„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მანდატი ფართოვდება – დეტალები

104
spot_img

ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსის ეკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება, რაც მათ დროულ ჩართულობას და რეაგირებას გულისხმობს.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განმარტა, ამ ცვლილებებით რეგულირების სააგენტოს მანდატი ფართოვდება და სანქციებიც იზრდება.

„განხილვის პროცესშია საკანონმდებლო ცვლილებები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ უფრო დროული რეაგირება და საქმიანობა შეეძლოს რეგულირების სააგენტოს. პარლამენტში მიმდინარეობს ამ პროექტის განხილვა. მნიშვნელოვანია ის, რომ თუ პაციენტი მომართავს რეგულირების სააგენტოს განცხადებით და საჩივრით, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლომ 72-საათის განმავლობაში შუამდგომლობა უნდა წარმოადგინოს რეგულირების სააგენტოში, ასევე მიაწოდოს მხარეებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს გარკვეულწილად აფერხებს რეგულირების სააგენტოს დროულ და ოპერატიულ საქმიანობას. დაუყოვნებლივ ვერ ვრეაგირებთ პაციენტის საჩივართან დაკავშირებით და მეორე, როდესაც მხარე შუამდგომლობის მისვლისთანავე ამ შემთხვევის შესახებ იგებს, რეგულირების სააგენტოს კომისიას რეალური ფაქტები აღარ ხვდება. იქ წესრიგდება დოკუმენტაციები, ექიმების განმარტებები, უკვე ინფორმაციული ხდება ეს საკითხი დაწესებულებისთვის, რაც რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი არ არის. ამ კანონპროექტის ცვლილების შემდეგ, გვექნება დროული რეაგირება და უფრო რეალური ფაქტი იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რომ პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ამ ცვლილებების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს შეეძლება მიმართოს დაწესებულებას, მოახდინოს ფოტო და ვიდეოგადაღება, ამოიღოს ნებისმიერი სახის მასალა, დალუქოს სამედიცინო დოკუმენტაცია, მოისმინოს ექიმებისგან განმარტებები თუ სხვა.

„ეს სააგენტოს საქმიანობას ძალიან ეფექტურს გახდის და რაც მთავარია, პაციენტებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე იზრდება საჯარიმო სანქციებიც.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს ადგილზე შეეძლება ელექტრონული ქვითრის ამოწერა და როცა სანებართვო პირობების შესრულებას შეამოწმებს, ადგილზევე მოახდენს რეაგირებას“, – ეკა ბოჭორიშვილმა.