Home Blog Page 2007

ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 22 მაისიდან ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთი სიახლით სარგებლობა შეეძლებათ. კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდი QR კოდის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს QR კოდის სკანირებით მარტივად შეეძლება ტაქსის მომსახურების ღირებულების გადახდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ტაქსის მძღოლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, გადაეცემათ ბრენდირებული QR კოდები, რომლებიც განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე.

მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანირებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე.

თბილისის მერიის ინიციატივით, კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და სერვისის გაწევა შესაძლებელი იქნება ქალაქ თბილისის მერიის შემდეგ სერვის ცენტრებში:
• თბილისის მერიის სერვის ცენტრი – ჟ.შარტავას ქ. N7;
• სამგორის სერვის ცენტრი – მოსკოვის გამზირი N14;
• გლდანის სერვის ცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ.

აპლიკაცია, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება

რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია სპეციალური აპლიკაციის – „ფიქს თბილისის“ შესახებ, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა. ეს არის მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიკური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის ინფორმირება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი პირი შეძლებს, დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი.

„აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის სამსახურს, რომლის მხრიდან მოხდება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.

აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიულები და ამასთან, გავზარდოთ იმ საკითხების ნუსხა, რომლის დაფიქსირებასაც შეძლებს მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით. ეს აპლიკაცია უნდა ამოქმედებულიყო პირველი მაისიდან, თუმცა google play store-ის და app store-ის ვერიფიკაციის პროცესის გამო, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, აპლიკაცია ამოქმედდება 15 მაისიდან. ამ პერიოდიდან მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დააფიქსირონ პრობლემა რომელიმე კატეგორიაში, ატვირთონ ფოტო, დაურთონ დამატებითი ტექსტური ინფორმაცია პრობლემის უკეთ აღწერის მიზნით და მასზე რეაგირება დაიწყება ოპერატიულად, შესაბამისი სამსახურის მიერ.

ვიმედოვნებ, აღნიშნული აპლიკაციის დახმარებით, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება მუნიციპალიტეტის რეაგირება პრობლემებზე და მოსახლეობასთან ჩვენი კომუნიკაცია“, – განაცხადა კალაძემ.

” კელი დეგნანი მომენტალურად უბრუნდება და ხელს აჭერს ღილაკ ALARM-ს, როგორც კი მის ბოროტების „მატრიცაში“ მორიგი ხარვეზი იჩენს თავს”- ქართველიშვილი

„საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მწვავე ფაზაში გადასაყვანად, ყველა საერთაშორისო რესურსი რომ ჩართო მარტის თვეში: სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაწყებული, აშშ-ს კონტროლირებადი ვასალებით (ევროკავშირის ელჩები) დამთავრებული – და მაინც ვერ გამოუვიდა, მის მიერ გაჩაღებულ და ჩვენს მიერ ჩამქრალ ცეცხლს, კვლავ ცდილობს ნავთი გადაასხას. ვერც ამ ჯერზე გამოუვა რამე”, – ასე გამოეხმაურა კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, კელი დეგნანი განრისხებულია ოპოზიციის უნიათობით და ქართული საზოგადოების განწყობებით.

„საპარლამენტო ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, კელი დეგნანი განრისხებული რომ დარჩებოდა საკუთარი შეგირდების უნიათობით, ადვილად პროგნოზირებადი იყო. ოღონდ, რეალურად რამ მიიყვანა ის გაღიზიანების უკიდურეს სტადიამდე, ამაზე ამ პოსტის ბოლო წინადადებაში დავწერ. ველოდებოდით, რომ მისი ამ რისხვის კალაპოტი კვლავ ცილისწამებით, გესლით, ბოროტებით და უნამუსობით გაივსებოდა და რა თქმა უნდა, ამ ჯერზეც, ჩვენს წინააღმდეგ. ამაში ქართულ საზოგადოებასთან მისი მხრიდან “წესების გარეშე” ბრძოლის პრაქტიკამ უკვე არაერთგზის დაგვარწმუნა. სიტყვებიც აღარ გყოფნის, ეს დამანგრეველი ნიაღვარი რომ გააჩერო, ალბათ რაღაც საქმეზე გადასვლის შანსი გვქონდა, რომელიც ამჟამად სამუდამოდ დაკარგულია. 2022 წლის ივლისის თვის პატარა (6,5 მილიონი მოსახლეობა) ნიკარაგუას დემარში გამახსენდა: სენატში მიმდინარეობდა ამ ქვეყანაში ამერიკის ელჩობის ახალი კანდიდატის, უგო როდრიგესის მოსმენები. შეუნიღბავად, უგო როდრიგესმა პირდაპირ განაცხადა ნიკარაგუაში თავის ანტისახელისუფლებო მისწრაფებების თაობაზე და ამ “საპატიო” მისიის შესასრულებლად, დაასახელა აშშ-ს ძირითადი საყრდენი ქვეყანაში: USAID, NED და Freedom House. ამ აღიარებითი ჩვენებების ფონზე, ნიკარაგუამ მას “აგრემანი” არ გადასცა და ქვეყანაში არ შეუშვა.

საინტერესო იქნებოდა ჩვენი რეაქცია, კელი დეგნანს საქართველოში ჩამოსვლამდე რომ ელაპარაკა ღიად და ხმამაღლა, თუ რას გვიპირებდა სინამდვილეში. ელაპარაკა ის, რაც მორიგ ჯერზე განაცხადა გუშინ: “რა კარგია, რომ ქართველმა ხალხმა ამ “რუსეთუმეებს” ეს “რუსული კანონი” არ მიაღებინა”. და ამის შემდეგ ჩართო თავისი მაპროვოცირებელი, “ლუციფერისეულ” სიცრუეზე აგებული ლექსიკა: „ისევე, როგორც რუსეთში, აქაც მოხდებოდა ყველა იმ „კეთილშობილი” ორგანიზაციის განდევნა, რომლებიც დილიდან საღამომდე მხოლოდ ქართველ ფერმერებზე, სტუდენტებზე, უმცირესობების უფლებებზე, ხელმოკლე ოჯახებზე, შშმ პირებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბაზრების დივერსიფიკაციაზე ზრუნავენ”. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მწვავე ფაზაში გადასაყვანად, ყველა საერთაშორისო რესურსი რომ ჩართო მარტის თვეში: სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაწყებული, აშშ-ს კონტროლირებადი ვასალებით (ევროკავშირის ელჩები) დამთავრებული – და მაინც ვერ გამოუვიდა, მის მიერ გაჩაღებულ და ჩვენს მიერ ჩამქრალ ცეცხლს, კვლავ ცდილობს ნავთი გადაასხას. ვერც ამ ჯერზე გამოუვა რამე.

დააკვირდით ერთ რამეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული, ეროვნული კანონპროექტი დაგეგმილი უბედურების თავიდან აცილების მიზნით, გამოვიწვიეთ და მეტი რაღა გაგვეკეთებინა – ამ თემას კელი დეგნანი მომენტალურად უბრუნდება და ხელს აჭერს ღილაკ ALARM-ს, როგორც კი მის ბოროტების “მატრიცაში” მორიგი ხარვეზი იჩენს თავს, როგორც კი მორიგ საფრთხეს ან მარცხის აჩრდილს აწყდება. საკუთარი ლაქია-ფროილინებით, დაგეშილი ზომბების მეშვეობით და რა თქმა უნდა, პირადად, გადმოდის მორიგ უსუსურ შეტევაში, მაგრამ ბოროტების რეგენერაციის ეს პროცესი საქართველოში უსასრულოდ ვეღარ გაგრძელდება. 30 აპრილის საზოგადოებრივმა შეკრებამ ამას მკაფიო პასუხი გასცა. როგორც ჩანს, ამან მოიყვანა კელი დეგნანი ამ განრისხებულ მდგომარეობამდე, თუმცა ამ რისხვის მიუხედავად, ჩვენი ქარავანი აგრძელებს სწორი მიმართულებით მოძრაობას…“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

“შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს” – აშშ-ის საელჩო

შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა, – ამის შესახებ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია „ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის“ უზრუნველსაყოფად.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ ჟურნალისტების აუცილებელ როლს დემოკრატიაში. ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირების და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან. თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია „ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის“ უზრუნველსაყოფად.

შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა. მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„დღევანდელი ევროკავშირის სახე – ევროპარლამენტში დაგეგმილია „ნამუშევრების,” გამოფენა რომლებზეც იესო ქრისტე LGBTQ ადამიანებთან ერთადაა გამოსახული”

„დღევანდელი ევროკავშირის სახე – ევროპარლამენტში დაგეგმილია „ნამუშევრების“, გამოფენა რომლებზეც იესო ქრისტე LGBTQ ადამიანებთან ერთადაა გამოსახული. შეუქცევადად მიექანებიან კატასტროფისკენ“- წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, შვედი ფოტოგრაფის, ელიზაბეტ ოლსონის გამოფენას ეწინააღმდეგებიან იტალიელი და პოლონელი ევროპარლამენტარები, რომლებსაც ორგანიზატორი მემარცხენე ჯგუფები, ჰომოფობებსა და ულტრა-მემარჯვენეებს უწოდებენ.

„დღევანდელი ევროკავშირის სახე – ევროპარლამენტში დაგეგმილია „ნამუშევრების,” გამოფენა რომლებზეც იესო ქრისტე LGBTQ ადამიანებთან ერთადაა გამოსახული.

გამოფენა სახელწოდებით „სექსუალური გეი იესო” შვედი ევროპარლამენტარის ინიციატივით ტარდება.
შვედი ფოტოგრაფის, ელიზაბეტ ოლსონის გამოფენას ეწინააღმდეგებიან იტალიელი და პოლონელი ევროპარლამენტარები, რომლებსაც ორგანიზატორი მემარცხენე ჯგუფები, ჰომოფობებსა და ულტრა-მემარჯვენეებს უწოდებენ… ეს ხომ ლიბერალებისთვის დამახასიათებელია…

შეუქცევადად მიექანებიან კატასტროფისკენ…”- წერს შაქარიშვილი.

კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 434-ე დღე

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესისა ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. მისი თქმით, ზაპოროჟიეს ოლქში S-300 ტიპის რაკეტებით დარტყმა დაფიქსირდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

რუსული ძალები წუხელ უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131-ის 26 დრონით დაესხნენ თავს, აქედან 21 უკრაინელებმა გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ირანული „კამიკაძე დრონები“ ჩრდილოეთის მიმართულებიდან (ბრიანსკის ოლქი) და სამხრეთიდან – აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს.

ცნობისათვის, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა კიევში. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესისა ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

“ჩვენმა სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია გაიმარჯვოს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა ოკუპანტისაგან,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნორმალური ცხოვრება ყველა ოჯახს დაუბრუნდება.

„ყველამ, ვინც ახორციელებს დეოკუპაციას, დაამტკიცა, რომ ლურჯ და ყვითელ დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება დაუბრუნდება ყველა ადამიანს და ყველა ოჯახს. ჩვენი მიზანია ეს ცხოვრება დავუბრუნოთ მთელ უკრაინას, ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც ჯერ კიდევ დროებით ოკუპაციის ქვეშაა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

თიბისი კონცეპტი შეხვედრას “მოდის სცენის მიღმა ცხოვრება”-ს უმასპინძლებს

5 მაისს, 8 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, Ieri Store-თან და Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში, უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე “მოდის სცენის მიღმა ცხოვრება”.

შეხვედრის მთავარი სპიკერები იქნებიან Balenciaga Heritage-ის ყოფილი ხელმძღვანელი, Gael Mamine და Margiela-ს ყოფილი სცენოგრაფი, Ania Martchenko.

გაელი და ანია გაუზიარებენ აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას ინდუსტრიაში, ისაუბრებენ განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე და მათ თანამშრომლობაზე მოდის ცნობილ ბრენდებთან. ასევე, განიხილავენ კულტურული მემკვიდრეობის ბრენდად გადაქცევის უპირატესობებს, კომუნიკაციის მნიშვნელობას კულტურებს შორის და იმ გავლენებზე რაც ქართულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ იქონია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გაელ მამინი იყო Balenciaga Heritage და Pierre Bergé – Yves Saint Laurent Foundation კოლექციების ხელმძღვანელი. ამჟამად მუშაობს როგორც მოდის გამოფენების ასოცირებული კურატორი ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ანია მარჩენკო სცენის დიზაინერი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 2003 წლიდან 2008 წლამდე, მუშაობდა Maison Martin Margiela-ში, როგორც გამოფენების სცენოგრაფი და ინტერიერის დიზაინერი.

შეხვედრა გაიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე.

დასასწრებად, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge – ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

*ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

R

“საკმარისია! ეს თავხედი ქალი პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადოთ!” -გოგა ხაინდრავა ვიოლა ფონ კრამონზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერით ეხმიანება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. ამ უკანასკნელმა დღეს მიმართა საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს, რომელმაც დღეს თქვა, რომ ვიოლა ფონ კრამონი “გარედან ეხმარება მავნებლებს, რომ სტატუსის ვერ მიღების გეგმა განხორციელდეს”.

 

“ვიოლა ფონ კრამონი მამუკა მდინარაძეს: “მავნებლები” ვინ არიან? მმართველი პარტია და მთავრობა?” ეს შეკითხვა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს თავხედი ქალი პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადოთ! წარმოგიდგენიათ ქართველმა დეპუტატმა მსგავსი რამ იკადროს გერმანიაში?!”- წერს გოგა ხაინდრავა.

დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე პასუხისგებაში სამი პირი მისცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე. შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

“პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება.

“პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას.

უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება.

სწორედ ამ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა იწოდება მსოფლიოში მაღალპროფესიონალურ და თავისუფალ ჟურნალისტიკად, რადგან ამ სტანდარტის დაცვა ქმნის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს.

თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე.

კიდევ ერთხელ ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ყველა ჟურნალისტს და ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველო „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის ოქმს შეუერთდა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველო „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილებას შეუერთდა. პლენარულ სხდომაზე აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის დადგენილებას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მონრეალის ოქმი 1987 წლიდან ახორციელებს ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების შემცირებისა და საბოლოოდ შეწყვეტის საქმიანობას. საქართველო მონრეალის ოქმის მხარე ქვეყანა 1996 წლიდან არის, 2016 წელს კი კიგალიში, მონრეალის ოქმის მხარეთა 28-ე შეხვედრაზე სრული კონსენსუსის საფუძველზე მიიღეს მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებები, რომელიც არეგულირებს არაოზონდამშლელი ნივთიერებების – ჰიდროფტორნახშირბადების წარმოებასა და მოხმარებას. კიგალის ცვლილებებთან შეერთებით გათვალისწინებული ძირითადი ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილია მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და საჭირო არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფა. ცვლილებასთან შეერთების შედეგად გასატარებელი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შესაბამისი არსებული კანონმდებლობის განახლება. შესაბამისად, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მხარდაჭერით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ლიცენზიებისა და ნებართვების, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების, გარემოს დაცვის შესახებ კანონებსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ეს კანონპროექტები პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

,,შუბითიძეს არანაირი შეხება არ ჰქონია ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან” – პროკურორი

პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს არანაირი შეხება არ ჰქონია ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან. პროკურორის განმარტებით, სერგო შუბითიძის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა. „სერგო შუბითიძეს გამოძიების მიერ დაესვა შესაბამისი კითხვები, გამოძიება გრძელდება და საქმეს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რასაც საზოგადოებას გავაცნობთ. დადასტურებულად რაც შემიძლია გითხრათ, არის, რომ სერგო შუბითიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან, ის წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ გამომძიებელს და მის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა. სამართლებრივ შეფასებაში იგულისხმება, რომ ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და თუ კონკრეტული პირის მიერ რომელიმე დანაშაული გამოიკვეთება, რასაკვირველია, დადგება შესაბამისი რეაგირება, რასაც მოგვიანებით გაცნობებთ. დეტალებს, რაც უშუალოდ საქმეს ეხება, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. სერგო შუბითიძის დაკითხვა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა პროკურორმა მარი მეშველიანმა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. ყოფილ გამომძიებელს დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც სერგო შუბითიძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განაცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. სერგო შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც შუბითიძემ აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.