,,ჯერ ნახევარი წელი არკვევდნენ – ლეგიტიმური დეპუტატები არიან თუ არა”- ქართველიშვილი

73
spot_img

საკუთარი რიგებიდან შეარჩიეს ყველაზე „ჭკვიანი და გამოცდილი“ (დავით უსუფაშვილი), რომელმაც А4 ფორმატის ფურცელზე საგულდაგულოდ რაღაც ტექსტი მოამზადა 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით და რაღაცის მოთხოვნა გადასცა შალვა პაპუაშვილს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“, – ასე გამოეხმაურა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის ქმედებებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ ისარგებლა კიდევ ერთი შანსით და საკუთარი პროცედურული უფლება ჩააგდო.

„ვინ ვართ, რანი ვართ, სად ვართ, რატომ ვართ, ვაართ კი, როგორ ვართ“ – დღეს ამ საკითხებზე მსჯელობდნენ ერთპროცენტიანი რეიტინგის მქონე ოროსანი დეპუტატები, რომლებმაც ან არ იცოდნენ, ან დაეზარათ, ან სპეციალურად ჩააგდეს თავისივე პროცედურული უფლება და მოვალეობა: ბიუროზე ხელახლა დაერეგისტრირებინათ საკუთარი მოთხოვნა საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე. სესიის მიმდინარეობისას, პარლამენტის თავმჯდომარემაც კი კიდევ ერთი პროცედურული შესაძლებლობა მისცა უიღბლო საპარლამენტო „გამომძიებლებს“ – უშუალოდ მისთვის მიემართათ თავისი „გულისტკივილით“, თუმცა თუ „ფიზიკაში“ ხარ ოროსანი, დიდი ალბათობით ეს ნიჭი „ქიმიაშიც“ გამოგყვება. ვერ ისარგებლეს კიდევ ერთი შანსით.

ასეა თუ ისე – ვერც კომისია შექმნეს და ვერც ამ ტექსტის თავში დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ამიტომ საკუთარი რიგებიდან შეარჩიეს ყველაზე „ჭკვიანი და გამოცდილი“ (დავით უსუფაშვილი), რომელმაც А4 ფორმატის ფურცელზე საგულდაგულოდ რაღაც ტექსტი მოამზადა 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით და რაღაცის მოთხოვნა გადასცა შალვა პაპუაშვილს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. საკუთარი გამბედაობა უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“ დაემუქრა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილით „კონსტიტუციის დარღვევის“ გამო, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ საბავშვო კონსტიტუციაზე დაყრდნობა ქვეყნის პარლამენტში არასერიოზული უწოდა.

ასე რომ ზემოაღნიშნული კითხვები საკუთარ თავთან, ოპოზიციას კვლავ პასუხგაუცემელი დარჩათ. ჯერ ნახევარი წელი არკვევდნენ – ლეგიტიმური დეპუტატები არიან თუ არა, „გაყალბებული“ თუ „გაუყალბებელი“ არჩევნების შედეგად. ბანკიდან პირველივე სადეპუტატო ხელფასის ჩარიცხვის შესახებ SMS-მა მათი ეჭვები ნაწილობრივ გაფანტა. შემდეგ ზოგიერთი თავისი კოლეგის ხან მანდატის, ხან პარტიული სიების გაუქმების, ხან ბოიკოტის გამოცხადების, ხან ბოიკოტის შეწყვეტის პროცესებს ადევნებდნენ თვალყურს და ამ „ღვაწლში“ რამდენჯერ რა ინიციატივით გამოვიდნენ, იმდენჯერ „ფეხი მოიტეხეს“ ჯერ კიდევ სარეგლამენტო-საპროცედურო სტადიაზე. დღეს სახლში ვინ ვის როგორ შეხვდება არ ვიცი, მაგრამ განრისხებულ კელი ბიცოლას ცოტა ხანი სჯობს არ დაენახონ“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.