ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ სატელეფონო კვლევაა, რაც ადამიანებისთვის, ვინც იცნობენ კვლევების მეთოდოლოგიას, ძალიან საგულისხმო ფაქტორია ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რეალურად, რეპრესიების მსხვერპლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ NDI-ის კვლევაზე საუბრისას აღნიშნა.
ბოკუჩავას თქმით, „ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ღიად და თავისუფლად საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას ვერ აფიქსირებს“.
„ამაზე მეტყველებს, მათ შორის, ის ფაქტიც, რომ, თავად NDI-ის მონაცემების მიხედვით, გამოპასუხების პროცენტი 14%-ია, ანუ დარეკილთაგან 14%-მა განაცხადა თანხმობა პასუხის გაცემაზე. რაც ასევე მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეების უდიდეს ნაწილს გამჟღავნების ეშინია ან სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურს. მარტივი გამოსაცნობია, რომ ადამიანები, ვინც არ იღებენ ასეთ კვლევებში მონაწილეობას, უმეტესწილად სწორედ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან. NDI-ის სანდოობა ეჭვქვეშ არ დგება, მეთოდოლოგიას აქვს გარკვეული სპეციფიკა. ავტოკრატიულ რეჟიმებში განსაკუთრებით, და ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ავტოკრატიული რეჟიმით იმართება, ამას ამბობს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი ჯინ შაჰინი და არა მხოლოდ ის, ავტოკრატიულ რეჟიმებში სატელეფონო საუბრის დროს ადამიანები ძალიან შეზღუდულნი არიან საკუთარი პოლიტიკური შეხედულების დაფიქსირებაში. ამაზე მეტყველებს ეს კვლევა. პოლიტიკოსების მიმართ ნდობის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო მიგნებაა, რომელიც მხოლოდ ამ კვლევას არ ახასიათებს, არამედ, პრაქტიკულად, ყველა კვლევა აჩვენებს ხოლმე, რომ პოლიტიკოსების მიმართ სანდოობა მაღალი არ არის. ამისთვის პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხის ნება ითარგმნოს პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ქართველი ხალხის მოთხოვნებს და გამოწვევებს. საქართველოს მოქალაქეების უმთავრესი მოთხოვნა დღეს არის ამ ქვეყნისთვის ევროპული მომავლის და ევროპული პერსპექტივის რეალიზება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.