Home Blog Page 1984

როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ივნისამდე საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივნისამდე საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

მათივე ინფორმაციით, 15 ივნისს ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან ძლიერად იწვიმებს. თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

,,ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს აკრიტიკებდა მარგველაშვილის პრაქტიკას”- კობახიძე

„სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს აკრიტიკებდა წინა პრეზიდენტის, მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ა.შ. თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც კი არ დაუდია“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა.

კითხვაზე, რა კონსულტაციები მიმდინარეობდა პრეზიდენტთან და იყო თუ არა შეთანხმება, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარადგენდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „იმართებოდა კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის და ამ კონსულტაციების საფუძველზე თანხმობა განაცხადა პრეზიდენტმა კონკრეტულად ლაშა ხუციშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დროც კი იყო დაკონკრეტებული, თუმცა, ამის შემდეგ რატომღაც პრეზიდენტმა თავისი პოზიცია შეცვალა და ბოლოს ისიც კი თქვა, რომ წლის ბოლომდე საერთოდ არ წარადგენდა კანდიდატურებს. ეს მიუღებელია.“

შეკითხვაზე, რამდენად უზრუნველყოფდა ინსტიტუციის დამოუკიდებლობას ლაშა ხუციშვილის შესვლა ეროვნულ საბჭოში, ვინაიდან ის არის მოქმედი ფინანსთა მინისტრი, კობახიძემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ასევე წარადგინა ყოფილი მინისტრი მმართველი გუნდიდან, რომელიც დღეს არის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. მისივე თქმით, გაუგებარია თუ წინა შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს კითხვები არ ჰქონია, საინტერესოა ამ შემთხვევაში რატომ აქვს. კობახიძის განმარტებით ეს მხოლოდ საბაბია. „პრეზიდენტმა წარადგინა მაგალითად, ასევე ყოფილი მინისტრი, მერე მინისტრის მოადგილე იყო იმ პერიოდისთვის, მმართველი გუნდის წევრი, რომელიც დღეს არის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. იქ თუ არ ჰქონდა კითხვის ნიშნები, აქ რატომ აქვს?! ხომ აშკარად ჩანს, რომ ეს საბაბია. ერთ შემთხვევაში არ გაწუხებს და მეორე შემთხვევაში გაწუხებს, ჩანს რომ ეს საბაბია. საზოგადოებასაც რომ განვუმარტოთ რაშია განსხვავება. არის ორი კანონი, ერთი არის პრეზიდენტის ვეტო და მეორე ჩვენს მიერ მიღებული კანონი. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ პრეზიდენტის ვეტო ითვალისწინებს სამ ვიცე-პრეზიდენტს და ჩვენი კანონი ითვალისწინებს პირველ ვიცე-პრეზიდენტს და ორ ვიცე-პრეზიდენტს. ამაზე როგორ შეიძლება ან გაოგნდე, ან თქვა რომ დამოუკიდებლობას დააკარგვინებს ორგანოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,მავანმა ჩათვალა, რომ პარტია არის რამდენიმე ადამიანის”- მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი არის სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელი. როგორც ნიკა მელია “ღამის კურიერის” ეთერში განმარტავს, “ნაციონალური მოძრაობა” არ იმსახურებდა იმ მოცემულობას, რომლის წინაშეც ახლა პარტია დგას.

,,მავანმა ჩათვალა, რომ პარტია  არის რამდენიმე ადამიანის, რომლებმაც ზურგი შეაქციეს საკუთარ ამომრჩეველს და ახლა ბატონი ხაბეიშვილი იკითხეთ-არ მქონდა მოსმენილი თითქოს ჩვენ არ ვართ პარტიის წევრები. მე მასთან დაკავშირებით არ ვისაუბრებ, არა იმიტომ, რომ არ ვკადრულობ მასთან დაკავშირებით საუბარს, მან იმ ხალხსაც კი შეაქცია ზურგი, ვინც ხმა მისცა მას შიდაპარტიულ არჩევნებში. ის არ წარმოადგენს, როგორც ამ ადამიანებს, ასევე არ წარმოადგენს პარტიის მართვის პროცესში საკუთარ თავსაც,” – აცხადებს ნიკა მელია.

წამყვანის კითხვაზე, როდესაც ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, გულისხმობს თუ არა იმას, რომ ხაბეიშვილი სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელია?!

,,პარტია არ არის არც ლოგო, არც საარჩევნო ნომერი, საბიუჯეტო დაფინანსება, არც რამდენიმე მანდატი პარლამენტში, მანქანა, მძღოლი, ვიქნები იქ, სადაც იქნება შანსიც და საშუალებაც პოზიტიური ცვლილებების”

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დღეა ნათესავებთან ურთიერთობისთვის, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება და სიახლეების დანერგვა თქვენს საქმიანობაში.

კურო

დღეს, შესაძლოა ნაცნობებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ, ამიტომ, იმოქმედეთ დამოუკიდებლად და ერიდეთ გაუმართლებელ, დაუგეგმავ დანახარჯებს.

ტყუპები

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სასიცოცხლო ძალები კარგ მდგომარეობაშია, სასურველია, ერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას და გადაღლას. კარგია ბუნებასთან კონტაქტი და დასვენება.

კირჩხიბი

დღეს, სჯობს, საკუთარი ძალების იმედად იყოთ, ახალ პარტნიორებთან ერთად ნურაფერს წამოიწყებთ. ამ ეტაპზე, სხვა ადამიანების ჩარევა მხოლოდ დააბრკოლებს თქვენს საქმიანობას.

ლომი

შესაძლოა, წარმოქმნილ გაუგებრობაში, გულგრილმა დამოკიდებულებამ საფრთხე შეუქმნას თქვენდამი ნდობას და ძველი წყენებიც გაიხსენონ. ამიტომ, შეეცადეთ, სწრაფად აღკვეთოთ უთანხმოება და აკონტროლოთ სიტუაცია.

ქალწული

შესაძლოა, სამსახურში გარკვეულ განხეთქილებას ჰქონდეს ადგილი, რაც ძალიან დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რამდენად სწორად ცხოვრობთ, რამდენად სწორი მიზნები და ამოცანები გაქვთ.

სასწორი

თუ ინტუიციას მიენდობით და ტაქტიანად იმოქმედებთ, მარტივად გაუმკლავდებით საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ ეტაპზე, სჯობს, მოერიდოთ გარჩევებსა და კონფლიქტურ სიტუაციებს.

მორიელი

რაც უფრო გულწრფელი და გახსნილი იქნებით, მით მეტი შანსი გაქვთ, ახლობლებისა და მეგობრების კეთილგანწყობა დაიმსახუროთ და შეინარჩუნოთ სტაბილური ურთიერთობები.

მშვილდოსანი

დღეს, შესაძლოა, იმაზე მეტი ხარჯი გქონდეთ ვიდრე წარმოგედგინათ. მოერიდეთ სარისკო ექსპერიმენტებს და ფარული გზებით მოქმედებას. სასურველ შედეგს ასე ნამდვილად ვერ მიიღებთ.

თხის რქა

დღეს, თქვენი ამტანობა და შრომისმოყვარეობა მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. ნებისმიერ სფეროში, აშკარად, ლიდერობთ და წარმატებით ახდენთ თქვენი დასახული ამოცანების რეალიზებას.

მერწყული

ურთიერთგამომრიცხავი ტენდენციების დღეა, საუკეთესო იქნება, თუ ამ პერიოდს დასვენებას მიუძღვნით. ყური მიუგდეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების რჩევებს და აუცილებლად იზრუნეთ ტონუსის აღდგენაზე.

თევზები

თქვენს ჩანაფიქრს გავლენიანი ადამიანების თანადგომით და სანდო, გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერით წარმატებით განახორციელებთ. ეცადეთ, დაიჭიროთ ოპტიმისტური ტალღა.

,,ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც აიღეთ, ობიექტურად იქნება შეფასებული” -ვარჰეი

მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს.

„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, საგარეო საქმეთა მინისტრებო, ელჩებო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო როგორც ამბობენ – გამარჯობა. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე აქ და მქონდეს შესაძლებლობა, თქვენთან ერთად აღვნიშნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ წლის ევროპალია – ფესტივალი ეძღვნება საქართველოს. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ გამოვიკვლიოთ საქართველოს ბრწყინვალე წარსული, მდიდარი კულტურა, ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ასევე დავინახოთ საქართველოს უახლოესი მომავალი. მე მქონდა პრივილეგია რამდენჯერმე ჩამოვსულიყავი თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. ჩემი მანდატის დასაწყისიდან ყველაზე მეტად მაკვირვებდა, როცა საქართველოში ჩამოვდიოდი ეს გახლავთ ტრადიცია და სტუმართ-მასპინძლობა. ისეთი რამ, რაც დღეს ჩანს და რაზეც შეგვიძლია ჩვენი საერთო მომავალი დავაშენოთ. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ საქართველოს წარსული აღვნიშნოთ, მაგრამ ჩვენი მზერა მიპყრობილია მომავლისკენ. საქართველო ფუნდამენტალურად ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით. ჩვენი საერთო ფესვები და მემკვიდრეობა უბრუნდება ბერძენთა და რომაელთა დროს და ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან. მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაგასაყარზე. ერთი წლის წინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა ვიხილოთ მდგრადი და წარმატებული პროცესი. გარწმუნებთ, რომ ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გახლავთ უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც დააახლოებს საქართველოსა და ევროკავშირს ყოველდღე. 1, 2 მლრდ ინვესტიციებით, რომლის მობილიზება უკვე მოხდა, ჩვენ ველით ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ციფრულ კაბელს, რომელიც უახლოეს თვეებში განხორციელდება და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო დაგვაახლოებს. ჩვენ საღამოს ვნახავთ რა აკავშირებს ქართველებს ერთმანეთთან – ღრმა სიყვარული ქვეყნის მიმართ, საკუთარი თავის ნდობა, საქართველოს სილამაზე და ევროპის სიძლიერე. ასეთივე სულისკვეთებით ყველა პროფესიის ქართველს შეუძლია საკუთარი მისწრაფებები დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მე გულახდილად მწამს, რომ საქართველოს შეასრულებს საჭირო პირობებს შემდეგ წელს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ბოლოს მინდა მოვუწოდო ყველას დაესწრონ ყველა ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილია იმიტომ, რომ საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და ბევრი რამეც არ ვიცით საქართველოს შესახებ ევროპაში. ძალიან დიდი მადლობა და გილოცავთ ეროვნულ დღეს,”- განაცხადა ვარჰეიმ.

,,დესტრუქციული ოპოზიცია რას იტყვის, ნაკლებ საინტერესოა” – ვატო შაქარიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ოპოზიცია რას იტყვის, ნაკლებ საინტერესოა… – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანას დღეს, ისე როგორც არასდროს ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე. მშვიდობა, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს გრძელვადიანი სტაბილური განვითარების გზაზე. დღეს არის ვითარება, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი მსოფლიო რეალობა დგება. დღევანდელი გადმოსახედიდან ვერავინ ვერ იტყვის საბოლოო ჯამში ეს როგორ ფორმირდება, მაგრამ ერთი ნამდვილად ნათელი და ცხადია, რომ ის, რაც აქამდე არსებობდა ის ასე ვეღარ გაგრძელდება. ახალი წესრიგი, ახალი რეალობა დგება  და ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ ღირსეული ადგილი ამ რეალობაში “, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ხაბეიშვილმა თავის პარტიას მიხედოს, ჩვენზე ნუ იდარდებს – ალეკო ელისაშვილი

ხაბეიშვილს ვურჩევ, რომ თავის პარტიას მიხედოს, პარტიაში აჯაფსანდალი რომ აქვს… – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი, ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე მედიასთან განაცხადა. „ლევან ხაბეიშვილს ვურჩევ რომ თავის პარტიას მიხედოს. აშკარად, დიდი აჯაფსანდალი აქვთ შიგნიდან, დავიდარაბა, გამიშვი და გამატარე. თავის პარტიას მიხედოს, ჩვენზე ნუ იდარდებს და თვითონ მოემზადოს კარგად არჩევნებისთვის…“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თემურ ჭყონია ბრალდებებს პასუხობს

ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და “მაკდონალდს” რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა? – ასე გამოეხმაურა თემურ ჭყონია ბრალდებებს და საბავშვო ბროშურის შესახებ საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას, რომელიც ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორი მამაკაცის ურთიერთობებს ეხებოდა.

ამის შესახებ ჭყონიამ რადიო “თავისუფლება”-სთან ისაუბრა. მის თქმით, ბროშურები არ ამოუღიათ ქსელიდან, არამედ პროგრამა დასრულდა, რომელიც უკვე სხვა ცნობილი ადამიანების შესახებ ბროშურებით გაგრძელდება.

აქ სექსზე, ან რაიმეზე კი არ არის საუბარი, ორმა მოხუცმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვა, შემდეგ ბავშვები აიყვანეს და ზრდიან. მორჩა! სად არის აგიტაცია?.. პროპაგანდა რას ნიშნავს? პროპაგანდით შეიძლება წყობა შეცვალო, მაგრამ ორიენტაცია როგორ უნდა შეუცვალო, ვერ წარმომიდგენია.

მთავარი რა არის? ეს ხდება ყველაზე კონსერვატიულ ქვეყანაში, ინგლისში – ამ ადამიანს [ელტონ ჯონს] დედოფალმა ელიზაბეტმა ლორდის წოდება მიანიჭა. თემურ ჭყონია ვინ ვარ, რომ მაგაზე დავიწყო საუბარი, ან რა ჩემი საქმეა? ჩვენ, ბოდიში, დაგვიღია პირი და ვაბრალებთ “მაკდონალდსს” ლგბტ პროპაგანდას, ამაზე ჩამორჩენილობა და სირცხვილი რა უნდა იყოს?”

ჭყონიას თქმით, პრობლემა არა “მაკდონალდში”, არამედ საზოგადოების არასწორ ინფორმირებულობაშია:

“ჩვენ ხომ განათლებას ერთმანეთთან საუბრით ვიღებთ და არა წიგნების კითხვით, ჩვენ ერთმანეთს რომ ვესაუბრებით, მაშინ ვნათლდებით, გამოცდილება ცხოვრებამ უნდა მოგვიტანოს და არა კითხვამ? ამაშია პრობლემა. წიგნი არავის წაუკითხავს, ელტონ ჯონის ისტორია არავინ არ იცის და “მაკდონალდს” აბრალებენ ლგბტ-ს ხელშეწყობას”.

როგორც თემურ ჭყონია ამბობს, ელტონ ჯონზე წიგნების სერია, რასაც გამოხმაურება მოჰყვა, ქსელიდან არ ამოუღიათ, არამედ “პროგრამა დასრულდა”, კამპანია კი სხვა ცნობილი ადამიანების შესახებ წიგნებით გაგრძელდება: “მაგალითად, დღეს გამოდის მუჰამედ ალი, შემდეგ გამოვა პელე, რომელიც ბავშვობაში ჭინჭის ბურთით თამაშობდა და გახდა ფეხბურთის მეფე”, – ამბობს ის და განმარტავს, რომ ამ ყველაფრის მიზანია მკითხველს გააცნონ, როგორ ცხოვრობდნენ წარმატებული ადამიანები ბავშვობაში, რომ “ყველას შეუძლია მიაღწიოს შედეგს, ყველას შეუძლია გახდეს აინშტაინი, პელე, მუჰამედ ალი, თუ იშრომებს, იწვალებს და ცოდნას შეიძენს”.

თემურ ჭყონია ასევე გვეუბნება, რომ “მაკდონალდსის” წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გაყიდვებს “აბსოლუტურად” არ შეხებია: “მე ვფიქრობ, ცივილიზებული ადამიანები საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ამ თემას უყურებენ ისეთ დონეზე, რომ რა ვიცი”. – ამბობს თემურ ჭყონია რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტისთვის მიცემულ კომენტარში/

,,ჩვენ უკვე გვიღებენ ევროპული ერების ოჯახში და ჩვენც გვინდა ეს თქვენთან ერთად ვიზეიმოთ“- ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – „ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„ძვირფასო სტუმრებო, დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავს. 105 წლის წინ, როგორც კი საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენმა პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მიიღო პირველი კონსტიტუცია. ეს კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია ეფუძნება, ასახავდა იმ პერიოდის ევროპაში ყველაზე პროგრესულ ტენდენციებს. ახალგაზრდა, მაგრამ ხანმოკლე ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა უკვე მხარს უჭერდა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ბელგიაში ყოფნისას არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ამ კონსტიტუციას განსაკუთრებით აფასებდნენ 1920 წელს საქართველოში ჩამოსული ევროპელი სოციალისტების დელეგაციის ბელგიელი წევრები“.

მთავრობის მეთაურმა ამ კონტექსტში მიხეილ მუსხელიშვილი (მიშელ მუსხელი) გაიხსენა.

„ამ კონტექსტში მინდა გავიხსენო ძალიან ცნობილი ქართველი ადამიანი მიხეილ მუსხელიშვილი (მიშელ მუსხელი), ქართველი მეცნიერი და ევროკონსტიტუციის პროექტის თანაავტორი, ადამიანი, რომელმაც თავის დროს გაუსწრო და გაერთიანებული ევროპის იდეით გატაცებულმა, მისი ჩამოყალიბება იწინასწარმეტყველა. მან ერთხელ თქვა, რომ „საქართველომ იცის, რომ მისი ადგილი ევროპაშია და საჭიროა, რომ საქართველომ დაიკავოს თავისი ადგილი ევროპაში და დასავლურმა ქვეყნებმა მიიღონ საქართველო თავიანთ ოჯახში“. ეს სიტყვები, ძვირფასო მეგობრებო, თითქმის ერთი საუკუნის წინ იყო წარმოთქმული. დღეს ჩვენ უკვე გვიღებენ ევროპული ერების ოჯახში და ჩვენც გვინდა ეს თქვენთან ერთად ვიზეიმოთ“,- განაცხადა პრემიერმა.

რატომ განაცხადა კელი დეგნანმა, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი გაიწვია

რატომ განაცხადა კელი დეგნანმა, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვენეციის კომისიიდან გაიწვია – აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქრონიკის“ კითხვის პასუხად განმარტავს, რომ მაშინ ელჩი უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნას დაეყრდნო, რადგან ოფიციალურ კიევს კანონის გამოწვევა სურდა, დეგნანმა კი თქვა, რომ გამოიწვიეს.

„მოვუწოდებთ ყველას, სრულად გაეცნონ [ვენეციის კომისიის] მოსაზრებას უკრაინის შესახებ, კონკრეტულად მე-4 და მე-5 პუნქტებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა 2021 წლის დეკემბერში ორჯერ მიმართეს კანონის განხილვის გაწვევის მოთხოვნით.

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ევროკავშირის განცხადებასთან ერთად, საქართველოს ლიდერებს ურჩევს არ მიიღონ ეს კანონი. ქართველი ხალხი ელის, რომ მათი არჩეული თანამდებობის პირები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპასთან დაახლოვდეს და არა დაშორდეს“, – აღნიშნავენ საელჩოში

დააკავეს კაცი, რომელიც აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს თავს დაესხა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, კობა ფარტენაძეს დღეს დილით უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა აჭარის რადიოსთან მოხდა.

ასპინძასა და ადიგენში ყირიმ–კონგოს ცხელების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ბოლო 4 დღეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით დაავადების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ონლაინ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში აცხადებენ, მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 11 შემთხვევაა გამოვლენილი.

ერთ ერთი მათგანი ლეტალურად დასრულდა – ახალციხის სოფელ წყალთბილაში 60 წლამდე ასაკის ექიმი, რომელსაც ყირიმ–კონგოს ცხელება დაუდგინდა, გარდაიცვალა.