Home Blog Page 2002

“აგრესორი ქვეყნის დეპუტატმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო” – გია აბაშიძე ზატულინის განცხადებაზე

„რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება სააკაშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის თანაოკუპანტური ქმედებები, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე რუსეთის დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, წერს, სადაც ზატულინი აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“.

გია აბაშიძის თქმით, ზატულინმა დაადასტურა, რომ რუსეთისთვის უმჯობესი იქნებოდა, 2008 წლის ომის სცენარი განმეორებულიყო, სადაც, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ოკუპანტ ქვეყანას მწვანე შუქი აუნთო, შემდეგ სტრატეგიული ობიექტები გადასცა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზციაში გაწევრიანებაზეც თანხმობა განუცხადა.

„რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება სააკაშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის თანაოკუპანტური ქმედებები. ერთ-ერთი რაშისტი, სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს. მარტივად – აგრესორი ქვეყნის დეპუტატმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. 2008 წლის აგვისტოში, უᲡამშობლო სააკაშვილმა და მისმა ავაზაკებმა კრემლს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოს დასაპყრობად. შემდეგ იყო კაპიტულანტურ რეზოლუციაზე თანხმობა ევროპის საბჭოში, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, WTO-ში შესვლაზეც მწვანე შუქი და ა. შ. მოღალატე ნაცსექტის მესვეურებს ჯერ არ უგიათ პასუხი სამშობლოს გაყიდვაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ!“ – წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

“ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმმა უნდა აიღოს” – დიმიტრი პესკოვი

კრემლი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მას ცალსახად მიაჩნია, რომ ინციდენტი უკრაინის მხრიდან ჩადენილი წინასწარგანზრახული დივერსია იყო.

„ის დაიგეგმა და განხორციელდა კიევიდან, კიევის რეჟიმისგან მიღებული ბრძანებით. კიევის რეჟიმმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ყველა შედეგზე“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისივე მტკიცებით, უკრაინას მიზანია ყირიმისთვის წყლის წართმევა და ბრძოლის ველიდან ყურადღების გადატანა.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლება კახოვკას ჰესის კაშხალზე განხორციელებულ აფეთქებაში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ ქმედებას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილ ტერორისტულად აქტად განიხილავენ.

“დიახ, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები” – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები და „რუსული პარტიის“ ისტერიკაც აბსოლუტურად გასაგებია”, – ამის  შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორ ისტერიკაში ჩავარდა სრულიად რუსული პარტია და სახელისუფლებო მედია. დიახ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები. დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, „რუსული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელია.

აბსოლუტურად სწორად ნერვიულობს რუსული პარტიის “ბოსობა”. ინერვიულეთ და ზუსტად იცოდეთ, რომ უდიდესი ერთობა იქნება – შედგება სახელმწიფოს მოღალატეების წინააღმდეგ,“ – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, დრო მოვიდა” – ალექსეი დანილოვი

ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას, დრო მოვიდა, – ეს განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსეთის აგრესიის ახალი ეტაპია.

„ამით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს – უკრაინის განადგურებას, უკრაინელების მკვლელობას, ეკონომიკის განადგურებას და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრუქტურების განადგურებას“, – წერს დანილოვი საკუთარ სოციალურ ქსელში.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ გაიმართა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლების შტაბის სხდომა.

„შეხვედრის შედეგების მოკლე რეზიუმე ასეთია – არაფერი და არავინ, ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, რომლის დროც დადგა“, – განაცხადა დანილოვმა.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ მოგების გასაღები არ არის”- ხატია დეკანოიძე

მე რომ რაიმე რწმენა მქონოდა ამ პარტიის თავმჯდომარეში ან იმ პროცესებში, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, პარტიას არ დავტოვებდი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის მოგების გასაღები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილი აღნიშნავს: „ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მოგების გასაღები არის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ სხვადასხვა ძალის კონსოლიდაციაში.

„ნაციონალურ მოძრაობაზე“ მყოფი პარტიები და ის ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არიან და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საუბრობენ, არიან პარტიის ლიდერები: ქალბატონი ჩარკვიანი, ბატონი გუბაზ სანიკიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ა.შ. მათი ერთობა არ გამოიწვევს დამატებით ხმების მატებას „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს არის ხმები, რომელიც ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს და ჩემი აზრით, ეს ორბიტა უნდა იყოს ცალკე. აქეთა მხარეს უნდა იყოს ერთობა იმ ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების, ვისაც არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანება და ვისაც ესმის, რომ იმ ქვაბში ჩაყრა, როგორც ორბანმა ჩაყარა ერთ ქვაბში მთელი ოპოზიცია, არ არის გამარჯვების ფორმულა. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაცია გააკეთოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ვერ მოხერხდება მთელი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კონსოლიდაცია.

„ჩვენ გვაქვს მაგალითად, რატომ ვერ დაამარცხა ოპოზიციამ ორბანი არჩევნებზე. მემარჯვენეები, მემარცხენეები და ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი პარტია გაერთიანდა ერთად და ხმები, რომლებიც უნდა დამატებოდა ამ პარტიებს, ოპოზიციას – წაიღო ორბანმა. მე ამას ვუწოდებ ორბანის ქვაბს. ახლა ჩვენ გვაქვს ივანიშვილის ქვაბი, ის ამ ქვაბში წარმატებით ხარშავს ყველას, „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიცია, ზელენსკი, ევროკავშირი და ა.შ. და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანება ნიშნავს, რომ ეს ქვაბი გაცილებით დაცლილი იქნება, ვიდრე – ავსებული. ამიტომ ჩემი მოსაზრებით „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მყოფი ლიდერები და პარტიები, ვინც არია ჩარკვიანი, სანიკიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“, არ ვიცი, იქ „დროას“ და „გირჩის“ გადაწყვეტილება, მაგრამ ესენი უნდა იყვნენ ამ ორბიტაზე და აქეთ მხარეს უნდა გაძლიერდეს კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის შესაბამისი არჩევანის მიმცემი პოლიტიკური ცენტრი. ჩემი წარმოდგენით, ეს ასეა, არ ვიცი, ახლა ერთი პარტია იქნება, ორი, სამი, ოთხი, თუ ხუთი. ტექნიკური თანამშრომლობა შესაძლებელია. თქვენ იცით, რომ ბლოკები აღარ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია ტექნიკურად მსხვილი ცენტრი ჩამოყალიბდეს. ამაზე საუბარი ცოტა ადრეა, მაგრამ მე ვერ ვხედავ ძალიან ლოგიკურად და პრაგმატულად. ამას ვამბობდი მაშინაც, როდესაც ვიყავი „ნაციონალურ მოძარობაში“. პრაგმატულად პარტია, რომელიც უერთდება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ხმევი არ მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამომრჩეველს უნდა მივცეთ ორი ან სამი შეთავაზება, გამსხვილებული ცენტრები და ამის შემდეგ ვიმუშაოთ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. ყველა თუ იქნება ივანიშვილის ქვაბში, ჩემი წარმოდგენით, ეს იქნება მხოლოდ არაპრაგმატული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“დღეს ქუთაისში 480 დევნილი მიიღებს ბინას” – პრემიერი

დღეს 480 დევნილი მიიღებს ბინას. დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა და ჯამში 800 ოჯახი მიიღებს ბინებს ამ უბანში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში განაცხადა.

„ჯამში ბოლო 10 წელიწადში ჩვენ 31 000 ოჯახს გადავეცით ბინები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სოფლად სახლების გადაცემის პროგრამაც, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მომდევნო 2-3 წელიწადში დამატებით 13 000 ოჯახი მიიღებს ბინებს. აქედან 7000 იქნება ბინა, 6000 კი სახლი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დევნილი ოჯახებისთვის სამი 16-სართულიანი კორპუსი ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე აშენდა. საცხოვრებელი კომპლექსი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და იქ 480 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა. ამავე კომპლექსში დასრულების ეტაპზეა კიდევ 320 ბინის მშენებლობა, რომლებიც დევნილ ოჯახებს უახლოეს მომავალში ჩაბარდებათ.

ჯამში კომპლექსში ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. კორპუსები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.

“მე თქვი, რომ ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი და არა ერთადერთი იყო უკრაინის სურვილი, გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი”-პრემიერი

ბოლოს მინდა ერთ საკითხზე გავაკეთო კომენტარი, ბოლო დღეებია ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს, ე.წ. აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ბრატისლავაში, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე თქვი, რომ უკრაინის სურვილი, ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, რომ გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი, კარგად გახსოვთ და შემდეგ ვთქვი, რომ მე არ მინდა, ციტირება მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების, ანუ მათი განცხადებების, კითხვა იყო თუ როგორ ფიქრობთ რატომ დაიწყო და მე ამით ვაჩვენე, ერთი, რომ უკრაინის სურვილი ჰქონდა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომ გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა მომეხდინა ციტირება. აქვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ მეორე დღესვე ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და მან თქვა, რომ ეს ომი, ამ ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ უკრაინას აქვს სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ახლა მე მინდა კითხვა დავუსვა აი ამ ბრძენ კრიტიკოსებს, რომელიც არ ჩერდებიან, ჯობია გაჩერდნენ, უფრო მეტის თქმა შეგვიძლია, მაგრამ არ ვამბობთ. რამდენიმე საათში ქალბატონ ურსულას გამოსვლიდან, ბატონი მაკრონი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა პრაქტიკულად იგივე და ცოტა უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცა პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია აგრესია რუსეთის, საქართველოსა და უკრაინაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ქუთაისში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორი ინტერპრეტირება, დამახინჯება და არასწორი განცდების შექმნა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს. მისივე განცხადებით, ამ რთულ სიტუაციაში ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურობაზე.

„ახლა მე კითხვა მინდა დავუსვა ყველას, რატომ არ აკრიტიკებენ ბატონი მაკრონის განცხადებას, ან ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას? კითხვა სად რჩება, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ იგივე ჩვენს ომთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქიდან რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს არ სურთ რეალურად ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

მე ვერაფრით ვხსნი უბრალოდ ამ სიტუაციაში, რთულ, გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რომელიმე, ექსპერტი იქნება თუ ყოფილი მთავრობის წევრი, ნებისმიერი ქვეყნის, რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ამ თემის არასწორი ინტერპრეტირებით და დამახინჯებით და არასწორი განცდების შექმნით. ეს ემსახურება ერთ მიზეზს და მე ეს არაერთხელ მითქვამს, უბრალოდ მინდა თქვენთვის გავაკეთო კომენტარი. მე ღია საუბარი მქონია მათ შორის ნატოს ხელმძღვანელობასთან, მოქმედთანაც და წინასთანაც, წინა პრემიერ-მინისტრობის დროს. მათთან მქონდა პირდაპირი საუბარი, არ მინდა რომ ამ საუბრის შინაარსი გამოვიტანო, მაგრამ ბუნდოვანი იყო და დღესაც ბუნდოვანია საერთოდ, მე ვეუბნები რომ დღეს ქვეყანას ჯარი ჰყავს სრულად თავსებადი ნატოსთან. ჩვენ ამდენი ვიომეთ, ავღანეთში, ერაყში, ყველგან, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს შარშან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც დსთ-ს წევრ ქვეყანა მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი.

ამაზე თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენს ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციას არ ჰქონდა არავითარი რეაქცია. ამაში ჩანს, როგორ იცავენ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ ამ სიტუაციაში და თქვენ ბოლო მინდა შეგახსენოთ, რომ მე მგონი გუშინ, თუ გუშინ წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ბატონმა ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რეალური დაპირება არ იქნება, უკრაინაც ვერ ხედავს აზრს, რომ დაესწროს ვილნიუსის სამიტზე. ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. ამაზე უნდა გააკეთოთ თქვენ ეს სიუჟეტები და არა ყალბ მოგონილ ამბებზე. აი ეს იქნება ჩემი რჩევა.

ამ რთულ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვოთ მშვიდობა, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურობაზე, ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მიუხედავად ძალიან ბევრი შიდა მტრების ,თუ გარე მტრების სურვილებისა“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 – 7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება. აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

„ოქროს საუკუნე თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში“ – რას წერს უცხოური პრესა

თურქულ გაზეთ „ენი შაფაკში“ (Yeni Şafak – „ახალი დილა“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ოქროს საუკუნე თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში“ (ავტორი-სეფერ გელენი), რომელშიც განხილული და შეფასებულია როგორც მოსკოვ-ანკარის თანამედროვე კავშირების მდგომარეობა, ასევე მათი პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა იმას, თუ რამდენად შეძლებდა რეჯეფ ერდოღანი, რომლის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, მესამედ გამარჯვებას და სახელმწიფოს მეთაურად კიდევ ერთი ვადით დარჩენას. ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქი, რომელიც, უეჭველია, არჩევნების შედეგებს დიდი ინტერესით ელოდებოდა, მოსკოვი იყო.
„ძვირფასო მეგობარო…“

მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ნათელი გახდა, მსოფლიოს ლიდერების მხრიდან მილოცვების ნაკადი დაიძრა, რომლებშიც თურქეთთან თანამშრომლობის სურვილები იყო გამოხატული.

ბუნებრივია, კრემლმაც თავისი სიტყვა თქვა: ვლადიმერ პუტინმა თავისი მილოცვა დაიწყო მიმართვით – „ძვირფასო მეგობარო, ძალიან დიდად ვაფასებთ თქვენს პირად წვლილს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის განმტკიცებაში“. თუმცა ვლადიმერ პუტინის მილოცვაში ყველაზე უფრო ნათელი და „მგრძნობიერი“ მომენტი ისაა, როცა იგი რეჯეფ ერდოღანს მადლობას უხდის ნატოში დამოუკიდებელი როლის შესრულებისათვის. ანკარის მიერ გატარებულ ნატოურ პოლიტიკას კრემლი ალიანსში ბზარის შემტანად მიიჩნევს.

აშშ-სა და ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, რუსეთი თურქეთის არჩევნების პროცესს ფრთხილად უყურებდა და რიტორიკისაგან თავს იკავებდა. შესაბამისად, რეჯეფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სამომავლო ურთიერთობის გამოცდა მშვენივრად ჩააბარეს. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ირონიულად აცხადებდა კრემლის გასაგონად – „ძვირფასო რუსო მეგობრებო, იცოდეთ, რაც თურქეთში ცუდი რამ ხდება, ყველაფერი თქვენი ბრალია, ყოველივე ნეგატიური მოვლენის უკან თქვენ დგახართ. ამიტომ ხელები შორს თურქული სახელმწიფოსაგან“. როცა რეჯეფ ერდოღანმა გაიმარჯვა, რუსულმა პრესამ დაწერა, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუმ, დასავლეთის დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, დამარცხდა, რეჯეფ ერდოღანმა კი გამარჯვებას – თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანს საკუთარ პოლიტიკურ კარიერაში – სხვების დაუხმარებლად, თავისი სახელისა და ავტორიტეტის წყალობით მიაღწია.

რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რასაკვირველია, რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება დადებითად შეფასდა – კრემლის ინტერესების შესაბამისად. მოსკოვი კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ ახალი „ძველი“ პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებით დადებით და ორმხრივად სასარგებლო კურსს გააგრძელებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი რუსული გამოცემის ვარაუდით, თურქეთში, საზოგადოების ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყოფის გამო, მოსალოდნელი იქნებოდა ქუჩის აქციები, უწესრიგობები და ა.შ. საბედნიეროდ, ნეგატიური წინასწარმეტყველება არ გამართლდა.

ევროკავშირი რუსეთისა და თურქეთის მარწუხებში

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის განმტკიცება თითქმის ყველა სფეროში ვლინდება. მოსკოვისა და ანკარის საერთო ნება გამოხატულია ენერგეტიკის, უსაფრთხოების, ტურიზმის დარგებში. რეჯეფ ერდორანი და ვლადიმერ პუტინი ერთად ცდილობენ საერთაშორისო კრიზისების დარეგულირებასა და გადაწყვეტას. ამ ორი მართლაც გამორჩეული პოლიტიკოსის „შინაგანი ქიმია“ ერთმანეთს უთავსდება. ორივე ლიდერის მიერ გადადგმული მტკიცე ნაბიჯები ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების „ოქროს საუკუნის“ შექმნას.

უეჭველია, რომ თუ 14-28 მაისის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებდა, ამ ფაქტს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესება მოჰყვებოდა, მაგრამ რეჯეფ ერდოღანის წარმატებამ ორმხრივი ურთიერთობებს ზიანი თავიდან ააცილა და მას სამომავლოდაც მნიშვნელოვანი მულტიეფექტი ექნება. ყურადღება მივაქციოთ: ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეჯეფ ერდოღანმა პირველი ტურის შემდეგ ბალკონიდან წარმოთქმულ სიტყვაში დადებითად მოიხსენია, რუსეთი იყო. ამით თურქმა ლიდერმა მიანიშნა, რომ რუსეთს და თურქეთს ერთმანეთისათვის ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც კრემლის წინადადების რეალიზების თვალსაზრისით, რომელიც თურქეთის საერთაშორისო ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევას ითვალისწინებს (თრაკიაში შექმნილი გაზის ჰაბის შექმნით).

კაცმა რომ თქვას, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ერდორანის ურთიერთთანხვედრი ქმედება არჩევნების მეორე ტურამდეც გამოვლინდა, როცა კრემლმა ანგარიში გაუწია ბეშტეპეს (თურქეთის პრეზიდენტი რეზიდენცია) ინტერესებს და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხში მოლაპარაკების დროს თავისი პრეტენზიები მოხსნა.. ანალოგიური მომენტი იყო არჩევნების წინ ატომური ელექტროსადგურის პირველი რიგის ექსპლუატაციის დაწყება, რომელიც რუსეთის დახმარებით და შეღავათებით აშენდა.

რა თქმა უნდა, რომ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, რომლებიც ორი ლიდერის ნების გამოვლენას მოითხოვს, მაგალითად, სირიის საკითხში, ირანის მონაწილეობით. ამ საქმეში ანკარა-მოსკოვი-თეირანი-დამასკოს კვარტეტს ნამდვილად შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება. და თუ ამას კავკასიაში ანკარასა და მოსკოვის ერთობლივ ძალისხმევასაც მივუმატებთ, მაშინ კრემლ-ბეშტეპეს გავლენა კიდევ უფრო გაფართოვდება. ტანდემის სამშვიდობო გავლენამ შეიძლება იმოქმედოს ბალკანეთის სიტუაციაზეც (კოსოვო-სერბეთის დაპირისპირებაში), რომელიც მატულობს კონფლიქტის ზონად გადაქცევის რისკები. და ბოლოს – ევროკავშირის წინაშე დგება საკმაოდ რთული ამოცანა: ბრიუსელი იძულებული ხდება დიპლომატია განახორციელოს და საქმე ჰქონდეს ერთდროულად ორივე ლიდერთან. ამრიგად, ევროკავშირი ფაქტობრივად ორი ძლიერი პოლიტიკოსის – ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ერდოღანის მარწუხებში იქნება მოქცეული.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ: რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება თურქეთს ძლიერი კუთხით წარმოაჩენს როგორც რუსეთთან, ასევე უფრო მეტად აშშ-სთან და საერთოდ, დასავლეთთან. მოკლედ, თურქეთის არჩევნებში, რეჯეფ ერდოღანის გარდა, კიდევ ერთ გამარჯვებულს ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს.

წყარო

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში უძრავი ქონების მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ 2023 გაიმართა. უკვე მესამე წელია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ სექტორის განვითარებაზე ზრუნვას და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საინტერესო შეხვედრებს აორგანიზებს.

წელს ,,გრემოს’’  ფარგლებში როგორც პრეზენტაციები, ასევე პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები გაიმართა. ძირითადი თემები, რომლის გარშემოც აჭარაში მოღვაწე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების 70-მდე წარმომადგენელი გაერთიანდა: ბათუმის გენ. გეგმის ხედვა, ცოდნა ნიშური ბაზრების კუთხით, სამშენებლო უსაფრთხოება, თანამედროვე ტექნოლოგიები და დაფინანსების შესაძლებლებობები იყო.

“საკონსულტაციო კომპანია “პროსპექტის”ორგანიზებით გამართული ღონისძიება „გრემო“ აერთიანებს ჩვენს სამიზნე აუდიტორიასა და სექტორის მნიშვნელოვან მოთამაშეებს. გამომდინარე იქიდან, რომ ლიზინგი ძირითადი საშუალებების დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და მარტივი გზაა, აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის დიდი გამოცდილება და საკმაოდ სოლიდური პორტფელი გაგვაჩნია. სექტორთან მჭიდრო ურთიერთობის გათვალისწინებით, ჩვენთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. ამჯერად „გრემოს“ აჭარამ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა რეგიონმა უმასპინძლა. მოცემულ ეტაპზე, ქვეყნის ეს ნაწილი სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია, სწრაფი ტემპით ვითარდება, მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები და ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნაც მზარდია. ღონისძიებამ მოგვცა პლატფორმა და შესაძლებლობა გვესაუბრა ახალ და აწ უკვე წარმატებულ პროექტებზე, ასევე კომერციული უძრავი ქონების ლიზინგზე, პროდუქტზე, რომელიც რეალურად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს და დიდ ინტერესს იწვევს აუდიტორიაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ბერკეტები გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება, სწრაფი, მოქნილი და კონკურენტუნარიანი დაფინანსების შესაძლებლობით, რაც ასე ძალიან სჭირდება სექტორს “- ნოდარ ბარბაქაძე, თიბისი ლიზინგის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი.

Prospect-ის მიზანია, ყოვეწლიური კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე კომპანიებს გაუზიაროს ყველაზე მნიშვნელოვანი და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საკითხები, სწორედ ამ მიზნით, წელს გრემო-ს ღონისძიება თბილისშიც, უკვე მე-3ჯერ  იგეგმება.

 

“არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მიიღოს რუსული ფული, გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას” – პრემიერი ხოშტარიაზე

ჩვენმა ხალხმა რომ გაიგოს კიდევ ერთხელ, ქალბატონი ხოშტარია, რომელსაც არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია, მის პარტიას, დადიან, ეწევიან დესტრუქციულ საქმიანობას, აყენებენ შეურაცხყოფებს ადამიანებს და მათ შორის, ჩვენს საამაყო პოლიციელებს. და ვითომ, ერთ-ერთი ხმალამოღებით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი, ამას არავითარი პროტესტი არ უჩნდება.

„საერთოდ, მე მინდა უფრო ვრცლად გიპასუხოთ ამ თემაზე, რომ კითხვა დაუსვით აი ამ ადამიანებს, რა გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე? რატომ დააგვიანეს? რატომ არ დაიწყეს მოლაპარაკებები იგივე ასოცირების შეთანხმების თაობაზე, უვიზო რეჟიმზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, 3 წელი დააგვიანეს. დაიწყო მანამდე მოლდოვამ, უკრაინამ და ყველამ, 3 წელი. 3 წელი კი არა 3 დღე რომ დაგვეგვიანებინა ჩვენ, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ამბავს ატეხავდნენ აქ?! ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი. ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი, ამას არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიიღოს რუსული ფული და გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს”, – განაცხადა პრემიერმა.

“მთავარია, უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ, რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს”- სააკაშვილი

მთავარია ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ, რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს. ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება, გაუშვებენ, თუ არა ნიკა გვარამიას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას არ გათავისუფლება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის კარის ფართოდ გაღება იქნება.

„რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია, რაც ნიშნავს, რომ ომში მოვლენები ძალიან დაჩქარდება. მთავარია, ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ, რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს. ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება, გაუშვებენ თუ არა ნიკა გვარამიას. მისი არ გაშვება იქნება კიდევ ერთი კარის გამოჯახუნება და ფართოდ გაღება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის“, – წერს სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/pfbid0HtT7Nfw3ciXzHQMcm8ePV8TTr4aTT9rgoDptKJ76SukbPLvbi421F3E6WuWnkPEgl