ურდოსიკებისთვის მოსაკითხი ბარათების გაგზავნით დაკავდა, თავის მაგივრად კი ადგილზე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კიდევ ერთი ნაძირალა კირიენკო გაგზავნა.

პრეზიდენტი და მისი გუნდი აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო დახმარების მისაღებად როგორც კონტროლირებად, ისე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ელაპარაკებიან მაგალითად, რომ მარცხენა სანაპიროზე მაინც ჩაერთონ სამაშველო ოპერაციებში, თუ ურდო მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს;

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ხმა ამოუღია ეკოაქტივისტ გრეთა თუნბერგს, დოუგმია რუზეთის ტერორისტული ქმედება და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაუყენებია; ზელენსკიმ ამ ტვიტზე მადლობის ტვიტით უპასუხა.

რაც შეეხება ადგილზე ვითარებას, წყლის დონე კრიტიკულ 12.7 მეტრზე დაბლა ჩავიდა. შესაბამისად, პრობლემები იქნება მოსახლეობის და ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურის წყლის მომარაგების თვალსაზრისით;

ურდო ძალიან მაგრად მუშაობს პროპაგანდისტული მიმართულებით. გინდათ გითხრათ ჩემი აზრი რისი ბრალია ეს? დასავლეთის წაფორხილების – ნეიტრალური შეშფოთების გამოთქმა და ნწუ, ნწუ, ნწუ ეკოციდი ძალიან ცუდია იყო სიგნალი ურდოს პროპაგანძიისთვის, რომ ამოექოქათ ბოლომდე თავისი გაღმა გაედავე, გამოღმა ვერ შემოგედავება პოლიტიკა. ურდო თავხედურად აწვება, რომ ჰაიმარსებით ბომბავდნენ უკრაინელები დამბას უტიფრები.
მაინც დადასტურდება, რომ ურდოს ჩადენილია ეს დანაშაული. დაიწევს წყალი და გამოჩნდება ყველაფერი.

გუშინ ღამე ისევ იყო სარაკეტო თავდასხმა. კიევის, დნეპროს და ხარკოვის მიმართულებებზე ისევ დიდებულად იმუშავა ჰაერ საწინააღდეგო თავდაცვამ, აფეთქება იყო მხოლოდ ჩერკასის რეგიონის უმანის ოლქში. დაზიანდა სამრეწველო ობიექტი და ავტოსამრეცხაო. ჯამში – 8 მძიმე დაშავებული.

მანამდე ჩვენებმა დაუბაბანეს დღისით ლუჰანსკს. 3 მსხვილი საწარმოო ობიექტი აუფეთქეს ურდოს, რომელიც გადაკეთებული იყო შეიარაღების საცავად და ურდოს ცოცხალი ძალის სადგომად; გუშინ ღამე კი ბერდიანსკში დაუბავოვნეს ჩვენებმა. გავიგებთ მალე შედეგებს;

მოკლედ, ყველას ეჩქარება გამოცხადება, რომ დიდი კონტრიერიში დაიწყო, მათ შორის დასავლურ ავტორიტეტულ მედია საშუალებებსაც. მერე უწევს ჩვენების გენშტაბს ამის უარყოფა!

დიახ, ზაპოროჟიეში სერიოზულად მუშაობს არტილერია და სარაკეტო კომპლექსები, არის ადგილები, სადაც ჩვენებს აქვთ გარღვევები ფრონტის ხაზზე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არის დაზვერვები ბრძოლით, თუნდაც მძიმე ტექნიკის მონაწილეობით, მაგრამ მაინც არის ნიადაგის მოსინჯვა. ჩვენ თუ ველოდებოდით კონტრიერიშის დაწყებას, ურდოც ემზადებოდა თვეების მანძილზე. ასე რომ, საჭიროა მოთმინება! რეალურად გადაცილებით უფრო ხმაურიანი და ეფექტური ინფორმაციებით გავიგებთ, რომ შეტევა დაიწყო;

აი რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, ფლანგებზე ჩვენები აგრძელებენ წინსვლას. ჩრდილოეთით ბერხივკას წყალსაცავის და დასახლების მიდამოებში იღებენ ჩვენები მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტებს, სამხრეთით კი კლეშჩეევკასთნ იუმჯობესენ პოზიციებს. უფრო მეტიც, ბახმუტის სამხრეთ ნაწილში, ე.წ. თვითმფრინავის მონუმენტის მიდამოებში მაგრდებიან ჩვენები. ურდოს მხრიდან წინააღმდეგობა დიდია, მაგრამ ჩვენები მაგრად მუშაობენ და ანადგურებენ ურდოს სპეც.რაზმელებს; გარდა ამისა, საერთოდ დაეცა ურდოს შეტევის ტემპები მარინკას მიმართულებით, ხოლო ავდეევკაზე პირიქით დაცვაში გადაიყვანეს ჩვენებმა ურდოსები; კუპიანსკის, სვატოვოს და კრემინას მიმართულებებზე ძირითადად პოზიციური ბრძოლები იყო!

გუშინ უკრაინის საგარეო მინისტრს დმიტრო კულებას ჰქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. განიხილეს ვითარება აფეთქებული ჰეს-ის ირგვლივ; იმსჯელეს ვლნიუსში ნატოს სამიტის შესაძლო გადაწყვეტილებებზე და ბოლოს – აშშ სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს ახალ, 2 მილიარდიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის! ამასობაში ამერიკელმა კონგრესმენებმა მიწერეს პრეზიდენტ ბაიდენს წერილი, რომლითაც ითხოვენ უკრაინისთვის ატაკამსის რაკეტების გადაცემას. მწიფდება საკითხი, მწიფდება! უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვს კარგი არგუმენტი აქვს ამასთან დაკავშირებით: უკრაინამ დაიწყო 1000 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების სამამულო წარმოება, ასე რომ აშშ-ს ადმინისტრაციას აღარ უნდა ჰქონდეს “კომპლექსი”, რომ მაინცდამაინც მის მიერ გადაცემული რაკეტებით მოხდება მტრის პოზიციების შორ მანძილზე, უფრო ზუსტად კი რუსეთის ტერიტორიაზე დაბომბვა. ჩვენითაც შევძლებთ! რა მაგის პასუხია და ბრიტანული შტორმ შედოუს რაკეტები კი გამოდგა მართლაც ძალიან ეფექტური!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, ამოისუნთქე 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია დაემხობა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

„ენმ“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და სხვები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას „რევოლუციის“ გარეშე ვერ მოერევიან”- დავით ქართველიშვილი

ვინაიდან ოპოზიცია კვლავ უუნაროა, მოკლებულია სტაბილურ ფინანსირებასა და მოსახლეობაზე ზემოქმედების ბერკეტებს-შესაძლებლობას, მათ არ შეუძლიათ პოლიტიკურ გარემოზე ზემოქმედება, ხოლო რაიმეს შესაცვლელად ესაჭიროებათ დახმარება, რასაც ახორციელებენ კიდეც მესამე მხარეები (ა.შ.შ. და უკრაინა) და ცდილობენ ოპოზიციის შეგულიანებას, რათა მათ კვლავ გამოიყვანონ ხალხი გარეთ, მარტის აქციების მსგავსად, მაგრამ ესეც, დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მით უმეტეს, ამასთან დაკავშირებით „არასამთავროების“ რიგებშიც აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, არასამთავრობოები საბოლოოდ გადაიქცნენ ანტისამთავრობო სექტორად და ქვეყანაში მასშტაბური აქციების ორგანიზებას ცდილობენ.

„მე მესმის კელი დეგნანის პრობლემები იმ ამოცანათა შესრულების გზაზე, რომელსაც ხელისუფლების „აყირავება“ ჰქვია, რაც დიდი ხანია ტრანსფორმირდა ცნობილი ჰოლივუდური „ბოევიკის“ – Mission Impossible-ს მორიგ ნაწილში. 14 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების ვიწრო წრესთან (“ISFED“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა“, “სოროსის ფონდი“ და “სი-არ-არ-სი“) მან და “USAID”-ის წარმომადგენელმა გამართეს მორიგი შეხვედრა, სადაც განიხილებოდა სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ სივრცეში არსებული ვითარება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, 22 მაისის “სერობაზე“, არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ მასშტაბური აქციის გამართვას, რაც შესაძლოა ყოფილიყო სწორედ რომ ა.შ.შ.-ს ელჩის პირდაპირი დავალება.

ანტისამთავრობო სექტორად საბოლოოდ გადაქცეული „არასამთავრობოები“ 22 მაისს სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა დიმიტრი ჩიქოვანი და აკერმანის „შვილობილი“ გიორგი მშვენიერაძე, ლობირებდნენ ძირითადად „ე.ნ.მ.“-ს ინტერესებს, რასაც მოჰყვა მწვავე კამათი, მასშტაბური აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოვიდნენ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, ხოლო „არასამთავრობოების“ ძირითადი ბირთვი პირიქით, მხარს უჭერდა სწორედ რომ მსხვილი აქციების გამართვის შესაძლებლობას.

აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს ასევე ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პერსპექტივები, რაც ამ ეტაპზე ასევე Mission Impossible-ს კატეგორიას მიეკუთვნება. ამის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, სააკაშვილის მოწოდება, რომ „ე.ნ.მ.“-მ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებლად, ხოლო მეორეს მხრივ, დანარჩენი პარტიების ზოგიერთ ნაწილს არ სურთ ნაცებთან გაერთიანება, რის გამოც ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე და სხვა პოლიტიკური „აქტორები“ მუშაობენ „ე.ნ.მ.“-ს ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის შექმნაზე. თუმცა ვერც აქ ხდება შეთანხმება: „აქტორებს“ არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ენდობიან ერთმანეთს, ხოლო გიორგი ვაშაძე და მამუკა ხაზარაძე ვერ უთმობენ ერთმანეთს მომავალი პრემიერ-მინისტრობის პორტფელს.

სწორედ აქ შეიძლება შემოვიყვანოთ კელი დეგნანი, ამჯერად უკვე სულ სხვა, ქართული კინოშედევრის პერსონაჟად: „რა ვქნა, ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კი ქრისტე-ღმერთი არა ვარ, აქ სასწაულები მოვახდინო – სამჭკუაშვილი ვაარ!“. ვინაიდან ოპოზიცია კვლავ უუნაროა, მოკლებულია სტაბილურ ფინანსირებასა და მოსახლეობაზე ზემოქმედების ბერკეტებს-შესაძლებლობას, მათ არ შეუძლიათ პოლიტიკურ გარემოზე ზემოქმედება, ხოლო რაიმეს შესაცვლელად ესაჭიროებათ დახმარება, რასაც ახორციელებენ კიდეც მესამე მხარეები (ა.შ.შ. და უკრაინა) და ცდილობენ ოპოზიციის შეგულიანებას, რათა მათ კვლავ გამოიყვანონ ხალხი გარეთ, მარტის აქციების მსგავსად, მაგრამ ესეც, დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მით უმეტეს, ამასთან დაკავშირებით „არასამთავროების“ რიგებშიც აზრთა სხვადასხვაობის ფონზე.

ასე რომ, ამ ეტაპზე ოპოზიციურ ჯგუფებს შორის თანხმობა საერთო ბლოკად გაერთიანებაზე მოსალოდნელი არ არის, მეტწილად ველოდებით სამ სხვადასხვა „პროდასავლურ-ოპოზიციურ“ ბლოკს – „ე.ნ.მ.“ თავისი სატელიტი-„პარტიუკებით“; მეორე იქნება ე.წ.“სამეული“ (+შესაძლოა „ლელო“); ხოლო მესამეს სავარაუდოდ ჩამოაყალიბებენ გიორგი გახარიას ირგვლივ, რომელიც წარმოადგენს ა.შ.შ.-ს ერთ-ერთ რჩეულ კანდიდატს (ნელნელა მატულობს ნინო ლომჯარიას, ირაკლი ალასანიას და სხვა აქტორების მედიურობა, რაც მეტყველებს მათ მოსალოდნელ პოლიტიკურ მომავალზე, შესაძლოა სწორედ გახარიას გარშემო).

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური საქმიანობის სრული კოლაფსის ფონზე, ოპოზიციაში მატულობს რადიკალური განწყობები და ისეთი მსხვილი ჯგუფები, როგორიც არის „ე.ნ.მ.“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და სხვები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას „რევოლუციის“ გარეშე ვერ მოერევიან, რის გამოც ელოდებიან ტრიგერ-ბიძგს, რომლის შექმნაზეც უკვე დიდი ხანია თავის მხრივ ზრუნავენ ა.შ.შ. და უკრაინა. ეს შესაძლოა იყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის (მაღალი ალბათობა) არმინიჭება, ევროვიზალიბერალიზაციის გაუქმება, სააკაშვილის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება ან მათთვის მიუღებელი რაიმე ახალი კანონპროექტი, ხოლო პარალელურად ველოდებით სექტორულ თავდასხმებს: სასამართლოზე, ძალოვან და საარჩევნო სტრუქტურებზე. ამას და ბევრ სხვა ახალ „ასაყირავებელ“ გარემოებას ჩვენ მალევე დავუბრუნდებით“, – წერს ქართველიშვილი.