Home Blog Page 2008

საქართველო „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის ოქმს შეუერთდა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველო „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილებას შეუერთდა. პლენარულ სხდომაზე აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის დადგენილებას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მონრეალის ოქმი 1987 წლიდან ახორციელებს ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების შემცირებისა და საბოლოოდ შეწყვეტის საქმიანობას. საქართველო მონრეალის ოქმის მხარე ქვეყანა 1996 წლიდან არის, 2016 წელს კი კიგალიში, მონრეალის ოქმის მხარეთა 28-ე შეხვედრაზე სრული კონსენსუსის საფუძველზე მიიღეს მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებები, რომელიც არეგულირებს არაოზონდამშლელი ნივთიერებების – ჰიდროფტორნახშირბადების წარმოებასა და მოხმარებას. კიგალის ცვლილებებთან შეერთებით გათვალისწინებული ძირითადი ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილია მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და საჭირო არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფა. ცვლილებასთან შეერთების შედეგად გასატარებელი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შესაბამისი არსებული კანონმდებლობის განახლება. შესაბამისად, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მხარდაჭერით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ლიცენზიებისა და ნებართვების, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების, გარემოს დაცვის შესახებ კანონებსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ეს კანონპროექტები პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

,,შუბითიძეს არანაირი შეხება არ ჰქონია ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან” – პროკურორი

პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს არანაირი შეხება არ ჰქონია ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან. პროკურორის განმარტებით, სერგო შუბითიძის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა. „სერგო შუბითიძეს გამოძიების მიერ დაესვა შესაბამისი კითხვები, გამოძიება გრძელდება და საქმეს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რასაც საზოგადოებას გავაცნობთ. დადასტურებულად რაც შემიძლია გითხრათ, არის, რომ სერგო შუბითიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან, ის წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ გამომძიებელს და მის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა. სამართლებრივ შეფასებაში იგულისხმება, რომ ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და თუ კონკრეტული პირის მიერ რომელიმე დანაშაული გამოიკვეთება, რასაკვირველია, დადგება შესაბამისი რეაგირება, რასაც მოგვიანებით გაცნობებთ. დეტალებს, რაც უშუალოდ საქმეს ეხება, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. სერგო შუბითიძის დაკითხვა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა პროკურორმა მარი მეშველიანმა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. ყოფილ გამომძიებელს დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც სერგო შუბითიძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განაცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. სერგო შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც შუბითიძემ აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

უკრაინელები კონტრშეტევას შემდგომ კვირებში გეგმავენ – ენტონი ბლინკენი

უკრაინელები კონტრშეტევას შემდგომ კვირებში გეგმავენ, ვნახოთ რა იქნება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ვიცით, რომ უკრაინელები კონტრშეტევას უახლოეს კვირებში გეგმავენ. ვნახოთ, აქედან რა გამოვა. საბოლოო ჯამში, ბრძოლის ველზე წარმატება – ეს საუკეთესო და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზაა მოლაპარაკებებისადმი, რომლებიც სამართლიან და მყარ მშვიდობამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც მშვიდობის გამყარებაში მონაწილეობს, უშუალოდ უკრაინულ მხარეს ესაუბრებოდეს.

ამ მხრივ, მან მშვიდობის მიღწევაში ჩინეთის შესაძლო როლზეც გააკეთა კომენტარი.

“ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის ვართ ღია, რომელიც საპასუხისმგებლო ძალისხმევას იღებს მშვიდობის მისაღწევად და ეს რამდენიმე საკითხით იწყება. უპირველეს ყოვლისა იმის აღიარებით, რომ საქმე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება, ამიტომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას ეს საფუძვლად უნდა ედოს”, – აღნიშნა ბლინკენმა.

,,უმრავლესობის ქმედებები პანიკური შიშით აიხსნება”- უსუფაშვილი

შალვა პაპუაშვილთან და მის კოლეგებთან სწორედაც საყმაწვილო იგავ-არაკებითაა ასახსნელი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა: „ბატონო დავით, თუ თქვენს მანდატს და ქვეყანას უფრო სერიოზულად მიუდგებით და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, მიხვდებით სად უნდა იდგეთ“. უსუფაშვილმა სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, რომელიმე მოსამართლე „აუცილებლად გატყდება“ და ხელისუფლების ქმედებებიც სწორედ პანიკური შიშითაა გამოწვეული. „რომელიმე მოსამართლე აუცილებლად გატყდება, რადგან ზოგი აღარაა მოსამართლე. ზოგი ისე გამოუშვეს იქიდან, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩემი ჯგუფელი და უახლოესი მეგობარი ახალგაზრდობიდან, ნინო გვენეტაძე იქიდან წამოსვლის შემდეგ ორჯერ მყავს ნანახი და ჩავთვალე, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა იმდენად ჩაიკეტა რაღაცით და ახლა ნელ-ნელა გამომზეურდა ამბები, რა ტიპის შანტაჟს და წნეხს ჰქონდა ადგილი. ახლა ნინო ჟურნალისტებს ეუბნება, რომ არა, არ გეტყვით, სახლში არ გიშვებთო. საგამოძიებო კომისიაში თუ მოხდება ნინო გვენეტაძის დაბარება, ვერ იტყვის არ მოვალო, რადგან თუ არ მოვა, მაშინ ძალიან მძიმე სასჯელი ელის. ვიღაცები, ვინც დღეს შესაძლოა დუმილს ამჯობინებენ, თუ დადგებიან ამ აუცილებლობის წინაშე, მაშინ შესაძლოა დუმილი აღარ იყოს მათთვის ნომერი პირველი არჩევანი და იმ დუმილის დარღვევის შემდეგ რაზე იქნება საუბარი? ჩინჩალაძემ მურუსიძეს რა უთხრა და მურუსიძემ ჩინჩალაძეს? თუ ჩინჩალაძე-მურუსიძეს რას ეუბნებოდნენ და როგორ დალაგდა სქემები ზემოდან? გაირკვევა მერე ზემოთ ვინ არიან. ამიტომ მათ თავიანთი ტყავი აშინებთ და მთელი უმრავლესობა ამიტომ ჰყავთ მძევლად. უმრავლესობაში უამრავი ადამიანია, ვისაც არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია არც „კლანთან“ და არც ამ ხალხთან, მაგრამ ვისაც შეხება ჰქონდა, მათ დასცხათ. ამ ტიპის ქმედებები, რაც ამ 2-3 კვირის განმავლობაში ჩაიდინეს, ერთადერთი რამით აიხსნება, პანიკური შიშით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, სასურველია, ვერძმა გააკონტროლოს თავისი ქმედებები და რეაქციები, მათ შორის, ყოველდღიურ ცხოვრებაში. უმჯობესია, არ გამოცადოთ სხვისი ერთგულება. თქვენმა გაუწონასწორებელმა საქციელმა შეიძლება, გამოიწვიოს არასასურველი საპასუხო რეაქცია. მაღალია ოჯახური და სამსახურებრივი ჩხუბის ალბათობა, არის სამართლებრივი საკითხების გამწვავების რისკი.

კურო

დღეს, მაღალია ალბათობა სახლში დაძაბული ურთიერთობების, ასევე, გამორიცხული არაა უსიამოვნებები სამსახურში, გზაზე ან ყოველდღიურ გარემოში. დღეს, ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტად აქტიურად არ ჩაერიოთ კამათში და შეეცადეთ, არ მიიღოთ მონაწილეობა სხვის “თამაშებში”, გარდა უკიდურესი შემთხვევებისა.

ტყუპები

ტყუპები, დღეს, არ უნდა დანებდნენ და თუმცა, იოლი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. იქნება დაბრკოლებები ან ემოციური გამოხდომები, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდება. მთავარია, სანამ თქვენი გეგმების განხორციელებას დაიწყებთ, წინასწარ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა “ჩიტი ბდღვნად”.

კირჩხიბი

დღეს კირჩხიბებს მოუწევთ ემოციების შეკავება, მაღალია, წვრილმანების გამო, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭების ალბათობა. თუმცა, ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ პრობლემების სწრაფად და მარტივად მოგვარებას შეძლებთ.

ლომი

დღეს, იარეთ მხოლოდ წინ და არაფრის შეგეშინდეთ. აიღეთ რთული საქმეები. წარმატება იქნება, შესაძლოა, სწრაფად არა, მაგრამ ყველა საქმე, რასაც დღეს დაიწყებთ, წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული

დღეს, მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაფუჭების რისკი მაღალია. შეეცადეთ, დათვალოთ ათამდე ემოციური პიკის დროს – ეს დაგეხმარებათ, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. ნუ აიღებთ ახალ დავალებებს, პროექტებს. დღევანდელი ჰოროსკოპი ქალწულებს ურჩევს, საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას, ახლა დიდი შანსია, შთაბეჭდილება მოახდინოთ საჭირო ადამიანებზე.

სასწორი

დღეს, სასწორებს შესაძლოა, გაუჭირდეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა – კონფლიქტები მოსალოდნელია ყველა მხრიდან. ამიტომ, კარგი აზრია, ბევრი ხალხისგან შორს ყოფნა, განმარტოება და მშვიდად ყოფნა. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ფული ან კარიერა. საღამო კარგი დროა ძველ მეგობართან შეხვედრისთვის.

მორიელი

დღეს, მორიელებს წესების დარღვევის სურვილი გაუჩნდებათ, რაც, სავარაუდოდ, პრობლემებს შექმნის. ამიტომ,  აკონტროლეთ თავი და ნუ გახვალთ დასაშვებ ზღვარს მიღმა. ნერვებს წვრილმანებიც კი მოგიშლით. ამიტომ, შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მშვიდად და განმარტოებით. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილება.

მშვილდოსანი

დღეს მშვილდოსანს ყველა კუთხეში პრობლემები ელის. საერთო ენის გამონახვა საყვარელ ადამიანებთანაც კი გართულდება. საბედნიეროდ, ასეთი უსიამოვნებები მხოლოდ დღისით იქნება – ღამით ტენდენციები შეიცვლება და ყველაფერი მშვიდ კალაპოტში ჩადგება. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, არ დაიწყოთ სერიოზული საქმეები – უმჯობესია, გადადოთ ისინი ხვალისთვის.

თხის რქა

დღეს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, თუ “გზიდან გადახვევას” აპირებთ, შესაძლოა, არასწორი მიმართულებით წახვიდეთ. გააკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები. უმჯობესია, საქმიანი მოლაპარაკებები, რთული ამოცანები ხვალისთვის გადაიტანოთ, ახლა ამისთვის საჭირო ენერგია არ გაქვთ.

მერწყული

დღეს, თქვენ და თქვენი თანამოსაუბრეები სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სიჩუმეში, დაისვენეთ. რაც შეეხება სამუშაოს, ახლა თქვენ ყველაფერს წარმატებით უმკლავდებით. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, სამსახურში გამოავლინოთ თქვენი დადებითი მხარეები, ეს ახალ შემოთავაზებებს მოგიზიდავთ.

თევზები

დღეს, დიდი დატვირთვა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას დააზარალებს. სამსახურში კრეატიულობა გამოიჩინეთ, დღეს, შანსი გაქვთ, ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, გარშემომყოფებთან აქტიურ კომუნიკაციას.

„რუსეთს არ სურს ომი ნატოსთან ან აშშ -თან და პირიქით” – გენერალი მარკ მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა მიმდინარე წელს პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწევენ.

„მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარის მიერ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ალბათობა, ეს ძალიან რთული იქნება და გულწრფელად რომ ვთქვათ, არ მგონია ამის ალბათობა მიმდინარე წელს იყოს. ჩემი აზრით, რუსებმა უზარმაზარი ზიანი განიცადეს. მათი დანაკარგები დიდია. მათი ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. მათი სახმელეთო ძალები, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დაზარალდა“, – აღნიშნა მარკ მილიმ გამოცემა Foreign Affairs-თან ინტერვიუში.

„ვფიქრობ, რომ რაციონალური ხალხი, როგორც რუსეთის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი, დასკვნამდე მივა – ვფიქრობ, თვეების განმავლობაში ან ერთი ან ორი წლის განმავლობაში – ისინი დაასკვნიან, რომ დანახარჯი აღემატება სარგებელს, და რაღაცის გაკეთების დრო დადგება, ყოველ შემთხვევაში, მოლაპარაკების თვალსაზრისით. ეს დრო შეიძლება ახლა არ იყოს – აზრების წაკითხვა არ შემიძლია. არ ვიცი, როდის იქნება პუტინი მზად ამის გასაკეთებლად, მაგრამ გარკვეულ მომენტში, თუ ის რაციონალურია, მან ეს უნდა გააკეთოს. მას შეეძლო ამის გაკეთება ამაღამ. მას შეეძლო ომის დასრულება ამაღამ. რა თქმა უნდა, მას რუსული პოლიტიკის შიგნით პოლიტიკური შეზღუდვები აქვს. მაგრამ მათ მოუწევთ ამის გარკვევა, რადგან ისინი ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა.

გენერალმა მარკ მილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას ინტერესებშია სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს.

„რუსეთს არ სურს ომი ნატოსთან ან შეერთებულ შტატებთან, ხოლო ნატოს და შეერთებულ შტატებს არ სურთ ომი რუსეთთან. ასე რომ, ამ კუთხით ეს ყველას ინტერესებშია და უკრაინას რა თქმა უნდა არ სურს ომის ასეთი მასშტაბები მის ტერიტორიაზე. ასე რომ, ყველას ინტერესებშია, რომ არ მოხდეს ესკალაცია. ესკალაციის შესაძლებლობა ძალიან რეალურია. ომები უაღრესად ემოციურია. არის უზარმაზარი შიში, არის სიამაყე, არის ინტერესი, ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება, სხვადასხვა ხარისხით. ასე რომ, ესკალაციის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ნიკა მელია პარტიის შექმნას გეგმავს

„მე ინფორმაცია მაქვს, რომ ახალი პარტიები იქმნება, 2 პარტიაზეა საუბარი“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ერთ-ერთი პარტიის შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ დაგეგმილი, სამნიძემ უპასუხა:

„არის საუბარი, რომ ნიკა მელიამ შესაძლოა, შექმნას პარტია. მე გავიგე ამის შესახებ“, – აღნიშნა სამნიძემ.

,,ეს იყო სისხლიანი რეჟიმის დანაშაული”- გოგა ხაინდრავა „კორტების ოპერაციაზე“

ე.წ. კორტების ოპერაციიდან 17 წელი გავიდა. მაშინ სააკაშვილის რეჟიმსა და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა – 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვი, რომლებსაც ათობით ნატყვიარი აღენიშნებოდათ.

თუმცა 2012 წლის შემდეგ, ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე პირად შურისძიებას, განზრახ მკვლელობასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ეხებოდა.

„ქალაქის პოლიციის უფროსი გამოდის და იძახის, რომ ბინის გატეხვის თავიდან ასაცილებლად 380 ტყვია გაისროლეს ქალაქის ცენტრში. ამ დროს კორტებზე ვარჯიში მიდიოდა, ბავშვები გამოჰყავდათ სკოლებიდან. ეს იყო სისხლიანი რეჟიმის დანაშაული. მოტივი იყო რეჟიმის ბუნება. რეჟიმის ბუნება იყო მკვლელების ბუნება. ეს იყო დადგმული, თავიდან ბოლომდე “, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

,,ჩვენი წვლილი დასავლეთის მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმიანება კამპანიას, რომ თითქოს საქართველო ნატოსთან არ თანამშრომლობს. შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების სიას, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო ნატოს 31 ქვეყნიდან უსწრებს 28 ქვეყანას, ხოლო პარტნიორი ქვეყნების სიაში პირველია. ,,საქართველო დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მშვიდობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით გლობალური წესრიგის განმტკიცების საქმეში. ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შეუპოვრობით მოვემზადოთ და ვიბრძოლოთ, როცა ეს საჭიროა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

,,ჯერ ნახევარი წელი არკვევდნენ – ლეგიტიმური დეპუტატები არიან თუ არა”- ქართველიშვილი

საკუთარი რიგებიდან შეარჩიეს ყველაზე „ჭკვიანი და გამოცდილი“ (დავით უსუფაშვილი), რომელმაც А4 ფორმატის ფურცელზე საგულდაგულოდ რაღაც ტექსტი მოამზადა 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით და რაღაცის მოთხოვნა გადასცა შალვა პაპუაშვილს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“, – ასე გამოეხმაურა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის ქმედებებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ ისარგებლა კიდევ ერთი შანსით და საკუთარი პროცედურული უფლება ჩააგდო.

„ვინ ვართ, რანი ვართ, სად ვართ, რატომ ვართ, ვაართ კი, როგორ ვართ“ – დღეს ამ საკითხებზე მსჯელობდნენ ერთპროცენტიანი რეიტინგის მქონე ოროსანი დეპუტატები, რომლებმაც ან არ იცოდნენ, ან დაეზარათ, ან სპეციალურად ჩააგდეს თავისივე პროცედურული უფლება და მოვალეობა: ბიუროზე ხელახლა დაერეგისტრირებინათ საკუთარი მოთხოვნა საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე. სესიის მიმდინარეობისას, პარლამენტის თავმჯდომარემაც კი კიდევ ერთი პროცედურული შესაძლებლობა მისცა უიღბლო საპარლამენტო „გამომძიებლებს“ – უშუალოდ მისთვის მიემართათ თავისი „გულისტკივილით“, თუმცა თუ „ფიზიკაში“ ხარ ოროსანი, დიდი ალბათობით ეს ნიჭი „ქიმიაშიც“ გამოგყვება. ვერ ისარგებლეს კიდევ ერთი შანსით.

ასეა თუ ისე – ვერც კომისია შექმნეს და ვერც ამ ტექსტის თავში დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ამიტომ საკუთარი რიგებიდან შეარჩიეს ყველაზე „ჭკვიანი და გამოცდილი“ (დავით უსუფაშვილი), რომელმაც А4 ფორმატის ფურცელზე საგულდაგულოდ რაღაც ტექსტი მოამზადა 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით და რაღაცის მოთხოვნა გადასცა შალვა პაპუაშვილს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. საკუთარი გამბედაობა უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“ დაემუქრა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილით „კონსტიტუციის დარღვევის“ გამო, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ საბავშვო კონსტიტუციაზე დაყრდნობა ქვეყნის პარლამენტში არასერიოზული უწოდა.

ასე რომ ზემოაღნიშნული კითხვები საკუთარ თავთან, ოპოზიციას კვლავ პასუხგაუცემელი დარჩათ. ჯერ ნახევარი წელი არკვევდნენ – ლეგიტიმური დეპუტატები არიან თუ არა, „გაყალბებული“ თუ „გაუყალბებელი“ არჩევნების შედეგად. ბანკიდან პირველივე სადეპუტატო ხელფასის ჩარიცხვის შესახებ SMS-მა მათი ეჭვები ნაწილობრივ გაფანტა. შემდეგ ზოგიერთი თავისი კოლეგის ხან მანდატის, ხან პარტიული სიების გაუქმების, ხან ბოიკოტის გამოცხადების, ხან ბოიკოტის შეწყვეტის პროცესებს ადევნებდნენ თვალყურს და ამ „ღვაწლში“ რამდენჯერ რა ინიციატივით გამოვიდნენ, იმდენჯერ „ფეხი მოიტეხეს“ ჯერ კიდევ სარეგლამენტო-საპროცედურო სტადიაზე. დღეს სახლში ვინ ვის როგორ შეხვდება არ ვიცი, მაგრამ განრისხებულ კელი ბიცოლას ცოტა ხანი სჯობს არ დაენახონ“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტი არის მანიპულირება”- ცერცვაძე

„მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრის „ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომ „სახელმწიფოსა და დარგის სპეციალისტების ძალისხმევით C ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში 67%-ით არის შემცირებული“ შეფასებულია, როგორც მანიპულირება იმ საბაბით, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნეები დღემდე ბოლომდე შესრულებული არ არის.

სინამდვილეში სწორედ „ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტი არის მანიპულირება, რომელიც მიზნად ისახავს მთელს მსოფლიოში სამაგალითოდ მიჩნეული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დისკრედიტაციას და მოსახლეობის იმაში დარწმუნებას, რომ დღევანდელ საქართველოში და კონკრეტულად ჯანდაცვაში არ შეიძლება რაიმე კარგად ან ძალიან კარგად კეთდებოდეს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.

„სადღეისოდ საქართველოში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტზე გამოკვლეულია 2 600 000 უნიკალური პირი, რაც მთლიანი მოზრდილი მოსახლეობის 92%-ს შეადგენს. ნამკურნალევი და განკურნებულია 80 ათასამდე ავადმყოფი (ნამკურნალევ ავადმყოფებში განკურნება 99%-ია, როცა სამიზნე მაჩვენებელი მხოლოდ 95% იყო). საქართველოში არ მოიძებნება სხვა რომელიმე ცალკე აღებული ჯანდაცვითი პროექტი (საყოველთაო ჯანდაცვას თუ არ ჩავთვლით), რომელსაც ამდენი ავადმყოფის სიცოცხლე გადაერჩინოს და მოსახლეობისთვის ამდენი სიკეთე მოეტანოს.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს – მინისტრის განცხადებაში გაჟღერებული ფაქტი, რომ C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით არის შემცირებული, არის არა მანიპულირება, არამედ აბსოლუტური ჭეშმარიტება. კერძოდ: 2015 წელს ამერიკის CDC-ის და საქართველოს NCDC-ის ერთობლივი კვლევით დადგენილი იყო, რომ საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტი ჰქონდა ზოგადი მოსახლეობის 5.4%-ს, ხოლო 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული ზუსტად იგივე ტიპის კვლევამ უჩვენა, რომ ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება მოსახლეობაში იყო სულ 1.8%, ანუ შემცირებული იყო 67%-ით. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო კვლევის შემდეგ თითქმის 2 წელია გასული და ძალიან დიდი ალბათობით სადღეისოდ ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება კიდევ უფრო მეტად იქნება შემცირებული. რაც შეეხება პროგრამასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს, მინისტრი თავის განცხადებაში მათ საერთოდ არ შეხებია და შესაბამისად, რაიმე მანიპულირებაზე ლაპარაკი ვერ იქნება.

პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით კი სინამდვილე ასეთია:

მსოფლიო გამოცდილებით ისეთი მეგაპროექტები, როგორიც C ჰეპატიტის ელიმინაციაა, თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერასოდეს ეტევა, მაგრამ ამბიციური ორიენტირების დასახვა მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ შემთხვევაშიც ასე იყო. ამერიკულმა მხარემ საქართველოსთან პროგრამის რეალურად შესრულებაზე ხელშეკრულება თავიდანვე, ხაზს ვუსვამ თავიდანვე, გააფორმა არა ხუთი წლის, არამედ ათი წლის ვადით, ანუ 2025 წლამდე (და არა 2020 წლამდე) და სწორედ ამ ვადებში უნდა შესრულდეს პროგრამის სამიზნეები. რაც შეეხება 2020 წელს, ეს იყო საქართველოს ამბიციური პირობითი/წინასწარი ორიენტირები ქვეყნის შიგა მოხმარებისთვის და ძალისხმევის მობილიზებისთვის და არავითარი ვალდებულება 2020 წლისთვის პროგრამის უცხოელი პარტნიორების წინაშე ქვეყანას არ ჰქონია. ასეთი ვალდებულებები ქვეყანას აქვს მხოლოდ 2025 წლისთვის და ეს ოფიციალურად ასახულია პროგრამის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტში.

ცნობისთვის, ჯანმოს ჰეპატიტების გლობალური სტრატეგია მხოლოდ 2030 წლისთვის ითვალისწინებს C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების (ისიც მხოლოდ ახალი შემთხვევევის და არა გავრცელების) შემცირებას 90%-ით. ამასთან ჯანმომ კარგად იცის, რომ ქვეყნების დიდი უმეტესობა ამ ვადებშიც ვერ ჩაეტევა, მაგრამ საჭიროდ თვლის, რომ ამბიციური მიზნები და ორიენტირები იყოს დასახული. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენი პროგრამა უწყვეტად გრძელდება და ჩვენი ამერიკელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან (ამერიკის CDC, საერთაშორისო ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი – TAG, კომპანია Gilead) რომლებიც პროგრამის უმკაცრეს და დეტალურ მონიტორინგს ახორციელებენ, არცერთ ეტაპზე არცერთი, თუნდაც მინიმალური პრეტენზიაც კი არ გამოთქმულა. პირიქით – ისინი ყველა ეტაპზე თვლიდნენ და თვლიან, რომ პროგრამა მოსალოდნელზე მეტი წარმატებით სრულდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ COVID პანდემიის გამო თითქმის 3 წელი პრაქტიკულად დავკარგეთ. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, წარუმატებელი პროგრამისთვის და ცუდი მენეჯმენტის შემთხვევაში კომპანია Gilead ასეთ სერიოზულ ინვესტიციებს აღარ გააგრძელებდა. რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2025 წლისთვის წარმატებით შესრულდება – ის, რომ პროგრამის დაწყებიდან 6 წლის მანძილზე (2015-დან 2021 წლამდე) მოხერხდა ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფთა რაოდენობის 67%-ით (1.8%-მდე) შემცირება და პროგრამის მთავარ სამიზნე ნიშნულამდე (C ჰეპატიტის გავრცელების 90%-ით – ანუ 0.5%-მდე შემცირება 2025 წლისთვის) დარჩენილია მხოლოდ 23% (სადღეისოდ, ალბათ კიდევ უფრო ნაკლები), რისი შესრულებაც დარჩენილ დროში პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან ძალისხმევა ძირითადად კონცენტრირებულია სწორედ იმ პირებზე, რომელთაც დადგენილი აქვთ C ჰეპატიტის დიაგნოზი, მაგრამ უარს აცხადებენ შემდგომ კვლევებსა და მკურნალობაზე. სამწუხაროდ, ასეთი ავადმყოფები არც თუ ისე ცოტაა. პაციენტების დამყოლობა ერთ-ერთი ყველაზე ძნელი პრობლემაა და არამარტო C ჰეპატიტის და არამარტო საქართველოს შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოსგან განსხვავებით სხვა ქვეყნებში, როგორც წესი, მკურნალობენ მხოლოდ იმ C ჰეპატიტით ავადმყოფებს, რომლებიც თვითონ მიმართავენ ექიმს და გამოთქვამენ გამოკვლევის და მკურნალობის სურვილს. საქართველოში კი ხდება C ჰეპატიტით ავადმყოფების აქტიური გამოვლენა (მოძიება) მთელი მოსახლეობის სკრინინგით, მათ შორის კარდაკარ ჩამოვლით და ყველა გამოვლენილი C ჰეპატიტით ავადმყოფის დარწმუნება, რომ ჩაიტარონ მკურნალობა. სწორედ ეს არის ძირითადი განსხვავება C ჰეპატიტის ელიმინაციასა და C ჰეპატიტის მკურნალობაზე გაფართოებულ ხელმისაწვდომობას შორის. პაციენტთა დამყოლობის გაზრდის მიზნით ჩვენ გავაფართოვეთ სერვისების მიწოდება პირველადი ჯანდაცვის რგოლებსა და სათემო ორგანიზაციებში, რაზეც რამდენიმე წლის წინ ოცნებაც კი არ შეიძლებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 11 აპრილს ქ ვენაში ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL) ღვიძლის საერთაშორისო ფონდმა საქართველო (პირველად მსოფლიოში) დააჯილდოვა ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ბრწყინვალების ცენტრის (Centre of Excellence in Viral Hepatitis Elimination) სტატუსით. 2021 წელს აშშ CDC-იმ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გუნდს გადასცა ჯილდო – აშშ CDC-თან ბრწყინვალე პარტნიორობისთვის (The Excellence in Partnering award from the US CDC to Georgian Hepatitis C Elimination team.), ხოლო 2023 წელს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმოს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა (ასეთი ევროპაში სულ ორია: ბერლინსა და თბილისში). 2022 წლის 20 სექტემბერს ქ. ნიუ იორკში გაეროს 77-ე გენერალური ასამბლეიის სესიის დღეებში გაიმართა ჰეპატიტების ელიმინაციის გაეროს ქარტიის „მეგობართა ჯგუფის“ დაფუძნების საინიციატივო ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრა, რომლის ძირითადი მიზანი იყო მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის, როგორც გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობა, მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ყველაზე წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების გზით. შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში გლობალური ლიდერი ქვეყნის სტატუსით (“Georgia is a global leader in hepatitis C elimination”) მიწვეული იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბ-ნი ზურაბ აზარაშვილი, რომელსაც წილად ხვდა პატივი შეხვედრაზე გაეკეთებინა მოხსენება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელის შესახებ და სპეციალური მიმართვით მიემართა მსოფლიო ქვეყნებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის ძალისხმევის გაერთიანების მოწოდებით. აღარაფერს ვამბობ ამერიკული მხარის მიერ პროგრამის შესრულებაში მონაწილე დაწესებულებებისა და ცალკეული სპეციალისტებისათვის გაცემულ გრანტებსა და წახალისებებზე, რომლებიც დღემდე გრძელდება.

ელემენტარულია, რომ პროგრამის ცუდად შესრულებისა და ცუდი მენეჯმენტისთვის (როგორც ეს „ფაქტ-მეტრს“ უნდა წარმოადგინოს) ასეთი მაღალ ჯილდოებს და აღიარებას არ იძლევიან. შეადარეთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციების და „ფაქტ-მეტრის“ შეფასებები და დასკვნები თვითონ გააკეთეთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციაში მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად არა მხოლოდ ქვეყნის მცირე მასშტაბის და C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების (ასეთი ქვეყნები სხვებიც არის) გამო შეირჩა, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ ამერიკულმა მხარემ და საერთაშორისო ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ საქართველო სხვა ქვეყნებზე (მათ შორის განვითარებულ ქვეყნებზე) უკეთ შეძლებდა ამ პროგრამის შესრულებას და ისინი ქვეყნის შესაძლებლობებს პროგრამის დაწყებამდე თითქმის ერთი წელი ამოწმებდნენ. სხვანაირად რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციებს მაინცდამაინც საქართველოსთვის არავინ გაიღებდა.

საქართველო შეზღუდული ეკონომიკური რესურსების მქონე განვითარებადი ქვეყანაა და ამიტომ მისი ჯანდაცვა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვასთან შედარებით. მით უფრო დასაფასებელია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში საქართველო აღიარებულია მსოფლიო ლიდერ ქვეყნად, ხოლო თვით პროგრამამ საქართველოს მოსახლეობას უდიდესი, ფასდაუდებელი სიკეთე მოუტანა.

ზოგადად ბოლო წლებში ქვეყნის ჯანდაცვაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რასაც მოსახლეობა თავის თავზე გრძნობს. მოსახლეობას აღარ ეშინია ავად გახდომის და იმისთვის, რომ მკურნალობისთვის სახლების გაყიდვა მოუწევს. ამჟამად ჯანდაცვაში მიმდინარეობს რიგი სიღრმისეული სისტემური რეფორმები (მედიკამენტებზე ფასების შემცირება, საყოველთაო ჯანდაცვაში DRG მოდელზე გადასვლა, ინფექციების კონტროლი და ანტიმიკრობული რეზისტენტობა, B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება და სხვ.), რომელთა დამთავრების შემდეგ ქვეყანა მიიღებს განახლებულ, კიდევ უფრო ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის ჯანდაცვას“, – აღნიშნულია ცერცვაძის განცხადებაში.

ევროკომისიამ უკრაინიდან ევროპის ხუთ ქვეყანაში მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა

ევროკომისიამ უკრაინიდან აღმოსავლეთ ევროპის ხუთ ქვეყანაში მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა. ზომები ეხება მხოლოდ ოთხ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს – ხორბალს, სიმინდის, რაფსს და მზესუმზირას თესლს.

ამ პერიოდის განმავლობაში, უკრაინული ხორბალი, სიმინდი, რაფსი და მზესუმზირას თესლი თავისუფალ მიმოქცევაში იქნება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, გარდა ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთისა.

ამავდროულად, მარცვლეულის ტრანზიტული გადაზიდვა აღნიშნული ქვეყნების გავლით კვლავ შესაძლებელი იქნება.

ზომები ძალაში 2 მაისს შევა და 2023 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვები შესაძლოა, 5 ივნისის შემდეგაც გაგრძელდეს.