Home Blog Page 1995

ბოტანიკურ ბაღში “ყვავილების გამოფენა” გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართება.

გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.

‘’ყვავილების გამოფენაზე’’ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.

ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ ტრადიციულად  შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

ღონისძიება 28 და 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

“შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის”

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მომავალსა და მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია.

გაეროს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად – ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მე-12 სასანქციო პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვატარებთ. განვიხილავთ თუ როგორ შევამციროთ დანარჩენი შემოსავლები, რომლებსაც რუსეთი ევროპასა და მის პარტნიორებისთვის ალმასების ექსპორტისგან იღებს”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა ერთობლივად მიმდინარეობს “დიდი შვიდეულის” ქვეყნებთან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტიანობის გაძლიერებაც სურს.

“საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა და აკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტებს” – Central & Eastern Europe EDF -ის საერთაშორისო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს აქვს სუფთა ენერგიის გენერირების დიდი პოტენციალი, აქვს ჰიდრორესურსები და ასევე, შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განხორციელებაც. შესაბამისად, ეს ქვეყანა ძალიან მიმზიდველია და აკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტებს, – ამის შესახებ Central & Eastern Europe EDF -ის საერთაშორისო განყოფილების ვიცე- პრეზიდენტმა, იან გუინარდიმ აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე – „საზღვაო სექტორი გარდამავალ ეტაპზე” სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პოლიტიკის სამი მნიშვნელოვანი ნაწილი განსაზღვრავს გადაწყვეტილებას, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიცია განხორციელდეს.

„გადაწყვეტილება, რომ შემოვიდეთ ამ ქვეყანაში და განვიხილოთ ინვესტიციები, სამი პოლიტიკის ინიციატივის კომბინაციის შედეგია: პირველი – ეს არის უწყვეტი ძალისხმევა, რომ განხორციელდეს რეფორმები და შეიქმნას ბიზნესისთვის კეთილმოწყობილი კონტექსტი, რამაც შედეგად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა მოიტანა საცალო და მწარმოებელ ინდუსტრიაში. ასევე, შეიქმნა ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, რამაც ჩვენთვის ეს ბაზარი უკვე მიმზიდველი გახადა. მეორე – ეს არის სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში. საქართველო არის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი და ევროკავშირის კანონმდებლობასა და რეგულაციებს ახორციელებს. ამ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი არის ენერგობაზრის გაფართოება. საქართველო აკმაყოფილებს ამ დინამიკას, ასევე არის ლიბერალიზებული ენერგობაზარი. ჩვენ მნიშვნელოვანი მაგალითები გვაქვს იმისა, რომ კერძო მოთამაშეებს აქვთ წვდომა ამ გენერაციის აქტივებზე და ეს სხვადასხვა ფორმით ხდება, – შეიძლება ეს იყოს პრივატიზება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ან PPP, რომელიც არის კერძო და საჯარო პარტნიორობა. ამან საკმაოდ დადებითი სურათი შექმნა ჩვენთვის, რადგან ენერგეტიკის სექტორში ჩვენ გვყავს ადგილობრივი და საერთაშორისო მოთამაშეები”, – განაცხადა მან.

იან გუინარდის შეფასებით, არსებობს მესამე ფაქტორიც, რაც საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად ხდის – ეს არის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება ენერგოტრანზაქციის მიმართულებით, EDF-თვის. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა.

„სწორედ აქ დავინახეთ, რომ საქართველოსაც აქვს აღებული ეს ვალდებულება. ასევე საქართველო არის პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყანა და აქვს კლიმატის სტრატეგია 2030 წლისთვის. ყოველივე ეს დადებით სიგნალებს გვაძლევს. სწორედ, ეს სამი პოლიტიკა არის განმსაზღვრელი, რომ შემოვიდეთ საქართველოს ბაზარზე და ჩავდოთ ინვესტიცია”, – აღნიშნა Central & Eastern Europe EDF -ის საერთაშორისო განყოფილების ვიცე- პრეზიდენტმა.

„ცაჰალის“ ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით იერიში მიიტანა

„ცაჰალის“ ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ იერიში მიიტანა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, მისგავ ამისა და ავივიმის მახლობლად მდებარე პოზიციებზე.

მათივე განცხადებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, ისრაელურმა არტილერიამ კი სამხრეთ ლიბანის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნა.

გიორგი კალანდარიშვილსა და ლაშა ფარულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა „ჰოლიდეი ინნ თბილისში” გამართულ პრეზენტაციაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება ლაშა ფარულავას პროტესტს მოჰყვა, რომელიც აცხადებდა, რომ 1 -ელ ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის დასადგენად აუდიტორული კომპანიის შერჩევა დახურული და გასაიდუმლოებული იყო და ამის შესახებ ოპოზიციამ არაფერი იცოდა.

ასევე, ლაშა ფარულავა ამტკიცებს, რომ აუდიტორულ კომპანიას აშშ-ში პრობლემები აქვს, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა და მისი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ერთადერთი შეკითხვა მაქვს – ასეთი დაბალი სტანდარტებით აპირებენ არჩევნების ჩატარებას? ეს ჩვენთვის არის მიუღებელი, მათ შორის მიუღებელია ასეთი დაბალი სტანდარტით არჩეული და ლეგიტიმაციის არ მქონე თავმჯდომარემ ჩაატაროს ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გველოდება 2024 წელს, ამიტომ მოვედი აქ და ამ შეკითხვას დავსვამ ყველგან. ჩვენ გვინდა გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ასე თავისუფალი არჩევნები არ ტარდება.

ჩვენ პრეტენზია გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, პროცესი იყო დახურული, არ არის გამჭვირვალე და ასეთი დაბალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის არის მიუღებელი. თავისუფალი სამყაროსთვის ასეთი პროცესი არის მიუღებელი და შევეწინააღმდეგებით, არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ასეთი ჩავარდნებით ჩავატარებინებთ არჩევნებს. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ემიგრანტებისთვის, ისინი, ვინც ამ ქვეყნიდან გააქციეს, ჩვენი პატრიოტებისათვის ვითხოვთ ონლაინ არჩევნებს, ჩვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მალე ოპოზიციასთან ერთად შევიტანთ საკანონმდებლო ორგანოში. მიუღებელია იმ სტანდარტით არჩევნების ჩატარება, როგორიც ვიხილეთ 2020 და 2021 წლებში. ასეთი დახურული პროცესით, თავისუფალი გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდრიშვილის განცხადებით, ლაშა ფარულავა ღონისძიებაზე „ასარევად არის მოსული“.

„აპელირება იმაზე, თითქოს კომისიის წევრებმა რაიმე ინფორმაცია იმაზე, აუდიტორული კომპანიის შერჩევასთან მიმართებაში არ ჰქონდათ, ეს არის სიცრუე. არა თუ ახლა, ორი თვით ადრე იყო ცნობილი ამ პროცესის დაწყებისა და ინცირების შესახებ“, – განაცხადა კალანდრიშვილმა.

ცნობისთვის, „ჰოლიდეი ინნ თბილისში” ცესკოს თავმჯდომარე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით 1 ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

“ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდნენ”- მედია

ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

“საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი პარტნიორებთან კოორდინაციაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კერძო პირების ნებისმიერი განსაკუთრებული შემოსავლები, რომლებიც უშუალოდ გაყინული რუსული აქტივებისგან არის მიღებული, მიმართულ იქნას უკრაინის დახმარებაზე, მის აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, მოქმედი სახელშეკრულებო ვალდებულებების და ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ევროპული საბჭო უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას მოუწოდებს წინადადებების წარდგენის მიზნით მუშაობა დააჩქარონ”, – წერია ევროპული საბჭოს სამიტის განცხადებაში.

Financial Times-ის ორი მაღალჩინოსანი წყაროს ცნობით, ევროკომისია წინადადებების წარდგენას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს.

მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ ბრიუსელი მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება ვაშინგტონთან და ლონდონთან, რათა მიდგომების სინქრონიზაცია მოხდეს.

“ჩვენ გვყავს არა ოპოზიცია, არამედ რევკომი” – მიხეილ სარჯველაძე

სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს არა ოპოზიცია, არამედ რევკომი თავისი მიხეილ სააკაშვილითა და ყველა იმ ადამიანით, ვინც ცდილობს, რომ ამომრჩეველს დესტაბილიზაცია შესთავაზოს – დესტაბილიზაციაზე ფიქრის არც საფუძველი, არც მიზეზი არ არსებობს და ბუნებრივია, ამის უფლება არავის აქვს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების პირობებში ოპოზიციას წარმატების არავითარი რესურსი არ გააჩნია.

“ამას თავადაც კარგად ხვდებიან, ამიტომ წინასწარ იმზადებენ პლაცდარმს, რადგან შემდგომ განაცხადონ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. 2020 წლის არჩევნების დროსაც ლაპარაკობდნენ იმის თაობაზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ერთი მტკიცებულებაც წარმოდგენაც კი ვერავინ შეძლო.

ახლაც, წინასწარ იციან რა, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი, შეეცდებიან, ისე წარმოადგინონ, თითქოს არჩევნებისთვის რაღაც პრობლემას აქვს ადგილი და შემდგომ რევოლუციური სცენარების განვითარებაზე იფიქრონ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“ჩვენ გვჭირდება იმგვარი მმართველობა, რომლის მიზანიც საქართველოს რეალური ევროინტეგრაცია იქნება” – გიგი წერეთელი

ჩვენ გვჭირდება იმგვარი მმართველობა, რომლის მიზანიც საქართველოს რეალური ევროინტეგრაცია იქნება, ამისთვის კი ცვლილებაა საჭირო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა კანდიდატის სტატუსთან მიმართებით არსებულ დისკუსიას და აღნიშნა, რომ ჩვენ დღეს მკაფიო სურათი გვექნებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამდა მის მოსაპოვებლად და არა საპირისპიროს.

„ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი, ჩვენ გვჭირდება იმგვარი მმართველობა, რომელიც რეალურად ამ დღის წესრიგს მიანიჭებს პრიორიტეტს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არა მხოლოდ სტატუსი მოგვანიჭონ, არამედ გაგრძელდეს ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს სვლა, სწორედ ამისთვის არის საჭირო მმართველობის ცვლილება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

“რეკომენდაციები სამწუხაროდ, არ არის შესრულებული” – ანა ბუჩუკური

რეკომენდაციები სამწუხაროდ, არ არის შესრულებული, მაგრამ სხვა მიზეზებია, რის გამოც ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკური აცხადებს, რომ “ქვეყანას სტატუსი უკვე აქვს” და ამის მიზეზად გეოპოლიტიკურ ფაქტორებს და ხალხის არჩევანს ასახელებს.

ბუჩუკური აცხადებს, რომ „ასოცირებულ ტრიოში“ საქართველო მოწინავე პოზიციებზე იყო ყოველთვის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

“რეკომენდაციები საერთოდ, ამ შემთხვევაში, რელევანტური არ არის სამწუხაროდ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანას აქვს სტატუსი მიღებული, ერთ – ერთი გეოპოლიტიკური მიზეზია. ევროკავშირს კარგად ესმის, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კარის მიღმა დარჩება, ეს რუსეთის გავლენის გაზრდას ნიშნავს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი და არგუმენტი ევროკავშირის მხრიდან არის ის, რომ მოწინავე პოზიციებზე იყო საქართველო ყოველთვის, მათ შორის უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით და მესამე, ეს არის ხალხის განწყობა, რომელმაც მარტში რუსული კანონი არ მიაღებინა ხელისუფლებას. ხალხი, რომელიც ბოლო 30 წელია თავისუფლებისთვის და დასავლური მომავლისთვის იბრძვის.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, სამწუხაროდ, არ არის შესრულებული, მაგრამ სხვა მიზეზებია, რის გამოც ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

“გამოვიდა, რომ „მაუწყებლობის კანონი“ მიიღეს ტყუილი არგუმენტით, რომ ევროპელები გვთხოვენ” – იაგო ხვიჩია

არ გამოვრიცხავ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირი და მათი რომელიმე წარმომადგენელი შეცდომაში შეიყვანა – რა დაჩქარებული წესითაც მიიღეს “მაუწყებლობის კანონი”, იმ დაჩქარებული წესით უნდა გაუქმდეს , – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართულ ოცნებას” ცვლილებების მიღების არგუმენტი გამოეცალა.

“ზოგადად, არ გამოვრიცხავ, “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირი და მათი რომელიმე წარმომადგენელი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს კარგ კანონს იღებდნენ, რადგან „ტვინი შეჭამეს“ ამ კანონის განხილვის დროს, რომ ეს ყველაფერი ევროპის 12 – პუნქტიან გეგმაში წერია და ა.შ.. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ არავის მოუთხოვია ამათთვის სიძულვილის ენის თუ განსაკუთრებით, უხამსობის ასეთი ტიპის რეგულირება. გამოვიდა, რომ კანონი მიიღეს ტყუილი არგუმენტით, რომ ევროპელები გვთხოვენო. გამოვიდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები ჩვენთან და თქვეს, რომ მათ ეს არ მოუთხოვიათ. ჩემი აზრით, რაც უნდა გაკეთდეს, რა დაჩქარებული წესითაც მიიღეს ეს კანონი, იმ დაჩქარებული წესით უნდა გაუქმდეს, რადგან მთავარი არგუმენტი გამოეცალა ამ კანონის მიღებას”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში “ინტერპრესნიუსს” „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თაობაზე განუცხადეს, რომ “უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს.

მათივე განცხადებით, ქართულ მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში, ევროკომისია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მარეგულირებელი კომისიის რეალური დამოუკიდებლობისთვის შემდგომი მუშაობის აუცილებლობას.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ჩვეულებრივ, ევროკავშირის დირექტივები მათი შესრულების ზუსტ წესს არ კარნახობენ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულწილად თავისუფლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორ გადაიტანონ დირექტივები ეროვნულ კანონმდებლობაში.

“საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა, აუცილებელია, რომ მისი კანონმდებლობა გარკვეულ დებულებებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს,”- აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ოქტომბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7037 ლარი ეღირება, ევრო – 2.8565 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2793 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7058 ლარი ღირდა, ევრო – 2.8519 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2686 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 ოქტომბერს ამოქმედდება.