„სულიერად ნაცემი, განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში”- მეუფე შიო

75
spot_img

„სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში“, – ამის შესახებ საპატრიარქოა ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მივიდა რჯულის მეცნიერი და ჰკითხა: „რა გავაკეთო, რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდრო?“ უფალმა მიუგო, რჯულში როგორ წერიაო? და აი, ამ კაცმა პასუხად წარმოთქვა ორი მცნება, რომლებიც თავად უფალ იესო ქრისტეს მიერ უმთავრეს მცნებებად მიიჩნეოდა რჯულში: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.

უფალმა უთხრა, სწორად მიპასუხე, წადი, ასე მოიქეცი და ცხონდებიო. შემდეგ, რჯულის მეცნიერი ეკითხება უფალს და მასთან ერთად ჩვენც ვსვამთ ამ შეკითხვას: „ვინ არის ჩვენი მოყვასი?“ უფალი იესო ქრისტე უპასუხებს შესანიშნავი იგავით მოწყალე სამარიტელის შესახებ:  იყო ერთი ებრაელი კაცი, რომელიც მიდის იერუსალიმიდან. მას გზაში შემოხვდებიან ავაზაკები, თავს ესხმიან, გაძარცვავენ, სცემენ და ასე ცოცხალ-მკვდარს დატოვებენ გზაზე. ჩამოიარა მღვდელმა, რომელმაც დაინახა იგი, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მღვდელმა იფიქრა, ეს კაცი მკვდარიაო (როგორც გახსოვთ, მათთვის მკვდრის შეხება აკრძალული იყო, რადგან მკვდარი სხეული ითვლებოდა უწმინდურებად) და ამიტომაც ჩაუარა.

შემდეგ მოდის ლევიტელი. ლევიტელები იყვნენ მღვდლების დამხმარენი, ღვთისმსახურებაში ეხმარებოდნენ და თვითონაც ემზადებოდნენ მღვდლობისთვის. სავარაუდოდ, მანაც იგივე იფიქრა. დაინახა მან ეს დავარდნილი ადამიანი, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა.

დაბოლოს, ჩამოიარა სამარიტელმა. შეგახსენებთ, რომ ებრაელების მიერ სამარიტელები იმდენად მოძულებული იყვნენ თავიანთი არასწორი სარწმუნოების გამო, რომ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდათ, არც ესალმებოდნენ და მათთან ერთად სუფრასთან ჯდომაც კი ეკრძალებოდათ. და აი, მიუხედავად ამისა, სამარიტელმა დაინახა ეს კაცი, მივიდა მასთან, შეებრალა, ღვინო და ზეთი დაასხა წყლულებზე, შეუხვია, სახედარზე შემოსვა, მიიყვანა სასტუმროში და ბოლომდე უპატრონა.

ბოლოს უფალი იესო ქრისტე ასე ასრულებს ამ იგავს, რომ თუ გვინდა, სული გადავირჩინოთ, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

ახლა ვინმე იკითხავს: – სად ვნახოთ ავაზაკების მიერ ნაცემ-ნაგვემი და გაძარცვული ადამიანი და ძირს დავარდნილი? მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რა ხდება ჩვენ გარშემო, რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, რა მდგომარეობაში ვართ თავად ჩვენ, დავინახავთ, რომ ასეთი ადამიანები მრავლად არიან ჩვენ გარშემო. განა ცოტაა ასეთი ადამიანი? იმიტომ, რომ იმ ავაზაკების გარდა, რომლებიც სხეულს თავს ესხმიან, ძარცვავენ და ჭრილობებს აყენებენ, ფიზიკურად ტანჯავენ ადამიანებს, არიან კიდევ სულიერი ავაზაკები, რომლებიც ადამიანის სულს ესხმიან თავს, ძარცვავენ, წყლულებს და ჭრილობებს აყენებენ. განა ცოტაა ჩვენ გარშემო ასეთი ადამიანი?

და ჩვენ დღეს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით მათ. ჩვენ მათთან მივდივართ არა იმიტომ, რომ მალამო დავადოთ მათ წყლულებს და ვუმკურნალოთ, არამედ, სამწუხაროდ, უფრო იმიტომ, რომ გავუღიზიანოთ ეს ჭრილობები და დავუმძიმოთ.

ადამიანის ნაკლულოვანებას და მის სულიერ ჭრილობებს როცა ვამჩნევთ, იმის მაგივრად, რომ სიყვარულით და თანალმობით დავფაროთ ეს ჭრილობები, ვღიზიანდებით, განვიკითხავთ, ვბრაზდებით, გვწყინს ხოლმე მათგან. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ, აი, ამ განხეთქილებას უნდა ვუმკურნალოთ იმით, რომ არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი და გვახსოვდეს ეს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

აი, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა. ეს არის გულმოწყალება მტრისა და მაწყინრის მიმართ, როგორიც იყო ებრაელი სამარიტელისთვის. უფალი იესო ქრისტე ჩვენ ამით გვაძლევს მცნებას, რომ სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რისკენ მოგვიწოდებს ამ იგავით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.