Home Blog Page 1984

ინდოეთში სარკინიგზო ავარიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში 2 სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ანდრა-პრადეშის შტატში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია ასობით მაშველი.

ოფიციალური პირების განცხადებით, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სარკინიგზო ავარია „ადამიანურმა შეცდომამ“ გამოიწვია.

“ის, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მიღება დაჩქარებული წესით იყო აუცილებელი აღმოჩნდა ტყუილი”

ის, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მიღება დაჩქარებული წესით იყო აუცილებელი აღმოჩნდა ტყუილი. ამ ვეტომ უბრალოდ ეს ყველაფერი აჩვენა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ამხილა „ქართული ოცნება“ და სუსი , რომ ტყუილების საფუძველზე ქმნიან ცრუ შიშებს და მოლოდინებს მოსახლეობაში, რომ ვითომ ვიღაც რაღაც რევოლუციას გეგმავს და თან ამის ფონზე ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას“, – განმარტა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მმართველი გუნდი „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონმდებლები პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ვეტოს დაძლევენ. სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ვეტო თავისივე იმპიჩმენტის პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე დაადო.

სამართალდამცავებმა დაღესტნის აეროპორტში შეჭრისა და არეულობის ფაქტზე, 60 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, ისრაელიდან თვითმფრინავის ჩაფრენის შემდეგ დაღესტნის აეროპორტში მომიტინგეების შეჭრისა და არეულობის ფაქტზე, 60 პირი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 150 ყველაზე აქტიური მომიტინგე. აეროპორტში მომხდარი ძალადობის შედეგად ცხრა პოლიციელი დაშავდა, ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, კვირას დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს.

“დეპოლარიზაცია არის საქართველოს მომავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას არსებობა გაუჭირდება”- გია ვოლსკი

უნდა მოვახერხოთ და დაპირისპირების, თუ მწვავე კრიტიკის პირობებში ვიმუშაოთ ისე, როგორც პარლამენტს შეშვენის, არ ვიფიქროთ იმაზე, რომ დესტაბილიზაცია არის ის თემა, რომელიც საქართველოს მოუხდელ ჭირად დაებედა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„დეპოლარიზაცია არის საქართველოს მომავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას არსებობა გაუჭირდება. თუმცა უახლოეს პერიოდში ამ თაობის პოლიტიკოსებში დეპოლარიზაციის პერსპექტივას ვერ ვხედავ. გააფთრებული შეტევა „ქართულ ოცნებაზე“ განპირობებულია გარკვეული სტრატეგიული გეგმით, რომელსაც არა და არ ცვლიან და ამას ჰქვია რევოლუციური გეგმა. უნდა მოვახერხოთ და დაპირისპირების, თუ მწვავე კრიტიკის პირობებში ვიმუშაოთ ისე, როგორც პარლამენტს შეშვენის, არ ვიფიქროთ იმაზე, რომ დესტაბილიზაცია არის ის თემა, რომელიც საქართველოს მოუხდელ ჭირად დაებედა“ , – აღნიშნა ვოლსკიმ.

ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიოს ბანკის ერთობლივი „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) პირველი ხელშემწყობი მისია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაოები დაიგეგმა. აღნიშნული გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, როლანდ პრაისთანGRAIL-ის ხელმძღვანელთან, რანუ შინჰასა და პროექტის თანახელმძღვანელთან, იან ნიჯჰოფისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება. მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგის მისაღებად ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. დაინტერესება ორივე მხრიდან ძალიან მაღალია და საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველა წინაპირობა არსებობს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა ყურადღება გაამახვილა მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე და აღნიშნა, რომ „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებების მომტანი იქნება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ქვეყანას სჭირდება კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” – არჩილ თალაკვაძე

ეს კანონი სჭირდება ქვეყანას. ეს კანონი სჭირდება ყველას ერთად, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში არეულობა, დესტაბილიზაცია, შესაძლო მსხვერპლი და საზოგადოების ზოგჯერ გულწრფელი პროტესტის გამოყენება რადიკალების მიზნებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის პრობლემა არ არსებობს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერ გაიხსენებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ვინმეს ჰქონია პრობლემა თავისი პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის კუთხით. ერთადერთი, ვისზეც კანონის მიერ რეაგირება იყო და მომავალშიც იქნება, არიან ადამიანები, ვინც დესტაბილიზაციას ახდენენ, თავს ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მმართველი გუნდი „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონმდებლები პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ვეტოს დაძლევენ. სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ვეტო თავისივე იმპიჩმენტის პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე დაადო.

“ივანიშვილი დაკავებულია კენიიდან მითვისებული ბაობაბების „სეირნობით“ – სოფო ჯაფარიძე

ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის ახირებას, თუ როგორ ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა – ის დაკავებულია კენიიდან მითვისებული ბაობაბების „სეირნობით“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გვიან ღამით, კენიიდან ჩამოსული ბაობაბების ტრანსპორტირების მიზნით, გრიგოლეთიდან ფოთისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო და ასევე, შეფერხება იყო თბილისი-ბათუმის მაგისტრალზეც.

წუხელ, ადგილობრივი მოსახლეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, სამართალდამცველები ბაობაბების ხეების გადაზიდვაში იყვნენ ჩართული, რასაც თავის მხრივ, უწყების წარმომადგენლები უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ გზის გადაკეტვა ხეების ტრანსპორტირებასთან არ იყო დაკავშირებული.

„ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის ახირებას, როგორ ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა. მან უცებ შეძლო, რომ 5-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგია შეეზღუდა, ტრაფარეტები ცენტრალურ მაგისტრალზე აქეთ-იქით მიცვენილია. დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ როგორღაც კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, დღეს ის არის დაკავებული კენიიდან მითვისებული ბაობაბების „სეირნობით,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სერგეი შოიგუ პეკინში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ სამუშაო ვიზიტით პეკინს ეწვია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობას მიიღებს სიანშანის უსაფრთხოების ფორუმში, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს თემაზე „დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების სფეროში“, – აცხადებენ სამინისტროში.

სიანშანის უსაფრთხოების მე-10 ფორუმი 29 ოქტომბერს გაიხსნა და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აკადემიკოსებისა და დიპლომატების გარდა, მას 90-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია დაესწრება, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან, ირანიდან, რუსეთიდან, საუდის არაბეთიდან და შეერთებული შტატებიდან. დელეგაციების დაახლოებით მესამედი წარმოდგენილი იქნება თავდაცვის მინისტრებისა და გენერალური შტაბის უფროსების დონეზე.

“მაჰაჩყალაში რაც მოხდა, არის რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ” – ზელენსკი

ის, რაც მაჰაჩყალაში მოხდა, არის რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

„ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მახაჩყალაში, არამედ რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ, რომელსაც ავრცელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

ზელენსკის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ლიდერები ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებენ.

„რუსული ანტისემიტიზმი და სიძულვილი სხვა ერების მიმართ არის სისტემური. სიძულვილი არის ის, რაც ამოძრავებს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილთან დასაპირისპირებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ისრაელის მედიის ინფორმაციით, დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა. მედიის ცნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროპალესტინელები ისრაელელებზე თავდასხმას აპირებდნენ. თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროპორტში დაეშვა, მაგრამ მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავში დარჩენა სთხოვეს  და შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებენ, რომ „თვალს ადევნებენ დაღესტანში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის უსაფრთხოებას”.

მაჰაჩყალის აეროპორტში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

მაჰაჩყალის აეროპორტში ადგილობრივების შეჭრისა და არეულობის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

სამინისტროს ინფორმაციით, 10 დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაშავებულთა შორის არიან როგორც პოლიციელები, ასევე სამოქალაქო პირები.

შეგახსენებთ, რუსეთში, დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში ადგილობრივი მოსახლეობა შეიჭრა. ამ დროს აეროპორტში თელ-ავივის რეისი დაეშვა, მათი მოტივი ისრაელელ მგზავრებზე თავდასხმა იყო.

თავდამსხმელები მგზავრების პასპორტებს ამოწმებდნენ, რათა გაერკვიათ, ვინ იყო მათ შორის ისრაელის მოქალაქე. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი „ალაჰ აკბარს“ სკანდირებენ და პალესტინის დროშას აფრიალებენ. მათ აეროპორტის ტერიტორია დაიკავეს.

 

აშშ არ აგზავნის ჯარს ისრაელში ან ღაზაში -კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, აშშ-ს განზრახული არ აქვს, გაგზავნოს ამერიკული სამხედრო ჯარები ისრაელში ან ღაზაში, ფართო რეგიონული კონფლიქტის შიშის ფონზე.

”ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს განზრახვა, ან რაიმე გეგმები ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარები გავგზავნოთ, წერტილი”, – აღნიშნა ჰარისმა CBS-თან ინტერვიუში.

მან ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.

„მინიმუმ 1400 ისრაელელი დაიღუპა. ისრაელს, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. როგორც ვამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს „ჰამასისა“ და პალესტინელების გაიგივება. პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხოებისა თანაბარ ზომებს, თვითგამორკვევას და ღირსებას, და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ომის წესების დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ჰარისმა.

ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 8000-ს გადააჭარბა

7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს 8005 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა 73% ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები არიან. საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი 200 000-ს აჭარბებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო