Home Blog Page 1984

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღის დეტალური გეგმა შეადგენოთ და ეტაპობრივად შეასრულოთ. ეს საკუთარი რესურსების სწორად განაწილებას და ყველა დავალების დროულად დასრულებას გაგიადვილებთ. პლანეტების მხარდაჭერით შეგიძლიათ დიდი და რთული პროექტების და სარისკო ექსპერიმენტების განხორციელებაც კი დაიწყოთ.

კურო

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ – ვარსკვლავები სიურპრიზებს გიმზადებენ, რომლებიც შესაძლოა, არ მოგეწონოთ. გარდა ამისა, წვრილმანი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ და სხვა საქმიანობისთვის დრო არ დაგრჩებათ. ეცადეთ მშვიდად, ოპტიმისტურად და თავდაჯერებულად იმოქმედოთ.

ტყუპები

ამ დღეს გამუდმებით ეცდებით, საკუთარი აზრი თავზე მოახვიოთ სხვებს და რჩევები აძლიოთ. ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს და თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა გააფუჭოს. მზად იყავით იმისთვის, რომ საღამოს ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ და არ შეაწუხოთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. თუ შეგიძლიათ, გირჩევთ დღეს მცირე შესვენება აიღოთ – მომდევნო დღეები გაცილებით სტრესული და დატვირთული იქნება. საღამოს ტელეფონის ზარი დადებითი ემოციებით აგავსებთ.

ლომი

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმე გელით. მცირე შეფერხებებმა არ უნდა გაგაბრაზოთ. ეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. გახსოვდეთ, რომ აჩქარება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

ქალწული

უსმინეთ სხეულიდან მომავალ სიგნალებს და მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი ექიმს მიმართეთ. უბრალო გაციებამ ან ვირუსმა შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. დღეს მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება – სამსახურში თავს ნუ დაიტვირთავთ და სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნეთ.

სასწორი

ამ დღეს გამორიცხული არ არის, რომ თქვენი შრომისმოყვარეობისთვის ჯილდო მიიღოთ. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.

მორიელი

დაწყებული საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რაც ძალიან განერვიულებთ. შესაძლოა, სამთავრობო ოფისში ვიზიტი ან ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა მოგიწიოთ. წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ. ფიზიკური მუშაობა ან ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, თანამოაზრეები შეკრიბოთ და საკუთარი გეგმები და იდეები გაუზიაროთ. ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, გამოცდილ ადამიანებთან ყველა მოსალოდნელი რისკი განიხილეთ. 2 ნოემბრის დილა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ყველაზე შესაფერისია.

თხის რქა

პლანეტების განლაგება ხელსაყრელია და პრობლემებს აგაცილებთ. შესაძლოა, თანამშრომლობის მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, რაზეც უარის თქმა არ შეიძლება. გირჩევთ, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით – მისი ასრულების დროა.

მერწყული

აქტიური და საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღეა. მეგობრები, კოლეგები თუ უბრალოდ ნაცნობები თქვენგან საქმიან რჩევას და დახმარებას ელიან. პარტნიორთან შეხვედრის დროს შეიძლება, ბევრი მტკივნეული საკითხის განხილვა და მოგვარება მოგიწიოთ. გეგმის განხორციელებაში ახლობელი ადამიანი დაგეხმარებათ.

თევზები

ვერცერთი გაუთვალისწინებელი გარემოება ვერ გზიდან ვერ აგაცდენთ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.

 

„ნაციონალურ მოძრაობა“ იმის ღირსია, რაც ახლა სჭირს”- გია ცაგარეიშვილი

ნაციონალურ მოძრაობა“ იმის ღირსია, რაც ახლა სჭირს, – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ყველაზე ცუდ წარმოდგენებში, ამ პარტიის მოწინააღმდეგე ვერ უსურვებდა ამ ადამიანებს ამ გზის გავლას.

„წარმოიდგინეთ, არსებობს პარტია, რომელსაც ჰყავს ვინმე ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. ჰყავს გენერალური სპონსორი – ოლიგარქი კეზერაშვილი, რომელიც სად არის გადახვეწილი კაცმა არ იცის და ის მართავს რეალურად პარტიას. ჰყავს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც კარიდან გააგდეს და ფანჯრიდან ლამობს გადაძრომას იმავე პარტიაში – გირაოთი გათავისუფლებული კრიმინალი მელია. მოულოდნელად გამოჩნდა ვინმე ჯაფარიძე, რომელიც რას აკეთებს, რას შვება? გაგვახსენა ყველას „ღიმილიანი საქართველო“ – ნახევარ ქვეყანას კბილები რომ დააძრო თავის შეფთან ერთად და მერე დატოვა გაცინებული (შემდეგ ჩვენ ჩავუსვით იმ ხალხს კბილები). რაც მთავარია, არის სადღაც ცხრაკლიტულში (რეალურად, მშვენიერ ოროთახიან VIP პალატაში) გამოკეტილი ცრუ ღმერთი პატიმარი სააკაშვილი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

,,თემატური თანამშრომლობა ყველასთან შეიძლება”- გედევან ფოფხაძე

თემატური თანამშრომლობა ყველასთან შეიძლება – ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ მედიასთან ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„თემატური თანამშრომლობა მე „ქართულ ოცნებასთანაც“ წარმომიდგენია. თემატური თანამშრომლობა ყველასთან შეიძლება ყველასთან აბსოლუტურად, პუნტინთანაც შეიძლება თემატური თანამშრომლობა თუ ეს საჯარო ინტერესს ემსახურება…“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

,,ინციდენტი შეიძლება მოხდეს,მაგრამ ადამიანმა ამაზე სინანული უნდა გამოხატოს, ბოდიშიც მოიხადოს”- პაპუაშვილი

ბატონმა ირაკლიმ [ბერაია] ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი სინანული გამოთქვა და ვფიქრობ, დასაფასებელია, როდესაც ამაზე გვაქვს საუბარი, ვინაიდან არსებულ მოწვევის პარლამენტს აქვს გარკვეული გამოწვევა – ხშირად არის შეხლა-შემოხლა, მათ შორის ვერბალური, განსაკუთრებით, აქ გამოირჩევა ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ სიძულვილის ენის გამოყენება და დეპუტატებს შორის დაპირისპირებაა.

„დღესაც, მიკროფონების მიღმა, ისეთი ტერმინოლოგია ისმოდა ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის ქალი ოპოზიციონერების მხრიდან, რომელსაც მერე თვითონ აპროტესტებენ. ამიტომ, ეს არის გარკვეული გამოწვევა ჩვენს პარლამენტში და თუ გვინდა ეს გამოწვევა არ იყოს, 2 რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი – ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის ქცევას და სიტყვებს; მეორე – არ განვასხვაოთ ჩვენიანი და სხვისიანი, თანაბარი საზომით მივუდგეთ ამ ყველაფერს. მნიშვნელოვანია, როდესაც სხვის თვალში ვხედავთ ბეწვს, საკუთარში დავინახოთ დირე.

რაც შეეხება [ირაკლი ბერაიას] თანამდებობიდან გადადგომას, აქ კი ნამდვილად ფარისევლები იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ვფიქრობ, ისინი სინამდვილეში პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ეთიკური სტანდარტი დაირღვა და ა.შ, არამედ მათ ადარდებთ ვიღაცების თანამდებობები და ასე შემდეგ.

კულტურის ნაწილი არის ის, რომ ინციდენტი შეიძლება მოხდეს და ის, რომ ადამიანმა ამაზე სინანული უნდა გამოხატოს და ბოდიშიც შეიძლება მოიხადოს. ამაზე არის საუბარი და მე სწორედ ამაზე მივუთითე ოპოზიციას და ასეთი ინციდენტები როდესაც ხდება ოპოზიციის მხარეს, მათ არანაირი სინანული არ აქვთ. არათუ სინანული, გუშინდელი შემთხვევის შემდეგ, დღეს, ამ პროტესტის ფონზე, თავად შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვა დეპუტატებს ისეთი სიტყვებით, რომელიც ეთერშიც არ გამეორდება. თითის გაშვერა ადვილია და თუ თითის გაშვერაზე წავალთ, უმრავლესობას უფრო მეტი აქვს თითი გასაშვერი ოპოზიციის მხარეს ასეთ დროს, ვიდრე მათ. არანაირი სინანული ოპოზიციაში არ არის, ვერც კი აცნობიერებენ, რა შეურაცხყოფას აყენებენ სხვას. რა სურათს დგამენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, ხვალ, 2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

„2023 წლის 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან არაფერია გასაკვირი”- სეფაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნიკა გვარამიას პრეზიდენტისადმი მოწოდებას გამოეხმაურა, სადაც გვარამია პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს.

როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი და მას არ გაუკვირდება ის თუ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ იგი ჩვეულებრივად დავალების შემსრულებელია. როგორ დავალებასაც მიიღებს, ისე გაკეთებს. მისგან არ გამიკვირდება ასეთი საქციელი, თუმცა საზოგადოებას შევახსენებ, იმ უშვერ და უხამს გამონათქვამებს, რითაც ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში ამკობდა პრეზიდენტს. ჩემი აზრით, ეს ასევე დაუშვებელია. ამ ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკა გვარამია და დღეს რაღაც ერთ გუნდადაც მოიაზრებენ თავიანთ თავს, ერთ პლატფორმაზე დგანან, ერთი და იგივე ნარატივსაც აჟღერებენ. ასე რომ, მე არ გამიკვირდება ესეც რომ თამაშის ნაწილი იყოს, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილიც. თუმცა, ამით ის გახდება თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა თავისი მმართველობის პერიოდში, რომლისთვისაც სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად ეთანხმებოდა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სეფაშვილმა.

,,რადიკალური ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებს იყენებს”- ეკა სეფაშვილი

ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით თუ იქნება მსჯელობა გენდერულ საბჭოში, მაშინ ჯერ ის საკითხები უნდა განვიხილოთ, რომელიც მანამდე მოხდა, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებს იყენებს და მათ მიერ გაჟღერებულ შეურაცხყოფებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

„წინა საკითხებში ვგულისხმობ, პირველ რიგში, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ განხორციელებულ გაუგონარ უხამსობებსა და უზრდელობებს, რომელზეც არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა; იგივე, როცა პრეზიდენტი გამოვიდა და სულისშემძვრელი განცხადება გააკეთა თეონა აქუბარდიას დაცვის მიზნით, თეა წულუკიანი არ იყო ქალი და პოლიტიკოსი? მაშინ რატომ არ გამოვიდა და არ დაიცვა ქალი პოლიტიკოსის უფლებები? ასევე, უნდა განვიხილოთ ის უხამსი სიტყვები, რითაც ანი წითლიძე მიმართავდა კამერების წინ ბატონ ვიქტორ ჯაფარიძეს; ასევე, გავიხსენოთ სალომე სამადაშვილის შეურაცხმყოფელი ქმედება, ერთ-ერთ კომიტეტზე, განხილვის დროს; ასევე, გავიხსენოთ ხათუნა სამნიძისა და აქუბარდიას უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, არა მარტო ქალი პოლიტიკოსების მიმართ, არამედ – მთელი ოპოზიციის მიმართ. მაშინ, ჯერ ესენი განვიხილოთ და ამ ყველაფერს რომ შევაფასებთ, მერე, კი ბატონო, ირაკლი ბერაიას საქციელიც განვიხილოთ. თუ მანამდე სხვა საქციელებსა და ოპოზიციონერების მხრიდან გაჟღერებულ შეურაცხყოფებს არ განვიხილავთ, მაშინ, ირაკლი ბერაიაზე რატომ უნდა გვქონდეს რეაგირება? თან, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბატონმა ირაკლიმ ბოდიში მოიხადა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ კი არც ერთი ქალი პოლიტიკოსის მხრიდან ბოდიში არ გაგვიგონია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტამბოლის აეროპორტი პარალიზებულია, ყველა რეისი გაუქმებულია

თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა გამოაცხადა 19:00-დან 22:00 საათამდე ყველა ფრენის გაუქმება, სტამბოლიდან ბილეთების დაჯავშნის სისტემაში ტექნიკური ხარვეზების გამო. ამის შესახებ ავიაკომპანიის წარმომადგენელმა იაჰია უსტიუნმა განაცხადა.

“ჩვენი შესაბამისი განყოფილებები აგრძელებენ მუშაობას ბილეთების გაყიდვისა და ქსელის ინფრასტრუქტურის პრობლემებით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად. ჩვენ გავაგრძელებთ უახლესი ინფორმაციის გაზიარებას მიმდინარე სიტუაციის შესახებ”, – თქვა მან X-ზე (Twitter).

ცოტა მოგვიანებით, უსტიუნმა დაამატა, რომ ყველა ფრენა სტამბოლის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან 22:00 საათამდე არ განხორციელდება.

,,სტატუსის მონიჭების პირობებზე არის ახლა საუბარი როგორ იქნება – არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ“- ცისკარიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ადასტურებს იმას, რასაც ჯერ „ქართული ოცნება“, ბოლო დროს კი ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ამბობდნენ.

„სტატუსი რომ ყველას გვინდა, გასაგებია. სტატუსის მონიჭების პირობებზე არის ახლა საუბარი. როგორ იქნება – არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ“, – თქვა ცისკარიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

ლუგელას ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ( ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ.
ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

ზემო ფონიჭალას ახალი სკვერი შეემატა

კრწანისის რაიონს, კერძოდ, ზემო ფონიჭალას ახალი სკვერი შეემატა, რომელიც დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად გახსნა. „კიდევ ერთი სკვერი მოეწყო დედაქალაქში, კერძოდ, ფონიჭალაში. ძალიან სასიამოვნო გარემოა. მახსოვს, როცა სამუშაოები იწყებოდა, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყოს აქ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული პრობლემები იყო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას. კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მოგვიწია მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა. მეორე კომპანიასთანაც ანალოგიური პრობლემა შეიქმნა. მესამე კონტრაქტორის პირობებში დასრულდა პროექტი. მინდა, დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია, ძალიან სასიამოვნო გარემოა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დასახლებულ უბანს შეემატა სკვერი, რომელშიც დიდებისა და პატარებისთვის, ყველასთვის არის გათვალისწინებული შესაბამისი სივრცეები“, – განაცხადა კახა კალაძემ. 13 000 კვ. მ ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სპორტული მოედანი, ველობილიკი, სკეიტ პარკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, შადრევანი და ამფითეატრი. ტერიტორია გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები და სხვადასხვა სახის ყვავილები. სკვერის გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა საბავშვო-გასართობი აქტივობები ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა, ასევე თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე, ასევე, პარლამენტის წევრები – ნოდარ ტურძელაძე და ბექა ოდიშარია.

,,ისეთ ტალღაზეა ქალბატონი სალომე, ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია ამ ადამიანს”- კალაძე

გამორიცხული არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ისეთ ტალღაზეა ქალბატონი სალომე, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თხოვნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება.

კალაძის თქმით, პრეზიდენტის შეწყალებას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული.

„არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი. გამორიცხული არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ისეთ ტალღაზეა ქალბატონი სალომე, ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია ამ ადამიანს. თუ გავითვალისწინებთ კონსტიტუციის დარღვევას, იმ ხაზს რა ხაზსაც ატარებს, პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის „მესიჯებზეა“ და შეიძლება ითქვას, რომ ერთი დღის წესრიგი აქვთ.

ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სხვა კონკრეტული საკითხებია რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“,- განაცხადა კალაძემ.