Home Blog Page 2002

“სამედიცინო დაწესებულება არ არის ავეჯის მაღაზია” – ვატო სურგულაძე

ეს არის პოლიტიკური კანონი, როგორც საბავშვო ბაღებს, სკოლებს მართავენ, ასე უნდათ მართონ სამედიცინო დაწესებულებები, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონი უნდა იყოს არა სადამსჯელო, არამედ მხარდამჭერი.

“კანონი, რომელიც მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ გამოვასწოროთ ხარისხი, რომელიც არც ისე მაღალია ჩვენს სამედიცინო სფეროში, არ უნდა იყოს დამსჯელი, უნდა იყოს მხარდამჭერი.

სამინისტრო არ უნდა ზრუნავდეს იმაზე, მოდით, შევიდეთ, დავსაჯოთ, დავიჭიროთ, ამოცანა უნდა იყოს მხარდამჭერი კონტროლი – შევიდეთ, გამოვასწოროთ.

სამედიცინო დაწესებულება არ არის ავეჯის მაღაზია, თუ ის შეაჩერე, პაციენტი არ შემოვიდა, არ მიეცი თანხა, გაკოტრების წინაშე დადგება და ვინ აგებს პასუხს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულება იქნება სწორი, მერე რომ აღმოჩნდეს, რომ სწორი არ არის? “, – განაცხადა სურგულაძემ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ ლოგიკური პროცესი მიდის” – ირაკლი ზარქუა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა და პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მომავალი ვერ ექნება პარტიას, რომლის უკანაც მერაბიშვილ-კეზერაშვილი დგანან.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ლოგიკური პროცესი მიდის – ეს არის პარტიის გაქრობა პოლიტიკური რადარებიდან. ეს პარტია იდგა ძალმომრეობაზე, შანტაჟზე, მუქარაზე, ჩაშვებაზე. ახლა ამ ყველაფრის გვირგვინი არის ჩემი ხაბე. აქედან გამომდინარე, რა მომავალი უნდა ჰქონდეს იმ პარტიას, როცა „ნაცმოძრაობას“ განახლებული დაარქვეს და მის უკან ვინ დგანან? ბატონი მერაბიშვილი და ბატონი კეზერაშვილი, ვისაც ევროპამ „მისტერ ოფშორი“ დაარქვა და ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს. ქართული ჯარი უკვე გაძარცვული ჰყავს და ამაზე მისჯილი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრაზე არ მიიწვიეს. პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ყრილობას მხოლოდ ხელმძღვანელი პირები ესწრებიან და ყოფილი თავმჯდომარის დასწრება მიზანშეწონილი არ არის.

ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმთან პირველი კონტრაქტი გააფორმა და იმედს გამოთქვამს, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება „ვაგნერისთვისაც“.

მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე ყველა არასახელმწიფო სამხედრო ფორმირება, მათ შორის „ვაგნერიც“, ვალდებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმოს.

შესაბამის ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა სერგეი შოიგუმ ხელი 10 ივნისს მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, ეს “ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შემადგენლობაში მოხალისეთა რაზმების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისთვის“ კეთდება, მაგრამ ექსპერტთა აზრით, გადაწყვეტილება შეიცავს „ვაგნერის“ კონტროლის ქვეშ აყვანის მცდელობას.

„ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით კი, მისი კომპანია არ აპირებს არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

ასევე ექსპერტთა აზრით, „ახმატთან“ შეთანხმების დადებით, უწყებამ აჩვენა, რომ სხვა ფორმირებები სერგეი შოიგუს ბრძანებას ასრულებენ.

“ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით სამინისტრომ რეგულაციები მიიღო” – ოთარ შამუგია

გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. ამ კუთხით სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, უმნიშვნელოვანესი რეგულაციები მიიღო და მათი აღსრულება-დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგს რეგუარულად ახორციელებს.

ამასთან, სამინისტრომ გააგრძელა მუშაობა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის მიმართულებით. ამ ეტაპზე, 50-მდე აქტიური საწარმოდან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 მსხვილი საწარმო, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში კი, მიმდინარეობს ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი.

„ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმო იყოს აღჭურვილი თანამედროვე ფილტრებითა და ონლაინმონიტორინგის სისტემებით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ამასთან, ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დამტიკცდა. სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირების მიზნით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იზღუდება. ავტომობილებისთვის ე.წ. ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები მტკიცდება და ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს „ევრო 5“ ნორმას. რეგისტრაცია (იმპორტი) დაიშვება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, სადაც შემოღებულია „ევრო 5“ და უფრო მაღალი სტანდარტი.

„ბოლო წლებში, აღნიშნული ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის წილი ჯამურ იმპორტში დაახლოებით 98%-ს შეადგენს. შესაბამისად, ავტომობილების იმპორტის ბიზნესოპერატორებს არ შეექმნებათ ახალ ბაზრებზე გადაწყობის პრობლემა. რეგულაცია შეეხება მსუბუქ და მძიმე სამგზავრო ავტომობილებს (მათ შორის ავტობუსებს და მიკრო ავტობუსებს) და მსუბუქ და მძიმე სატვირთო საავტომობილო საშუალებებს (ანუ M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიის ავტომობილების პირველად და დროებით რეგისტრაციას). რეგულაცია მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებსა და აბსოლუტურად ყველა მეზობელ ქვეყანაში. ამ რეგულაციის შემოღება კიდევ უფრო დაახლოვებს ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დროებით აიკრძალება ნარჩენის – ე.წ. კატალიზური კონვერტორის ექსპორტი, რაც შეამცირებს რეალიზაციის მიზნით, ე.წ. კატალიზატორების სპეციალურად ამოღებას ავტომობილებიდან და ხელს შეუწყობს ავტომობილების გამონაბოლქვიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

ავტოტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლიდან მსხვილ ქალაქებში დაიწყება ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლი სპეციალური აპარატურის საშუალებით.

„შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევრიდან ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით, რომელსაც პარლამენტი ახლა განიხილავს. ვფიქრობ, ერთობლივად ყველა ქმედება აუცილებლად მოგვცემს დადებით შედეგს, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში ჰაერის ხარისხს, ამავდროულად, ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასაც“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

“2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაცია არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოტრანსპორტს, ასევე, რეექსპორტს და ტრანზიტს”

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კატალიზატორის ექსპორტი ქვეყნიდან გარკვეული ვადით შეიზღუდება/აიკრძალება.

როგორც ოთარ შამუგიამ განმარტა, კატალიზატორების ექსპორტის შეზღუდვა ძალაში დადგენილებაზე ხელმოწერისთანავე შევა.

აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განცხადება მედიასთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, როდესაც ისაუბრა დაბინძურებული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

„ჰაერის დაბინძურების თემა არის კომპლექსური და ჩვენ მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სადგურების მეშვეობით და სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე ვხედავთ, რომ ძირითადი დაბინძურების მიზეზი არის სწორედ ავტოტრანსპორტი, გამონაბოლქვი და რა თქმა უნდა, მსხვილი საწარმოები სამრეწველო ზონებში.

ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რეგულაციების შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები და 20-ზე მეტი მსხვილი საწარმო გაფრქვევების მონიტორინგს ახორციელებს, რომელზეც ინფორმაცია სამინისტროს მიეწოდება. მთლიანობაში 50 მსხვილი საწარმოა და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის უმეტეს მათგანში ეს სისტემები ფუნქციონირებაში იქნება. ამ ორგანიზაციებმა, ამ საწარმოებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს ფილტრაციის სისტემებში, ამ მონიტორინგის სისტემების აწყობაში და რა თქმა უნდა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი და შემდგომი ეტაპია სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს და რომელიც ძალაში მომავალი წლებიდან შევა. ეს ჩვენ საწარმოებს ავალდებულებს, რომ მათ დანერგონ ყველაზე თანამედროვე სტანდარტები იმისთვის, რომ ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“განაცხადა შამუგიამ.

ამასთან, როგორც მან განმარტა შემოღებული იქნება „ევრო ხუთის“,სტანდარტი რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს ყველა იმ ქვეყანაში, საიდანაც საქართველო ავტოტრანსპორტის იმპორტს ახორციელებს, კერძოდ კი, ეს არის აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კორეა, იაპონია და ა.შ. შამუგიას თქმით, აღნიშნული რეგულაციების შემოღება პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების რეგისტრაცია ქვეყანაში შეზღუდული იქნება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან.

„ცალსახად მინდა ვთქვა,რომ ეს, რა თქმა უნდა, არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოტრანსპორტს, ასევე არ შეეხება რეექსპორტს და ტრანზიტს. ეს რეგულაცია და შეზღუდვა ამ საკითხს არ შეეხება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამგზავრო დიდი ავტობუსების და სატვირთო ტრანსპორტის შემთხვევაში ეს რეგულაცია ამოქმედდება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან და რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს. ასევე, გარკვეული გამონაკლისის გვექნება სახელმწიფო და სამაშველო ღონისძიებებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებებზე. ვფიქრობ, რომ ეს რეგულაცია, ემისიის სტანდარტის შემოღება ქვეყანას კიდევ უფრო დაახლოებს ევროპულ კანონმდებლობასთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალ წლებში დადებით გავლენას იქონიებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა შამუგიამ. .

რაც შეეხება მანქანებიდან კატალიზატორების მოხსნით გარემოს დაბინძურებას, მინისტრის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით ქვეყნიდან კატალიზატორის ექსპორტი შეიზღუდოს/აიკრძალოს,კერძოდ კი, 3 წლის ვადით, ვიდრე მთავრობის მიერ მიღებული არ იქნება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ რეგლამენტი,რომელიც შამუგიას განმარტებით, სამინისტროს მიერ შემუშავებული და შემდგომში მთავრობას წარედგინება.

გარდა ამისა, ოთარ შამუგიას განმარტებით, მიმდინარე წლიდან გზებზე დაიწყება ხილული გამონაბოლქვის კონტროლი და ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას გააკეთებს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და გათვალისწინებული იქნება საჯარიმო სანქციები.

„ყველა გვახსოვს, ყველას ვეძებთ, ყველა უნდა დავიბრუნოთ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან უკრაინამ ტყვეობიდან 2526 ადამიანი დააბრუნა.

„ყოველთვის, როცა ჩვენს ხალხს რუსების ტყვეობიდან ვაბრუნებთ, გვახსოვს ფუნდამენტური მიზანი: არავის დავტოვებთ. გუშინ დავაბრუნეთ ტყვეობიდან ჩვენი კიდევ 95 ბიჭი. საერთო ჯამში გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე დავაბრუნეთ 2526 უკრაინელი ქალი და კაცი. ჩვენ ყველას გვახსოვს, ყველას ვეძებთ, ყველა უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ დავბრუნდებით“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

როგორც სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბმა განმარტა, ამჯერად შესაძლებელი გახდა ოთხი სამხედრო მეზღვაურის, 11 მესაზღვრის, 29 ეროვნული გვარდიის და შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენლის გათავისუფლება.

გაცვლა შესაძლებელი გახდა საკოორდინაციო შტაბის მიერ ჩატარებული კომპლექსური მოლაპარაკებების გზით.

“საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეების ამოცანა დაპირისპირებების ახალ-ახალი კერების შექმნაა”

საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეების ამოცანაა დაპირისპირებების ახალ-ახალი კერების შექმნა. ძალიან სამწუხაროა, თუკი „მაკდონალდსი“ ამ ბრძოლაშია ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერია.

„მე გავუგზავნე შეტყობინება ჭყონიას – ვთხოვე დააზუსტოს – ეს არის მაკდონალდსის“ და „კოკა-კოლას“ ბოლო პერიოდის პოლიტიკა, რომ შემოიტანოს ისეთი თემა, რაც საზოგადოებაში დაპირისპირებას აუცილებლად გამოიწვევს? ყოვლად უგვანო პოლიტიკის გატარებაა მითუმეტეს ბავშვებთან მიმართებით, რომ როგორმე სამოქალაქო დაპირისპირების ახალი კერები გაჩნდეს, მითუმეტეს ასეთი გამაღიზიანებელი ფაქტორის გამოყენებით, როგორიცაა „ლგბტ“ პროპაგანდა ბავშვებს შორის, თორემ, კანონის მხრივ ყველაფერი დარეგულირებულია. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეების ამოცანაა დაპირისპირებების ახალ-ახალი კერების შექმნა. ძალიან სამწუხაროა, თუკი „მაკდონალდსი“ ამ ბრძოლაშია ჩართული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

უცხოური ვალუტის კურსი 13 ივნისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6034 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6034 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6069 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8053 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

” ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში – შემოთავაზებული კანონპროექტი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა!”

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ნაწილის საპოლიციო ორგანოდ ქცევა, გაფართოებული უფლებამოსილებითა და დასჯითი და სააღსრულებო მექანიზმების მინიჭებით, სასამართლოს ჩარევის გარეშე.

ეს არის სტრატეგიული საკითხი! ცალკე უბედურებაა სასამართლო სისტემის დაბალი სანდოობა და გაცილებით უარესია სასამართლოს ჩახსნა სამეწარმეო პროცესიდან. ჯანდაცვა, როგორც სხვა ნებისმიერი დარგი, ეკონომიკის ნაწილია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ისეთივე, როგორიც მაგალითად, სოფლის მეურნეობა, რადგან საკვები პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დარგია.

სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში. ეს კანონპროექტი აფუჭებს სამეწარმეო გარემოს ქვეყანაში, რაც აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე – კიდევ მერამდენე გარე თუ შიდა ინვესტორი უკვე აღარც კი ფიქრობს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო გამოსწორდება. პირიქით, უკან-უკან მიდის და საინვესტიციო ატმოსფეროს გაფუჭება მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში წელს დაგეგმილ 4-5%-იან ეკონომიკურ ზრდას და ნეგატიურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე.

მსგავსი კანონპროექტები ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ეკონომიკის სუბიექტებს შორის სამართლიანი, დემოკრატიული პროცესების არსებობის ევროპულ პრაქტიკას. ეს კანონპროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ და დარწმუნებული ვარ, ის შეფასდება, როგორც ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული.

თუ ევროპისკენ მივდივართ, ჩახედოს ჩვენმა ხელისუფლებამ ევროპულ კანონმდებლობას ნებისმიერ დარგში და მიიღოს შესაბამისი სულისკვეთების კანონები. შემოთავაზებული კანონპროექტი კი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა.

სულაც არ მიხარია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ნებით თუ უნებურად გაანადგუროს სამეწარმეო ეკონომიკური ატმოსფერო საქართველოში.

არადა, საქართველოში შესაძლებელია მუდმივი 10-12 %-იანი ეკონომიკური ზრდა ხანგრძლივად, ყოველწლიურად, რომ არა მსგავსი უაზრო მცდელობები, გაანადგურონ შიდა თუ გარე ინვესტორების სურვილი, ააშენონ ეს ქვეყანა!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდება. შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრემიერი ბრიუსელში სხვა მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ხელოვნების ფესტივალ “ევროპალიასა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე.

“მთავრობის ინიციატივა, რომლითაც საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება.

მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული ინიციატივა იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების კუთხითაც.

„2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდებით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კონკურსი „ფინანსური განათლება მხატვრულად“

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი Finedu, წიგნის საყოველთაო და განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეას და ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზაციისა და მათი ცხოვრებისეულ კომპეტენციებად წარმოჩენის მიზნით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ფინანსური განათლება მხატვრულად“.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან მოთხრობები, რომლებიც მხატვრული სიუჟეტის საშუალებით წარმოაჩენენ ფინანსური განათლების საკითხებს,  მკითხველებს მათ მნიშვნელობაზე დააფიქრებენ და იმავდროულად გასაგებს გახდიან, რომ ეს საკითხები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

კონკურსის დევიზია „დაწერე, აჩუქე, მოიგე!“. კონკურსის მთავარი იდეაა, დააფიქროს ადამიანები ფინანსური განათლების საკითხებზე და დაანახოს მათი აქტუალობა და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული რომლებიც ფულად პრიზებთან ერთად დაწესებულ სხვა ფასიან საჩუქრებსაც მიიღებენ.

ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: 1) ფინანსური განათლების საკითხების წარმოჩენა და 2) ნამუშევრის მხატვრული, ლიტერატურული ხარისხი. პირველ კატეგორიაში შეაფასებენ ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის კომიტეტის წევრი ორგანიზაციები, ხოლო ლიტერატურული ღირებულების ნაწილში შეფასება გაკეთდება ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს პროფესიონალების მიერ.

საკონკურსო ნამუშევრები  23 ივნისის ჩათვლით მიიღება. ფინალის 20 მონაწილის ვინაობა 4 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება კი 9 სექტემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი ასევე, ეხმიანება წიგნების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის იდეას და კონკურსის მონაწილე ავტორების სახელით ერთ-ერთ სასკოლო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა წიგნები.

კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ: https://shorturl.at/adoFJ

R