„ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“

173
spot_img

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) ორი მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“ (ავტორი – გიდეონ რიხმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოსკოვს თავისი მოკავშირის – პეკინის აქტიური მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ გაჭიანურებული ომის შედეგად ჩინეთისათვის რუსეთი მძიმე ტვირთად არის გადაქცეული.

სად და როგორ იქნება ნაპოვნი რუსეთ-უკრაინის ომში შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი – ბახმუტში (ბრძოლის ველზე) თუ პეკინში (მოლაპარაკების მაგიდასთან)?

დღეისათვის ყველას ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინის არმიის მოსალოდნელ კონტრშეტევაზე, რომელიც, როგორც ჩანს, მალე დაიწყება, პარალელურად დიპლომატიურ ფრონტზეც მნიშვნელოვანი ამბები ხდება.

გასულ კვირაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა. სხვათა შორის, მე როცა კიევში ბოლო დროს ვიყავი, გამიკვირდა, თუ რა მოუთმენლად ელოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში სი ძინპინის სატელეფონო ზარს. ახლა კი, როცა უკრაინისა და ჩინეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი, როგორც იქნა, გაიმართა და როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, „ძალიან დიდხანს და შინაარსიანად ვისაუბრეთო“, რაღაც პერსპექტივა უკვე გამოიკვეთა: სი ძინპინმა თავისი სპეც წარმომადგენელი დანიშნა ომის მოლაპარაკებით, მშვიდობიანად დასრულების მიზნით.

მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: არსებობს საკმაოდ ბევრი მიზეზი იმისა, რომ ჩინეთის დიპლომატიურ ძალისხმევას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ამხანაგ სი ძინპინს არაერთხელ გაუსვია ხაზი თავისი პატივსაცემი ურთიერთობისათვის „ძვირფას მეგობართან“ – ვლადიმერ პუტინთან. პეკინის მიერ გამოქვეყნებული 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა (ინიციატივა) საკმაოდ ბუნდოვანი, ზოგადი და შეიძლება ითქვას, მას გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი ხასიათიც აქვს: დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მასში გათვალისწინებული არ არის რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან. გარდა ამისა, სუფთა პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ჩინეთისათვის ერთმნიშვნელოვნად მომგებიანია ხმამაღლა განაცხადოს თავის დაინტერესებაზე „მშვიდობის“ დასამყარებლად, მაგრამ მისი რეალიზებისათვის არავითარი ნაბიჯი არ გადადგას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩინეთს სერიოზულად აქვს ჩაფიქრებული მებრძოლ მხარეებს შორის ზავის ჩამოგდება, სი ძინპინს საშინლად გაუჭირდება კიევსა და მოსკოვის პოზიციების ერთმანეთთან დაახლოება: ისინი იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ კომპრომისის ალბათობა ძალზე დაბალია.

და მაინც არ იქნებოდა სწორი იმ იდეის უარყოფა, რომ ჩინეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რუსეთ-უკრაინის ომის მთლიანად დასრულებაში თუ არა, ცეცხლის დროებით შეწყვეტა-დარეგულირებაში. სხვადასხვა მიზეზებით, უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპა დაინტერესებულნი არიან ჩინეთის მონაწილეობით, ამას თვითონ პეკინიც გრძნობს.

უკრაინელებს ესმით, რომ სი ძინპინს ხელთ უპყრია და მის განკარგულებაშია ვლადიმერ პუტინზე ზემოქმედების უნიკალური ბერკეტები – რა თქმა უნდა, თუ ჩინეთის ლიდერი მათ გამოყენებას გადაწყვეტს. დასავლეთის მიერ სანქციებით „დასჯილი“ რუსეთი იძულებულია ჩინეთს დაეყრდნოს, რათა მისი ეკონომიკა არ ჩაიძიროს და გადაარჩინოს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის აზრით, იმის ალბათობა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს რუსეთზე, ძალიან მცირეა, უფრო მეტიც – თეთრი სახლის ზოგიერთი მაღალჩინოსანი შიშობს, რომ პეკინი ყველაფერს პირიქით გააკეთებს და მოსკოვს მისთვის აუცილებელი იარაღით მოამარაგებს. მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი უკრაინელებს რაღაც იმედი აქვთ და პეკინისადმი ნდობას აგრძელებენ. მათ მოეჩვენათ, რომ ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის ფარული, მაგრამ რეალური დაძაბულობა არსებობს და ეს მოსკოვში ჩინელი ლიდერის ვიზიტის დროსაც შენიშნეს. კიევში ყოფნისას ისიც კი მითხრეს, რომ სწორედ ამ დაძაბულობის არსებობის გამო სი ძინპინმა მოსკოვში ვიზიტის ვადები შეამცირაო.

რამდენად და რატომ შეიძლება სი ძინპინს ვლადიმერ პუტინის მიმართ, ასე ვთქვათ, „მოთმინების ფიალა აევსოს“?

უეჭველია, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ერთნაირად მტრულად არიან განწყობილნი ამერიკის შეერთებული შტატებისადმი. რუსეთის სწრაფი გამარჯვება უკრაინასთან ომში პეკინს სრულად აწყობს, კონფლიქტის გაჭიანურება კი რუსეთს მისთვის სტრატეგიულ ტვირთად გადააქცევს. გარდა ამისა, ჩინეთს არ აწყობს ორი მომენტიც: პირველი – იმის ნაცვლად, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით არსებული ალიანსები დასუსტდნენ, ნატო და ევროკავშირი უკრაინის ომით სულ უფრო მტკიცდებიან; მეორე – ევროპული (დასავლური) და აზიური (აღმოსავლური) დემოკრატიები ერთმანეთს უახლოვდებიან (ერთი მხრივ, ევროკავშირი და აშშ, მეორე მხრივ – იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და აშ.)

ჩინეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა ევროპაში თავისი გავლენა გაეფართოებინა და განემტკიცებინა, მაგრამ მის მიერ რუსეთთან გამოცხადებულმა „უსაზღვრო მეგობრობამ“ ბევრი ევროპული დაარწმუნა, რომ მათთვის თვითონ პეკინიც საკმაო საფრთხეს წარმოადგენს. ამერიკელებიც და ევროპელებიც ახლა ერთი და იგივე ფორმულირებებს იყენებენ, როცა ჩინეთთან მიმართებით „რისკების შემცირების“ აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, პეკინზე დამოკიდებულების შესუსტების მიზნით. „ცისქვეშეთისათვის“ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს – იმიტომ, რომ ევროკავშირი ჩინეთისთვის უდიდეს საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. გარდა ამისა, პეკინი ხედავს, თუ როგორ ძლიერდება სამხედრო კავშირი აშშ-ს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის.

ჩინეთისათვის ევროპაში რეპუტაციის აღსადგენად ყველაზე უკეთესი ნაბიჯი იქნებოდა პოზიტიური როლის შესრულება უკრაინის ომში. ასეთ მოქმედებას გლობალური შედეგიც მოჰყვებოდა: პეკინის მოქმედებით სი ძინპინის ნარატივიც განმტკიცდებოდა: ამერიკის როლი შემცირდებოდა, ჩინეთის კი გაიზრდებოდა – მშვიდობის დამყარების საქმეში.

ამჟამად არის იმის ნიშნები, რომ პეკინი კმაყოფილია და სი ძინპინს „სამშვიდობო ბიზნესი“ სიამოვნებს. მან კარგად მოირგო დიდების გვირგვინი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის განმტკიცებისათვის – საუდის არაბეთისა და ირანის შერიგებით. ამას წინათ ჩინეთმა ავღანეთში საკითხებში სამშვიდობო კონფერენციის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რომელიც სამარყანდში ჩატარდა. გარდა ამისა, პეკინმა ლაპარაკი დაიწყო პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესში შუამავლობის შესახებაც (სხვათა შორის, როცა ამას წინათ ვაშინგტონში ყოფნისას ეს საკითხი ვახსენე, სახდეპარტამენტში ჩემს ნათქვამს ირონიული, დამცინავი ღიმილით შეხვდნენ – „წარმატებას ვუსურვებთო“).

თუ მხედველობაში მივიღებთ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მუდმივად მზარდ მეტოქეობას, მოსალოდნელი იყო, რომ შეერთებული შტატები საბოლოოდ მკვეთრად ნეგატიურ რეაგირებას მოახდენდა პეკინის ჩარევაზე უკრაინის საქმეებში, თუმცა ჯო ბაიდენმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში გამართული შიდა დებატების შედეგად, გადაწყვიტა, რომ ჯერ-ჯერობით ჩინური სამშვიდობო ინიციატივის უარყოფა კი არ მოეხდინა, არამედ დააკვირდებოდა პროცესებს და, გარკვეულ შემთხვევებში, მისთვის სასურველი ფორმა მიეცა.

ამერიკელები აცნობიერებენ, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენება იმისა, რომ ისინი „მშვიდობის წინააღმდეგ არიან განწყობილნი“. შესაბამისად, აშშ სულ უფრო მეტად ისწრაფვის უკრაინაში ომის დასრულებისათვის. ვაშინგტონმა კარგად უწყის, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო ძნელი გახდება დასავლური კონსენსუსის შენარჩუნება მრავალმილიარდიანი ხარჯების მიმართ, უკრაინისადმი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საკითხში.

ამჟამად ვაშინგტონში და ევროპულ დედაქალაქებში შექმნილი საერთო თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ აუცილებელია მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, მათი კონტრშეტევის წინ. უკრაინელების მიზანს რუსებზე გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება წარმოადგენს, რომ ვლადიმერ პუტინის ბატონობა დასრულდეს. მაგრამ ეს უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა. სიმართლესთან უფრო ახლოს დგას ის ვერსია, რომ კიევი შეძლებს თავისი პოზიციების მეტ-ნაკლებად განმტკიცებას ბრძოლის ველზე, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების წინ.

ახლა დისკუსიები მიმდინარეობს იმაზე, თუ როდის დაიწყებს დასავლური ალიანსი უკრაინაზე ღია ზეწოლის მოხდენას, კიევის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანის მიზნით. ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ისიც, თუ ვინ აიძულებს რუსეთს საგრძნობ კომპრომისზე და დათმობებზე წასვლას, უკრაინიდან ჯარების გაყვანისა და ქვეყნის დაშლაზე უარის თქმის ჩათვლით.

ამ კითხვაზე ერთადერთი სარწმუნო პასუხის გაცემა ჩინეთს შეუძლია. მხოლოდ სი ძინპინს ხელეწიფება ვლადიმერ პუტინს მეგობრულად ხელი ჩამოართვას საზოგადოების წინაშე, ხოლო დახურულ კარს მიღმა იგივე ხელი გადაუგრიხოს. რაღაც მომენტში ჩინეთის ლიდერი გადაწყვეტს, რომ მისი ქვეყნის ინტერესებს სწორედ ასეთი მოქმედება შეესაბამება.

წყარო