Home Blog Page 1984

თიბისი მომხმარებლებს განახლებულ ლოიალობის პროგრამა – ერთგულს სთავაზობს

თიბისის ლოიალობის პროგრამა „ერთგული“ უპრეცენდენტო განახლებით ბრუნდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ერთგული ქულები თიბისი ნებისმიერი ბარათით გადახდისას დააგროვოს. ამასთანავე, უცვლელი დარჩა მთავარი პრინციპი – 1 ქულა= 1 ლარს.

თუ გაქვს თიბისის ნაკრები ან სახელფასო ბარათი, შენ ავტომატურად ერთგული ხარ და შეგიძლია ისარგებლო:

  • სპეციალური ერთგული შეთავაზებებით, რომ უფრო მეტი ქულა დააგროვო;
  • ფასდაკლებებით, პარტნიორ ობიექტებში ერთგული ქულებით გადახდისას.

თიბისი ბარათებით ქულების დაგროვება მარტივია, რადგან რაც მეტჯერ იხდი ბარათით, მით მეტს აგროვებ.  ხოლო თუ ბარათით გადახდებთან ერთად თიბისის სხვა პროდუქტებსაც იყენებ (ვადიანი ანაბარი/სესხი), კიდევ უფრო მეტი ერთგული ქულა დაგიგროვდება.

ერთგული სრულად არის ინტეგრირებული ციფრულ ბანკთან. იქ შეძლებ შეამოწმო ქულების ბალანსი და გაეცნო ერთგულ შეთავაზებებს.

ერთგული ქულებით გადახდაც უფრო გამარტივდა. ქულებით ნივთის შესაძენად, ბარათი აღარ დაგჭირდება. გახნი ციფრული ბანკის აპლიკაციას, დაასკანერებ POS ტერმინალის ეკრანზე გამოსახულ QR კოდს და აირჩევ ქულებით გადახდას.

ერთგული ქულები გროვდება ყველგან სადაც თიბისის ტერმინალია. ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ნებისმიერ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას დააგროვებ. გადახდაში ითვლება მხოლოდ თიბისის ტერმინალებზე ან თიბისი ონლაინ გადახდის სისტემაში გატარებული ტრანზაქციები.

R

 

 

 

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საინვესტიციო მრჩეველი თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმისა და თიბისი კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის

თუ თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო ანგარიში გაქვს და თან თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მომხმარებელიც ხარ, შესაძლებლობა გაქვს საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით ისარგებლო.

გონივრული ინვესტირების პროცესში, ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია წვდომა გქონდეს ანალიტიკოსების ექსპერტულ ხედვაზე და განახლებულ ინფორმაციაზე. სწორედ ამ პროცესში დაგეხმარება საინვესტიციო მრჩეველი.

პირველ ეტაპზე, მრჩეველი, შენს საინვესტიციო პროფაილს შეადგენს, სადაც გათვალისწინებული იქნება შენი მიზნები, რისკის დონე და მომგებიანობის მოთხოვნილება. შემდეგ, თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულების კვლევების გუნდთან ერთად, შენს საინვესტიციო პორტფელს მოამზადებს.

საინვესტიციო მრჩეველი, პორტფელისთვის, შენთვის საინტერესო ფინანსურ ინსტრუმენტებს შეარჩევს: აქციებს, ფონდებს, ობლიგაციებს და რაც მთავარია, ინვესტირებაში და ტრანზაქციების აღსრულებაში დაგეხმარება.

საინვესტიციო მრჩეველი ყოველთვიურად პერფორმანს რეპორტს გაგიზიარებს, კვარტალში ერთხელ კი ფიზიკურად შეგხვდება და პორტფელის მომგებიანობას, ფინანსური ინსტრუმენტების რებალანსინგის საჭიროებას და პორტფელთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავთ. ასევე, გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციებსა და საინტერესო საინვესტიციო შეთავაზებებს გაგიზიარებს.

თუ დაინტერესდი საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით, მიმართე პირად ბანკირს.

არ გადადო, დააბანდე.

 

R

 

„ბოლო გაფრთხილება ჩინეთის გამო: საქართველოს ხელისუფლებაში პეკინთან დაკავშირებით წაკინკლავდნენ“

რუსეთის ფედერალურ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბოლო გაფრთხილება ჩინეთის გამო: საქართველოს ხელისუფლებაში პეკინთან დაკავშირებით წაკინკლავდნენ“ (ავტორი – იგორ კარმაზინი).

პუბლიკაციაში გადმოცემული და განხილულია ქართულ პოლიტიკაში ამას წინათ მომხდარი ინციდენტი, როცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში ჩინეთის ლიდერის მიმართ არადიპლომატიური დამოკიდებულება გამოხატა. ჟურნალისტის კითხვაზე – შეიძლება თუ არა ოდესმე სი ძინპინი გასამართლდესო, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: „ვფიქრობ, რომ ეს ისეთი ლოგიკური შედეგი იქნებოდა, რომელიც ბევრს თავის ადგილს მიუჩენდა. ვთვლი თუ არა ასეთ სცენარს რეალისტურად? არა, არ ვთვლი“.

„მმართველ პარტიაში პრეზიდენტის ასეთმა თვალსაზრისმა მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია – პოლიტიკოსები შეეცადნენ სალომე ზურაბიშვილის განცხადების დეაზავუირებას, პეკინს ბოდიში მოუხადეს და თბილისში აკრედიტებულ ჩინეთის ელჩს შეხვდნენ“, – ნათქვამია სტატიაში, – ოპოზიციაში კი ამ მხრივ თვალსაზრისები გაიყო: ზოგიერთებმა პრეზიდენტს ურჩიეს, რომ მსგავს საკითხებზე საუბრისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, სხვებმა კი ჩათვალეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა – მაგალითად, პარლამენტის ყოფილი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, მსოფლიოს ბევრ ლიდერს სი ძინპინის მიმართ იგივე პოზიცია აქვს: „ჩინეთში უიღურების უფლებები ირღვევა და ამიტომ პეკინელ ლიდერებს ნამდვილად უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა“.

და ეს ხდება იმ დროს, როცა მცირე ხანია გასული ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტიდან და სი ძინპინთან შეხვედრიდან. აღსანიშნავია, რომ პეკინში, ჩინეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სი ძინპინს სანიმუშო ლიდერად და ბრძენ ადამიანად თვლის, „რომელიც თავისი დიდი ხალხისთვის დიდ საქმეებს აკეთებს“.

პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდა გადმოცემული საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობა, სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები (ვაჭრობის მოცულობა ბოლო ათ წელიწადში გაორმაგდა – 640 მილიონი დოლარიდან 1,6 მილიარდამდე. მიმდინარე წლის ბოლოს, როგორც ჩანს, ორმხრივი ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება და რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. საქართველოში ჩინური კაპიტალის მქონე 200 კომპანია მოქმედებს).

საქართველო ჯერ კიდევ 2015 წელს ჩაერთო ჩინურ პროექტში „ერთი გზა – ერთი სარტყელი“. თბილისი იმედოვნებს, რომ ჩინური პროდუქციის ევროპაში გადაზიდვისათვის ერთგვარი ჰაბი გახდეს „შუა დერეფნის“ („შუალედური გზის“) სახით, ამ მიზნით ახდენს თავისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ანაკლიის ნავსადგურის მოდერნიზაციას შავ ზღვაზე. საქარტველოში უკვე ჩინეთისათვის უკვე შექმნილია თავისუფალი ვაჭრობის ზონები. ჩინელი ტურისტების მიზიდვისათვის თბილისმა „ცისქვეშეთის“ მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, იზრდება ავიამიმოსვლის (ავიარეისების) სიხშირე თბილისიდან ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში.

ამ ყველაფერზე აშშ და ევროკავშირი ნერვიულ რეაგირებას ახდენს. მაგალითად, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ თბილისისა და პეკინის მეგობრობას არასასურველად თვლის. „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მსგავსი მიდგომა ჩინეთის პოლიტიკაში არ ჩანს. გარდა ამისა, ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. ჩინეთთან ურთიერთობის განვითარების წინააღმდეგ გამოდის პროდასავლური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

რას ამბობენ რუსი ექსპერტები?

ანდრეი არეშევი, რუსეთის სტრატეგიული პოლიტიკისა და კულტურის ფონდის ექსპერტი, აღნიშნავს, რომ აშშ და ევროკავშირი თბილის-პეკინის ურთიერთობის დამუხრუჭებას შეეცდება:

„არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთი განიზრახავს საქართველოში საზოგადოებრივ- პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას, რათა დაამუხრუჭოს ან საერთოდ არ დაუშვას საქართველოს დაახლოება ჩინეთთან და რუსეთთან. შესაძლოა უახლოეს თვეებში ჩვენ არაკონსტიტუციური ცვლილებების მოწმენი გავხდეთ. იმ დროს, როცა ოპოზიციის ყოფილი ლიდერი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკანა პლანზეა გადასული, დესტრუქციული ძალების მთავარი რუპორი ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება. ვფიქრობ, მისი ამასწინანდელი ანტიჩინური განცხადებაც შემთხვევითი არ არის, იგი თავისი ქმედებით საზოგადოებრივ განწყობას ამზადებს სამომავლო მოვლენებისათვის“.

ვადიმ მუხანოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კავკასიის სექტორის გამგე, ამბობს, რომ თავისი განცხადებებით სალომე ზურაბიშვილი პირადი პოლიტიკური პერსპექტივის საკითხებს წყვეტს.

„მომავლი წლის შემოდგომაზე მას საპრეზიდენტო უფლენამოსილების ვადა უმთავრდება. როგორც ჩანს, იგი ახლა თავისი საკუთარი მომავლის საკითხებს აგვარებს. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, მისთვის ფრანგული ენა მშობლიურ ენას წარმოადგენს – 20 წლის განმავლობაში იგი ქართველი ხალხისთვის შინაური ვერ გახდა, ქართველებმა იგი ვერ გაითავისეს. სავარაუდოდ, სკანდალური განცხადებები მის პირად ინტერესებს ემსახურება. პრეზიდენტს სურს, რომ დასავლეთის თვალში დევნილი პროევროპული პოლიტიკოსის იმიჯი ჰქონდეს, რასაც შემდეგ საერთაშორისო არენაზე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. მე მის სიტყვებში ვერავითარ გლობალურ კონტექსტს ვერ ვხედავ“.

წყარო

“ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში – ჩემი იმპიჩმენტიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა”

ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო – შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ფიქრობს თუ არა თავადაც ისე, როგორც პრემიერი, რომელმაც ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი აღნიშნა.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში „ქართულ ოცნებას“ წარმატებისთვის რომ მიეღწია, „უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“.

„მან [ბიძინა ივანიშვილმა] ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპულის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

კითხვაზე – ხელისუფლებაში სწორედ ივანიშვილის წყალობით მოვიდა და რაში სდებს ახლა ის ბრალს ზურაბიშვილს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი, ალბათ, იმაში ადანაშაულებს, რომ მის ხელში არაა.

„დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი მმართველები.

ასევე, პრეზიდენტის თქმით, თითქმის სამი წელია ივანიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია.

„ორ წელიწად ნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს“, – ამბობს ზურაბიშვილი.

“ევროკომისიის დასკვნა სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა, ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის”

საქართველოს შესახებ ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე: როგორ განმარტავს იმ ფაქტს, რომ კომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა, თუმცა ოფიციალური სტატუსის მისაღებად ბრიუსელის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი იყო სრულად შესრულებული მთავრობის მიერ – საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: „არცერთი ქვეყნის დასახელება არ მინდა, მაგრამ პრეცედენტები უკვე იყო“.

„ეს სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა. ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: ემუქრება თუ არა ეს პოზიტიური მოსაზრება პრორუსული მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, რომელიც ევროპას 2024 წლის საკანონმდებლო არჩევნების წინ „საქართველოს ომში ჩათრევის“ სურვილში ადანაშაულებს, პრეზიდენტმა უპასუხა – „მოსახლეობას დიდი საბჭოთა წარსული აქვს და იცის, რას ნიშნავს ოფიციალური პროპაგანდა, ამიტომ გონიერია და შეინარჩუნებს სიფხიზლეს მომდევნო თვეებში. არ ვნერვიულობ“.

„ამ პოზიტიურ მოსაზრებას აქვს ერთი ფუნდამენტური ეფექტი: ის აიძულებს ხელისუფლებას დაიკავონ პროევროპული პოზიცია, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა. თუ ოპოზიციას, რომელიც დანაწევრებულია, სურს ისარგებლოს ამ ახალი სიტუაციით, მას სხვანაირად მოუწევს კამპანიის წარმართვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“2024 წელს ვემზადებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ეს იქნება სათხილამურო მსოფლიო თასები და ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძლობა”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში 2023 წლის სამი კვარტლის შედეგები, აგრეთვე მიმდინარე პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკურორტო ზონების განვითარებასა და სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024 წელს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართება, რომელთა შორის აღსანიშნია სათხილამურო მსოფლიო თასები და 2024 წლის ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძლობა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია კვლავ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი იქნება მსოფლიოში, შემოვიტანთ უფრო მეტ შემოსავალს ტურიზმის ინდუსტრიიდან ქვეყნის ეკონომიკაში. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ქვეყანაში შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებაზე“, – განაცხადა შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიას იწყებს ღვინისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისათვის. ასევე იგეგმება ინფლუენსერების აქტივაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოციალური ქსელებით ინფლუენსერები გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას საქართველოს შესახებ.

„აღინიშნა, რომ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გეგმავს მარკეტინგული საქმიანობის გააქტიურებას ევროკავშირის, სკანდინავიის, ყურის ქვეყნების, აშშ – ის, ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიის ტურისტულ ბაზარზე. გარდა ამისა, მომავალ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 21 ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, მოაწყობს ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს, უმასპინძლებს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს, გაიმართება გაცნობითი ტურები საერთაშორისო ტურისტული კომპანიებისთვის. საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება 10 ღონისძიება, მათ შორის საქართველოში ჩატარდება მასშტაბური ფორუმი M&I თბილისში. საქართველო 2024 წელს იქნება მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ცაჰალის“ სამხედროების განცხადებით, ალ-შიფას საავადმყოფოების კომპლექსში გვირაბები, დანაღმული ავტომობილი და დიდი ოდენობით იარაღი აღმოაჩინეს

ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე განაგრძობს. „ცაჰალის“ სამხედროები აცხადებენ, რომ საავადმყოფოების კომპლექსში გვირაბები, დანაღმული ავტომობილი და დიდი ოდენობით იარაღი აღმოაჩინეს.

ისრაელის პრემიერის განცხადებით, დიდია ალბათობა, რომ ტერორისტებს 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლები სწორედ ალ-შიფას საავადმყოფოს მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავდათ. ვრცელდება ცნობა, რომ ოპერაციისას ისრაელელმა სამხედროებმა ერთ-ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს.

ალ-შიფას კომპლექსის პარალელურად, ისრაელი სამხედრო ოპერაციას ალ-შატის ბანაკის ტერიტორიაზე ააქტიურებს. ცახალის ძალები ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან კოორდინირებული იერიშების შედეგად „ჰამასის“ ტერორისტების, ინფრასტრუქტურისა და გვირაბების განადგურების შესახებ იუწყებიან.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ30-კმ140(ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

“ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე “ჰამასის“ გვირაბი აღმოვაჩინეთ” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.

„საავადმყოფოს ტერიტორიაზე “ჰამასის“ გვირაბის ინფრასტრუქტურა გამოაშკარავდა“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, ასევე აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო განთავსებული.

„ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის შესახებ “ცრუ სცენარების, შეთითხნილი ნარატივებისა და დამახინჯებული ინფორმაციის” გავრცელებაში ადანაშაულებს.

“დროა დასრულდეს ჯადოსნური ფიქრი რუსეთის დამარცხებაზე” – The Wall Street Journal

ვლადიმირ პუტინმა გაუძლო დასავლეთის ყველა მცდელობას უკრაინაში მისი შეჭრის შესაჩერებლად, ხოლო მისი ძალაუფლება მტკიცეა – აშშ-სა და მის მოკავშირეებს ახალი სტრატეგია სჭირდებათ: შეკავება, – წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „დროა დასრულდეს ჯადოსნური ფიქრი რუსეთის დამარცხებაზე“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის კონტრშეტევამ ვერ გამოიღო ის შედეგები, რომელიც ოფიციალურ კიევს მოლაპარაკებისთვის ძლიერ პოზიციას მისცემდა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში მღელვარება მედიის სათაურებში დომინირებს და აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისადმი შემცირდა კონგრესში გაზრდილი პოლარიზაციის გამო.

“პუტინს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. ფრონტის ხაზზე იმის არანაირი მინიშნება არ არის, რომ რუსეთი აგებს იმას, რაც გამოფიტვის ომად იქცა. რუსეთის ეკონომიკა დაზარალდა, მაგრამ ის არ არის განადგურებული. პუტინის ძალაუფლება პარადოქსულად გაძლიერდა ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ. ომისადმი [რუსეთის] მოქალაქეების მხარდაჭერა კი მყარი რჩება”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები წერენ, რომ დასავლელი ოფიციალური პირების დაპირებები საკუთარი თავდაცვის მრეწველობის გააქტიურების შესახებ ბიუროკრატიული და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების წინაშე დადგა. ამასთან, სანქციებმა და ექსპორტის კონტროლმა შეაფერხა პუტინის საომარი ძალისხმევა იმაზე ნაკლებად, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

“რუსული ქარხნები თავდაცვის სფეროში აძლიერებენ თავიანთ წარმოებას, ხოლო საბჭოთა კავშირის დროინდელი ქარხნები სჯობნიან დასავლურ ქარხნებს, როდესაც საქმე ეხება ისეთ საჭირო საქონელს, როგორიცაა საარტილერიო ჭურვები”, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ პუტინს ასევე შეუძლია კმაყოფილებით შეხედოს თავის საგარეო პოლიტიკას, ვინაიდან მისმა ინვესტიციებმა საკვანძო ურთიერთობებში შედეგი გამოიღო.

“ჩინეთმა და ინდოეთმა მნიშვნელოვანი საყრდენი უზრუნველყვეს რუსეთის ეკონომიკისთვის რუსული ნავთობისა და სხვა საქონლის იმპორტის გაზრდით. იმის ნაცვლად, რომ წუხდეს დასავლეთ ევროპის დაკარგულ ბაზრებზე ან პეკინის მხრიდან აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების უგულებელყოფაზე, პუტინმა გადაწყვიტა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანია უბრალოდ გახდეს ჩინეთის უმცროსი პარტნიორი ეკონომიკურ სფეროში”, – ნათქვამია სტატიაში.

“ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბურ შეჭრამდე 6 თვით ადრე, პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის მომზადება დასავლეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის. დღეს პუტინს შეუძლია თავის ქვეყანას უთხრას, რომ მისი სტრატეგია მუშაობს”, – წერენ სტატიის ავტორები.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთის ლიდერი მზად არის, იარაღად გამოიყენოს ყველაფერი, რაც მის ხელთ არის, რათა მოიგოს უკრაინაში ომი, ხოლო ბირთვული იარაღის კონტროლი და ევროპული უსაფრთხოება ახლა რუსეთის დაჟინებული მოთხოვნის მძევალია, რომ დასავლეთმა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა.

“შეკავების პოლიტიკა დღეს ნიშნავს დასავლეთის სანქციების გაგრძელებას, რუსეთის დიპლომატიურ იზოლაციას, კრემლისთვის ხელის შეშლას ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ჩარევაში და ნატოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ეს ასევე ნიშნავს პუტინის ომით გამოწვეული ყველა ზიანის – დიპლომატიური, საინფორმაციო, სამხედრო და ეკონომიკური – შერბილებას”, – აღნიშნულია სტატიაში.

“შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მკაფიოდ უნდა იცოდნენ ამ წამოწყების გრძელვადიანი ხასიათი. ომის დასრულებამ, როდესაც არ უნდა მოხდეს, ნაკლებად სავარაუდოა, ჩაახშოს დაპირისპირება რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის. უკრაინელებს და მათ მეგობრებს სამართლიანად სურთ იხილონ აყვავებული, დამოუკიდებელი უკრაინის აღზევება, რომელიც იქნება უსაფრთხო და სრულად ინტეგრირებული კონტინენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. პუტინი და მისი მემკვიდრეები ამას რუსეთის საბოლოო დამარცხებად მიიჩნევენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამის თავიდან ასაცილებლად”, – დასძინეს სტატიის ავტორებმა.

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების გადალახვა მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შენარჩუნოთ და თანმიმდევრულად იმოქმედოთ. ამ დღეს წვრილმანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ, კამათის დროს ოპონენტზე ზეწოლა არ მოახდინოთ – ასე მეტს მიაღწევთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის.

კურო

ამ დღეს დინებას უნდა მიჰყვეთ და მოვლენები არავითარ შემთხვევაში არ დააჩქაროთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები დაგეგმოთ და კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ. ახალი კავშირები და ურთიერთობები მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს იმპროვიზაციებს უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი შეხვედრებისთვის საგულდაგულოდ მოემზადოთ. ღრუბლებში ფრენისა და ოცნების კოშკების აგების ნაცვლად, ეცადეთ, მოვლენები რეალისტურად შეაფასოთ. აქტიური პოზიცია სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

კირჩხიბი

მოერიდეთ ყველანარ ავანტიურას და სარისკო საქმეს, თუნდაც უახლოესმა მეგობრებმა შემოგთავაზონ. ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხარო შედეგებზე პასუხისგება და სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. სასიამოვნო დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

ლომი

თქვენი ცხოვრების ზოგიერთ სფეროს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ, პრიორიტეტები დაისახოთ და მოქმედება დაიწყოთ. უპირატესობა მიაქციეთ საქმეს, რომელიც უახლოეს მომავალში ფინანსურ შემოსავალს ან პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული

ამ დღის ამოცანა ფინანსურ სირთულეებთან გამკლავება იქნება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გირჩევთ, საკუთარ ინტუიციას ენდოთ – ის ერთადერთ სწორ პასუხს გიკარნახებთ. კარგი იქნება, თუ დაძაბული მუშაობიდან დროდადრო ყურადღებას სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანთ, დაისვენებთ და სულიერად განიტვირთებით.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი მშვიდი და ჰარმონიული იქნება. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და დავალება შუადღისთვის დაგეგმოთ, როდესაც ენერგიით სავსე იქნებით. დროა, ძველი პროექტების დასრულებაზე იზრუნოთ, რათა, ბოლოს და ბოლოს, ახალი საქმის დაწყება და წინსვლა შეძლოთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ, ამიტომ მშვიდად და აუჩქარებლად უნდა იმოქმედოთ. პერიოდულად შეამოწმეთ შესრულებული სამუშაო და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას – ეს დიდ კონფლიქტს გამოიწვევს. ყურადღებით უსმინეთ ყველაფერს, რასაც გარშემო მყოფები ამბობენ და შეიძლება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.

მშვილდოსანი

დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ინიციატივის გამოჩენას არ აპირებთ, სიამოვნებით მიიღებთ შეთავაზებას შეხვედრაზე. მთავარია, რომ ეს წინადადება მომდინარეობდეს იმ ადამიანისგან, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

თხის რქა

წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. იცით, სასურველს როგორ მიაღწიოთ და მიზნებისკენ თამამად მიდიხართ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნო პრობლემა მოაგვაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიანობაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების გამოცდილებაც გამოიყენოთ. საღამოს შოპინგი წარმატებული იქნება და დადებით ემოციებს მოგიტანთ.

მერწყული

გულგრილად ნუ ჩაუვლით გვერდით ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. სტრესული დღეა, ამიტომ ეცადეთ, წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ და წარუმატებლობის გამო არ გაღიზიანდეთ. კონფლიქტების სწრაფად მოგვარებაში სწორედ სიმშვიდე დაგეხმარებათ. უარი თქვით ახალ ნაცნობობაზე, რომელიც, პრობლემების გარდა არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე მარტივი და კარგად ნაცნობი საკითხების გადაჭრის დროსაც კი პრობლემები გელით. თუმცა უნდა გჯეროდეთ საკუთარი ძალების და ნაყოფიერი მუშაობისთვის მოემზადოთ. იუმორის გრძნობა უსიამოვნო კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.