Home Blog Page 2003

ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიების საფუძველზე მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„რუსთავის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. ბრალდებულმა დაზარალებული დანის ექვსჯერ დარტყმით მოკლა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ გარდაცვლილი და ბრალდებული ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. 2022 წლის 18 აგვისტოს მათ რესტორანში იჩხუბეს, რა დროსაც დაზარალებულმა სახის არეში ხელი დაარტყა ბრალდებულს, რის გამოც მან შურისძიება გადაწყვიტა. 2022 წლის 19 აგვისტოს, დანით შეიარაღებული ბრალდებული მსხვერპლს სახლთან ახლოს ჩაუსაფრდა. რამდენიმე საათში, დაზარალებული შინ დაბრუნდა, რა დროსაც ბრალდებულმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გაიქცა, თუმცა ბრალდებული დაედევნა და დანა რამდენჯერმე კვლავ დაარტყა. მიღებული 6 ჭრილობით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურამ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის დაგეგმვასა და შემთხვევის ადგილზე შეიარაღებულ ჩასაფრებას მოწმობდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ინფლაციის შემცირება საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის შედეგია” – ვახტანგ ცინცაძე

„აპრილის თვის მონაცემებით ინფლაციის მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება და წლიური ინფლაციის 2.7%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ წლიური ინფლაციის დონე უკვე ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს და ჩვენი მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებშიც ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება”, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წლის მაისის შემდგომ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. ამასთან, ინფლაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული სურსათზე, ტრანსპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით კი ფასების კლების ტემდენცია ფიქსირდება. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები ფიქსირდება, (სურსათის და ნავთობის ფასების კლება, საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა), თუმცა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაურკვევლობა კვლავ ნარჩუნდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გლობალურად და ფართო რეგიონის მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში ინფლაცია ჯერ კიდევ გამოწვევაა და არაერთ ქვეყანაში კი ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება.

„საქართველომ აღნიშნული გამოწვევა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე წარმატებით გადალახა, რაც, მათ შორის, საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის შედეგია”, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას განიხილავს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია განიხილავს ახალ, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას.

სხვა ცვლილებებთან ერთად, ეს გავლენას მოახდენს ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულის – შობის აღნიშვნაზე, რომელიც გრიგორიანული კალენდრით აღინიშნება 25 დეკემბერს და არა 7 იანვარს.

როგორც ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლოტმა ეპიფანემ უკრაინულ „გაზეტა.უა“-ს განუცხადა, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება მაისში ეპისკოპოსთა საბჭოზე იქნება მიღებული.

„ამ რეფორმის განხორციელება, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელს გახდის უფრო ზუსტ კალენდარზე გადასვლას და მომავალში მომავალში თავიდან ავირიდოთ უძრავი დღესასწაულების თანდათანობით გადაწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე ჯერ კიდევ არის გარკვეული სირთულეები, დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის დახმარებით ჩვენ მოვაგვარებთ მათ, ”- თქვა ეპიფანიიმ Gazeta.ua-სთან ინტერვიუში.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ახალ კალენდარზე გადასვლის შესახებ ჯერ არ არის მიღებული, PCC უკვე მუშაობს მრევლისთვის საეკლესიო ლიტერატურის ახალ გამოცემაზე.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ახლა იყენებს იულიუსის კალენდარს,  იულიუსის კალენდარი 13 დღით განსხვავდება გრიგორიანული კალენდრისგან, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა ცხოვრობს. იულიუსის კალენდით  შობა 7 იანვარს აღინიშნება.

ბებია, რომელზეც შვილიშვილმა სექსუალურად იძალადა, გარდაიცვალა

77 წლის ქალი, რომელზე სექსუალურ ძალადობაშიც შვილიშვილია ბრალდებული, გარდაიცვალა.

კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში ამბობენ, რომ ქალი მომხდარ ფაქტს განიცდიდა და ნერვიულობდა.

ამ წუთებში, ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომლებიც გარდაცვალების მიზეზებს სწავლობენ.

შეგახსენებთ, 77 წლის ქალზე, სხვა სახის სექსუალური ძალადობისათვის 26 წლის, წარსულში ორჯერ ნასამართლევი შვილიშვილია დაპატიმრებული. გამოძიების მტკიცებით, მამაკაცი ბებიაზე სექსუალურად ძალადობდა და მას სახლში კეტავდა. ახალგაზრდა კაცს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138- და 143- ე მუხლებით აქვს წაყენებული.

“NDI-ის კვლევა არის სატელეფონო, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას თავისუფლად ვერ აფიქსირებს”

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ სატელეფონო კვლევაა, რაც ადამიანებისთვის, ვინც იცნობენ კვლევების მეთოდოლოგიას, ძალიან საგულისხმო ფაქტორია ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რეალურად, რეპრესიების მსხვერპლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ NDI-ის კვლევაზე საუბრისას აღნიშნა.

ბოკუჩავას თქმით, „ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ღიად და თავისუფლად საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას ვერ აფიქსირებს“.

„ამაზე მეტყველებს, მათ შორის, ის ფაქტიც, რომ, თავად NDI-ის მონაცემების მიხედვით, გამოპასუხების პროცენტი 14%-ია, ანუ დარეკილთაგან 14%-მა განაცხადა თანხმობა პასუხის გაცემაზე. რაც ასევე მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეების უდიდეს ნაწილს გამჟღავნების ეშინია ან სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურს. მარტივი გამოსაცნობია, რომ ადამიანები, ვინც არ იღებენ ასეთ კვლევებში მონაწილეობას, უმეტესწილად სწორედ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან. NDI-ის სანდოობა ეჭვქვეშ არ დგება, მეთოდოლოგიას აქვს გარკვეული სპეციფიკა. ავტოკრატიულ რეჟიმებში განსაკუთრებით, და ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ავტოკრატიული რეჟიმით იმართება, ამას ამბობს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი ჯინ შაჰინი და არა მხოლოდ ის, ავტოკრატიულ რეჟიმებში სატელეფონო საუბრის დროს ადამიანები ძალიან შეზღუდულნი არიან საკუთარი პოლიტიკური შეხედულების დაფიქსირებაში. ამაზე მეტყველებს ეს კვლევა. პოლიტიკოსების მიმართ ნდობის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო მიგნებაა, რომელიც მხოლოდ ამ კვლევას არ ახასიათებს, არამედ, პრაქტიკულად, ყველა კვლევა აჩვენებს ხოლმე, რომ პოლიტიკოსების მიმართ სანდოობა მაღალი არ არის. ამისთვის პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხის ნება ითარგმნოს პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ქართველი ხალხის მოთხოვნებს და გამოწვევებს. საქართველოს მოქალაქეების უმთავრესი მოთხოვნა დღეს არის ამ ქვეყნისთვის ევროპული მომავლის და ევროპული პერსპექტივის რეალიზება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) ორი მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“ (ავტორი – გიდეონ რიხმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოსკოვს თავისი მოკავშირის – პეკინის აქტიური მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ გაჭიანურებული ომის შედეგად ჩინეთისათვის რუსეთი მძიმე ტვირთად არის გადაქცეული.

სად და როგორ იქნება ნაპოვნი რუსეთ-უკრაინის ომში შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი – ბახმუტში (ბრძოლის ველზე) თუ პეკინში (მოლაპარაკების მაგიდასთან)?

დღეისათვის ყველას ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინის არმიის მოსალოდნელ კონტრშეტევაზე, რომელიც, როგორც ჩანს, მალე დაიწყება, პარალელურად დიპლომატიურ ფრონტზეც მნიშვნელოვანი ამბები ხდება.

გასულ კვირაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა. სხვათა შორის, მე როცა კიევში ბოლო დროს ვიყავი, გამიკვირდა, თუ რა მოუთმენლად ელოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში სი ძინპინის სატელეფონო ზარს. ახლა კი, როცა უკრაინისა და ჩინეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი, როგორც იქნა, გაიმართა და როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, „ძალიან დიდხანს და შინაარსიანად ვისაუბრეთო“, რაღაც პერსპექტივა უკვე გამოიკვეთა: სი ძინპინმა თავისი სპეც წარმომადგენელი დანიშნა ომის მოლაპარაკებით, მშვიდობიანად დასრულების მიზნით.

მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: არსებობს საკმაოდ ბევრი მიზეზი იმისა, რომ ჩინეთის დიპლომატიურ ძალისხმევას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ამხანაგ სი ძინპინს არაერთხელ გაუსვია ხაზი თავისი პატივსაცემი ურთიერთობისათვის „ძვირფას მეგობართან“ – ვლადიმერ პუტინთან. პეკინის მიერ გამოქვეყნებული 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა (ინიციატივა) საკმაოდ ბუნდოვანი, ზოგადი და შეიძლება ითქვას, მას გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი ხასიათიც აქვს: დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მასში გათვალისწინებული არ არის რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან. გარდა ამისა, სუფთა პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ჩინეთისათვის ერთმნიშვნელოვნად მომგებიანია ხმამაღლა განაცხადოს თავის დაინტერესებაზე „მშვიდობის“ დასამყარებლად, მაგრამ მისი რეალიზებისათვის არავითარი ნაბიჯი არ გადადგას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩინეთს სერიოზულად აქვს ჩაფიქრებული მებრძოლ მხარეებს შორის ზავის ჩამოგდება, სი ძინპინს საშინლად გაუჭირდება კიევსა და მოსკოვის პოზიციების ერთმანეთთან დაახლოება: ისინი იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ კომპრომისის ალბათობა ძალზე დაბალია.

და მაინც არ იქნებოდა სწორი იმ იდეის უარყოფა, რომ ჩინეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რუსეთ-უკრაინის ომის მთლიანად დასრულებაში თუ არა, ცეცხლის დროებით შეწყვეტა-დარეგულირებაში. სხვადასხვა მიზეზებით, უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპა დაინტერესებულნი არიან ჩინეთის მონაწილეობით, ამას თვითონ პეკინიც გრძნობს.

უკრაინელებს ესმით, რომ სი ძინპინს ხელთ უპყრია და მის განკარგულებაშია ვლადიმერ პუტინზე ზემოქმედების უნიკალური ბერკეტები – რა თქმა უნდა, თუ ჩინეთის ლიდერი მათ გამოყენებას გადაწყვეტს. დასავლეთის მიერ სანქციებით „დასჯილი“ რუსეთი იძულებულია ჩინეთს დაეყრდნოს, რათა მისი ეკონომიკა არ ჩაიძიროს და გადაარჩინოს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის აზრით, იმის ალბათობა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს რუსეთზე, ძალიან მცირეა, უფრო მეტიც – თეთრი სახლის ზოგიერთი მაღალჩინოსანი შიშობს, რომ პეკინი ყველაფერს პირიქით გააკეთებს და მოსკოვს მისთვის აუცილებელი იარაღით მოამარაგებს. მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი უკრაინელებს რაღაც იმედი აქვთ და პეკინისადმი ნდობას აგრძელებენ. მათ მოეჩვენათ, რომ ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის ფარული, მაგრამ რეალური დაძაბულობა არსებობს და ეს მოსკოვში ჩინელი ლიდერის ვიზიტის დროსაც შენიშნეს. კიევში ყოფნისას ისიც კი მითხრეს, რომ სწორედ ამ დაძაბულობის არსებობის გამო სი ძინპინმა მოსკოვში ვიზიტის ვადები შეამცირაო.

რამდენად და რატომ შეიძლება სი ძინპინს ვლადიმერ პუტინის მიმართ, ასე ვთქვათ, „მოთმინების ფიალა აევსოს“?

უეჭველია, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ერთნაირად მტრულად არიან განწყობილნი ამერიკის შეერთებული შტატებისადმი. რუსეთის სწრაფი გამარჯვება უკრაინასთან ომში პეკინს სრულად აწყობს, კონფლიქტის გაჭიანურება კი რუსეთს მისთვის სტრატეგიულ ტვირთად გადააქცევს. გარდა ამისა, ჩინეთს არ აწყობს ორი მომენტიც: პირველი – იმის ნაცვლად, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით არსებული ალიანსები დასუსტდნენ, ნატო და ევროკავშირი უკრაინის ომით სულ უფრო მტკიცდებიან; მეორე – ევროპული (დასავლური) და აზიური (აღმოსავლური) დემოკრატიები ერთმანეთს უახლოვდებიან (ერთი მხრივ, ევროკავშირი და აშშ, მეორე მხრივ – იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და აშ.)

ჩინეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა ევროპაში თავისი გავლენა გაეფართოებინა და განემტკიცებინა, მაგრამ მის მიერ რუსეთთან გამოცხადებულმა „უსაზღვრო მეგობრობამ“ ბევრი ევროპული დაარწმუნა, რომ მათთვის თვითონ პეკინიც საკმაო საფრთხეს წარმოადგენს. ამერიკელებიც და ევროპელებიც ახლა ერთი და იგივე ფორმულირებებს იყენებენ, როცა ჩინეთთან მიმართებით „რისკების შემცირების“ აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, პეკინზე დამოკიდებულების შესუსტების მიზნით. „ცისქვეშეთისათვის“ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს – იმიტომ, რომ ევროკავშირი ჩინეთისთვის უდიდეს საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. გარდა ამისა, პეკინი ხედავს, თუ როგორ ძლიერდება სამხედრო კავშირი აშშ-ს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის.

ჩინეთისათვის ევროპაში რეპუტაციის აღსადგენად ყველაზე უკეთესი ნაბიჯი იქნებოდა პოზიტიური როლის შესრულება უკრაინის ომში. ასეთ მოქმედებას გლობალური შედეგიც მოჰყვებოდა: პეკინის მოქმედებით სი ძინპინის ნარატივიც განმტკიცდებოდა: ამერიკის როლი შემცირდებოდა, ჩინეთის კი გაიზრდებოდა – მშვიდობის დამყარების საქმეში.

ამჟამად არის იმის ნიშნები, რომ პეკინი კმაყოფილია და სი ძინპინს „სამშვიდობო ბიზნესი“ სიამოვნებს. მან კარგად მოირგო დიდების გვირგვინი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის განმტკიცებისათვის – საუდის არაბეთისა და ირანის შერიგებით. ამას წინათ ჩინეთმა ავღანეთში საკითხებში სამშვიდობო კონფერენციის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რომელიც სამარყანდში ჩატარდა. გარდა ამისა, პეკინმა ლაპარაკი დაიწყო პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესში შუამავლობის შესახებაც (სხვათა შორის, როცა ამას წინათ ვაშინგტონში ყოფნისას ეს საკითხი ვახსენე, სახდეპარტამენტში ჩემს ნათქვამს ირონიული, დამცინავი ღიმილით შეხვდნენ – „წარმატებას ვუსურვებთო“).

თუ მხედველობაში მივიღებთ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მუდმივად მზარდ მეტოქეობას, მოსალოდნელი იყო, რომ შეერთებული შტატები საბოლოოდ მკვეთრად ნეგატიურ რეაგირებას მოახდენდა პეკინის ჩარევაზე უკრაინის საქმეებში, თუმცა ჯო ბაიდენმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში გამართული შიდა დებატების შედეგად, გადაწყვიტა, რომ ჯერ-ჯერობით ჩინური სამშვიდობო ინიციატივის უარყოფა კი არ მოეხდინა, არამედ დააკვირდებოდა პროცესებს და, გარკვეულ შემთხვევებში, მისთვის სასურველი ფორმა მიეცა.

ამერიკელები აცნობიერებენ, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენება იმისა, რომ ისინი „მშვიდობის წინააღმდეგ არიან განწყობილნი“. შესაბამისად, აშშ სულ უფრო მეტად ისწრაფვის უკრაინაში ომის დასრულებისათვის. ვაშინგტონმა კარგად უწყის, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო ძნელი გახდება დასავლური კონსენსუსის შენარჩუნება მრავალმილიარდიანი ხარჯების მიმართ, უკრაინისადმი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საკითხში.

ამჟამად ვაშინგტონში და ევროპულ დედაქალაქებში შექმნილი საერთო თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ აუცილებელია მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, მათი კონტრშეტევის წინ. უკრაინელების მიზანს რუსებზე გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება წარმოადგენს, რომ ვლადიმერ პუტინის ბატონობა დასრულდეს. მაგრამ ეს უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა. სიმართლესთან უფრო ახლოს დგას ის ვერსია, რომ კიევი შეძლებს თავისი პოზიციების მეტ-ნაკლებად განმტკიცებას ბრძოლის ველზე, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების წინ.

ახლა დისკუსიები მიმდინარეობს იმაზე, თუ როდის დაიწყებს დასავლური ალიანსი უკრაინაზე ღია ზეწოლის მოხდენას, კიევის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანის მიზნით. ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ისიც, თუ ვინ აიძულებს რუსეთს საგრძნობ კომპრომისზე და დათმობებზე წასვლას, უკრაინიდან ჯარების გაყვანისა და ქვეყნის დაშლაზე უარის თქმის ჩათვლით.

ამ კითხვაზე ერთადერთი სარწმუნო პასუხის გაცემა ჩინეთს შეუძლია. მხოლოდ სი ძინპინს ხელეწიფება ვლადიმერ პუტინს მეგობრულად ხელი ჩამოართვას საზოგადოების წინაშე, ხოლო დახურულ კარს მიღმა იგივე ხელი გადაუგრიხოს. რაღაც მომენტში ჩინეთის ლიდერი გადაწყვეტს, რომ მისი ქვეყნის ინტერესებს სწორედ ასეთი მოქმედება შეესაბამება.

წყარო

არაფერს გამოვრიცხავ – ხატია დეკანოიძე ახალი პარტიის შექმნაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს. კითხვაზე, „შეიძლება შექმნათ ახალი პარტია?“ – ხატია დეკანოიძე პასუხობს: „არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“.

ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა სრულიად მოსალოდნელია.

„ლანდშაფტი შეიძლება შეიცვალოს. ნიკა ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამიტომ სამომავლო გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პარტნიორობას არ გამოვრიცხავ მათთან, ვინც მიმაჩნია მომავალი ბრძოლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი ადგილის მონახვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს მათთან პარტნიორობას, ვინც მომავალი ბრძოლის ნაწილში მიაჩნია.

„ნიკა მელია ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“. მასთან კომუნიკაცია მაქვს და ვფიქრობ, რომ გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა სრულიად მოსალოდნელია. მოცემულობაა ორი ორბიტა. როგორც ვხვდები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის სამი პარტია: „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. იმის გამო, რომ ბლოკები აკრძალულია, როგორც ჩანს, ერთიანი სია გაკეთდება. „ქართულ ოცნებას“ თავისი ორბიტა აქვს. არიან პატარა პარტიებიც, ვინც გამსხვილებას ვერ ახერხებს. ამიტომ ლანდშაფტის გადალაგება აუცილებლად უნდა მოხდეს. ახალი ცენტრის შექმნის გარეშე ვერ მოხერხდება შუა პოზიციის მქონე ამომრჩევლის მობილიზება. ჩემს თავს „ნაცმოძრაობასთან“ არ ვხედავ, პარტიიდან წამოვედი და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ალბათ იმ ნაწილში ვიქნები, ვინც უნდა მოაბილიზოს შუა ხმები, „ლელოში“ – არა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რომეო მიქაუტაძემ და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი განიხილეს

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი გვანცა ლოლაძე, ნატო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დავით ნარდაია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს მესამე მდივანი მარიამ ჯანელიძე.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები და ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.

„ამ მხრივ ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის.

რომეო მიქაუტაძემ სტუმრებს ასევე გააცნო ის შედეგები, რაც განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე დაფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში ორ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ენერგეტიკული დარგის მიმართ და აღნიშნა, რომ მუდმივად მზადაა, საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას საქართველოში.

“იდავონ, ბატონო, აგერ არის ბურთი და მოედანი” -ირაკლი ზარქუა

თურმე სასამართლო ხელისუფლება უნდა გაასამართლონ და ვინ? ხაბეიშვილმა, ჭიჭე ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ – აი, ამათ უნდა გაასამართლონ სასამართლო ხელისუფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ ბუნებრივია არ მივცეთ საშუალებას ამ რადიკალებს, რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით რეინკარნაცია მოახდინონ საზოგადოებაში, რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ. იდავონ, ბატონო, აგერ არის ბურთი და მოედანი. ეს სასამართლო რეფორმირებულია და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თუ წარმოადგენთ არგუმენტებს, დაე, გაიმარჯვონ“, – განაცხადა ზარქუამ.

ოპოზიცია სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიისთვის ბრძოლას საკონსტიტუციო სარჩელით გეგმავს.

 

“მგონი, არავინ უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების ძირითადი ნაწილი სააკაშვილის მხარდამჭერია”

მგონი, არავინ უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების ძირითადი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, ამას პარტიაშიც ვამბობდი და ახლაც იმავეს ვიმეორებ – „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა ბაზა მიხეილ სააკაშვილზე დგას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „რამდენად იქნება შესაძლებლობა ამაზე დააშენონ, ეს მომავლის საკითხია“.

„მიხეილ სააკაშვილი არის მესამე პრეზიდენტი, ვინც შეინარჩუნა ამომრჩევლის გული, რომელიც სტაბილურია. დღემდე შიშის ფაქტორი არ მოიხსნა, რაც სამწუხაროა. არ ვამბობ, რომ ვინმეს ანა წითლიძის ან ლევან ხაბეიშვილის ეშინიათ, მაგრამ საზოგადოებაში არის დამოკიდებულება რეპრესიულ მექანიზმებზე, რაც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ვერ გადალახა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“ისეთი კვლევის შედეგია, რომელიც რეალობასთან ახლოს ერთი პარამეტრით თითქოს არის, მაგრამ მეორით 40 პროცენტით არის აცდენილი ყველაფერს”

უცნაური, მაგრამ ისეთი კვლევის შედეგია, რომელიც რეალობასთან ახლოს ერთი პარამეტრით თითქოს არის, მაგრამ მეორით 40%-ით არის აცდენილი ყველაფერს, ამიტომ ამ კვლევის შედეგებზე სერიოზულად საუბარი, თუ ოდნავ მაინც ობიექტურად ვიმსჯელებთ, გაგვიჭირდება, – ასე შეაფასა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგები.

NDI-ი თან ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ბევრად მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად, არ ვიცი ეს მონაცემები გაეპარათ თუ რა მოხდა, რადგან თუ სხვას ყველას ერთად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აქვს 11% და „ნაციონალურ მოძრაობას 20%, დაახლოებით 2-ჯერ მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე. ეს შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყოს, მაგრამ ამავდროულად, თუ ისინი საზოგადოებას არწმუნებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ 20% აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების 40%-იანი რეკორდი.

რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაშიც კი დაახლოებით 60% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და მეორე, თუ ცალკე იმის თქმა უნდათ, რომ ციფრებს არ მივაქციოთ ყურადღება და „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე 2-ჯერ მეტი აქვს, მაშინ კი ბატონო, შეიძლება დაახლოებით ასეთი რეიტინგი იყოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%.

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართება

BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და  IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით საქართველოში Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი გაიმართება. პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდები სრული დაფინანსებით მიიღებენ. აღნიშნულ ჩემპიონატში დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთვებიან.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს, Adobe Illustrator-ს და Adobe InDesign-ს (ან მათ მიერ არჩეულ კომბინაციას).

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 22 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც, 2023 წლის 12 მაისამდე ჩააბარებენ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სასერტიფიკატო გამოცდას:

  • Adobe Certified Professional Visual Communication – Adobe Photoshop-ის გამოყენებით;
  • Adobe Certified Professional in Graphic Design & Illustration – Adobe Illustrator-ის გამოყენებით.

აშშ-ში, გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით: I ადგილი – 8000 აშშ დოლარი, II ადგილი – 4000 აშშ დოლარი, III ადგილი – 2000 აშშ დოლარი.

დამატებითი დეტალები იხილეთ www.creathon.ge

პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer.

პროექტის  ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.

(R)