Home Blog Page 2001

ვერ ვაჩვენეთ ძალა, ამიტომაც ოპოზიციის ნდობის ფაქტორი ეცემა – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე NDI-ს კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის რეიტინგი ეცემა. მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ დაარწმუნა ამომრჩეველი, რომ შეუძლიათ პოზიტიური ფუნქციის შესრულება. „ჩვენ ადამიანები ვერ დავარწმუნეთ და ვერ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია პოზიტიური ფუნქციის შესრულება, რას ვთავაზობთ, რა არის ალტერნატივა, როგორია სახელმწიფო მოწყობა და ვერ ვაჩვენეთ ძალა – ესაა მთავარი. ძალაში არ ვგულისხმობ ქუჩაში გამოსვლას, ვგულისხმობ ყველაფერს ერთად. ეს ყოველთვის იყო, ყოველთვის ვსაუბრობდი ამაზე, რომ ოპოზიციის ნდობის ფაქტორი ეცემა“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საქართველოში მედია გარემო ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა – დავით ჩიხელიძე

„მედიის შევიწროებაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომელთა მმართველობის დროს, მედია სახელმწიფოს ჰქონდა მიტაცებული, კრიტიკული მედია და ჟურნალისტები იდევნებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ინდექსის ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, როგორც ანგარიშშია ნათქვამი საქართველოში მედია გარემო გაუმჯობესდა, რაც რეიტინგში აისახა,“ – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი ნათლად აჩვენებს სად იყო საქართველო და დღეს სად არის: „საქართველო 180 ქვეყანას შორის 77-ე ადგილს იკავებს. საინტერესოა იგივე ორგანიზაციის გასული წლების ანგარიში, „ნაცების“ მმართველობის პერიოდში 2010-2011 წლებში პრესის თავისუფლების მიხედვით საქართველო მე-100 და 104-ე ადგილს იკავებდა. ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი ნათლად აჩვენებს სად იყო საქართველო და დღეს სად არის. მანიპულაციაა ყოველგვარი საუბრები თავისუფალი მედია გარემოს შეზღუდვის შესახებ, საქართველოში მედია გარემო ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა, დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლების მხრიდან არ ხდება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, რასაც ოპოზიციაზე ვერ ვიტყვით. ჟურნალისტთა ფართო თავისუფლებამ ქვეყანა პრობლემის წინაშე დააყენა. კერძოდ, საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკოსი ჟურნალისტების მიმდინარეობა, რაც ჟურნალისტურ ღირებულებებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება“, – წერს ჩიხელიძე.

უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა

კიევში, უკრაინის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და ცენტრში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, უკრაინის საჰაერო ძალებში დააზუსტეს, რომ საჰაერო განგაში რუსეთში შორი მანძილის ბომბდამშენის, Tu-22M3-ის აფრენის გამო გამოცხადდა.

გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? – თუ დაელოდებიან დრონს? – ანტონ გერაშჩენკო (ფოტო)

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო კრემლზე სავარაუდო თავდასხმის კადრებს აქვეყნებს და წერს, გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? თუ დაელოდებიან დრონს? გერაშჩენკოს განცხადებით, ინფორმაცია გაჩნდა, რომ კრემლის შენობაზე დრონი რუსმა პარტიზანებმა მოსკოვის რეგიონიდან გაუშვეს. „კითხვები: 1. როგორ შეძლო უპილოტო თვითმფრინავმა მოსკოვში განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გასვლა? და რას გრძნობენ დღეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის უფროსი შოიგუ და გერასიმოვი? 2. გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? თუ აღლუმის დროს დაელოდებიან დრონს?“ – წერს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი.

“მან ჩაუშვა… ახალგაზრდა ბიჭი და ამდენი შეუქცევადი შეცდომა” – ვისზე წერს არესტოვიჩი (ფოტო)

უკრაინელი პოლიტიკოსი ალექსეი არესტოვიჩი რომან პროტასევიჩის სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს:

– ბელორუსის სასამართლომ ტელეგრამის არხის Nexta-ს ყოფილ მთავარ რედაქტორს რომან პროტასევიჩს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით (ტერორისტად აღიარეს).
გახსოვთ? ის ასევე ჩამოიყვანეს სამგზავრო თვითმფრინავიდან იძულებითი დაშვებით.
მანამდე მან არაერთი „აღიარებითი“ განცხადება გააკეთა და, როგორც ჩანს, თავიდანვე „გარიგება“ დადო გამოძიებასთან.
გარიგება მოიცავდა მისი შეყვარებულის, რუსეთის მოქალაქე სოფია საფიჰას ღალატსაც (არსებითად), რომელსაც ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მან ჩაუშვა ის, დათმო თავისი რწმენა, ჩაუშვა ის, რასაც აკეთებდა.
საჯაროდ დაიჭირა რეჟიმის მხარე.
და აი რვა წელი.
ახალგაზრდა ბიჭი და ამდენი შეუქცევადი შეცდომა.
რეჟიმი კი აბსოლუტურად კანიბალისტურია.
დიდი ალბათობით აწამეს, დაპირდნენ, გათელეს – და მოატყუა.

საქართველოში თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში, როგორც ყოველთვის – ჯეიმს აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოში გამართული შეხვედრები შეაჯამა.

ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რჩება ერთგული ღია კარის პოლიტიკის, მან ისაუბრა რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზეც:

“საქართველოში ვიმყოფები ძირითადად 3 მიზეზით: პირველი მიზეზი არის რუსული აგრესია უკრაინაში, რომელმაც რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია გააძლიერა. განსაკუთრებით ევრო-ატლანტიკური სივრცე. დემოკრატიულად განვითარებული საერთო აზრის მქონე ქვეყნები ერთად დგანან. თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. საქართველო ერთ-ერთია ამ ქვეყნებსა და ნატოს მოკავშირეებს შორის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ არასტაბილურ დროს ერთად ინტენსიურად მუშაობა. თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში როგორც ყოველთვის. მეორე მიზეზი ჩემი აქ ყოფნის არის საკითხი თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უფრო მეტი ერთობლივად. ძალიან ბევრი ნატოა საქართველოში და ძალიან ბევრი საქართველო ნატოში, მაგრამ ჩვენ ორივეს უფრო მეტი გვინდა.

წარმატებასთან ერთად პრაქტიკულ თანამშრომლობასაც განვიხილავთ სხვადასხვა სფეროში. ეს არის ენერგო უსაფრთხოება. იქიდან გამომდინარე რადგან ნატოს ქვეყნებს მოუწიათ ენერგორესურსების დივერსიფიცირება და უარის თქმა რუსულ გაზსა და ნავთობზე ჩვენთვის და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საქართველო და ეს რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში. რადგან არსებობს ძალიან ბევრი პროექტი რომელიც წინ მოიწევს. საქართველოს როლი ენერგიის ტრანზიტზე შავი ზღვის გავლით – შესაბამისად ჩვენ გვსურს ერთად მუშაობა. კრიტიკული ზღვის ქვეშა ინფრასტრუქტურა რისკის ქვეშაა.

განვიხილეთ ასევე პრაქტიკული თანამშრომლობა კიბერ უსაფრთხოების კუთხით. ახლა ვიყავი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, გვსურს ამ სამუშაოს მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა. ასევე განვიხილეთ ადმინისტრაციული თავდაცვის საკითხები, იმისათვის რომ შევჯერდეთ იმ ბერკეტებზე რომლითაც საქართველო წინ წავა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. იმისათვის რომ თავისი შედეგებით წვლილი შეიტანოს უფრო ფართოდ კიბერ უსაფრთხოებაში.

მესამე საკითხი ჩემი აქ ყოფნის რეფორმების განხილვაა. ვიყავი პარლამენტში. ოპოზიციასაც და მთავრობის წარმომადგენლებსაც ჩემი გზავნილი გადავეცი, რომელიც მარტივია – რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ცხადია გაქვთ ძალიან ბევრი პროგრესი, თუმცა ჩვენ ასევე ძალიან შეშფოთებულები ვართ პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რომელიც რეფორმების იმპლემენტაციას აფერხებს. გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას პრემიერ მინისტრს განუცხადა რომ მოხარულია სადაო კანონპროექტის უკან გაწვევით.

როგორც მითხრეს ის აღარ იქნება წარმოდგენილი. მაგრამ ამ ფაქტმა მოახდინა პოლიტიკური პოლარიზაციის ილუსტრაცია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ რომ პოლიტიკური დეპოლარიზაციის მიმართულებით პროგრესი არ არის. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით პროგრესი შედგეს. მოუთმენლად ველით ნატოს სამიტს რომელიც ივლისში ჩატარდება. ცხადია იქ ფართო სპექტრის საკითხები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ისიც როგორ ვითანამშრომლებთ საქართველოსთან, როგორ ვხედავთ უფრო ფართოდ ინტეგრაციის საკითხებს. ასეთი ტიპის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური სიგნალები ჩემთვის. არსებითად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩემთვის.

მამხნევებს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი რეფორმა წინ მიიწევს, თუმცა ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ერთობლივად. თქვენ ნახავთ მაღალი დონის ნატოს ვიზიტებს საქართველოში, რადგან ჩვენ ვრჩებით ერთგული ამ ქვეყნის მიმართ იმისათვის რომ მოხდეს თქვენი ალიანსთან დაახლოება,”- აცხადებს NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების გამოწვევების მიმართულებით ჯეიმს აპატურაი.

რაღაც ხდება რუსეთში, თუმცა კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კრემლზე დრონებით თავდასხმას და რუსეთის მიერ ინციდენტში უკრაინის დადანაშაულებას ეხმაურება, ის რამდენიმე სცენარზე საუბრობს და მიუთითებს, რომ შესაძლოა, რუსეთის ფართომასშტაბიან ტერორისტული თავდასხმისთვის ემზადებოდეს.

პოდოლიაკი უკრაინის მიმართ ბრალდებებს უარყოფს და ვარაუდობს, რომ სავარაუდო თავდასხმა რუსეთის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს.

„რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე,  ეს ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი აშკარად ამზადებს ფართომასშტაბიან ტერორისტულ თავდასხმას, სწორედ ამიტომ მან თავდაპირველად დააკავა სავარაუდო დივერსანტების დიდი ჯგუფი ყირიმში, შემდეგ კი კრემლის თავზე დრონების დემონსტრირებას ახდენს. პირველ რიგში, უკრაინა აწარმოებს ექსკლუზიურად თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რისთვის? ეს არ წყვეტს სამხედრო პრობლემას, მაგრამ ეს რუსეთის ფედერაციას საფუძველს აძლევს გაამართლოს თავისი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე.

მეორეც, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა კუთხეში მომხდარი ინციდენტებისა და ექსცესების ზრდას. უცნობი დრონების გამოჩენა ენერგეტიკულ ობიექტებზე ან კრემლის ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების პარტიზანულ ქმედებებზე მიუთითებს. მოგეხსენებათ, დრონების შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაში. პუტინის კლანის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების კონტროლის დაკარგვა აშკარაა. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთი მუდმივად საუბრობდა ჰაერზე ტოტალურ კონტროლზე. მოკლედ, რაღაც ხდება რუსეთის ფედერაციაში, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

“რეფორმები უნდა გაგრძელდეს, დიდი პროგრესია მიღწეული” – ჯეიმს აპატურაი

უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტის სამ ძირითად მიზანზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დემოკრატიულმა ქვეყნებმა უფრო აქტიურად იმუშაონ უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. აპატურაის განმარტებით, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მჭიდრო მუშაობა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ხვადასხვა სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაზრდაზე ისაუბრა.

„სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა, რომელსაც აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი არის ის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი და უფრო ფართოდ, ევროატლანტიკური არეალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობაში დარჩნენ, უფრო აქტიურად იმუშაონ ჩვენი უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დროში უფრო მჭიდროთ ვიმუშაოთ სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ამ კონტექსტში ვიმყოფები აქ. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებას. ასე რომ, თავს სახლში ვგრძნობ, როგორც ყოველთვის.

მეორე მიზანი, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვედი, არის იმის განხილვა, რა შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ უფრო მეტად. უკვე მეტი ნატოა საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, მაგრამ ორივეს გვსურს მეტი. ასე რომ ამ დილით ინფორმაციული დღე იყო სამეცნიერო მშვიდობის პროგრამაში, ქართველი მეცნიერები ნატო-ს მეცნიერებთან თანამშრომლობენ, ვფიქრობ, ეს არის წარმატება და ინტერესის შემთხვევაში, უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი. შეხვედრებზე ვიმსჯელეთ ასევე სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობაზეც. ერთ-ერთი მიმართულებაა ენერგოუსაფრთხოება. რამდენადაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს დივერსიფიცირების გზების მოძებნა რუსული გაზისა და ნავთობისგან, საქართველო და ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს დაცული იქნება.

ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტებია გზაში, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მისი დაცულობისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პრაქტიკული თანამშრომლობის გაზრდაზე, როცა საქმე კიბერ თავდაცვას ეხება. ვიმყოფებოდი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ მიმართულებით მუშაობის კოორდინირებაში. ამ თემაზე საუბარი შედგა თავდაცვის სამინისტროშიც, რომ დავეხმაროთ საქართველოს პრაქტიკული მექანიზმების დანერგვაში, რომ თავადაც იმუშაოს კიბერუსაფრთხოებაზე, რომელიც ასევე ფართო კიბერუსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ასევე არის რეფორმების განხილვა. ჯეიმს აპატურაი აღნიშნავს, რომ დიდი პროგრესია მიღწეული, თუმცა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას.

„ვიყავი პარლამენტში, შევხვდი საპარლამენტო ჯგუფს, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გზავნილი, რომელიც გადავეცი, ძალიან მარტივია და საიდუმლოს არ წარმოადგენს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას. გასულ კვირას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრისასაც გამოხატა კმაყოფილება, რომ ძალიან კონტროვერსული კანონი გაწვეული იქნა. ბევრი ძველი მეგობარი ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პროგრესი განხორციელდეს, განსაკუთრებით, როდესაც ივლისში ნატო-ს სამიტს ველოდებით. ალიანსის დღის წესრიგში ბევრი საკითხი იქნება, მაგრამ ასევე როგორია ჩვენი ჩართულობა საქართველოსთან, როგორ ვუყურებთ ფართო ინტეგრაციის თემებს, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური სიგნალი იყოს აქედან გაგზავნილი. ასე რომ, არსებითი იყო ჩემთვის ეს შეხვედრები. ძალიან ბევრი უკვე განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერთად. ნატო-ს კიდევ ბევრ მაღალი დონის ვიზიტს იხალავთ საქართველოში, რადგან ჩვენ მოწოდებული ვართ, ეს ქვეყანა ნატო-ს უფრო მეტად დავუახლოვოთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

სპორტის სასახლესთან რუსულ ნომრიან ავტობუსს წითელი საღებავი შეასხეს

ხმაური და დაპირისპირება იყო სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე საათია,  ავტობუსია გაჩერებული რუსული სანომრე ნიშნებით. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად, სატრანსპორტო საშუალებას წითელი საღებავი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს.

მოქალაქეების განმარტებით, ავტობუსის საქარე მინაზე გაკრული იყო რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ემბლემა.

„წინ, საქარე მინაზე ავტობუსს ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის უსაფრთხოების სამსახურის სიმბოლი

კა და ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ჩვენ, ქართველები, დავხვდეთ შესაბამისად და გავუმასპინძლდეთ. მე თუ მკითხავთ, ახლა ეს ავტობუსი უფრო ლამაზად გამოიყურება. ამბობენ, ტურისტები გვყავსო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ტურისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ძალოვანი რუსეთიდან“, – აცხადებს “სამოქალაქო აქტივისტი, “შეცვალეს” წევრიტიტე გედენიძე TV პირველთან.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

“ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი”- აშშ-ს საელჩო

შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„სახელმწიფო დამნაშავის დაცვის აქციაში მონაწილეობა, ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი!“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ფრენსის ფუკუიამას განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ფრენსის ფუკუიამას 1992 წ. ბესტსელერი – “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი”. თბილისურ ვოიაჟში აღსრულებული წინასწარმეტყველება. ნაძარცვი ფულით ორგანიზებული, სახელმწიფო დამნაშავის დაცვის აქციაში მონაწილეობა, ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი!“, – წერს ხაინდრავა.

ცნობისათვის, ფრენსის ფუკუიამამ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა: “ვფიქრობ, რომ რაც ძალუძთ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში არ მიიღონ. ვფიქრობ, ამიტომ ეკიდებიან ასე აგდებით მიშა სააკაშვილის საკითხს – თუ ის მათ ტყვეობაში მოკვდება, ეს ევროპელების რისხვას გამოიწვევს, ეს იქნება ბარიერი ევროპისკენ გზაზე“.

 

 

 

“პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება”

ყველა მიმართულებით იმკიან იმას, რაც დათესეს. შესაბამისად, ახალ პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა ძალაუფლების განაწილების პროცესი მიმდინარეობს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სერიალი, ერთ სერიაში მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, ამ სერიაში მელია ცდილობს ხაბეიშვილის გადაყენებას.  დავით კეზერაშვილმა უკვე ისაუბრა, შემდეგ სერიაში როგორი სცენარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაცილებულია სერიოზულ საქმიან პოლიტიკას და წარმოადგენს შიდა ძალაუფლების განაწილებას, წარმოადგენს იმ დესტრუქციული პოლიტიკის შედეგს, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ყველაფერი მიიღო საკუთარ პარტიაში. რაც დათესეს, იმას იმკიან ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ახალ პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს და საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც პარტია ჯერ არ დაუტოვებია“. ამასთან, ხატია დეკანოიძემ არ გამორიცხა ახალი პარტიის შექმნა. ამავდროულად, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არ გამორიცხავს მათთან პარტნიორობას, ვინც მომავალი ბრძოლის ნაწილში მიაჩნია. „ლანდშაფტი შეიძლება შეიცვალოს. ნიკა ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამიტომ სამომავლო გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პარტნიორობას არ გამოვრიცხავ მათთან, ვინც მიმაჩნია მომავალი ბრძოლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი ადგილის მონახვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.