Home Blog Page 1984

ისრაელი-ჰამასის ომს 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა -ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შედეგად დღემდე, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორის არიან 26 პალესტინელი, ოთხი ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტი. დაშავებულია კიდევ 8 ჟურნალისტი, 9 კი – დაკარგულად ან დაკავებულად ითვლება.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ იკვლევენ დაუდასტურებელ ცნობებს დაკარგული ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოკლულები, დაკავებულები ან დაშავებულები იყვნენ.

ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 8 300-ს გადააჭარბა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს მინიმუმ 8 306 ადამიანი ემსხვერპლა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის 3 457 არასრულწლოვანი, 2 136 ქალი და 480 ხანდაზმულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზას სექტორში საავადმყოფოებს, ელექტროენერგიის და მარაგის დეფიციტის გამო, ფუნქციონირება უჭირთ.

“არ მივიჩნევთ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი პასუხია”-თეთრი სახლი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებულ მოწოდებებს.

“ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი პასუხია. ამ დროისთვის ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას”, – აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

ჯონ კირბის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად უნდა განიხილებოდეს ღაზაში დახმარების მისაღებად ჰუმანიტარული პაუზების დაწესება.

მისი თქმით, აშშ ესაუბრა ისრაელის მთავრობას იმის შესახებ, რომ იმ სატვირთო ავტომობილების რაოდენობა, რომლებსაც ღაზაში დახმარება შეაქვთ, ყოველდღიურად 100-მდე გაიზარდოს.

”ჩვენ ვიცით, რომ ესეც კი, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება იმასთან შედარებით, სადაც ახლა ვიმყოფებით, საკმარისი მაინც არ იქნება,” – განაცხადა ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ „ჰამასს“ დანებდეს.

” ჩვენთვის სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი”-ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი. სინამდვილეში, ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, დღესაც ვნახეთ სატელევიზიო ჩართვის დროს, რა არის მისი სულისკვეთება და როგორია მისი გზავნილები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიდის სააგიტაციოდ ევროპაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

„როდესაც ჩადიხარ ევროპაში, შენს კოლეგებს ესაუბრები იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ევროინტეგრაცია, ეს ნიშნავს, სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი გაუშვა ევროპაში, როდესაც შენ გინდა რომ დღე-დღეზე მიიღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა ის არ არის ევროპაში გასაშვები ასეთი გზავნილების ფონზე. კიდევ ერთი მტკიცებულება შემოგვთავაზა მან დღეს, როდესაც უცხოურ ტელევიზიაში გააჟღერა მორიგი გზავნილი იმის შესახებ, რომ ეჭვები აქვს ხელისუფლების ევროპული სულისკვეთების თაობაზე. ერთი წელი აქვს სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი, ის აღარ არის აქტუალური. ერთ წელიწადში გაუვა უფლებამოსილების ვადა, ვერც ქვეყანას დააქცევს. საბოლოოდ, ის ვერ მოახერხებს ვერც კანდიდატის სტატუსის მიღების აღკვეთას. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ დეკემბერში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ადრე ვამბობდით, რომ 50-50-ზე იყო, თუმცა ეს შანსები თვისებრივად არის გაუმჯობესებული, ზურაბიშვილი ვერ შეუშლის ხელს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – განაცხადა კობახიძემ

“მკაფიოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დგას რეალურად ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ხალხის ტრაგედიის უკან”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების უკან დასავლეთი დგას. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„მკაფიოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დგას რეალურად ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ხალხის ტრაგედიის უკან, ვინ აწყობს სასიკვდილო ქაოსს და ვინ სარგებლობს ამით. დღეს, ჩემი აზრით, ეს უკვე ყველასთვის ცხადი და გასაგები გახდა. სწორედ შეერთებული შტატების ამჟამინდელი მმართველი ელიტა და მათი სატელიტები არიან გლობალური არასტაბილურობის მთავარი ბენეფიციარები“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს სურს მუდმივი ქაოსი ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ამიტომ, პუტინის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმ ქვეყნების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზის სექტორში.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში მთელი მსოფლიოს, მათ შორის პალესტინელების მომავლისთვის იბრძვის.

„რუსეთი ბრძოლის ველზე იბრძვის ჩვენი მომავლისთვის, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებისთვის, სხვა ქვეყნებისა და ერების თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

ისრაელი საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ დათანხმდება -ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება, „ჰამასისთვის“ დანებების მოწოდების ტოლფასია.

„ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ „ჰამასს“ დანებდეს, დანებდეს ტერორიზმს, დანებდეს ბარბაროსობას. ეს არ მოხდება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორის თავდასხმის შემდეგ, შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას არავინ მოუწოდებდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღე გელით. ნებისმიერ საქმეს, მათ შორის რთულსაც, რომელიც სხვებს გაუჭირდათ, ადვილად გაუმკლავდებით. პრინციპულობა გარშემო მყოფთა თვალში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. თავი შეიკავეთ ხისტი განცხადებებისა და კრიტიკული შენიშვნებისგან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

კურო

თანამოაზრეებისა და მოკავშირეების მოსაძებნად შესაფერისი დღეა. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთან თანამშრომლობაც ნაყოფიერი იქნება და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რომ თქვენი საქმიანი ავტორიტეტი არ დაზარალდეს, მაგრამ თუ ასე მოხდა, დახმარებას მათგან მიიღებთ, ვისაც ახლახან თავად დაეხმარეთ.

ტყუპები

ახალი დღე ბევრ საინტერესოს გპირდებათ. შემოქმედებითი პოტენციალი ძალიან მაღალია. თქვენ შეძლებთ ნაცნობ ნივთებს ახლებურად შეხედოთ და რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. დაუგეგმავი შემოსავალი ფინანსურად წელში გაგმართავთ და უფრო თავდაჯერებულად იმოქმედებთ.

კირჩხიბი

თამამად შეგიძლიათ ახალი პროექტი დაიწყოთ, რადგან დამოუკიდებლად, ანუ სხვა ადამიანების სურვილებისა და იდეების გათვალისწინების გარეშე მუშაობა გაცილებით ადვილია. მოსალოდნელია კამათი, რომლის შემდეგ სულიერი სიმშვიდის აღსადგენად გარკვეული დრო დაგჭირდებათ.

ლომი

ამ დღეს იმდენი საქმე გექნებათ, რომ დასვენებისთვის ვერ მოიცლით. თუ სიახლეების და ექსპერიმენტების არ გეშინიათ და დამოუკიდებლად მოქმედება შეგიძლიათ, ეს დღე სასიხარულო ემოციებს მოგიტანთ. მოერიდეთ სამომავლო გეგმების და სამოქმედო სტრატეგიის განხილვას იმ ადამიანთან, ვისაც კარგად არ იცნობთ.

ქალწული

მშვიდი და სასიამოვნო დღეა, რომელიც ხელსაყრელია ურთიერთობის, თანამშრომლობის დაწყების და თანამოაზრეებთან ძალების გაერთიანებისთვის. ადამიანების მიმართ ყურადღებიანი ხართ და იცით, როდის წახვიდეთ კომპრომისზე. ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა შეგიძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, ეს თავად გსურთ.

სასწორი

რთული დღეა, მაგრამ თუ სიტუაციას სწორად შეაფასებთ, ყველა პრობლემის გადაჭრის გზას მონახავთ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას და საეჭვო ინვესტიციებს. ამ დღეს თქვენი საიდუმლო არავის გაუზიაროთ და თქვენს პირად ცხოვრებაზე არავისთან ისაუბროთ.

მორიელი

მშვენოვრად იცით, რა გსურთ და სასურველს როგორ მიაღწიოთ. ამ დღეს საშუალება მოგეცემათ, რომ თქვენი ძლიერი მხარეები გამოავლინოთ და გარშემო მყოფთა ყურადღება მიიქციოთ. სავარაუდოდ, ახალ თანამოაზრეებსა და მოკავშირეებს იპოვით და მათთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დაიწყებთ.

მშვილდოსანი

ეს დღეს პრობლემებით დაიწყება, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან გაიზრდება, ასე რომ, ოპტიმიზმს ნუ დაკარგავთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ. ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. დღის მეორე ნახევარი გაცილებით საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, ვიდრე პირველი.

თხის რქა

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ – ეს ახლობლებსაც ეხებათ. ამ დღეს ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და ფულის გასესხებას. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას, ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

მერწყული

წინ ხელსაყრელი დღე გელით, რომელიც შესანიშნავ განწყობას გპირდებათ. საკუთარი შესაძლებლობების გჯერათ, ამიტომ წარმატებას მიაღწევთ იქ, სადაც სხვებმა დანებება არჩიეს. ბევრი ახალი საქმე გელით. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება, როგორც ისურვებდით – რამდენიმე დღეში ამ მოვლენებს სხვანაირად შეაფასებთ.

თევზები

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. თუ შესაძლებელია, ჯობს, მოსაწყენი, რუტინული სამუშაო სამომავლოდ გადადოთ და ამ დღეს მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით.

ხვიჩა კვარაცხელიამ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მე-17 ადგილი დაიკავა

ხვიჩა კვარაცხელიამ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მე-17 ადგილი დაიკავა.

ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football-ი ავრცელებს.

ქართველმა ფეხბურთელმა სიაში გადაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ინგლისელები ჯუდ ბელინგემი და ჰარი კეინი, ასევე ლაუტარო მარტინესი, რომელიც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება პარიზში იმართება, პრეტენდენტთა შორის იყო „ნაპოლიში“ ქართველის თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი.

მანამდე, პორტალმა Goal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სიაში მე-14 ადგილზე იყო, მაგრამ ეს არ დადასტურდა.

 

ისრაელის ძალებმა “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმადა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც განაცხადეს “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცის გათავისუფლების შესახებ.

გავრცელებული განცხადების თანახმად, რიგითი ორი მეგიდიში 7 ოქტომბერს მძევლად აყვანის შემდეგ ისრაელის ძალების სახმელეთო ოპერაციის დროს გაათავისუფლეს.

“ჯარისკაცს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, თავს კარგად გრძნობს და შეხვდა ოჯახს. ისრაელის ძალები გააგრძელებენ ყველაფერს, რაც საჭიროა მძევლების გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 31 ოქტომბერს ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 30 ოქტომბრის 23:00 საათიდან 31 ოქტომბრის 15:00 საათამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.

ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით, ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.

ამავე პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც. კერძოდ, N350, N371, N345, N301, N331 ავტობუსები ევროპის მოედნის გავლის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილდებიან.

“სერიოზულად ვერ მოვეკიდებით სააკაშვილის განცხადებას, მაგრამ თუ აქვს ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, ეთანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებს”-ირაკლი კობახიძე

ხელისუფლების გადატრიალების მცდელობით რომელი ძალები არიან დაინტერესებულნი და ვინ ფიქრობს ამაზე, ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, მას ჰქონია ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით და უნდა ეთანამშრომლოს შესაბამის ორგანოებს, თუ მას ამოძრავებს სახელმწიფო ინტერესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი განცხადებებს ხშირად მარტივად აკეთებს.

„ჩვენ ვიცით, მიჩვეულები ვართ მისგან, რომ ძალიან მარტივად აკეთებს ხოლმე განცხადებებს, დიდი პასუხისმგებლობა არ აქვს ამ კაცს საკუთარი განცხადებების მიმართ. აქედან გამომდინარე, სერიოზულად ვერ მოვეკიდებით ასეთ განცხადებას, მაგრამ თუ აქვს ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს და ეთანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებს“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხის ქვეშ იმყოფება. სააკაშვილის თქმით, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რის გამოც „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს.

“ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ოპოზიცია აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ”-კობახიძე

ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ოპოზიცია აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც საბოლოო ჯამში მათივე კოლეგებმა გათქვეს. პირდაპირ აღნიშნეს, რომ რეალურად, ოპოზიციის წარმომადგენლები ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ახლა უკვე საკუთარ განწყობას აღარ მალავენ. როდესაც თვისებრივად არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ამ სტატუსის მიღება იქნება კონტრპროდუქტიული. ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მათ, პრაქტიკულად, ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული – „არა რუსულ სტატუსს“, ეს მათი დამოკიდებულება და განწყობაა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.