გიორგი კალანდარიშვილსა და ლაშა ფარულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

126
spot_img

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა „ჰოლიდეი ინნ თბილისში” გამართულ პრეზენტაციაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება ლაშა ფარულავას პროტესტს მოჰყვა, რომელიც აცხადებდა, რომ 1 -ელ ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის დასადგენად აუდიტორული კომპანიის შერჩევა დახურული და გასაიდუმლოებული იყო და ამის შესახებ ოპოზიციამ არაფერი იცოდა.

ასევე, ლაშა ფარულავა ამტკიცებს, რომ აუდიტორულ კომპანიას აშშ-ში პრობლემები აქვს, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა და მისი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ერთადერთი შეკითხვა მაქვს – ასეთი დაბალი სტანდარტებით აპირებენ არჩევნების ჩატარებას? ეს ჩვენთვის არის მიუღებელი, მათ შორის მიუღებელია ასეთი დაბალი სტანდარტით არჩეული და ლეგიტიმაციის არ მქონე თავმჯდომარემ ჩაატაროს ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გველოდება 2024 წელს, ამიტომ მოვედი აქ და ამ შეკითხვას დავსვამ ყველგან. ჩვენ გვინდა გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ასე თავისუფალი არჩევნები არ ტარდება.

ჩვენ პრეტენზია გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, პროცესი იყო დახურული, არ არის გამჭვირვალე და ასეთი დაბალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის არის მიუღებელი. თავისუფალი სამყაროსთვის ასეთი პროცესი არის მიუღებელი და შევეწინააღმდეგებით, არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ასეთი ჩავარდნებით ჩავატარებინებთ არჩევნებს. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ემიგრანტებისთვის, ისინი, ვინც ამ ქვეყნიდან გააქციეს, ჩვენი პატრიოტებისათვის ვითხოვთ ონლაინ არჩევნებს, ჩვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მალე ოპოზიციასთან ერთად შევიტანთ საკანონმდებლო ორგანოში. მიუღებელია იმ სტანდარტით არჩევნების ჩატარება, როგორიც ვიხილეთ 2020 და 2021 წლებში. ასეთი დახურული პროცესით, თავისუფალი გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდრიშვილის განცხადებით, ლაშა ფარულავა ღონისძიებაზე „ასარევად არის მოსული“.

„აპელირება იმაზე, თითქოს კომისიის წევრებმა რაიმე ინფორმაცია იმაზე, აუდიტორული კომპანიის შერჩევასთან მიმართებაში არ ჰქონდათ, ეს არის სიცრუე. არა თუ ახლა, ორი თვით ადრე იყო ცნობილი ამ პროცესის დაწყებისა და ინცირების შესახებ“, – განაცხადა კალანდრიშვილმა.

ცნობისთვის, „ჰოლიდეი ინნ თბილისში” ცესკოს თავმჯდომარე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით 1 ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგების პრეზენტაცია გამართა.