„ოქროს საუკუნე თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში“ – რას წერს უცხოური პრესა

123
spot_img

თურქულ გაზეთ „ენი შაფაკში“ (Yeni Şafak – „ახალი დილა“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ოქროს საუკუნე თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში“ (ავტორი-სეფერ გელენი), რომელშიც განხილული და შეფასებულია როგორც მოსკოვ-ანკარის თანამედროვე კავშირების მდგომარეობა, ასევე მათი პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა იმას, თუ რამდენად შეძლებდა რეჯეფ ერდოღანი, რომლის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, მესამედ გამარჯვებას და სახელმწიფოს მეთაურად კიდევ ერთი ვადით დარჩენას. ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქი, რომელიც, უეჭველია, არჩევნების შედეგებს დიდი ინტერესით ელოდებოდა, მოსკოვი იყო.
„ძვირფასო მეგობარო…“

მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ნათელი გახდა, მსოფლიოს ლიდერების მხრიდან მილოცვების ნაკადი დაიძრა, რომლებშიც თურქეთთან თანამშრომლობის სურვილები იყო გამოხატული.

ბუნებრივია, კრემლმაც თავისი სიტყვა თქვა: ვლადიმერ პუტინმა თავისი მილოცვა დაიწყო მიმართვით – „ძვირფასო მეგობარო, ძალიან დიდად ვაფასებთ თქვენს პირად წვლილს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის განმტკიცებაში“. თუმცა ვლადიმერ პუტინის მილოცვაში ყველაზე უფრო ნათელი და „მგრძნობიერი“ მომენტი ისაა, როცა იგი რეჯეფ ერდოღანს მადლობას უხდის ნატოში დამოუკიდებელი როლის შესრულებისათვის. ანკარის მიერ გატარებულ ნატოურ პოლიტიკას კრემლი ალიანსში ბზარის შემტანად მიიჩნევს.

აშშ-სა და ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, რუსეთი თურქეთის არჩევნების პროცესს ფრთხილად უყურებდა და რიტორიკისაგან თავს იკავებდა. შესაბამისად, რეჯეფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სამომავლო ურთიერთობის გამოცდა მშვენივრად ჩააბარეს. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ირონიულად აცხადებდა კრემლის გასაგონად – „ძვირფასო რუსო მეგობრებო, იცოდეთ, რაც თურქეთში ცუდი რამ ხდება, ყველაფერი თქვენი ბრალია, ყოველივე ნეგატიური მოვლენის უკან თქვენ დგახართ. ამიტომ ხელები შორს თურქული სახელმწიფოსაგან“. როცა რეჯეფ ერდოღანმა გაიმარჯვა, რუსულმა პრესამ დაწერა, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუმ, დასავლეთის დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, დამარცხდა, რეჯეფ ერდოღანმა კი გამარჯვებას – თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანს საკუთარ პოლიტიკურ კარიერაში – სხვების დაუხმარებლად, თავისი სახელისა და ავტორიტეტის წყალობით მიაღწია.

რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რასაკვირველია, რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება დადებითად შეფასდა – კრემლის ინტერესების შესაბამისად. მოსკოვი კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ ახალი „ძველი“ პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებით დადებით და ორმხრივად სასარგებლო კურსს გააგრძელებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი რუსული გამოცემის ვარაუდით, თურქეთში, საზოგადოების ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყოფის გამო, მოსალოდნელი იქნებოდა ქუჩის აქციები, უწესრიგობები და ა.შ. საბედნიეროდ, ნეგატიური წინასწარმეტყველება არ გამართლდა.

ევროკავშირი რუსეთისა და თურქეთის მარწუხებში

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის განმტკიცება თითქმის ყველა სფეროში ვლინდება. მოსკოვისა და ანკარის საერთო ნება გამოხატულია ენერგეტიკის, უსაფრთხოების, ტურიზმის დარგებში. რეჯეფ ერდორანი და ვლადიმერ პუტინი ერთად ცდილობენ საერთაშორისო კრიზისების დარეგულირებასა და გადაწყვეტას. ამ ორი მართლაც გამორჩეული პოლიტიკოსის „შინაგანი ქიმია“ ერთმანეთს უთავსდება. ორივე ლიდერის მიერ გადადგმული მტკიცე ნაბიჯები ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების „ოქროს საუკუნის“ შექმნას.

უეჭველია, რომ თუ 14-28 მაისის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებდა, ამ ფაქტს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესება მოჰყვებოდა, მაგრამ რეჯეფ ერდოღანის წარმატებამ ორმხრივი ურთიერთობებს ზიანი თავიდან ააცილა და მას სამომავლოდაც მნიშვნელოვანი მულტიეფექტი ექნება. ყურადღება მივაქციოთ: ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეჯეფ ერდოღანმა პირველი ტურის შემდეგ ბალკონიდან წარმოთქმულ სიტყვაში დადებითად მოიხსენია, რუსეთი იყო. ამით თურქმა ლიდერმა მიანიშნა, რომ რუსეთს და თურქეთს ერთმანეთისათვის ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც კრემლის წინადადების რეალიზების თვალსაზრისით, რომელიც თურქეთის საერთაშორისო ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევას ითვალისწინებს (თრაკიაში შექმნილი გაზის ჰაბის შექმნით).

კაცმა რომ თქვას, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ერდორანის ურთიერთთანხვედრი ქმედება არჩევნების მეორე ტურამდეც გამოვლინდა, როცა კრემლმა ანგარიში გაუწია ბეშტეპეს (თურქეთის პრეზიდენტი რეზიდენცია) ინტერესებს და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხში მოლაპარაკების დროს თავისი პრეტენზიები მოხსნა.. ანალოგიური მომენტი იყო არჩევნების წინ ატომური ელექტროსადგურის პირველი რიგის ექსპლუატაციის დაწყება, რომელიც რუსეთის დახმარებით და შეღავათებით აშენდა.

რა თქმა უნდა, რომ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, რომლებიც ორი ლიდერის ნების გამოვლენას მოითხოვს, მაგალითად, სირიის საკითხში, ირანის მონაწილეობით. ამ საქმეში ანკარა-მოსკოვი-თეირანი-დამასკოს კვარტეტს ნამდვილად შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება. და თუ ამას კავკასიაში ანკარასა და მოსკოვის ერთობლივ ძალისხმევასაც მივუმატებთ, მაშინ კრემლ-ბეშტეპეს გავლენა კიდევ უფრო გაფართოვდება. ტანდემის სამშვიდობო გავლენამ შეიძლება იმოქმედოს ბალკანეთის სიტუაციაზეც (კოსოვო-სერბეთის დაპირისპირებაში), რომელიც მატულობს კონფლიქტის ზონად გადაქცევის რისკები. და ბოლოს – ევროკავშირის წინაშე დგება საკმაოდ რთული ამოცანა: ბრიუსელი იძულებული ხდება დიპლომატია განახორციელოს და საქმე ჰქონდეს ერთდროულად ორივე ლიდერთან. ამრიგად, ევროკავშირი ფაქტობრივად ორი ძლიერი პოლიტიკოსის – ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ერდოღანის მარწუხებში იქნება მოქცეული.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ: რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება თურქეთს ძლიერი კუთხით წარმოაჩენს როგორც რუსეთთან, ასევე უფრო მეტად აშშ-სთან და საერთოდ, დასავლეთთან. მოკლედ, თურქეთის არჩევნებში, რეჯეფ ერდოღანის გარდა, კიდევ ერთ გამარჯვებულს ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს.

წყარო