პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველო „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილებას შეუერთდა. პლენარულ სხდომაზე აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის დადგენილებას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მონრეალის ოქმი 1987 წლიდან ახორციელებს ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების შემცირებისა და საბოლოოდ შეწყვეტის საქმიანობას. საქართველო მონრეალის ოქმის მხარე ქვეყანა 1996 წლიდან არის, 2016 წელს კი კიგალიში, მონრეალის ოქმის მხარეთა 28-ე შეხვედრაზე სრული კონსენსუსის საფუძველზე მიიღეს მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებები, რომელიც არეგულირებს არაოზონდამშლელი ნივთიერებების – ჰიდროფტორნახშირბადების წარმოებასა და მოხმარებას. კიგალის ცვლილებებთან შეერთებით გათვალისწინებული ძირითადი ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილია მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და საჭირო არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფა. ცვლილებასთან შეერთების შედეგად გასატარებელი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შესაბამისი არსებული კანონმდებლობის განახლება. შესაბამისად, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მხარდაჭერით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ლიცენზიებისა და ნებართვების, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების, გარემოს დაცვის შესახებ კანონებსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ეს კანონპროექტები პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.
Home სიახლეები საზოგადოება საქართველო „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის ოქმს შეუერთდა