Home Blog Page 2

პირადად ვთხოვე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება, იმედი მაქვს, ეს ოფიციალური ვიზიტი მალე შედგება-ირაკლი კობახიძე

ვთხოვე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

„როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებას.

„პირადად ვთხოვე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება. იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მალე შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აგვისტოს ომის „გმირი“ დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა „ანტირუსულ” მიტინგზე-დავით ქართველიშვილი

ზაზა გოროზიაც გამოჩნდა „ანტირუსულ“ მიტინგზე – ის, გენერალ ჩაბანთან ერთად, ხელმძღვანელობდა ფოთის პორტიდან რუსეთისკენ მიმავალი გემების დატვირთვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტექნიკით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს საპროტესტო აქციაზე ზაზა გოროზია გურამ გაბისკირიას, ჟიული შარტავას, გიორგი ანწუხელიძის და შინდისის გმირების გვერდში იქნება ნახსენები.

„აგვისტოს ომის “გმირი”, დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ოფიციანტი და მერიქიფე ზაზა გოროზიაც გამოჩნდა “ანტირუსულ” მიტინგზე. ამას რა დავარქვა, უკვე მართლა მიჭირს. გენერალ ჩაბანთან ერთად, ხელმძღვანელობდა ფოთის პორტიდან რუსეთისკენ მიმავალი გემების დატვირთვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტექნიკით. ერთი მოძრაობა, ერთი მცდელობა გენერალ ჩაბანის ლიკვიდაციის თვალსაზრისით და დღეს ზაზა გოროზია გურამ გაბისკირიას, ჟიული შარტავას, გიორგი ანწუხელიძის და შინდისის გმირების გვერდში გვეყოლებოდა ნახსენები, მაგრამ, დღეს აქ არის, კარგად გამოიყურება და “არა რუსულ კანონს” ბღავის!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.

მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ.

ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქთარმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ.

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს-პრემიერი

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ყველა მიმართულებით.

„ვთვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს და როგორ შეიძლება, ასეთი თანამშრომლობით განხორციელდეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. ასევე გვქონდა საუბარი თანამშრომლობის სხვა განზომილებებზე, როგორიც არის  თანამშრომლობა განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის თითოეულ ასპექტს ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.  ბატონო პრეზიდენტო, ამ შეხვედრამ  კიდევ ერთხელ ცხადყო საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხების ინტერესების რეალიზებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რესპუბლიკის ნამდვილ ლიდერს, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთისა და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს -ირაკლი კობახიძე

x

განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებას.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას ყველა ძალიან ვუფრთხილდებით. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც არის, არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის და თურქი ხალხის  ეროვნულ ინტერესებს. თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის.

რა თქმა უნდა, ვგმობთ თავდასხმას პრემიერ-მინისტრ ფიცოზე და სლოვაკეთის პრემიერს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. თქვენო აღმატებულებავ, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. დღეს, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ჩვენ გვქონდა საუბარი უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებაზე. პირადად ვთხოვე  პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება. იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მალე შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზგასმით მინდა, აქაც განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, მისი მხარდაჭერისათვის საქართველოსა და მისი ეროვნული ინტერესების მიმართ. მის აღმატებულებას გავუზიარე ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან და შესაბამის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

ჩვენ მივესალმეთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დაწყებულია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში.

უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, გვქონდა საუბარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ომზე, რომელიც წარიმართება უკრაინაში, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას. აქვე, ჩვენ აღვნიშნეთ თურქეთის დაუღალავი ძალისხმევა, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება -ერდოღანი

თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან მახარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და მის დელეგაციას ვმასპინძლობ ანკარაში. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ. დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა. კიდევ ერთხელ დავუჭირე მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.

სამედიცინო უნივერსიტეტის პაკისტანელი და ინდოელი სტუდენტების საკმაო რაოდენობა აქციებზე – რაოდენობრივი ეფექტის დეფიციტს მაგით ავსებთ?-დავით ქართველიშვილი

“მესმის აზიელების ინტერესი – ნიშანი ჩათვლის წიგნაკში და მესმის ჩემი სიხარულიც, რომ ესენი ჩემი შვილიშვილების მკურნალი ექიმები არ იქნებიან, მაგრამ მათ სტუდენტურ ვიზებზეც “დიპლომატიური მიუკარებლობა” ვრცელდება, თუ სადა ვართ?” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ხალხის” ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებს და აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორები სკოლის მოსწავლეებს რევოლუციური პროცესებისთვის იყენებენ.

“ვაჟა ზაზაევიჩის არ იყოს, ცხენბურთში რომ ერკვეოდა, მოტობურთისა ესმოდა და “დაჟე” – ფეხბურთზეც გაეგებოდა რა… სკოლის მოსწავლეთა რევოლუციურ პროცესებში გამოყენება, გავიგე. მათ წამქეზებელ მასწავლებლებზე მსმენია. ამ დროს მშობლების თავშიც რა ხდება, ერთი ჩამახედა, მაგრამ სამედიცინო უნივერსიტეტის პაკისტანელი და ინდოელი სტუდენტების საკმაო რაოდენობა აქციებზე, ეს ინჩა? რაოდენობრივი ეფექტის დეფიციტს ავსებთ მაგით? მესმის აზიელების ინტერესი – ნიშანი ჩათვლის წიგნაკში და მესმის ჩემი სიხარულიც, რომ ესენი ჩემი შვილიშვილების მკურნალი ექიმები არ იქნებიან, მაგრამ მათ სტუდენტურ ვიზებზეც „დიპლომატიური მიუკარებლობა” ვრცელდება, თუ სადა ვართ?“, – წერს დავით ქართველიშვილი.

პოლიტიკურ სიძულვილს შედეგად მოჰყვა მკვლელობის მცდელობა, პრემიერი ძლივს გადაურჩა სიკვდილს-სლოვაკეთის არჩეული პრეზიდენტი

„ჩვენ წითელი ხაზი გადავკვეთეთ სლოვაკეთში. პოლიტიკურ სიძულვილს ან პოლიტიკასთან დაკავშირებულ უთანხმოებას შედეგად მოჰყვა მკვლელობის მცდელობა- ამის შესახებ სლოვაკეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინიმ  საავადმყოფოში დაჭრილი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მონახულების შემდგე განაცხადა.

როგორც სლოვაკური მედია წერს, საავადმყოფოდან გამოსვლისას პელეგრინიმ თქვა, რომ ფიცოს მდგომარეობა ჯერ კიდევ სერიოზულია.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, უარყონ ძალადობა და სიძულვილის ენა. მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისკენ, რათა არ მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია.

„ჩვენ წითელი ხაზი გადავკვეთეთ სლოვაკეთში. პოლიტიკურ სიძულვილს ან პოლიტიკასთან დაკავშირებულ უთანხმოებას შედეგად მოჰყვა მკვლელობის მცდელობა. პრემიერ-მინისტრი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. საკმარისი იყო, ტყვიები რამდენიმე სანტიმეტრით სხვა ადგილას მოხვედრილიყო, დღეს ჩვენ სულ სხვა რამეზე ვისაუბრებდით“, – განაცხადა პელეგრინიმ.

როგორც მედია წერს, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პოლიტიკურ ბანაკებს შორის შეტაკების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებას სიმშვიდისკენ და გაყოფილი სლოვაკეთის გაერთიანების დაწყებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავადან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

„რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით; მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით.

რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; გადაადგილება შეიზღუდება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. მძღოლები რუსთაველის გამზირზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან; მსვლელობის მონაწილეების ავლაბრის მოედანზე გადანაცვლების პერიოდში, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შემდგომ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს და ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ პანდუსზე მოუხვევენ, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი კი, გადაადგილდება მხოლოდ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კაჩინსკის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება ბოჭორმის ქუჩას, მეტროსადგურ „300 არაგველთან“ მდებარე წინანდლის ქუჩით გადაინაცვლებს ქეთევან დედოფლის გამზირზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას – ილია დარჩიაშვილი

მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში იღებენ მონაწილეობას.

„ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი. ჩვენ, დიპლომატებს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას. მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ჩვენ, დიპლომატებს ნამდვილად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როდესაც მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სრულიად მოულოდნელად დამაკავეს მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ – ლაზარე გრიგორიადისი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა დიღმის მთავარი სამმართველო დატოვა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გიგორიადისი 48-საათის გასვლის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გრიგორიადისმა განაცხადა, ის პარლამენტის წინა ტერიტორიაზე დააკავეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

“სრულიად, მოულოდნელად დამაკავეს, საერთოდ ვერ მივხვდი, რატომმ დამაკავეს. გვირტყამდნენ, გვცემდნენ გვაგინებდნენ და ამავდროულად, გვიღებდნენ. პარლამენტის წინ ვიდექი, როდესაც ჩემი დაკავება მოხდა. ჩემს წინ “რენდომ” – შემთხვევითობის პრინციპით დაიწყო დაკავებები და ვეხმარებოდი სხვები არ დაეჭირათ, სწორედ მაგ მომენტში შემითრიეს მეც. რკინის კონსტრუქციაზე გაშლილი ხელის ბრახუნი უბრალოდ პროტესტის, ხმაურის გამოსაწვევად და არაფერს აშავებ. ცნობით მიცნეს – კიდევ შენ ხარო მითხრეს? და თან მირტყამდნენ და თან მაგინებდნენ.რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ჩემი დაჭერა, რადგან რუსულ კანონს ვაპროტესტებ”, – განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების აქციაზე 14 მაისს დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ“ გამოაჩინა – სააკაშვილი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის” ხსენებით იწყებენ -საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ” გამოაჩინა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ხოლო დღევანდელი მოვლენები და ახალგაზრდობა საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ლიდერად აქცევს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის” ხსენებით იწყებენ. საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ” გამოაჩინა, ხოლო დღევანდელი მოვლენები და ჩვენი ახალგაზრდობა (რომელიც სწორედ ამ „ვარდების რევოლუციის”თაობაა) საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ლიდერად აქცევს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მასშტაბით, ვიდრე როდისმე ჩვენს ისტორიაში და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენზე ბევრად დიდი და მდიდარი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა”, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა. აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები: „ევროპა“.