Home Blog Page 1984

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

როგორც თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.

„აღნიშნულ ძეგლზე საუბარს არ დავიწყებ და არ ავხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, უამრავი ტურისტი სტუმრობს და დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განვახორციელეთ, იწყება პროექტით გათვალისწინებული მეორე ეტაპი, რის შემდეგაც ნარიყალას ციხე განახლდება და ტერიტორია მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივნისისთვის იგეგმება.

“Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია” – ილონ მასკი

Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია“ – ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად ილონ მასკმა გააკეთა.

კომუნიჯკაციების კომისიის ინფორმაციით, კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა.

„ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშიაStarlink-ის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“პრეზიდენტის ნათქვამი „არა და არასდროს“ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი „არა და არასდროს“ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა.

როგორც უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, არ ჰგონია, საკუთარი პოზიციის შესაცვლელად რაიმე მიზეზი არსებობდეს, რომლის ახსნასაც პრეზიდენტი შეძლებდა.

„სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პარალელების გავლება როცა ხდება, ეს მართებული არ არის. სალომე ზურაბიშვილი ისეთ რამეს თუ ჩაიდენს, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, როცა ვალერი გელაშვილი აცემინა და გირგვლიანის საქმეზე უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, რა საკვირველია, ეს იქნება დანაშაული და პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, იქნება ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუ მიხეილ სარჯველაძე. დანაშაულის ჩადენა არც ერთ შემთხვევაშია გამართლებული. არ შეიძლება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა მსჯავრდებისგან ადამიანის გათავისუფლებას ავტომატურად და მექანიკურად განაპირობებდეს. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ეს მოწოდება მართებული არცერთ შემთხვევაში არ არის. უნდა გადააბიჯოს თუ არა პრეზიდენტმა მის განცხადებას – „არა და არასდროს“, მგონი, ეს ლოგიკურადაც აუხსნელია. პრეზიდენტის ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ეს არასდროს მოხდება. არ მგონია, რაიმე ახსნადი მიზეზია, რის გამოც პრეზიდენტს შეუძლია ახსნას ის, თუ პოზიციას შეიცვლის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Bloomberg-ის პლატფორმაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ზე ცნობილმა იუთუბერებმა, ჯეიმ პოულ სპარფორდმა და ბენჯამინ დევიდ ებრელმა კახეთის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს. გადაცემა Sorted Food-ის წამყვანებმა საქართველოში Bloomberg-თან ერთად იმოგზაურეს.

ვიდეორგოლში Glimpses of Georgia: Kakheti კახეთის ტურისტული ადგილებია ნაჩვენები. Sorted Food-ის წამყვანებმა ჩურჩხელის ამოვლებაში, პურის ცხობასა და ყურძნის დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა. სამწუთიან ვიდეორგოლში ნაჩვენებია კახეთის ვენახები და მარნები.

გადაცემას Sorted FoodYoutube-ზე 2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. Sorted Food-ის გუნდი Bloomberg-ის კამპანიის ფარგლებში Youtube-ის მომხმარებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ი საქართველოს შესახებ სტატიასა და ვიდეორგოლთან ერთად კიდევ საიმიჯო რეპორტაჟსაც გამოაქვეყნებს. მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok), რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

Bloolberg-ზე მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.

ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

2 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბერლინს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში – Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession.

„საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება.

ილია დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტრეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

კონფერენცია ანალენა ბერბოკის სახელით გაიმართება და მასში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთ მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირის რეფორმირება, ევროკავშირის რეგიონი (EU30+) როგორც გლობალური მოთამაშე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ომის დაწყებიდან დღემდე, ღაზაში 11 000 სამიზნეს დავარტყით” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ომის დაწყებიდან დღემდე, ღაზაში 11 000 სამიზნეს დავარტყით, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, ისრაელის სამხედროებმა „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 11 000 სამიზნე ობიექტზე მიიტანეს იერიში.

თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციები გუშინ ღამით გაგრძელდა და სამხედროებმა „ჰამასის“ ათობით სამიზნე გაანადგურეს.

ღამით, ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმები „ჰამასის“ სარდლობის ცენტრებსა და სხვა ტერორისტულ ობიექტებზე განახორციელა.

გასულ 10 თვეში, „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გიორგი გახარიას პარტიამ ჯამში, 3 790 000 ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღეს

საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 3 795 850.42 ლარის შემოწირულობა მიიღო.

კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულობა, 2 575 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2023 წლის 10 თვეში 691 275 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომლებმაც პარტიას, შესაბამისად, 60-58 ათასი ლარი შესწირეს.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობას, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, პარტიამ 504 115 ლარის შემოწირულობა მიიღო. შემომწირველებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც პარტიას ჯამში, 56 ათასი ლარი გადაურიცხა. ასევე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ბოტკოველი, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, მას მიმდინარე წლის, 10 თვეში 13 455.42 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: ბერდია სიჭინავა და ანა ბუჩუკური.

საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპელმა სოციალისტებმა“ კი 10 თვეში 12 005 ლარის შემოწირულობა მიიღო.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის პირველ 10 თვეში, ორ საპარლამენტო პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულობა არ მიუღიათ.

“ღაზას ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა” – მედია

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში ათობით ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა, მაგრამ ახლომდებარე საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაღუპულების რაოდენობა 120-ს აღწევს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური და შენობების ქვეშ არსებული მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა ჩამოიშალა. მათივე ინფორმაციით, ოპერაციის დროს ჯაბალიას ბატალიონიის ბევრი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდსხმამდე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად, საერთო ჯამში, 8 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პარასკევს, სავარაუდოდ, ისრაელს ეწვევა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„მდივანი ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში ისრაელის მთავრობის წევრებთან შეხვედრებისთვის“, – აღნიშნა მილერმა.

ენტონი ბლინკენი სამშაბათს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ესაუბრა და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა. „სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი ტერორიზმისგან, რაც შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, ბლინკენი ისრაელში, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ორჯერ იმყოფებოდა.

კობა კობალაძემ თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, თურქული მხარე კმაყოფილებას გამოთქვამს იმ წარმატებული, ერთობლივი პროექტების შედეგების გამო, რომლებიც სააგენტომ, სამსახურთან თანამშრომლობის მანძილზე განახორციელა; თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა,უმით ნაჯი იორულმაზმა, რომელიც სამსახურს, დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში სტუმრობდა, მაღალი შეფასება მისცა სააგენტოსა და სამსახურის მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს, რამაც სათაო ოფისს, ანკარაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების მოტივაცია მისცა. TIKA-ს მომავალი წლის გეგმაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების თანადგომა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა.

საუბარი შეეხო მობილური კლინიკის პროექტს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისა და, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დროული და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისთვის; თუბა ოზუთოკმა, მზადყოფნა გამოთქვა ამ პროექტის თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ დეტალებს განიხილავს TIKA-ს ხელმძღვანელობასთან ანკარაში და სამსახურს, საქართველოს ვეტერანებისთვის მაქსიმალურად მორგებულ ვარიანტს შესთავაზებს. თუბა ოზუთოკმა კობა კობალაძეს პირობა მისცა, რომ მობილური კლინიკის პროექტს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო, 2024 წელს განახორციელებს.

კობა კობალაძემ თუბა უზოთოკს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს ვეტერანების თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა; მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, სააგენტოს მიერ, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრთა მიმართ გაწეულ თანადგომას, რაც, ვეტერან ფერმერთათვის, სკებისა და მეფუტკრეობის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემაში გამოიხატა. აღნიშნული პროექტით, მეფუტკრეობის დარგში ჩართულ ვეტერანებს, მიეცათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ პროდუქციის წარმოება. სამსახურის დირექტორმა, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პროექტებიც ასეთივე წარმატებული იქნება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეგიძლიათ, თამამად გამოხატოთ თქვენი გრძნობები და ემოციები, არ დაივიწყოთ, რომ სამსახურის გარდა არსებობს სხვა ვალდებულებებიც, მოინახულეთ მშობლები, ნათესავები, მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან.

კურო

კიდევ ერთი ნახტომი და მიზანი მიღწეული იქნება, არ მოდუნდეთ და ერთი წამითაც არ შეგეპაროთ ეჭვი თქვენს გამარჯვებაში. სულ მალე, დარწმუნდებით, რომ თქვენი არჩეული გზა სწორი და წარმატებული იყო.

ტყუპები

ფრთხილად იყავით და ერიდეთ დაპირისპირებებს, შესაძლოა, თქვენი დაუდევრობის გამო, საჭირო გახდეს მთელი ძალების მობილიზება , რათა თავი გაართვათ აღებულ ვალდებულებებს და ზიანი არ მიაყენოთ თქვენს იმიჯს.

კირჩხიბი

შესაძლოა, ზოგიერთმა ისარგებლოს თქვენი მოთმინებით და არაეთიკური გზებით შეეცადოს თქვენს წყობიდან გამოყვანას. არ იდარდოთ, ამით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, ეცადეთ, მტკიცედ მიჰყვეთ დღის გეგმას.

ლომი

შესაძლოა დღეს, ადრე ჩადენილი საქციელის გამო, სინანულმა შეგიპყროთ. ნუ შეეცდებით რაიმეს გამოსწორებას, ახლა ამის დრო არაა. იმოქმედეთ დასახული გეგმით, წვრილმან უსიამოვნებებს კი ნუ შეუშინდებით!

ქალწული

დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით შეარჩიეთ გამოთქმები, განსაკუთრებით პირად თემასთან დაკავშირებულ კომუნიკაციებში. იყავით თავშეკავებული და მოზომილად იმოქმედეთ მათთან, ვისთანაც რაიმეს თხოვნას აპირებთ.

სასწორი

ბიზნესთან დაკავშირებით გარკვეულმა დაბრკოლებებმა შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა მხარდამჭერებიც გამოგიჩნდებიან და გამოსავალს აუცილებლად იპოვით.

მორიელი

სიმშვიდით, დასაბუთებული არგუმენტებით და წყნარი ტონით იოლად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან და უფროსობასთან. დღეს თქვენი თავით აუცილებლად იამაყებთ.

მშვილდოსანი

გადადებული საქმეების გამო, შესაძლოა, მოულოდნელი დაბრკოლებები შეგექმნათ, შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ ხარვეზები სამსახურებრივ საქმიანობაში. ხოლო მეორეხარისხოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ.

თხის რქა

შესაძლოა, კოლეგებთან და უფროსობასთან, თავი იჩინოს გარკვეული სახის გაუგებრობებმა, თუმცა, არაა გამორიცხული, ყველაფერი თავისით მოგვარდეს, ან თქვენ გაგიჩნდეთ სარწმუნო არგუმენტები, შესაბამისად, ღირსეულად შეძლებთ, დაიცვათ საკუთარი ინტერესები.

მერწყული

მოულოდნელობებით აღსავსე დღეა, მოწყენისთვის ნამდვილად არ გეცლებათ, სწორედ ასეთი დღეები მოგწონთ და გახალისებთ, თქვენი შეუპოვრობით და პოზიტიური განწყობით, ყველას მონუსხვას შეძლებთ.

თევზები

ახლა კონკრეტული დასკვნები მხოლოდ შედეგებიდან უნდა გამოიტანოთ, შესაძლოა, ზედმეტი პასუხისმგებლობა გქონდეთ საკუთარ თავზე აღებული, ან არასწორად გქონდეთ შერჩეული პრიორიტეტები.

ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

არასდროს მითხოვია სალომე ზურაბიშვილისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით , – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, თუ რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მყისიერად მოიხსნება.

„სალომე ზურაბიშვილისთვის მე ჩემი შეწყალება არ მითხოვია, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად – არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ ადამიანის სიცოცხლე, კვდება-არ კვდება – არ არის რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს და ა.შ.. ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამას ვერ იზამს, რადგან არ იქნება მაგ დროს, მაგრამ ეს მინიშნებები მან მიიღო. მან უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროსს“ და სააკაშვილი გაათავისუფლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეგრევე მოიხსნება, მყისიერად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში.