თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან მახარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და მის დელეგაციას ვმასპინძლობ ანკარაში. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ. დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა. კიდევ ერთხელ დავუჭირე მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.