Home Blog Page 2005

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია – NDI

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც კვლევაშია ნათქვამი, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას კარგად აფესებს ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 42 პროცენტი, ცუდად – 48 პროცენტი.
კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. კერძოდ, კითხვაზე, რამდენად ხართ ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას., 35 პროცენტი ამბობს, რომ დარწმუნებულია, 50 პროცენტი არ არის დარწმუნებული, 15-მა პროცენტმა კი არ იცის.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. „ქართული ოცნების მხარდამჭერები და ახალგაზრდები უფრო მეტად ამბობენ, რომ ხუთი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ“, – აღნიშნულია კვლევაში.

გამოკითხვის შედეგებში ასევე ნათქვამია, რომ თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.

კვლევის შედეგების თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კერძოდ, კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ, გამოკითხულთა 15 პროცენტი აცხადებს, რომ მოსალოდნელია, 82 პროცენტისთვის არ არის მოსალოდნელი, ხოლო სამმა პროცენტმა არ იცის.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების ინფორმაციით, მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველო გასულ წელთან შედარებით, 12 საფეხურით დაწინაურდა

2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 61,69 ქულით, 77-ე ადგილზეა. მონაცემებს ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს,

2022 წლის ამავე ინდექსში საქართველო 89-ე პოზიციაზე იყო და 59,3 ქულა ჰქონდა.

 

საქართველოში არსებული სიტუაციის მოკლე მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მედია ლანდშაფტი საქართველოში მრავალფეროვანია, თუმცა ამავე დროს ძალზედ პოლარიზებული.

„ქართული ოცნება“ 20 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ 5 პროცენტი – NDI-ის გამოკითხვა

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით მორიგ კვლევას აქვეყნებს.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 „ქართული ოცნება“ – 20%

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 5%

 სხვა პარტიები – 6%

 არცერთი პარტია – 34%

 არ იცის ან უარი პასუხზე – 35%

ამასთან, როგორც NDI-ის კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეების უმეტესმა ნაწილმა არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54 პროცენტი) და ეკონომიკურ (52 პროცენტი) თანამშრომლობას.

თუმცა, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს.

„ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოქალაქეების ურყევი ნებაა. საქართველოს მოსახლეობის ასეთი მისწრაფება სტიმული უნდა გახდეს პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის, რათა მათ მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ იმოქმედონ. აუცილებელია, რომ მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ძალისხმევა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მოგვარებაზე მიმართონ, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. ეს ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა და ამ გზით პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის აღდგენა, დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, – აცხადებს NDI-ს საქართველოს დირექტორი ალან გილამი.

ავტორების ცნობით, უახლესი კვლევა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობაზეც მიუთითებს.

„მოქალაქეების 64 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს. აღნიშნული მოსაზრება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორისაც გამოიკვეთა: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.

პარტიების მიმართ სკეპტიკური განწყობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა – მათგან მხოლოდ 15 პროცენტი ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც ეხმიანება მათ ინტერესებს. ამავე კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.

მოსახლეობის ნახევარი (49 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მეტიც, მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. და ბოლოს, ყოველი მეორე მოქალაქე (51 პროცენტი) ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს არ ენდობა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019 წლის შემდეგ, როცა ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს შეადგენდა“, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ავტორების ცნობით, კვლევის მონაცემები პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზეც მიუთითებს.

„ეს დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სურთ. 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა (48 პროცენტიდან 56 პროცენტამდე) ვინც ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები ერთნაირად წარმოადგენენ მათ ინტერესებს. ახლა ნაკლები ადამიანი (მხოლოდ 16 პროცენტი) მიიჩნევს, რომ კაცი პოლიტიკოსები ქალებზე უკეთ წარმოადგენენ მოქალაქეების ინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ გადანაწილებას სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა“, – აღნიშნულია კვლევაში.

„კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს სურთ მეტი ქალის ხილვა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებზეც. ამ მონაცემებმა ბიძგი უნდა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, რათა მოსახლეობის სურვილის საპასუხოდ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყონ ხელი“, – განაცხადა ალან გილამმა.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

აპრილის მონაცემებით, წლიურად ზეთი და ცხიმი 14.8 პროცენტით გაიაფდა – საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2.7 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 10.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 10.1 პროცენტით მოიმატა ფასებმა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. 9.2 პროცენტით გაძვირდა პური და პურპროდუქტევბი. 9.1 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცპროდუქტებზე. 8.7 პროცენტით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, 6.7 პროცენტით – თევზეული. 3.4 პროცენტით მოიმატა ფასებმა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე.

ფასების 1.5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე. ამასთან, ფასები 14.8 პროცენტით არის შემცირებული ზეთსა და ცხიმზე. ასევე ფასების 4.4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე.

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.05 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (31.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.6 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9 პროცენტით, რაც -1.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.8 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (8.0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ იფნრომაციაში.

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „ნომა“ მოცვის მეურნეობას აფართოებს

2017 წელს, თიბისის მხარდაჭერით გაშენებული მოცვის ბაღებს „ნომამ“ თიბისის დახმარებით 4 ჰა მიწა მიამატა. კომპანიის დამფუძნებელი, როდამ ოქროპირიძე დაარსების ისტორიაზე და წარმატებულ ბიზნესზე გვიყვება:

„ადრინდელი ბიზნესიდან – ხილის გადამამუშავებელი საწარმოდან გამომდინარე, მოცვი ჩვენთვის ნაცნობი პროდუქტი იყო. შესაბამისად, როცა მოცვის ბაღების გაშენებას ვიწყებდით, გვქონდა წინასწარი გათვლები და ვიცოდით, რა რისკებზე მივდიოდით.

2017 წელს, თიბისის იაფი სესხის პროგრამის დახმარებით, ქობულეთში გავაშენეთ  და, შესაბამისად, აღვჭურვეთ 11 ჰა მოცვის ბაღი, სადაც 35 000 ძირი მოცვი ჩავრგეთ. მომდევნო წლებში ამას დავუმატეთ კიდევ 4 ჰა – 15 000 ძირი პოლონეთიდან ჩამოტანილი ნერგები.

მოცვი, ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე, რამდენადაც მოთხოვნადი და მომგებიანი პროდუქტია, იმდენად სარისკო და პრობლემურიცაა მასთან მუშაობა. თავად სამუშაო პროცესის გარდა, რომელიც ყოველდღიურ დაკვირვებას, მოვლას, დაავადებებთან ბრძოლას გულისხმობს, ფერმერებს კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქვთ – ნაყიდი ნერგების ვარგისიანობა. ეს პრობლემა ჩვენც შეგვექმნა – პოლონეთში ვიყიდეთ კონკრეტული ჯიშის ნერგები, რომლებიც, წლების შემდეგ სხვა, გაურკვეველი ჯიშის აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ძირზე 4-5 კგ. მოსავალს ველოდით, ეს ჯიში კი ნახევარ კილოსაც არ ისხამს.

მოგვიწია მათი ამოყრა და გასულ წელს, ისევ თიბისის მხარდაჭერით, უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიტანეთ ლაბორატორიულად შემოწმებული რამდენიმე ჯიშის 15 000 ნერგი. განაშენიანების პროცესი დაწყებულია და იმედი გვაქვს, შედეგიც ისეთივე გვექნება, როგორიც ჩვენი მონდომებაა.

პირველ წელს 11 ჰა ბაღიდან 10 ტონა მოსავალი ავიღეთ, მეორე წელს – 18 ტონა, შემდეგ –  25 და 30 ტონა. წელს 40 ტონაზე მეტს ველოდებით. ეს ყველაფერი – 35 000 ძირზე. ახალი, 4 ჰა-ზე გაშენებული 15 000 ძირიც რომ დაემატება, ჩვენი გათვლებით, ჯამში 170 ტონიანი ბაღი უნდა გამოვიდეს.

ამჟამად მეურნეობაში სტაბილურად 20 დასაქმებული მუშაობს. დარგვის პროცესში დამატებით 20, კრეფის სეზონზე კი – 100-ამდე ადამიანი ემატება.

ძირითადად ექსპორტზე ვმუშაობთ, თუმცა, მცირე რაოდენობას ადგილობრივ ბაზარზეც ვყიდით.

სამომავლოდ, თიბისის მხარდაჭერით, ბაღის განახლებას, სათბურების მოწყობას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას ვგეგმავთ.“

R

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს ჩატარდება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა

ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

„2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა.

Air Baltic-ი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასრულებს რიგა-თბილისის მიმართულებაზე. Air Baltic-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ხუთი სიხშირით დაფრინავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მირბოდნენ სარჩელით და შემდეგ ზუსტად იგივე წარმატებით გამოიქცნენ უკან”

მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ზუსტად ეს ადამიანები იყვნენ, ვინ საკონსტიტუციო სასამართლოში მირბოდნენ სარჩელით და შემდეგ ზუსტად იგივე წარმატებით გამოიქცნენ უკან, – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომიისისთვის ბრძოლას სწორედ საკონსტიტუციო სარჩელით გეგმავენ.

გვახსოვს, რომ მაშინ ხელაღებით საუბრობდნენ, რომ როცა არ დავეთანხმეთ მანდატების გაუქმებაზე ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და მათი გადაწყვეტილება მაშინ იყო დესტრუქციული, როგორც თვითონ აღიარეს. ახლა იმავე გზაზე ტრიალებენ. სინამდვილეში, ჩვენ ცხადია ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ვინაიდან ამით საკუთარ უუნარობას ავლენენ მხოლოდ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ოპოზიცია სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიისთვის ბრძოლას საკონსტიტუციო სარჩელით გეგმავს.

“როცა ნახავთ ქალბატონ კრამონს, სთხოვეთ ჩამოწეროს მსოფლიოს ერები და დაახარისხოს, რომელი ერი რას იმსახურებს”

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება:

“კითხვები ვიოლა ფონ კრამონის სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ტვიტერზე დაწერა.
ჯერ შეგახსენებთ რა თქვა კრამონმა: “თუ ევროკავშირი მოგანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, ეს არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ მოახდინეს პრიორიტეტების რეალიზება, არამედ იმიტომ, რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი და ამას მოითხოვს გეოპოლიტიკური ლოგიკა.”

“ხალხის დამსახურებასთან” დაკავშირებით, გაკეთდა შეფასებები, “გეოპოლიტიკური ლოგიკისთვის” კი არ მიუქცევიათ ყურადღება.

ახლა ჩამოვწეროთ კრამონის მიერ ტვიტერით გაკეთებული აღიარებები და მის მიმართ გაჩენილი კითხვები და შეფასებები:

1. მადლობას ვეტყოდი ქართველ ხალხზე რომ წერს პოზიტიურად, ეს ფრაზა შიდა პოლიტიკაზე გავლენის მიზნით რომ არ ეთქვა.

2. როდის აქეთ დაიწყო ევროპარლამენტმა ხალხების დაყოფა, დახარისხება? ეს ერები იმსახურებენ, ის ერები არა, ეს რა მიდგომაა?!

3. თურქეთს 30 წელია იმიტომ არ იღებენ ევროკავშირში, რომ თურქი ხალხი არ იმსახურებს, თუ თურქეთმა რეფორმები არ გაატარა, თუ აქაც “გეოპოლიტიკური ლოგიკაა”?

4. შარშან როცა არ მოგვანიჭეს, მაშინ ქართველი ხალხი არ იმსახურებდა და წელს თუ მოგვანიჭებენ, წელს დაიმსახურა? რა შეიცვალა?

5. მოგვიანებით, მათივე გამოქვეყნებული შეფასებების თანახმად, გამოჩნდა, რომ სტატუსის მონიჭება გვეკუთნოდა. ანუ არ მოგვანიჭეს იმ მიზეზით, რომ პრიორიტეტების შესრულება არ იყო მთავარი და გეოპოლიტიკურად ასე იყო საჭირო?

6. მაკრონმა რომ თქვა, გეოგრაფიის ბრალიაო, რა იგულისხმა, გეოპოლიტიკური ლოგიკა არ მოითხოვდაო?

7. თუ შარშან არ მოითხოვდა გეოპოლიტიკური ლოგიკა, ანუ გეოპოლიტიკურად ფასი არ გვედო, წელს რა შეიცვალა, გაძვირდა რეგიონის და ჩვენი ფასი?

8. რას გვეუბნება ევროდეპუტატი კრამონი, პრიორიტეტების შესრულებას აღარ აქვს მნიშვნელობა, შეგვიძლია აღარ შევასრულოთ?

9. როცა ნახავთ ქალბატონ კრამონს, სთხოვეთ ჩამოწეროს მსოფლიოს ერები და დაახარისხოს, რომელი ერი რას იმსახურებს,”- წერს ამირან სალუქვაძე.

ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 22 მაისიდან ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთი სიახლით სარგებლობა შეეძლებათ. კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდი QR კოდის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს QR კოდის სკანირებით მარტივად შეეძლება ტაქსის მომსახურების ღირებულების გადახდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ტაქსის მძღოლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, გადაეცემათ ბრენდირებული QR კოდები, რომლებიც განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე.

მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანირებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე.

თბილისის მერიის ინიციატივით, კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და სერვისის გაწევა შესაძლებელი იქნება ქალაქ თბილისის მერიის შემდეგ სერვის ცენტრებში:
• თბილისის მერიის სერვის ცენტრი – ჟ.შარტავას ქ. N7;
• სამგორის სერვის ცენტრი – მოსკოვის გამზირი N14;
• გლდანის სერვის ცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ.

აპლიკაცია, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება

რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია სპეციალური აპლიკაციის – „ფიქს თბილისის“ შესახებ, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა. ეს არის მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიკური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის ინფორმირება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი პირი შეძლებს, დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი.

„აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის სამსახურს, რომლის მხრიდან მოხდება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.

აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიულები და ამასთან, გავზარდოთ იმ საკითხების ნუსხა, რომლის დაფიქსირებასაც შეძლებს მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით. ეს აპლიკაცია უნდა ამოქმედებულიყო პირველი მაისიდან, თუმცა google play store-ის და app store-ის ვერიფიკაციის პროცესის გამო, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, აპლიკაცია ამოქმედდება 15 მაისიდან. ამ პერიოდიდან მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დააფიქსირონ პრობლემა რომელიმე კატეგორიაში, ატვირთონ ფოტო, დაურთონ დამატებითი ტექსტური ინფორმაცია პრობლემის უკეთ აღწერის მიზნით და მასზე რეაგირება დაიწყება ოპერატიულად, შესაბამისი სამსახურის მიერ.

ვიმედოვნებ, აღნიშნული აპლიკაციის დახმარებით, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება მუნიციპალიტეტის რეაგირება პრობლემებზე და მოსახლეობასთან ჩვენი კომუნიკაცია“, – განაცხადა კალაძემ.