Home Blog Page 1983

“საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს არჩევნების მოდერნიზების პროცესის წარმატებისთვის” – ცესკო

საარჩევნო ტექნოლოგიები რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე გამოიყენებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. ასეთია დასკვნა, რომელიც ელექტრონული საშუალებების აუდიტის ანგარიშის შედეგად გამოქვეყნდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შარაბიძემ აღნიშნა, ცესკო ყველაფერს აკეთებს პროცესის წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსახორციელებლად, თუმცა მისივე თქმით, ამ ფონზე, უკვე კამპანიურ სახეს იღებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება.

„არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა და საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს პროცესის წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსახორციელებლად. ამ ფონზე კი, უკვე კამპანიურ სახეს იღებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება. სახეზეა საარჩევნო პროცესისა და ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის და იმ წარმატებების გადაფარვის მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს. პირველი ოქტომბრის არჩევნებზე ჩატარებული აუდიტის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც ზემოთ ვახსენე, ჩვენი ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა, ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები, თუმცა კონკრეტულმა პირებმა საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სცადეს საზოგადოებისთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაგნო ხმაურით გადაეფარათ. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სცადა არეულობის მოწყობა და მედიის შეცდომაში შეყვანა, თითქოს დახურული იყო აუდიტორი კომპანიის შერჩევის პროცესი. სინამდვილეში კი, აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩართულ მხარეებს დეტალურად გავაცანით აუდიტის შედეგები, რომლის ჩატარებაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და საჯაროობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მინდა, შეგახსენოთ, რომ აუდიტი, ბაზრის კვლევის შედეგად შერჩეულმა, აშშ-ში რეგისტრირებულმა და აკრედიტებულმა კომპანიამ (Pro V&V) ჩაატარა და ეს ინფორმაცია კარგად იყო ცნობილი ჩართული მხარეების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის. ინფორმაცია აუდიტის განმახორციელებელი კომპანიის, უშუალოდ პროცესის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ეტაპობრივად მიეწოდებოდათ ცესკო-ს წევრებს, რომელთა შორის ცხრა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო მათთვის როგორც ცესკო-ს სხდომებზე ზეპირი ინფორმაციის მიწოდების, ასევე მათთვის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე შესაბამისი ინფორმაციის დაგზავნის გზით“, – განახადა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, კომპანიას Pro V&V სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ, ფილიპინები, დომინიკის რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება აქვს.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ის აშშ-შიც არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების თუ სხვა ტიპის შესაბამისობის აუდიტს ახორციელებს. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ინფორმაცია აუდიტის ანგარიშიდან, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან იყო შესაბამისობაში. ელექტრონული აპარატები მუშაობდა გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად. სწორედ პრეზენტაციის დროს ვნახეთ, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. აქვე, მინდა, მადლობა ვუთხრა მათ, ვინც პრეზენტაციის შემდგომ გამართულ კონსტრუქციულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ პრეზენტაციამდე, იმავე დღეს, დეზინფორმაცია გაავრცელა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და უკვე მეორედ, რუსულ სისტემად გამოაცხადა საარჩევნო ელექტრონული სისტემა, რომელსაც საქართველო ნერგავს. ამას კი იმავე დღეს მოყვა ზემოაღნიშნული პროვოკაცია. ეს ყოველივე ნათლად ადასტურებს, რომ ელექტრონული არჩევნების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია მიზანმიმართულად და კამპანიურად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, საარჩევნო პროცესის არც ერთ ეტაპზე სისტემა არ ჰგავს რუსეთში მოქმედს, არამედ მკვეთრად განსხვავებულია. საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პარტნიორობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ უწევს, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. სამწუხაროდ, ღონისძიებასთან და აუდიტის პროცესთან მიმართებაში დეზინფორმაცია გავრცელდა ერთ-ერთი მედიასაშუალების მხრიდანაც, რომელიც საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ მიეცათ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება, რაც სიცრუეა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების ერთგული. ნებისმიერი საკითხი იქნება ღია ჩართული მხარეებისთვის და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა შარაბიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს დეზინფორმაციისა და სიცრუის არცერთ ფაქტს და აქტიური საინფორმაციო კამპანიებით ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.

„27 ოქტომბრის მსგავსი დესტრუქციული ფაქტების განმეორების შემთხვევაში კი, საარჩევნო ადმინისტრაცია გადახედავს კონკრეტულ პირებთან თანამშრომლობის საკითხს და ასეთი პროვოკაციების აღკვეთის მიზნით,განახორციელებს კანონის ფარგლებში სათანადო რეაგირებას“,- განაცხადა ბრიფინგზე გიორგი შარაბიძემ.

“სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები.

საქსტატის ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორში.

“პუტინის დასამხობად ტიტანური შრომაა საჭირო” – ინტერვიუ ვლადისლავ ინოზემცევთან

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) პოლიტიკურმა მიმომხილველმა კონსტანტინე ეგერტმა ინტერვიუ ჩამოართვა ცნობილ რუს ეკონომისტს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს ვლადისლავ ინოზემცევს, რომელსაც, რუსული კანონმდებლობის თანახმად, „უცხოელი აგენტის“ სტატუსი აქვს მინიჭებული. იგი, როგორც კრემლის კრიტიკოსი, ამჟამად საზღვარგარეთ, ესტონეთში (ტალინში) იმყოფება. ვრცელ ინტერვიუში, რომლის ტექსტური ვერსიის სათაურია „ვლადიმერ პუტინის დასამხობად ტიტანური შრომაა საჭირო“, ვლადისლავ ინოზემცევი საუბრობს რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე, ჩინეთისადმი კრემლის დამოკიდებულებაზე, დასავლურ სანქციებზე და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

– რუსული რუბლი ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ძალიან გაუფასურდა. თქვენი აზრით, როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა რუსების ეკონომიკურ თვითშეგრძნებაზე?

– დიახ, იმოქმედა, მაგრამ არცთუ ისე. ჯერ ერთი, რომ მინდა ვთქვა, რომ რუბლი მაინცდამაინც ძალიან კატასტროფულად არ გაუფასურებულა. თუ გასული წლის საშუალო კურსს შევადარებს, როცა ერთი დოლარის 72 რუბლი ღირდა, ახლა საშუალოდ 80 დოლარამდე ღირს.  კი, დროდადრო 100 დოლარამდეც აღწევს, მაგრამ შემდეგ ისევ იკლებს. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უეცრად ძვირდება, რუბლის კურსის რყევის კვალდაკვალ.

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მინდა ვთქვა, რომ იმ წლებში, რაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაშია, როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, რუსეთმა უდიდეს პროგრესს მიაღწია  იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში. ანუ, იმპორტი, რა თქმა უნდა, მუდმივად იზრდება, მაგრამ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით პროდუქტიის უცხოეთიდან შემოტანა არსებითად შემცირდა. (…) უფრო მეტიც, ერთი ძალიან მნიშვნელოვანია მომენტია, რომელსაც ჯეროვან ყურადღებას არ ვაქცევთ: რუსეთი, შეიძლება ითქვას, „აბსტრაქტული ერთობლიობაა“, რომელიც შედგება სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისაგან, სხვადასხვა შემოსავლების მქონე ადამიანებისგან, რეგიონული გაერთიანებებისგან და ა.შ. ასე რომ, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვაქციოთ…

– ანუ, თქვენი აზრით, ვინ უფრო მეტად დაზარალდა რუსეთში დასავლური სანქციებით?

– ყველაზე მეტად დაზარალდა საშუალო კლასის ზედა ფენა, რომლის წარმომადგენლები ყოველთვის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ყველაზე ნაკლებად კი დაზარალდა პრეზიდენტის მიმართ მაქსიმალურად ლოიალური საარჩევნო ფენა, რომელიც, სხვებთან შედარებით, გაჭირვებული ადამიანებისაგან შედგება. ისინი არ დადიოდნენ საზღვარგარეთ, არ ჰქონდათ ცხოვრების მაღალი მოთხოვნილებები და პარალელურად, წელიწადში ხელფასის რამდენიმე ინდექსაციას იღებენ. ანუ, უკრაინის ომისგან დაზარალებულების 80% აღმოჩნდნენ დიდი ქალაქების მცხოვრებლები, რომლებსაც ფინანსურად საკმაოდ მაღალი შემოსავლები ჰქონდათ.

– ვინ გადაარჩენს ვლადიმერ პუტინს? ვინ არიან, თქვენი აზრით, ის მთავარი ადამიანები, რომლებიც კრემლის ეკონომიკას გადაარჩენენ?

– ვლადიმერ პუტინი ეკონომისტი არ არის, ამას თვითონაც კარგად ხვდება. მან ჯერ კიდევ ნულოვანი წლების დასაწყისიდან მკაფიოდ გაჰყო ერთმანეთისაგან ფუნქციები და მიდგომები. პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მთლიანად საგარეო პოლიტიკას, პრაქტიკულად, თითქმის მთელ საშინაო პოლიტიკასაც, მაგრამ ეკონომიკაში ნაკლებად ერეოდა, ის მხოლოდ გარკვეულ ორიენტირებს იძლეოდა, ანუ ამოცანებს სახავდა. მაგალითად, ახლა პრეზიდენტს სურს, რომ მომავალი წლისათვის, ომის გასაგრძელებლად, მინიმუმ 10 ტრილიონი რუბლი ჰქონდეს. ასეთი ამოცანა დასახა ვლადიმერ პუტინმა. როგორ იქნება მიღებული ამდენი ფული ბიუჯეტში? მას ასეთი დეტალები არ აინტერესებს. ამოცანა უნდა შესრულდეს.

დიახ, მას გვერდით ჰყავს აბსოლუტურად უპერსპექტივო და უჭკუო, უუნარო ადამიანები. რბილად რომ ვთქვათ, ავტომატური შემსრულებლები ცალკეულ დარგებში. ვთქვათ, დიმიტრი როგოზინი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ დააქცია მან „როსკოსმოსი“, უამრავი ფული ქარს გაატანა და მაინც გვერდით ჰყავს.

ერთია ფულის შეტანა ბიუჯეტში და ეკონომიკის გაკონტროლება, მეორე – ვინ როგორ დახარჯავს. პირველზე პასუხისმგებლობა ალექსი კუდრინს ეკისრება, რომელმაც ამ მიზნით 2018 წელს სარეზერვო ფონდი შექმნა (მოგვიანებით კი – ეროვნული კეთილდღეობის ფონდი).

ყოველთვის ვფიქრობდი, თუ როდის გამოუცხადებდა დასავლეთი ალექსი კუდრინს სანქციებს. როგორც იქნა, იგი სანქციების ქვეშ 2023 წლის ივლისში მოხვდა. არადა, დასავლეთს ეს ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინა, ის პირველი უნდა ყოფილიყო სიაში. სწორედ მისი დამსახურებაა მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ჩაყვანა. სწორედ მან შექმნა რუსეთის მასაზრდოებელი სოციალურ-ეკონომიკური ფონდები, სწორედ მან გადაქაჩა რეგიონებიდან ცენტრში ფინანსური რესურსები, გააღარიბა ისინი, მოსკოვმა კი მათი მართვა ფინანსურად დაიწყო. ანუ ალექსი კუდრინი მსოფლიო ცივილიზაციის ნომერი პირველი მტერია და ამ დროს ბევრი დასავლეთში მას დემოკრატად თვლიდა.

რაც შეეხება დანარჩენ ამხანაგებს – ცენტრალური ბანკიდან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებიდან – ისინი იმას აკეთებენ, რაც მათ თანამდებობის მიხედვით უნდა გააკეთონ. სხვათა შორის, საკმაოდ კარგად აკეთებენ და ვლადიმერ პუტინს პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში ხელს უწყობენ. ელვირა ნაბიულინა, ანტონ სილუანოვი, გერმან გრეფი, მაქსიმ ორეშკინი… მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს გამოქვაბულის ეპოქის კონსერვატორად და პოლიტიკაში საკმაოდ არაადექვატურ პიროვნებად ვთვლი, მან არცერთი თავის „ფანატი“, მაგრამ იმავდროულად უჭკუო პირები ეკონომიკურ საჭესთან არ მიუშვა.

– და ეს პირები აცნობიერებენ იმას, თუ რას აკეთებენ და რას ემსახურებიან?

– ისინი თავიანთ საქმიანობას იმით ამართლებენ, რომ აცხადებენ – „ვმუშაობთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინისათვისო“. ანუ, დავუშვათ, იმ რაკეტის რომელიმე მწარმოებელი, რომლითაც უკრაინელები იღუპებიან, არ ფიქრობს იმაზე, თუ საით მიფრინავს მის მიერ დამზადებული რაკეტა და რა შედეგი მოაქვს მის აფეთქებას… მაგრამ იგი დარწმუნებულია, სჯერა, რომ მუშაობს ქვეყნის ძლიერებისთვის, სახელმწიფოს ღირსებისათვის. იგი არ ფიქრობს იმაზე, რომ რაკეტა რომ არ დაემზადებინა, ამით ფული დაიზოგებოდა და მოხუცებისთვის პენსია მოიმატებდა. არა, კოლექტიური ელვირა ნაბიულინები პროფესიულად ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს.

– ესე იგი, რუსეთში ვლადიმერ პუტინს ვერავინ დაამხობს?

– ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი შესაძლებელია, მაგრამ მისი განხორციელებისათვის ტიტანური მუშაობაა საჭირო. ჩემი ვარაუდით, ეს შეიძლება მოხდეს კრემლის ელიტის შიგნით მომზადებული გადატრიალებით. მაგრამ ამისათვის ის ჯგუფი, რომელიც გადატრიალებისთვის მოემზადება, კარგად უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ ა) მასობრივი მხარდაჭერა არ ექნება და ბ) წარუმატებლობის შემთხვევაში მას უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს.

– ვლადიმერ პუტინი, როგორც ბევრი თვლის, დამოკიდებულია კეთილი ჩინეთის ნებაზე და შედარებით უფრო ნაკლებად კეთილ ინდოეთზე, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ. თქვენი აზრით, მაინც ვისზეა დამოკიდებული რუსეთის პრეზიდენტი?

– დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის ჩინეთზე და ინდოეთზე დამოკიდებულება მთლად მართალი არ არის. მე ასე ვიტყოდი: დიახ, ვლადიმერ პუტინი დამოკიდებულია სი ძინპინზე და ნარენდრა მოდიზე, მაგრამ არა მგონია, რომ იგი ამ დამოკიდებულებას საკუთარი თავის საზიანოდ თვლიდეს. ამ მხრივ, ის რაღაცაში მართალია. იმიტომ, რომ ერთია – პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნებაზე იყო დამოკიდებული, რომელსაც შენთვის ფულის და იარაღის მოცემა შეუძლია და არმოცემაც, თანხმობაც და უარის თქმაც. მეორე საქმეა – დამოკიდებული იყო გარკვეულ საერთო ეკონომიკურ კონიუნქტურაზე. ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემა იმით გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინი პირადად სი ძინპინისაგან, როგორც სახელმწიფოს მეთაურისგან, ვერც ფულს ვერ იღებს, ვერც სესხს და ვერც იარაღს, სამაგიეროდ, მშვენივრად მუშაობენ ჩინური კომპანიები და რუსეთთან ურთიერთმომგებიანად ვაჭრობენ. ფაქტიურად, ვლადიმერ პუტინი ჩინეთთან (და ინდოეთთან) მიმართებით რიგ შემთხვევებში პოლიტიკური მოღვაწიდან საბაზრო სუბიექტად გადაიქცა, რომელიც ცდილობს რაღაც თავის სასარგებლოდ მიიღოს. სხვათა შორის, ამას ის და მისი ხალხი საკმაოდ წარმატებულად აკეთებს. მაგალითად, ნავთობისა და გაზის მიწოდებაში, ევროპის ნაცვლად, მესამე ქვეყნებში.

– თქვენი აზრით, როგორია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა დღეს? მართლაც „ოკუპირებულია“ თუ არა რუსეთი ეკონომიკურად ჩინეთის მიერ?

– ჩინეთი რეალურად გახდა რუსეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი. ჩინეთმა ისე გამოიწია რუსეთისაკენ, რომ ქვეყნის მთელი ბაზარი დაიპყრო. ჩინური წარმოების ავტომობილების წილი ორი-სამი წლის წინანდელი 3%-დან დღეს 52%-მდეა გაზრდილი, კომპიუტერების – 80%-მდე, მობილური ტელეფონების წილი – 90%-ზე მეტად.

რუსეთი ჩინეთისათვის პროდუქციის გასაღების უზარმაზარ ბაზრად გადაიქცა. მართალია, მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს რუსეთი ჩინეთის დანამატია-მეთქი, მაგრამ აშკარაა, რომ ჩინური კომპანიები სწრაფად ითვისებენ ბოლო დრომდე აუთვისებელ დარგებს. საერთოდ, ყველა ეკონომიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ქვეყანა გარკვეულ სფეროებში მეტ-ნაკლებად ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. რუსეთიც არის ჩინეთზე დამოკიდებული და პირიქით. თუ რაიმე მოხდება, ვფიქრობ, დივერსიფიცირება რუსეთს შეუძლია, მაგრამ ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, რომ მოულოდნელობა არ მოხდეს.

– როდის გაუთავდება ფული პუტინს ომისათვის?

– ყველაზე ბოლოს. მას შემდეგ, როცა აღარც ადამიანები ეყოლება და აღარც სამხედრო ტექნიკური წარმოების შესაძლებლობა არ ექნება. საერთოდ, კი ვფიქრობ, კრემლს უკვე ბევრ სფეროში დეფიციტი აქვს. პირველ რიგში, კვალიფიცირებული სპეციალისტების უკმარისობაში. მეორე – დასავლური ტექნოლოგიების დეფიციტი, რომელიც, „პარალელური იმპორტისა“ და სანქციების გვერდის ავლის მიუხედავად, მაინც არსებობს. მაგრამ ფულის დეფიციტი მას ნამდვილად არ აქვს.

წყარო

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინი”-“ამერიკის ხმა”

ამერიკულმა სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინი“. მასში გადმოცემულია დასავლელი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების პოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას:
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ლიდერებმა საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში უნდა მიიღონ, თუმცა მანამდე ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს და გადაწყვეტილებაც დიდწილად ამ შეფასებებს დაეფუძნება. ანგარიშის გამოქვეყნებამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება. საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი კვლავ ამბობენ, რომ იმედი აქვთ, ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ქვეყნის პროგრესს სათანადოდ შეაფასებს.

სტატუსის მოპოვება მთავრობის ძალისხმევით თუ მის მიუხედავად – ანალიტიკოსების ნაწილი ვაშინგტონში ფიქრობს, რომ მთავრობას ევროკომისიის რეკომენდაციები არ შეუსრულებია. მისი ბოლოდროინდელი ქმედებები კი, როგორიც უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის ინიცირება, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების დადანაშაულება, USAID-ის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები და ბოლოს, ევროპული ტურნეს გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა იყო, მათი აზრით, მხოლოდ აშორებს თბილისს იმ მომავალს, რომელიც ქართველ ხალხს ურყევად სურს. ეს კი ექსპერტების შეფასებით, თბილისს რუსული აგრესიის მიმართ კიდევ უფრო მეტად ასუსტებს და დაუცველს ხდის.
„მე მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ქართველებისთვის, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს მას, რომ საქართველო რუსეთის დომინირების სფეროში დატოვოს თუ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს ორი ერთმანეთთან შეუსაბამო რამაა“, – ამბობს დენიელ ფრიდი, ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

საქართველოს პრემიერი გასულ კვირაში ბრიუსელშიც ჩავიდა და იქ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კომისარს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ იმედოვნებს, საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ აისახება და ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

ვაშინგტონში ანალიტიკოსები ამ ოპტიმისტურ სენტიმენტს იზიარებენ, თუმცა – მხოლოდ ნაწილობრივ. რეგიონის მკვლევრები, ყოფილი დიპლომატები ხაზგასმით იმეორებენ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ განმარტავენ, რომ ეს არა „ქართული ოცნების“ მთავრობის დამსახურებით, არამედ პირიქით, ლამის მისი ნაბიჯების მიუხედავადაც კი უნდა მოხდეს. მათი აზრით, მმართველი გუნდის ქმედებები ისე გამოიყურება, თითქოს ის ქართველი ხალხის ეევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდაც კი მუშაობს. ერთ-ერთ ასეთ თვალშისაცემ გადაწყვეტილებად ანალიტიკოსები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ძნელია ეს პროცესი დასავლეთიდან არ იყოს აღქმული ისე, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ქვეყნის პოზიციების დამასუსტებელი.

“ეს პროცესი საქართველოსთვის კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა და კარგია, რომ საბოლოოდ ეს ძალისხმევა ჩავარდა“, – ამბობს დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი. მისი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებო ის მიზეზი იყო, რის საფუძველზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო:

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპაში მოგზაურობით ცდილობდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სასარგებლო არგუმენტები გაეჟღერებინა მაშინ, როცა საქართველოს მთავრობისგან წასვლის უფლება არ ჰქონდა. მაგრამ ეს წარმოშობს კითხვას: კი მაგრამ, რატომ არ უნდა მიეცა მთავრობას ქვეყნის პრეზიდენტისთვის უფლება, რომ წასულიყო საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდამჭერად?! შემდეგ კი, ამის გამო მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წამოწყება, გულწრფელად გითხრათ, სასაცილოდ გამოიყურებოდა“, – ხსნის კრამერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ამერიკის შიდა პოლიტიკური სპექტრიც მკვეთრადაა დაყოფილი და ბოლო რამდენიმე წელიწადში უკვე მესამე საიმპიჩმენტო გამოძიება მიმდინარეობს, ამერიკელი ექსპერტებისთვის რთულია სხვა ქვეყნის შეფასება, თუმცა მთავარი ისაა, რომ საქართველო ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზეა და მან საკუთარი დასავლური ღირებულებები და დემოკრატიული პროცესები რეალური ნაბიჯებით უნდა დაამტკიცოს:
„საქართველო ახლა ძალიან სერიოზულ ეტაპზეა, როცა ის ცდილობს გააღრმაოს ევროკავშირთან ურთიერთობა. ყოველ შემთხვვევაში, ქართველი ხალხი არის ამ ეტაპზე. არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა საქართველოს მთავრობა. ასე რომ, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ლამის ისე გამოიყურება, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირის გამოთხრა“, – ამბობს დევიდ კრამერი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა და არა – პრეზიდენტი, ამავე მთავრობის თანხმობის გარეშე. მისი თქმით, კანდიდატობის სტატუსთან და იმპიჩმენტთან დაკავშირებული მთელი ეს პროცესები საუკეთესო ლუსტრაცია იყო იმისთვის, რომ კონკრეტული პირების, პარტიების თუ ორგანიზაციების რეალური მოტივები გამომჟღავნებულიყო.

„ქართველი ხალხის ნებაა, რომ ის წარმოდგენილი იყოს მისი ამჟამინდელი მთავრობის მიერ. ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის თანხმობის გარეშე. ასევე, ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს ესა თუ ის ენჯეო საგარეო ურთიერთობებში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კრიტიკულ პერიოდში წამოწყებული პროცესი პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე, რომელიც თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული, ჯონათან კაცის აზრით, ზოგადი „სურათის ნაწილია“ და ის „ისრების გადატანისა“ და „წარუმატებლობის გადაბრალების მცდელობა“ უფრო იყო. მეორე მხრივ კი ამან კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა, რომ ქვეყანა რეკომენდაციების შესრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამს. “ბრუკინსგსის ინსტიტუტის” მკვლევრის აზრით, ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არც პოლარიზაციის შემცირების მცდელობაა სათანადო და არც – მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაზრდის. კაცის აზრით, ევროკომისიის ახალ ანგარიშამდე რამდენიმე კვირით ადრე ევროპული ტურნეს გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ქვეყნის პრესტიჟისთვის დამაზიანებელი იყო.
„ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ გალაშქრება პრობლემურ, პოლიტიკურ საკითხად გამოიყურება. ეს ზიანის მომტანია მაშინ, როცა ბრიუსელში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს წარმოდგენილი წინადადებები, თუ როგორ წაიწიოს წინ [ევროკავშირმა] საქართველოსთან მიმართებით, არის თუ არა ეს მთავრობა თბილისში სრულად მოწადინებული, რომ ბრიუსელის მიერ დაწესებული სტანდარტები შეასრულოს. ამან ნამდვილად შეიძლება რეალური ზიანი გამოიწვიოს. ესაა საქართველოდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის დისფუნქციურობის კიდევ ერთი მაგალითი და ხაზგასმა“, – ამბობს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ეძებს მათ, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შესაძლო წარუმატებლობას გადააბრალებს. პოტენციურ „განტევების ვაცებს“ შორის კი შეიძლება აღმოჩნდნენ საქართველოს პრეზიდენტი, სამოქალაქო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები, თუ სხვები.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი მხოლოდ ერთ-ერთი უკანასკნელი იყო იმ არაერთ პრობლემურ, ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებათა შორის, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკომისიის რეკომენდაციებს. მათ შორის, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონმდებლობის ინიცირება, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, უნგრეთის პრემიერთან პარტნიორობა, დასავლელი მეგობრების გაუცხოება და მათთან დაპირისპირება. „ეს [ყველაფერი] ისე გამოიყურება, როგორც კრემლის მოქმედებათა სახელმძღვანელოს მიყოლა და არა იმ სახელმძღვანელოსი, რომელიც მიუთითებდა, რომ მთავრობა მართლაც მონდომებულია მოიპოვოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი“, – ამბობს დევიდ კრამერი, თუმცა იქვე განმარტავს, რომ სჯერა, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.
„მგონია, რომ ევროკავშირმა საქართველოს, როგორც ქვეყანას, როგორც ხალხს, კანდიდატის სტატუსი უნდა შესთავაზოს, მაგრამ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ ეს არის ლამის საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილება“, – განმარტავს კრამერი. მისი აზრით, ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერის პარალელურად, ევროკავშირმა ამერიკის მსგავსად, სანქციები უნდა დაუწესოს ზოგიერთ იმ ინდივიდუალურ პირს, რომელიც „საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე“ არადემოკრატიულ პროცესებშია ჩართული და რუსეთს უჭერს მხარს.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ერთ-ერთი ინტერვიუსას თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის თაობაზე ამგვარი გაყოფა, რომ სტატუსს ხალხი მთავრობაზე მეტად, ან მისგან განსხვავებით იმსახურებს, „საშიში ფორმულაა“:

„ფორმულა, რომ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და არა – მთავრობას, არის გაცილებით უფრო საშიში ფორმულა ვიდრე – არ მივცეთ საქართველოს სტატუსი ყოველ შემთხვევაში ცვლილებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს მოუწოდებ, რომ შენსა და სტატუსს შორის არის მთავრობა, რომელიც უნდა მოიშორო“, – ამბობს გია ვოლსკი და განმარტავს, რომ ასეთი შეფასებები „თვალთმაქცობის პიკია“.

„ერთობის გარეშე არაფერი ხდება. თუკი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, ამაში ლომის წილი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის იმიტომ, რომ არ შეიძლება ერთი მხრივ განიხილო უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, მეორეს მხრივ ამ უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალო, რომ რუსეთთან რაღაც საეჭვო გარიგებებში შედის”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

ამავე კონტექსტში ექსპერტები, რომლებიც „ამერიკის ხმას“ ესაუბრნენ, ვიქტორ ორბანის მაგალითსაც იხსენებენ. უნგრეთის პრემიერმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ევროკავშირი უკრაინასთან დაკავშირებით „სათადარიგო გეგმაზე“ უნდა გადავიდეს, კიევისთვის მასშტაბური სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგზავნა კი სულაც არაა გამართლებული.

„ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი“, – ამბობს დენიელ ფრიდი და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობა „ფსონს არასწორ ცხენზე დებს“ და იმის ნაცვლად, რომ მეგობრებსა და დემოკრატებს ესაუბროს, პარტნიორებთან უცხოვდება და მათ შორდება:
„საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს“, – ამბობს დენიელ ფრიდი და განმარტავს, რომ ევროკავშირს სწორედაც რომ აღარ სჭირდება ქვეყანა, რომელთანაც უნგრეთის მსგავსად, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვები და პრობლემები ექნება. ამიტომ ბუდაპეშტი არ არის საუკეთესო მაგალითი თბილისისთვის:

„ევროკავშირში გაწევრიანება ხუმრობა არაა. ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია, სადაც ორბანი პუტინსა და პეკინს ემეგობრება. ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი და ისინი არ მიიღებენ ამას. ამავე გზით აღარ წავლენ“, – ფიქრობს ყოფილი დიპლომატი.

მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ნაბიჯი გამოიყურება თითქმის ისე, რომ ის „განზრახ ისახავს მიზნად საქართველოს დასუსტებას, ევროპელი პარტნიორების გაუცხოებით, იმით, რომ მას რუსეთზე დაყრდნობის გარდა, სხვა არჩევანი არ დარჩეს… მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს თავს არც ევროკავშირი დასხმია და არც შეერთებული შტატები და არ წაურთმევია მისი ტერიტორია, ეს პუტინის რუსეთი იყო. ჩემთვის მისტიკურია ის, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და საქართველოს მთავრობა”, – ამბობს ფრიდი.

ყოფილი დიპლომატი ხშირად იმეორებს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას რთულ პირობებში აყენებს და ქვეყნის მთავრობისგან ფრთხილი პოლიტიკა გასაგებია, თუმცა ხსნის, რომ საქართველოს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებით და მათთან გაუცხოებით, ის რუსეთის მიმართ თავს კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში იგდებს.
„სანამ რუსეთი შინ რეპრესული დიქტატურა და ტირანია, გარეთ კი აგრესორია, საქართველოსთვის ძნელი იქნება ერთდროულად ევროპული მომავლის კანდიდატიც იყოს და კრემლისადმი განსაკუთრებით მეგობრულიც… საქართველო თავად ისუსტებს თავს ევროპასთან გაუცხოებით. გგონიათ პუტინი დააჯილდოებს ქვეყანას, რომელიც მის მიმართ დავქემდებარებულ პოზიციაშია? გგონიათ ესაა რუსების გზა? ისინი ამ დაქვემდებარებას, მორჩილებას ჩათვლიან მეტის წართმევის ლიცენზიად. ქართველებს ამის ასახსნელად ამერიკელი არ სჭირდებათ. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა განზრახვა აქვს რუსეთს და როგორ მოახდენს ის მათი ქმედებების ინტერპრეტაციას“, – ამბობს დენიელ ფრიდი.

ცოტა ხნის წინ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დასავლელ პარტნიორებს სთხოვს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არა ახლა, არამედ – 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ესენი არიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის თქმით კი, „რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარია, რომ ქვეყანამ სტატუსი “ქართული ოცნების” პირობებში არ მიიღოს:

“ეს მათ გამოაცლის მთავარ სასპეკულაციო თემას და ამით ებრძვიან ქვეყანას. ამ თემით უნდათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა, რათა სისხლისღვრა და დესტაბილიზაცია მოხდეს. თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ეს მთავარი თემა გამოეცლებათ და დარჩებიან იგივე ნულზე, რითაც თავიდან დაიწყეს. პოლიტიკურ კონიუნქტურას აძლიერებს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსების სირბილი ბრიუსელის დერეფნებში, არამედ იქ ვინც ხვდებიან, იმათი შეხედულებებიც”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროკომისიის მიერ ქვეყნის პროგრესის შეფასებამდე კი 2 კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ჯონათან კაცი იმედოვნებს, რომ სურვილის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ „კურსის კორექტირება“ შეუძლია, რადგან ფსონები ზედმეტად მაღალია და საუბარია იმ საკითხზე, რის მისაღწევადაც ქართველი ხალხი ბოლო 3 ათწლეული იბრძოდა – იმ დემოკრატიული გზის გამოსაძერწად, რომელიც რუსეთზე არ იქნებოდა გადაბმული. ამის საწინააღმდეგო ნაბიჯების დანახვა კი კაცის აზრით, „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და პარტნიორებისთვის იმედგაცრუება“ იქნება.
„ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა ახლა. თუკი „ქართული ოცნება“ შეიცვლის კურსს და საქართველოს დააბრუნებს იმ კურსზე, რაც ქართველ ხალხს სურს, კვლავ მაქვს იმედი, რომ შესაძლებელია სწორი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელება. ვიმედოვნებ, როცა ეს მოხდება, როგორც ჯოზეფ ბორელმაც და სხვებმაც თქვეს საქართველოში ვიზიტებისას, საქართველოს მომავალი დასავვლეთში, ევროპაშია. ეს ასე დარჩება. საქართველოს ძალიან ბევრი და ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის შეერთებულ შტატებში“, – ამბობს ჯონათან კაცი.
დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიამ 8 ნოემბერს უნდა გამოაქვეყნოს, არაერთ ქვეყანას შეეხება. შეფასებებს საქართველოსთან ერთად, ელოდებიან: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, თურქეთი, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია.

წყარო

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, სტანდარტებს აკმაყოფილებს” – პაველ ჰერჩინსკი

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის აბსოლუტურად ბაზისური ცნება ევროკავშირისთვის, მაგრამ ამავდროულად, გვჭირდება, დავაწესოთ კონკრეტული ლიმიტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება არასრულწლოვნების დაცვას და სიძულვილის ენის პრევენციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, წლების შემდეგ, ევროკავშირს აქვს აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც განახლებულია და კვლავ განახლდება.

„რეალურად, ეს ძალიან სენსიტიურია, სად უნდა მოხდეს ხაზის გავლება მედიას, სიტყვის თავისუფლებას, მცირეწლოვნების დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციას შორის. ეს აუდიოვიზუალური დირექტივა აწესებს სტანდარტს, მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ მოქნილობა ამ სტანდარტის გამოყენებაში, კონკრეტული სიტუაციების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის გაფართოების გეგმის ქვეყანა. საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით, რათა დაგვეახლოებინა საქართველოს კანონმდებლობა ამ დირექტივასთან და ეს კანონპროექტი, რომელიც ახლახან დამტკიცდა, აკმაყოფილებს ამ აუდიოვიზუალური სერვისის დირექტივის სტანდარტებს. ამავდროულად, ფოკუსირებულია სხვა საკითხებზეც, რომელიც პირდაპირ არ არის რეგულირებული ამ დირექტივით, რაც, როგორც წესი, რეგულირებულია წევრი სახელმწიფოების მიერ. მაგალითად, უხამსობის საკითხი. რა თქმა უნდა, შესრულება მთავარია და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიმუშავებთ ეროვნულ მარუგულირებელთან ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ორგანო არის სრულიად დამოუკიდებელი და თამაშობს მნიშვნელოვან როლს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

“რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა” – ხაბეიშვილი

მე რამდენჯერმე მაქვს მიწერილი შალვა პაპუაშვილისთვის და მისგან დადებითი პასუხი სააკაშვილთან შესვლასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ვაფრთხილებ მას, რომ მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში, იმიტომ, რომ არ ვაპირებთ, ეს საქმე ასე დავტოვოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.

„მნიშვნელოვანია ყველას კარგად ესმოდეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პრეზიდენტი სააკაშვილი თუ იქნება პუტინის ტყვეობაში, თუ იქნება სანქცირებული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტყვეობაში დატოვებული და ФСБ- აგენტის ბრალის წარდგენის შესაბამისად, რისთვისაც ახლა ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, არჩევნები თავისუფლად ვერ ჩაითვლება და საერთოდ ვერანაირ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ. ვერანაირ კარგ, ჯანსაღ გარემოზე ვერ ვისაუბრებთ იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც გარემოზე ვსაუბრობთ, სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო/ოდირის იყოს არა მხოლოდ ერთდღიანი, არამედ გრძელვადიანი, იმიტომ, რომ რუსული პარტია მიჩვეულია შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას და ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომუნიკაციის სახელოსნო: თიბისის ახალი საგანმანათლებლო პროექტი

თიბისიმ ახალი თაობისთვის „კომუნიკაციის სახელოსნო“ – ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. კომუნიკაციის სახელოსნოს მიზანია უფროსკლასელებს დაეხმაროს  კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და შესძინოს მათ საქმიან გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყობა რეალური სამუშაო გარემო, სადაც მონაწილეები დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლიან საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობას- მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა.

კომუნიკაციის სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან, ერთად უფროსკლასელები იმუშავებ ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად – იქნება ეს ტექნოლოგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ბიზნესი, თუ სხვა.

კომუნიკაციის სახელოსნოში, პირველ ეტაპზე, თიბისის ტექ განათლების კურსდამთავრებულებს ეძლევათ მონაწილეობის შესაძლებლობა. მომდევნო წლიდან კი კარი ყველა უფროსკლასელისთვის გაიღება.

„კომუნიკაციის სახელოსნოს“ პრეზენტაცია 26 ოქტომბერს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.

 

R

“ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება” – ისრაელის ელჩი გაეროში

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ ყვითელი ვარსკვლავის ტარებას აპირებს მანამ, სანამ ორგანოს წევრები „ჰამასის“ სისასტიკეს არ დაგმობენ.

შეხვედრაზე მისულ ერდანსა და ისრაელის დელეგაციის სხვა წევრებს დავითის ყვითელი ვარსკვლავის სტიკერები ეკეთათ, წარწერით: „აღარასდროს“.

„ამ დღიდან, ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება. ისევე, როგორც ჩემი მშობლები და მილიონობით ებრაელის ბებია-ბაბუა, მე და ჩემი გუნდი ყვითელ ვარსკვლავებს ვატარებთ. ჩვენ ვატარებთ ამ ვარსკვლავს მანამ, სანამ არ დაგმობთ „ჰამასის“ სისასტიკეს და არ მოითხოვთ ჩვენი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – აღნიშნა ელჩმა.

ინფორმაციისთვის, ნაცისტური გერმანიის პერიოდში ებრაელებს აიძულებდნენ, რომ დავითის ყვითელი ვარსკვლავი ეტარებინათ. დღეს ვარსკვლავის გაკეთება ჰოლოკოსტის შეხსენებასთან ასოცირდება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

რუსებმა უკრაინაზე დრონების და რაკეტის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა 31 ოქტომბრის ღამეს უკრაინაში „შაჰედის“ ტიპის ორი დრონი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორივე დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ 7 სარაკეტო და 90 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ ტერიტორიებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 82-ჯერ გაუხსნეს.

კერძოდ, საჰაერო დარტყმები განხორციელდა 30-ზე მეტი დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის პეტროპავლოვკაზე, სენკოვოზე, პერვომაისკოეზე, ანდრეევკაზე, ორლოვკაზე, მარინკაზე, ნოვომიხაილოვკაზე, უგლედრზე, რობოტინოზე, ივანოვკაზე, ბერისლავზე, ნიკოლაევკაზე, ანტონოვკასა და სხვა დასახლებებზე.

საარტილერიო ცეცხლის ქვეშ კი ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 110-ზე მეტი დასახლება აღმოჩნდა.

Mr. კელი! თან გაიყოლე ჩვენი “მეგობრები”, შენსავით ვინც ფიქრობს! – გოგა ხაინდრავა

“აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაინდობს არავის”, – იან კელი

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება საქართველოში აშშ-ს ელჩის მიერ ერთ-ერთი ექსტრემისტული ტელეარხის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს:

“აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაინდობს არავის, ვინც თანამშრომლობს რუსეთთან და საქართველო არასწორი გზით მიჰყავს”, – იან კელი.
რუსული გემის გზას მყარად ადგახარ  Mr. კელი! თან გაიყოლე ჩვენი “მეგობრები”, შენსავით ვინც ფიქრობს! ჰოდა, გზაში ერთმანეთი შეაშინეთ! 🖕” -წერს გოგა ხაინდრავა.

 

თიბისი ჯგუფის ტექნოლოგიურმა გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა

ტაშკენტში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საერთაშორისო ტექნოლოგიურმა გუნდებმა მიიღეს. 4 სხვადასხვა მიმართულების ინჟინრისგან დაკომპლექტებულმა თიბისი ჯგუფის გუნდმა დავალებები საუკეთესოდ შეასრულა.

GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდში შედიან: საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი), დავით სამადაშვილი (SRE ინჟინერი), დავით გოგრიჭიანი (CloudOps ინჟინერი) და გიორგი სემენიხინი (სფეისის DevOps ინჟინერი).

„ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და როგორც გუნდი, უფრო დავახლოვდით. საინტერესო შეჯიბრება იყო, მოწინააღმდეგე გუნდებთან ვათანხმებდით რომ ერთმანეთის სერვისები გამოგვეყენებინა, რაც, საბოლოოდ, ყველას ეხმარებოდა. იყო მომენტები, როცა ვიბნეოდით, მაგრამ ბოლოს ყველამ ერთად ავიყვანეთ თავი ხელში. ოთხივემ იდეალურად გადავანაწინეთ როლები, რამაც საბოლოო შედეგი — პირველი ადგილი მოგვაპოვებინა”- დავით სამადაშვილი.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს თანამშრომლების ტექნოლოგიურ განვითარებას და შეძენილი საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.

 

R

“რუსეთი სტრატეგიულად ვერ უძლებს ამ დაპირისპირებას” – ზელენსკი

რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გაუძლოს საომარ მოქმედებებს და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ სტრატეგიულად ვერ უძლებს ამ დაპირისპირებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ფხიზლად უნდა შევაფასოთ რუსული სისტემა. მათ მობილიზებული ჰყავდათ მთელი ძალები, რათა არ დაეკარგათ ის, რაც უკრაინაში მიიტაცეს, მაგრამ ამავე დროს დააბინძურეს თავიანთი ტერიტორია სიძულვილით და დეგრადაციის ისეთი დონით, რომ წელს მეორედ რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ამ კონტექსტში გაიხსენა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხება და დაღესტანში ორი დღის წინ მომხდარი არეულობა.

„ვხედავთ, რომ მეამბოხეები მოსკოვისკენ მიემართებიან და მათ არავინ აჩერებს. ვხედავთ, რომ დაღესტანში ძალაუფლების ვერტიკალი ორთქლდება, რაც ნამდვილი დარბევა ხდება. ეს ყველაფერი იმის სიგნალია, რომ რუსეთს ახლა შეუძლია გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ არ შეუძლია, ამ დაპირისპირებას სტრატეგიულად გაუძლოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური და ძლიერი იარაღი ერთობაა.

„სტრატეგიულად, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ძლიერები, ერთიანები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუძლოთ, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება მართლაც უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი და აგრესია. ამისთვის საჭიროა ჩვენი ერთობა, ერთობა ჩვენს შორის, ერთობა მთელ ევროპაში, ერთიანობა ამერიკაში და ერთობა მთელ თავისუფალ სამყაროში. ერთობა ყველაზე ეფექტური, ზუსტი და შორი მოქმედების იარაღია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.