Home Blog Page 1983

პარლამენტის სხდომაზე ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება დაიძაბა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა.

მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა.

მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.

ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ,მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რა დროსაც ბოკუჩავამ მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა და მიმართა, რომ ის ტყუილს ამბობდა.

„რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საჩივრებს, პირველად 2022 წლის თებერვალში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მასთან მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით. ევროპული სასამართლოს შეფასებით ამ საქმესთან დაკავშირებით არ არსებობდა ადამიანის უფლებები დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება. ბექა ძამაშვილს ვთხოვ, რომ ამობეჭდოს გადაწყვეტილება ახლავე, მარკერით გახაზეთ და თუკი რომელიმე სიტყვა, რომელსაც ვამბობ არ შეესაბამება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მერე გააკეთოს თინა ბოკუჩავამ განცხადება. დამშვიდდით, ქალბატონო თინათინ, რატომ ღელავთ ასე ძალიან?!“- განაცხადა მინისტრმა გამოსვლისას. რატი ბრეგაძის ამ განცხადებას, თინა ბოკუჩავამ სიცრუე უწოდა და მინისტრს კორექტულობისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს.

მათივე ცნობით, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის უწყება, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში. კომისიის წევრებმა იმსჯელეს რეკომენდაციების შესრულებაზე და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი წლის დღის წესრიგი, ასევე − თუ როგორ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია.

სემეკში Energy Community-ს ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.

სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაჩვენებლები, იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესზე, ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიან მექანიზმებზე.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერ შესრულებულია კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებები, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომისიას 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი აქვს შემუშავებული. აღნიშნული სამართლებრივი ბაზა წარმოადგენს მყარ ფუნდამენტს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის იურიდიული და საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე.

“განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ეფექტიანობისთვის 9 სარეაბილიტაციო პროგრამა განახლდა”

განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ეფექტიანობისთვის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 9 სარეაბილიტაციო პროგრამა განაახლა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წელს განახლებული სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ ისაუბრა.

ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განახლებული სარეაბილიტაციო პროგრამებია: დანაშაულის გააზრების პროგრამები სრულწლოვანებისა და არასრულწლოვნებისთვის; ემოციების რეგულაცია; რელაფსის პრევენცია; ცხოვრების ჯანსაღი წესი; სოციალური და კოგნიტური უნარების სასწავლო პროგრამა; მომავლის დაგეგმვა; ბიბლიოთერაპია; ინტერპერსონალური კომუნიკაცია; თანასწორობის პროგრამა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც „მინისტრის საათის“ ფორმატში ბრეგაძემ ისაუბრა, სკოლის მასწავლებლებისთვის დანაშაულის პრევენციის ონლაინ კურსზე ისაუბრა, რომლის მიზანია არასრულწლოვნებში რთული ქცევის დროულად გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირებაა.

მისი თქმით, სკოლებში დანაშაულის ადრეული პრევენციის მიზნით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, რელევანტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, მუშაობს სკოლის მასწავლებლებისთვის დანაშაულის პრევენციის ონლაინ კურსის პროგრამაზე.

მინისტრის ინფორმაციით, ეს პროგრამა სკოლის პედაგოგებსა და პერსონალს მისცემს საშუალებას, შეიძინონ უნარ-ჩვევები, რათა დროულად მოახდინონ არასრულწლოვნებში რთული ქცევის გამოვლენა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან კოორდინაციით, მათზე სათანადო რეაგირება.

„თიბისი“ ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით POS ტერმინალების ქეშბექ კამპანიას იწყებს

„თიბისი“ POS ტერმინალების „ქეშბექ“ აქციას 31 დეკემბრის ჩათვლით იწყებს, რომლის ფარგლებშიც იმ „მერჩანტებს“, რომლებსაც არ აქვთ „თიბისის“ ტერმინალი და ამ პერიოდში აიღებენ, საკომისიოს თანხის 1% „ქეშბექის“ სახით დაუბრუნდებათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, აქციის მიზანია, კომპანიებში ტრანზაქციულად აქტიური POS ტერმინალების რაოდენობა და ბრუნვის მოცულობა გაიზარდოს.

„კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს გადასახადის გადამხდელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი: კომპანიები, რომლებიც არ სარგებლობენ „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალით და აქციის პერიოდში ისარგებლებენ აღნიშნული პროდუქტით სტანდარტული ტრანზაქციული საკომისიოთი. კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალით, თუმცა, არ ჰქონიათ ტრანზაქციული ბრუნვა ოქტომბრის თვეში და სარგებლობენ სტანდარტული ტრანზაქციული საკომისიოთი.

სტანდარტული ტარიფები იხილეთ აქ: https://tbcpayments.ge/pos

კამპანიაში მონაწილეობისთვის აუცილებელია: თუ გაქვს კომპანია და არ სარგებლობ „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალებით, შეუკვეთე „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალი 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიიღე საბარათე გადახდები და დაიბრუნე „თიბისი“ ბანკის ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%; აუცილებელი პირობაა, რომ კამპანიის მოქმედების პერიოდში (ნოემბერი/დეკემბერი), „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალის თვიური ბრუნვა არ იყოს 3000 ლარზე ნაკლები.

კამპანიაში მონაწილე კომპანია უნდა სარგებლობდეს რომელიმე ბიზნეს ნაკრებით ( სტარტაპერი, ყვითელი, ლურჯი, იასამნისფერი).

აქციის პერიოდში, კომპანიები მიიღებენ შემდეგ სარგებელს: კომპანიები, რომლებიც არ სარგებლობენ „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალებით და კამპანიის პერიოდში მოითხოვენ POS ტერმინალის რეგისტრაციას და რეგისტრაციის თვეში ტერმინალის ჯამური ბრუნვა გადააჭარბებს 3,000 ლარს, „თიბისი“ აღნიშნული კომპანიებისათვის უზრუნველყოფს „თიბისის“ ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%-ის დაბრუნებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე.

ხოლო ის კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალ(ებ)ით, თუმცა არ ჰქონიათ ბრუნვა არცერთ ტერმინალზე ოქტომბრის თვეში და აქციის პერიოდში გააქტიურდებიან იმდაგვარად, რომ ტერმინალის თვის ჯამური ბრუნვა გადააჭარბებს 3000 ლარს, „თიბისი“ აღნიშნული კომპანიებისათვის უზრუნველყოფს „თიბისის“ ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%-ის დაბრუნებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნისას საქართველოს მოქალაქეს მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის იდევნება”

საქართველო არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკის, რასის, სქესის და სხვა მახასიათებლების საფუძველზე, მოქალაქეების სისტემატური დევნა არ ხდება. ახლა, ეს წინადადება ჩვენს პარლამენტში გადის და მალე კანონი გახდება – ასე რომ, საქართველოს მოქალაქეს თავშესაფრის პროცედურების გავლისას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის, როგორც ინდივიდი იდევნება და საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხზე ისაუბრა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

„გერმანიის მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად კლასიფიკაციის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკის, რასის, სქესის და სხვა მახასიათებლების საფუძველზე, მოქალაქეების სისტემატური დევნა არ ხდება. ახლა ეს წინადადება ჩვენს პარლამენტში გადის და მალე კანონი გახდება. საქართველო შეუერთდება ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებსაც ჩვენ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად მივიჩნევთ. ეს ნიშნავს, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის პროცედურები გაცილებით სწრაფი იქნება. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეს თავშესაფრის პროცედურების გავლისას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის, როგორც ინდივიდი იდევნება და საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ველით, რომ ეს ასე არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ ამ ადამიანებს გერმანიის დატოვება მოუწევთ და თუ ისინი გერმანიას არ დატოვებენ, მაშინ მათი დეპორტაცია მოხდება. ამის უკან არის ის, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, მაგრამ რასაც ჩვენ აღიარების მაჩვენებელს ვეძახით, ძალიან დაბალი, ორ პროცენტზე ნაკლებია. ასე რომ, ყველა იმ ქართველიდან, ვინც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს, მას მხოლოდ ორ პროცენტზე ნაკლები იღებს. შეუძლებელი იქნება ამ ადამიანების უვიზოდ იმაზე დიდხანს დარჩენა, ვიდრე ეს ნებადართულია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გერმანიაში ქართველებს მივესალმებით. ბევრი ქართველი ჩამოდის გერმანიაში სამუშაოდ თუ სასწავლებლად. გერმანიაში ჩამოსასვლელად ლეგალური გზა არსებობს და თქვენ იცით, რომ შესაძლებელია გერმანიაში უვიზოდ მიმოსვლა. ერთადერთი, რაც ჩვენ გვსურს არის ის, რომ ჩვენი თავშესაფრის სისტემა უფრო მართვადი გავხადოთ, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ჩვენ ხალხი მთელი მსოფლიოდან გვყავს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. პროცედურებს დიდი დრო სჭირდება და ბევრი ადამიანი თავშესაფარს ვერ იღებს, რადგან ისინი საკუთარ სამშობლოში არ იდევნებიან, მაგრამ გერმანიაში მაინც მრავალი წლის განმავლობაში რჩებიან, რაც პრობლემას წარმოადგენს. ასე რომ, საქართველოს, როგორც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის კლასიფიკაცია მალე მოხდება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

“საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს” – რომან გოცირიძე მინისტრს

საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები? – ამ სიტყვებით ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას მიმართა. გოცირიძემ რატი ბრეგაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ მუშაობენ ისინი ამ ადამიანებთან.

„საქართველოდან უცხოეთში წასული ადამიანები ფაქტობრივად, უუფლებოები არიან და სარჩევნო ხის უფლება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად ჩამორთმეული აქვთ. უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებში მხოლოდ, 12 000-მა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მხოლოდ 66 000 ადამიანია დარეგისტრირებული, ანუ ჩვენი ამომრჩევლის 0,6% იღებს მონაწილეობას უცხოეთში არჩევნებში. ფაქტობრივად, ნულოვანი ეფექტია ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც უცხოეთში არიან საარჩევნო პროცესში, ეს არის მე ვიტყოდი, დანაშაულის ტოლფასი. ყველა ერთი და იმავე კითხვას სვამს, მაგრამ მეც გავიმეორებ, ნუთუ, რაიმე მექანიზმი არ გაქვთ, ან განათლების კუთხით, ან ბროშურებს ვერ დაარიგებთ, თუ მართლა 300 000-ია, საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები? ან ეკლესია რას აკეთებს?ეკლესიას ჰგონია, რომ ეს ხალხი თავისი მრევლია, რომელი მართლმადიდებელი შეიძლება იყოს ეკლესიურად, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში ეშმაკები ზის? რატომ არ მუშაობთ ამ ადამიანებთან?“, – მიმართა გოცირიძემ იუსტიციის მინისტრს.

“პროექტი Free Misha ჩავარდა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თქვენს დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ” – დავით მათიკაშვილი რატი ბრეგაძეს

პროექტი Free Misha ჩავარდა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თქვენს დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მათიკაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის ფიასკოს ბოლო წერტილი სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა.

„პროექტი Free Misha ჩავარდა. ამ პროექტის ფიასკოს ბოლო წერტილი სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თქვენს დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ და გარკვეულ “მესიჯებს” ასე აჟღერებენ“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება დეპუტატის მხრიდან მინისტრის მიმართ დასმულ კითხვებს, მათიკაშვილმა რატი ბრეგაძეს სთხოვა, კიდევ ერთხელ ისაუბროს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობაზე.

„იქნებ, ხაზი გაუსვათ ჩვენი ქვეყნის როლს და მონაწილეობას საერთაშორისო სასამართლოებში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ადვოკატირებით ხორციელდება. მეორე კითხვას რაც შეეხება – საინფორმაციო მაცნე, ეს ინტერნეტ რესურსი არის გამოსადეგი და მაინტერესებს, ამ რესურსის გაძლიერების, ახალი ფუნქციონალის დამატების კუთხით ხომ არ აპირებს სამინისტრო მუშაობას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

სამთავრობო კომისიის სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს.

კომისიის წევრებმა პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან წინა სხდომიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები დაგეგმეს. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევა. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მისცა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის სხდომას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი; ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.

” აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა”

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

„ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრი გვაქვს საამაყო, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. კერძოდ, იგივე აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მინდა კიდევ ერთხელ ყველას ეს დიდი გამარჯვება მოგილოცოთ, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნება მიღწეული ოკუპაციის შესახებ. ასევე, 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მლნ-მდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. რაც შეხება მესამეს, რაზეც სხვათა შორის, ხშირად საუბრობენ ჩვენი ოკუპანტები, ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და სწორედ ამ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთა შორის საჩივარი, რომელიც ასევე მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს, 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველა სამართლებრივი საშუალებით იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც ომის დროს დაირღვა, ბოლომდე დაცული იყოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, უწყებისთვის სამართლებრივი დავების პრევენცია პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ამ პერიოდში იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას და აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანზე დავა არ დაწყებულა“,-განაცხადა ბრეგაძემ.

“ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება.

ამის შესახებ ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოებისთვის ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელებულ ღონისძიებებზე.

„იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წელს წარმატებით გაიარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებული კომპანიის აუდიტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ელექტრონული ხელმოწერა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს. ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები. ასევე, წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება. ეს არის საქართველოს მორიგი წარმატება დოკუმენტების უსაფრთხოების ნაწილშიც, რაც ვიზალიბერალიზაციის აუცილებელი პირობაა”,- განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, რატი ბრეგაძე შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო სექტორის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობის გაძლიერების მიზნით საგრანტო კონკურსის საკითხს და აღნიშნა, რომ კონკურსი კვლავ გრძელდება.

მისივე თქმით, პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს.

„მიმდინარე წელს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული თითოეული პროექტის დაფინანსების მოცულობის ზედა ზღვარი 20 000-დან 30 000 ლარამდე გაიზარდა. საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება; სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა“,- განაცხადა მინისტრმა.

„პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, „პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. აღნიშნულის შესახებ ბრეგაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ბრეგაძის განმარტებით, აღნიშნული კოდექსით ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საცხოვრებელი პირობები გათანაბრდება.

„პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება, რაც ძალიან დიდი დახმარებაა მსჯავრდებულებისთვის, გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი მიენიჭება, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გააუმჯობესებს და ერთმანეთთან გაათანაბრებს. ასევე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა დამსახურების დანამატს მიიღებენ“, – განაცხადა ბრეგაძემ.