ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
“საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი პარტნიორებთან კოორდინაციაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კერძო პირების ნებისმიერი განსაკუთრებული შემოსავლები, რომლებიც უშუალოდ გაყინული რუსული აქტივებისგან არის მიღებული, მიმართულ იქნას უკრაინის დახმარებაზე, მის აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, მოქმედი სახელშეკრულებო ვალდებულებების და ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ევროპული საბჭო უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას მოუწოდებს წინადადებების წარდგენის მიზნით მუშაობა დააჩქარონ”, – წერია ევროპული საბჭოს სამიტის განცხადებაში.
Financial Times-ის ორი მაღალჩინოსანი წყაროს ცნობით, ევროკომისია წინადადებების წარდგენას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს.
მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ ბრიუსელი მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება ვაშინგტონთან და ლონდონთან, რათა მიდგომების სინქრონიზაცია მოხდეს.