Home Blog Page 1996

ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენს დანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად დგამს.

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დანიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, თავდაცვის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. განიხილეს, თუ რა მიმართულებებით არის შესაძლებელი საქართველოსა და დანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას. აქვე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა თბილისში დანიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას.

შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი სახელმწიფო მდივანი იეპე ტრენჰოლმ-მიკელსენი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური მრჩეველი კარენ კლემენტი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჰენრიკ ვინსერი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.

ზუგდიდში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 13-14 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა; საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 13 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 106-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 250-ზე მეტი ვიზიტი; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უსასყიდლოდ გადაეცათ 254 სათვალე;

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქცია, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, უკვე მეორედ ჩაატარა; პირველი უფასო აქცია, კლინიკამ, მიმდინარე წლის მარტში გამართა, რომლის ფარგლებშიც, საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, მინი-ოპერაციებიც ჩაუტარდათ; ორივე აქციის ფარგლებში, კვალიფიციური ოფთალმოლოგიური გამოკვლელვა ჩაუტარდა სამსახურის 195 ბენეფიციარს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

„კონცეპტ თავგადასავალი 2“: მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ ამჯერად გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას სამცხე-ჯავახეთში. 23-25 ივნისის გასტრო-კულტურულ ტურში, მესხეთის მდიდარი ისტორიის, უძველესი კულტურული ძეგლებისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური მრავალფეროვნების პარალელურად, თქვენ აღმოაჩენთ რამდენად განსხვავებული და განსაკუთრებულია მესხური კულინარია.

ტურის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის მკვლევარი, ისტორიკოსი კუკური მეტრეველი გაგაცნობთ, პრეისტორიული და ფეოდალური ხანის ძეგლებს – გაზიარებთ აბულის ციკლოპური ციხის მისტიკას და ვარძიის სამ იარუსად ნაშენი კომპლექსის.

სამსარის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის, საროს მთავარანგელოზთა ეკლესის, უძველესი მესხური დარბაზების, ხერთვისისა და თმოგვის ციხეების ხილვისას, თქვენს წინაშე ისტორიული საქართველოს სხვადასხვა ეპოქა გაცოცხლდება.

ტრადიციული მესხური კერძების დაგემოვნებასთან ერთად, რესტორატორი ქეთი ბაქრაძე, მისეული იმპროვიზაციებით, ქართული კულინარიის ნაკლებად ცნობილ გემოებსა და არომატებს აღმოგაჩენინებთ.

სამცხე-ჯავახეთის გრძელი და გაშლილი ლანდშაფტების, თვალწარმტაცი მთების, საქართველოში უდიდესი ტბების, დუხობორების ფერადი სახლების და ზოგადად, მესხეთის ეთნიკური მრავალფეროვნების კვალზე, თიბისი კონცეპტისა და „მოგზაურის“ ტური დაუვიწყარი და შთამბეჭდავი თავგადასავალი იქნება.

ტურის განმავლობაში, მონაწილეებს ნათია ფანჯიკიძე უმასპინძლებს თემით „ნამდვილი ცოდნით მხოლოდ ის იცი, რაც გინახავს და განგიცდია”.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამცხე-ჯავახეთის ტურზე სპეციალური შეთავაზება გელოდებათ:

1 ადამიანი 2 ადგილიან ნომერში 1480 ლარია 20% ფასდაკლებით.

1 ადამიანი 1 ადგილიან ნომერში 1600 ლარია 20% ფასდაკლებით.

გაეცანი დამატებით ინფორმაციას ტურის შესახებ.

 

R

“საპარლამენტო არჩევნების საბოტაჟის გამო, იძულებული გავხდით, მიგვეღო რეგულაციები” – ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო არჩევნების საბოტაჟის გამო იძულებული გავხდით, ისეთი რეგულაციები მიგვეღო, რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ ორ წელზე მეტია შეუძლებელია ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ახალი წესის შემოღება სწორედ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მომზადდა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო პრაქტიკასთან.

„ვინც საბოტაჟის შემოქმედი იყო, ისინი დღეს ამბობენ, რომ ასეთ ცვლილებებს არ ეთანხმებიან. პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა უზრუნველყოფილია, მისი წარმომადგენელი იქნება კომისიაში. თუ ვერ იქნება კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატები, მაშინ პრეზიდენტს შეეძლება, კანდიდატები ერთპიროვნულად წარადგინოს. კონსტიტუციით, პრეზიდენტი კანდიდატების განწესებაში იღებს მონაწილეობას და როგორ იღებს, ეს რეგულირდება ორგანული კანონით. ვხედავთ, ორ წელში კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „საარჩევნო კოდექსს“ ხმა საერთოდ არ მისცა. წინააღმდეგობის მიზეზია, ცესკო-ს საბოტაჟი მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“რასაც ოპოზიცია ითხოვს, არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო, ამიტომ ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს საქართველომ ამ პროცესში რაიმე ტიპის მონაწილეობა მიიღო, სპეკულაციაა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, რომ საკუთარ თანამოქალაქეებს სანქციები დაუწესოს, თუმცა ხელისუფლება ამგვარი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს, არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ისინი ხელისუფლებას გვთხოვენ, რომ დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები და თანამემამულეები. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. საქართველო ძალიან მშვიდად, პრაგმატულად, თავის პარტნიორებთან კოორდინაციით განაგრძობს საკუთარი მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვას. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთულ რეგიონში, სადაც ისედაც არაერთი გამოწვევა იყო და ახლა ძალიან რთული ომი მიმდინარეობს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკა და არ მივცეთ რადიკალურ ოპოზიციას, თუ ჩვენი ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილ ძალებს იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე პროვოკაცია დაგეგმოს და განახორციელოს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიიღო რუსეთის ფედერაციამ, როდესაც სანქციები დაუწესა ჩვენ მოქალაქეებს და ახლაც, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო რუსეთის ფედერაციამ. შესაბამისად, სპეკულაციებია, როდესაც საქართველოს ადანაშაულებენ, თითქოს ჩვენ რაიმე მონაწილეობა მივიღეთ ამ გადაწყვეტილების შემუშავებაში.

ეს არის სიგნალი, ასევე ევროკავშირის და ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. ნებისმიერი გადავადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, რა თქმა უნდა, რისკებს და გამოწვევებს ზრდის საქართველოსთვის და ბუნებრივია, ააქტიურებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული იყოს პასუხისმგებლობიანი და დროული გადაწყვეტილება. საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ისევე, როგორც ევროპას სჭირდება რეგიონში საქართველო, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი. ეს პასუხისმგებლობა საქართველომ არაერთხელ გამოხატა და დაადასტურა თავისი მოკავშირეების, სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ახლა, დროა, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

“არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა” – ილია დარჩიაშვილი

თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო.

„უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ტრანსფარენტული, ღიაა და საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ეს უკვე პრაქტიკაში და ფიზიკურად დადასტურდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალიან ახლო კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან და კონკრეტულ ამ საკითხებთან, სანქციებთან მიმართებაში, ძალიან ტრანსფარენტულად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნები 20-21 მაისს გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლანა ღვინჯილიას განცხადებით, პარტიაში ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულებულია.

მისივე თქმით, ხუთ საარჩევნო ოლქში გასამართ, რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევაში მონაწილეობის სურვილი 9543 პირმა გამოთქვა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის სრულად ფორმირებისთვის გასამართ პარტიის რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულებულია.

წალენჯიხის, წყალტუბოს, ქუთაისის, მარნეულისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებში გაიმართება, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, როგორც ელექტრონული, ისე არაელექტრონული ფორმით მიმდინარეობდა.

საბოლოო მონაცემებით, ზემოხსენებულ ხუთ საარჩევნო ოლქში გასამართ, რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნების კენჭისყრაში, ამომრჩევლად მონაწილეობის სურვილი 9543 პირმა გამოთქვა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ რეგიონებში, სადაც კონკურენცია შეიქმნა და კენჭისყრა ტარდება, პარტიის ამომრჩეველთა აქტივობა ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ კენჭისყრაში, რაც პარტიის მხარდამჭერთა დემოკრატიული პროცესებისადმი გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამომრჩეველთა სიები საბოლოოდ საარჩევნო კომისიის მიერ 2023 წლის 14 მაისიდან 2023 წლის 17 მაისის ჩათვლით დაზუსტდება.

„აქვე გაგაცნობთ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების ჩატარების თარიღების თაობაზე. კომისიამ გაითვალისწინა ამომრჩეველთა მაღალი ინტერესი და ასევე, კანდიდატების თხოვნა და არჩევნები არასამუშაო დღეებში გაიმართება. კერძოდ: წყალტუბო – 20 მაისი; ქუთაისი – 20 მაისი; ახალქალაქი – 20 მაისი; წალენჯიხა – 21 მაისი; მარნეული – 21 მაისი,“ – განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.

“სტრასბურგის სასამართლოს სრულ ნდობას ვუცხადებ, არ მიმაჩნია, რომ ვინმე ჩაერია და რაიმე ტიპის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი”-ანა ნაცვლიშვილი

სტრასბურგის სასამართლოს სრულ ნდობას ვუცხადებ, არ მიმაჩნია, რომ ვინმე ჩაერია და რაიმე ტიპის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არსებობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის სამართლებრივი თვალსაზრისით უკიდურესი აუცილებლობა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგმა სამართლებრივი თვალსაზრისით ეს საკითხი ამ ეტაპისთვის შეაფასა. ჩვენი მოწოდება ხელისუფლების მიმართ იგივე რჩება. მათ ამ საკითხს უნდა შეხედონ არა მხოლოდ სამართლებრივი პერსპექტივიდან. არამედ პოლიტიკური პერსპექტივიდან. ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკური მიზანშეწონილობით და საჭიროებით იღებს გადაწყვეტილებებს და არა მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით. სტრასბურგის სასამართლოს მანდატი არ არის და ის ვერ იმსჯელებდა რა არის სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით. „ლელოს“ მოსაზრება არის ის, რომ მათ შორის დეპოლარიზაციისთვის, რომელიც 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა და ამ საკითხის დასრულება ცივილიზებულად, ეს არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი და პოლიტიკური ძალა იზიარებს, სწორია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“დიდი იმედი გვაქვს, რომ დანიის სამეფო ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი იქნება” – ილია დარჩიაშვილი

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დანიის სამეფო ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი იქნება, როგორც ეს მანამდე იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დანიელ კოლეგას ის კონკრეტული ნაბიჯები გააცნო, რომელიც საქართველომ 12 ევრორეკომენდაციის შესრულების კუთხით გადადგა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, რუსეთ-უკრაინის ომს და მან კოლეგას ინფორმაცია იმ ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და პოლიტიკურ დახმარებაზე მიაწოდა, რასაც საქართველო უკრაინის მიმართ ახორციელებს.

„ბატონი მინისტრის ვიზიტი საქართველოში არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ერთი მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას და მეორე მხრივ, დანია იქნება ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების პროცესში. მინდა მივესალმო გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში გვექნება დანიის სამეფოს საელჩო, რომელიც მოიტანს ახალ და ძლიერ იმპულსებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ მინისტრი ეწვია საოკუპაციო ხაზს. მე მინდა მადლობა დღესაც გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.9 პროცრნტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 491.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 960.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 23.5 პროცენტით. ხოლო იმპორტი 4 531.0 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 21.2 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აპრილში 2 571.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

“ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი” – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით,- ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ინფორმაციით, თითოეულ მიმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებით.

„საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებით.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახორციელებს იმ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან.

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებით და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“,- აღნიშნულია განცხადებაში.

“საქართველო საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს და მისი დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს”

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, საქართველო საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს და მისი დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა თუნდაც იმიტომ იქნებოდა კარგი, რომ დატკბნენ ქვეყნის ბუნებით, წყლებით, ჩვენი სტუმართმოყვარეობითო. სანქციებზე როცა საუბრობთ, ისრაელს, ნატო-ს წევრ ქვეყანას თურქეთს და ბევრ სხვა ქვეყანას აბრალებთ, რომ სანქცირებული ხომალდები დაფრინავენ რუსეთის მხრიდან.

თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ისრაელს პასუხი გაეცით, რომლებიც თქვენი გაგებით, თურმე სანქცირებულ ფრენებს ასრულებენ. ჩვენი პარტნიორებისა და საფინანსო ინსტიტუტების განცხადებებით გიპასუხებთ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს და მისი დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.