Home Blog Page 1984

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, სტანდარტებს აკმაყოფილებს” – პაველ ჰერჩინსკი

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის აბსოლუტურად ბაზისური ცნება ევროკავშირისთვის, მაგრამ ამავდროულად, გვჭირდება, დავაწესოთ კონკრეტული ლიმიტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება არასრულწლოვნების დაცვას და სიძულვილის ენის პრევენციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, წლების შემდეგ, ევროკავშირს აქვს აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც განახლებულია და კვლავ განახლდება.

„რეალურად, ეს ძალიან სენსიტიურია, სად უნდა მოხდეს ხაზის გავლება მედიას, სიტყვის თავისუფლებას, მცირეწლოვნების დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციას შორის. ეს აუდიოვიზუალური დირექტივა აწესებს სტანდარტს, მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ მოქნილობა ამ სტანდარტის გამოყენებაში, კონკრეტული სიტუაციების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის გაფართოების გეგმის ქვეყანა. საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით, რათა დაგვეახლოებინა საქართველოს კანონმდებლობა ამ დირექტივასთან და ეს კანონპროექტი, რომელიც ახლახან დამტკიცდა, აკმაყოფილებს ამ აუდიოვიზუალური სერვისის დირექტივის სტანდარტებს. ამავდროულად, ფოკუსირებულია სხვა საკითხებზეც, რომელიც პირდაპირ არ არის რეგულირებული ამ დირექტივით, რაც, როგორც წესი, რეგულირებულია წევრი სახელმწიფოების მიერ. მაგალითად, უხამსობის საკითხი. რა თქმა უნდა, შესრულება მთავარია და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიმუშავებთ ეროვნულ მარუგულირებელთან ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ორგანო არის სრულიად დამოუკიდებელი და თამაშობს მნიშვნელოვან როლს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

“რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა” – ხაბეიშვილი

მე რამდენჯერმე მაქვს მიწერილი შალვა პაპუაშვილისთვის და მისგან დადებითი პასუხი სააკაშვილთან შესვლასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ვაფრთხილებ მას, რომ მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში, იმიტომ, რომ არ ვაპირებთ, ეს საქმე ასე დავტოვოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.

„მნიშვნელოვანია ყველას კარგად ესმოდეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პრეზიდენტი სააკაშვილი თუ იქნება პუტინის ტყვეობაში, თუ იქნება სანქცირებული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტყვეობაში დატოვებული და ФСБ- აგენტის ბრალის წარდგენის შესაბამისად, რისთვისაც ახლა ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, არჩევნები თავისუფლად ვერ ჩაითვლება და საერთოდ ვერანაირ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ. ვერანაირ კარგ, ჯანსაღ გარემოზე ვერ ვისაუბრებთ იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც გარემოზე ვსაუბრობთ, სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო/ოდირის იყოს არა მხოლოდ ერთდღიანი, არამედ გრძელვადიანი, იმიტომ, რომ რუსული პარტია მიჩვეულია შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას და ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომუნიკაციის სახელოსნო: თიბისის ახალი საგანმანათლებლო პროექტი

თიბისიმ ახალი თაობისთვის „კომუნიკაციის სახელოსნო“ – ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. კომუნიკაციის სახელოსნოს მიზანია უფროსკლასელებს დაეხმაროს  კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და შესძინოს მათ საქმიან გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყობა რეალური სამუშაო გარემო, სადაც მონაწილეები დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლიან საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობას- მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა.

კომუნიკაციის სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან, ერთად უფროსკლასელები იმუშავებ ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად – იქნება ეს ტექნოლოგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ბიზნესი, თუ სხვა.

კომუნიკაციის სახელოსნოში, პირველ ეტაპზე, თიბისის ტექ განათლების კურსდამთავრებულებს ეძლევათ მონაწილეობის შესაძლებლობა. მომდევნო წლიდან კი კარი ყველა უფროსკლასელისთვის გაიღება.

„კომუნიკაციის სახელოსნოს“ პრეზენტაცია 26 ოქტომბერს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.

 

R

“ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება” – ისრაელის ელჩი გაეროში

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ ყვითელი ვარსკვლავის ტარებას აპირებს მანამ, სანამ ორგანოს წევრები „ჰამასის“ სისასტიკეს არ დაგმობენ.

შეხვედრაზე მისულ ერდანსა და ისრაელის დელეგაციის სხვა წევრებს დავითის ყვითელი ვარსკვლავის სტიკერები ეკეთათ, წარწერით: „აღარასდროს“.

„ამ დღიდან, ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება. ისევე, როგორც ჩემი მშობლები და მილიონობით ებრაელის ბებია-ბაბუა, მე და ჩემი გუნდი ყვითელ ვარსკვლავებს ვატარებთ. ჩვენ ვატარებთ ამ ვარსკვლავს მანამ, სანამ არ დაგმობთ „ჰამასის“ სისასტიკეს და არ მოითხოვთ ჩვენი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – აღნიშნა ელჩმა.

ინფორმაციისთვის, ნაცისტური გერმანიის პერიოდში ებრაელებს აიძულებდნენ, რომ დავითის ყვითელი ვარსკვლავი ეტარებინათ. დღეს ვარსკვლავის გაკეთება ჰოლოკოსტის შეხსენებასთან ასოცირდება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

რუსებმა უკრაინაზე დრონების და რაკეტის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა 31 ოქტომბრის ღამეს უკრაინაში „შაჰედის“ ტიპის ორი დრონი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორივე დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ 7 სარაკეტო და 90 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ ტერიტორიებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 82-ჯერ გაუხსნეს.

კერძოდ, საჰაერო დარტყმები განხორციელდა 30-ზე მეტი დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის პეტროპავლოვკაზე, სენკოვოზე, პერვომაისკოეზე, ანდრეევკაზე, ორლოვკაზე, მარინკაზე, ნოვომიხაილოვკაზე, უგლედრზე, რობოტინოზე, ივანოვკაზე, ბერისლავზე, ნიკოლაევკაზე, ანტონოვკასა და სხვა დასახლებებზე.

საარტილერიო ცეცხლის ქვეშ კი ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 110-ზე მეტი დასახლება აღმოჩნდა.

Mr. კელი! თან გაიყოლე ჩვენი “მეგობრები”, შენსავით ვინც ფიქრობს! – გოგა ხაინდრავა

“აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაინდობს არავის”, – იან კელი

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება საქართველოში აშშ-ს ელჩის მიერ ერთ-ერთი ექსტრემისტული ტელეარხის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს:

“აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაინდობს არავის, ვინც თანამშრომლობს რუსეთთან და საქართველო არასწორი გზით მიჰყავს”, – იან კელი.
რუსული გემის გზას მყარად ადგახარ  Mr. კელი! თან გაიყოლე ჩვენი “მეგობრები”, შენსავით ვინც ფიქრობს! ჰოდა, გზაში ერთმანეთი შეაშინეთ! 🖕” -წერს გოგა ხაინდრავა.

 

თიბისი ჯგუფის ტექნოლოგიურმა გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა

ტაშკენტში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საერთაშორისო ტექნოლოგიურმა გუნდებმა მიიღეს. 4 სხვადასხვა მიმართულების ინჟინრისგან დაკომპლექტებულმა თიბისი ჯგუფის გუნდმა დავალებები საუკეთესოდ შეასრულა.

GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდში შედიან: საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი), დავით სამადაშვილი (SRE ინჟინერი), დავით გოგრიჭიანი (CloudOps ინჟინერი) და გიორგი სემენიხინი (სფეისის DevOps ინჟინერი).

„ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და როგორც გუნდი, უფრო დავახლოვდით. საინტერესო შეჯიბრება იყო, მოწინააღმდეგე გუნდებთან ვათანხმებდით რომ ერთმანეთის სერვისები გამოგვეყენებინა, რაც, საბოლოოდ, ყველას ეხმარებოდა. იყო მომენტები, როცა ვიბნეოდით, მაგრამ ბოლოს ყველამ ერთად ავიყვანეთ თავი ხელში. ოთხივემ იდეალურად გადავანაწინეთ როლები, რამაც საბოლოო შედეგი — პირველი ადგილი მოგვაპოვებინა”- დავით სამადაშვილი.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს თანამშრომლების ტექნოლოგიურ განვითარებას და შეძენილი საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.

 

R

“რუსეთი სტრატეგიულად ვერ უძლებს ამ დაპირისპირებას” – ზელენსკი

რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გაუძლოს საომარ მოქმედებებს და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ სტრატეგიულად ვერ უძლებს ამ დაპირისპირებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ფხიზლად უნდა შევაფასოთ რუსული სისტემა. მათ მობილიზებული ჰყავდათ მთელი ძალები, რათა არ დაეკარგათ ის, რაც უკრაინაში მიიტაცეს, მაგრამ ამავე დროს დააბინძურეს თავიანთი ტერიტორია სიძულვილით და დეგრადაციის ისეთი დონით, რომ წელს მეორედ რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ამ კონტექსტში გაიხსენა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხება და დაღესტანში ორი დღის წინ მომხდარი არეულობა.

„ვხედავთ, რომ მეამბოხეები მოსკოვისკენ მიემართებიან და მათ არავინ აჩერებს. ვხედავთ, რომ დაღესტანში ძალაუფლების ვერტიკალი ორთქლდება, რაც ნამდვილი დარბევა ხდება. ეს ყველაფერი იმის სიგნალია, რომ რუსეთს ახლა შეუძლია გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ არ შეუძლია, ამ დაპირისპირებას სტრატეგიულად გაუძლოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური და ძლიერი იარაღი ერთობაა.

„სტრატეგიულად, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ძლიერები, ერთიანები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუძლოთ, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება მართლაც უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი და აგრესია. ამისთვის საჭიროა ჩვენი ერთობა, ერთობა ჩვენს შორის, ერთობა მთელ ევროპაში, ერთიანობა ამერიკაში და ერთობა მთელ თავისუფალ სამყაროში. ერთობა ყველაზე ეფექტური, ზუსტი და შორი მოქმედების იარაღია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მინდა, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული დღე მივულოცო რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს -ირაკლი ღარიბაშვილი

მოხარული ვარ, მოგმართოთ ამ მნიშვნელოვან დღეს − თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს. მინდა, ეს ისტორიული თარიღი მივულოცო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ამ 100 წლის განმავლობაში თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

„1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. დაარსების დღიდან ეს დიდებული ქვეყანა და ერი მრავალი გამოწვევის წინაშე მდგარა თანამედროვე, ინდუსტრიული და აყვავებული სახელმწიფოს შექმნის გზაზე. თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით ამ 100 წლის განმავლობაში თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თურქეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის საქმეში როგორც სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ.

„ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნეს თანამშრომლობა, რომელიც თანდათან გადაიზარდა მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ვლინდება ჩვენს დინამიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში. წლების განმავლობაში თურქეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სავაჭრო ბრუნვით, რომელმაც 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მაჩვენებელი ამ წლის ბოლომდე 3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ჩვენს თანამშრომლობაში კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იქნება.

ჩვენ ასევე მოხარულნი ვართ, რომ თურქული კომპანიები აგრძელებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა უკვე თითქმის 370 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ბოლო სამი წლის განმავლობაში; ხოლო თურქული კომპანიების რიცხვი საქართველოში 10 000-ს აჭარბებს. ჩვენ ველით ამ რიცხვების შემდგომ ზრდას მომდევნო წლებშიც.

ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ –  ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის – როლს. სწორედ ამიტომ, შუა დერეფნის მეშვეობით დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით ისეთი სფეროები, როგორებიცაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა, დარჩება ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მამოძრავებელ ძალად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მიისწრაფვიან არსებული და დაგეგმილი რეგიონული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის − ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის, ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და სხვა პროექტების განხორციელებისკენ.

ძვირფასო მეგობრებო, არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების თვალსაზრისით, არამედ ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით უსაფრთხოების არსებული საგანგაშო გარემოს გათვალისწინებით როგორც რეგიონში, ისე გლობალურად.

დასასრულ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები და თანამშრომლობა გაგრძელდება და გაძლიერდება; ხოლო ჩვენი პარტნიორობა განუზომელ როლს ითამაშებს ჩვენი ყველა ინიციატივის განხორციელებაში როგორც ორმხრივ და რეგიონულ, ისე მრავალმხრივ დონეზე. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ნათელი მომავლის შექმნას  ჩვენი ქვეყნებისთვის, ერებისა და სრულიად რეგიონისთვის.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მივულოცო ეროვნული დღე პრეზიდენტ ერდოღანს, ძვირფას ელჩს – ჩემს ძვირფას მეგობარს, თურქ ხალხს, თურქულ თემს საქართველოში და გულწრფელად ვუსურვო თურქეთს უწყვეტი წარმატება“, –  განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ. სტუმრებმა ასევე მოისმინეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართვა; შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები დაწინაურდნენ ბახმუტის რაიონში” – ISW

30 ოქტომბერს, უკრაინელი სამხედროები დაწინაურდნენ დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთით, – ამის შესახებ RBC-Ukraine ISW-ის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

ISW-ის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ჯარები წინ წავიდნენ კურდიუმივკას ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც მდებარეობს ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 10 კილომეტრში.

29 ოქტომბრის დამატებითი გეოლოკაციის კადრები ასევე აჩვენებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოდნავ წინ წავიდნენ რობოტინოს დასავლეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევით მოქმედებებს ბახმუტის რეგიონში, ასევე მელიტოპოლის მიმართულებით.

ისრაელი-ჰამასის ომს 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა -ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შედეგად დღემდე, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორის არიან 26 პალესტინელი, ოთხი ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტი. დაშავებულია კიდევ 8 ჟურნალისტი, 9 კი – დაკარგულად ან დაკავებულად ითვლება.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ იკვლევენ დაუდასტურებელ ცნობებს დაკარგული ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოკლულები, დაკავებულები ან დაშავებულები იყვნენ.

ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 8 300-ს გადააჭარბა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს მინიმუმ 8 306 ადამიანი ემსხვერპლა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის 3 457 არასრულწლოვანი, 2 136 ქალი და 480 ხანდაზმულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზას სექტორში საავადმყოფოებს, ელექტროენერგიის და მარაგის დეფიციტის გამო, ფუნქციონირება უჭირთ.