ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი

95
spot_img

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 22 მაისიდან ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთი სიახლით სარგებლობა შეეძლებათ. კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდი QR კოდის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს QR კოდის სკანირებით მარტივად შეეძლება ტაქსის მომსახურების ღირებულების გადახდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ტაქსის მძღოლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, გადაეცემათ ბრენდირებული QR კოდები, რომლებიც განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე.

მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანირებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე.

თბილისის მერიის ინიციატივით, კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და სერვისის გაწევა შესაძლებელი იქნება ქალაქ თბილისის მერიის შემდეგ სერვის ცენტრებში:
• თბილისის მერიის სერვის ცენტრი – ჟ.შარტავას ქ. N7;
• სამგორის სერვის ცენტრი – მოსკოვის გამზირი N14;
• გლდანის სერვის ცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ.