“მთავრობის ინიციატივა, რომლითაც საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება”

spot_img

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება.

მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული ინიციატივა იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების კუთხითაც.

„2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდებით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.